კომპანიის დირექტორი – რა უნდა იცოდეთ ხელმძღვანელი ორგანოს უფლებამოსილების, ფიდუციური მოვალეობებისა და წარმომადგენლობის რისკების შესახებ

ავტორი: გიგა ადამია

ბიზნეს იურისტი | მმართველი პარტნიორი | ადვოკატი | სამართლის დოქტორი

LinkedIn Profile

აკადემიური პროფილი

იხილეთ ჩვენი მმართველი პარტნიორის Academia.edu პროფილი, სადაც ხელმისაწვდომია მისი სამეცნიერო ნაშრომები და აკადემიური საქმიანობის შესახებ ინფორმაცია.

academia.edu

კითხვის დრო: 8-10 წუთი

I. სტატიის შესახებ

კომპანიის დირექტორი არის სამეწარმეო საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა. სწორედ დირექტორი ან ხელმძღვანელი ორგანო მართავს კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობას, იღებს ბიზნესგადაწყვეტილებებს, წარმოადგენს კომპანიას მესამე პირებთან ურთიერთობაში და პასუხისმგებელია კომპანიის ინტერესების დაცვაზე.

კომპანიის დირექტორის აქვს როგორც მართვისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილება, ისე კომპანიის წინაშე ფიდუციური ვალდებულებები, რომელთა დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს პირადი პასუხისმგებლობა.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი სამეწარმეო საზოგადოებას ავალდებულებს, ჰყავდეს ხელმძღვანელი ორგანო, რომლის უფლებამოსილება და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება კანონითა და წესდებით. კაპიტალური ტიპის საზოგადოებებში, მათ შორის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში, ამ ფუნქციას, როგორც წესი, ასრულებს დირექტორი ან დირექტორთა საბჭო.

ჩვენი პრაქტიკით, დირექტორთან დაკავშირებული დავები ხშირად იწყება მაშინ, როდესაც კომპანიას არ აქვს სწორად მოწესრიგებული დირექტორის უფლებამოსილება, წესდება ბუნდოვნად განსაზღვრავს გადაწყვეტილების მიღების წესს, არ არის დადებული სასამსახურო ხელშეკრულება, არ არის გამიჯნული დირექტორისა და პარტნიორების კომპეტენცია, ან დირექტორი მოქმედებს ინტერესთა კონფლიქტის პირობებში.

ეს სტატია დაგეხმარებათ გაიგოთ, ვინ არის კომპანიის დირექტორი, როგორ ინიშნება და თავისუფლდება იგი, რა არის სასამსახურო ხელშეკრულება, რა უფლებამოსილება აქვს დირექტორს კომპანიის წარმომადგენლობისას და რა ფიდუციური ვალდებულებები აკისრია მას კომპანიის წინაშე.

სტატიაში ასევე განვიხილავთ დირექტორის პასუხისმგებლობის (დირექტორის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით დეტალურად იხილეთ ჩვენი ბლოგი: კომპანიის წინაშე დირექტორის პასუხისმგებლობა) რისკებს, ბიზნესგადაწყვეტილების წესს, გადახდისუუნარობის შემთხვევაში დირექტორის ვალდებულებებს, ინტერესთა კონფლიქტს, კორპორაციული შესაძლებლობის გამოყენების აკრძალვას, კონკურენციის აკრძალვას და პროკურის ინსტიტუტს.

II. ვინ არის სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი პირი?

სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი პირი არის პირი, რომელიც ახორციელებს საზოგადოების ხელმძღვანელობას და წარმომადგენლობას კანონითა და წესდებით განსაზღვრული წესით.

ამხანაგური ტიპის საზოგადოებებში, მაგალითად სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და კომანდიტურ საზოგადოებაში, ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება, როგორც წესი, თავად პარტნიორებს აქვთ. კაპიტალური ტიპის საზოგადოებებში კი, მათ შორის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივში, ხელმძღვანელობის ფუნქციის შესასრულებლად არსებობს ცალკე ორგანო – დირექტორი ან დირექტორთა საბჭო.

კომპანიას შეიძლება ჰყავდეს ერთი ან რამდენიმე ხელმძღვანელი პირი. თუ ხელმძღვანელი რამდენიმეა, მათი უფლებამოსილება შეიძლება განისაზღვროს სხვადასხვა მოდელით: ერთობლივი ხელმძღვანელობა, ინდივიდუალური ხელმძღვანელობა ან შერეული მოდელი.

ამიტომ დირექტორის სტატუსი არ უნდა შეფასდეს მხოლოდ თანამდებობის დასახელებით. მნიშვნელოვანია, კონკრეტულად როგორ არის განსაზღვრული მისი უფლებამოსილება წესდებაში, რეესტრში და კომპანიის შიდა დოკუმენტებში.

სამეწარმეო საზოგადოებაში ხელმძღვანელობითი საქმიანობის განხორციელების უზრუნველსაყოფად საზოგადოებას უნდა ჰყავდეს ხელმძღვანელი ორგანო.

ხელმძღვანელი ორგანო არის ის სტრუქტურა, რომელიც იღებს მართვის გადაწყვეტილებებს, უზრუნველყოფს კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობას, ასრულებს კანონითა და წესდებით განსაზღვრულ მოვალეობებს და წარმოადგენს კომპანიას მესამე პირებთან ურთიერთობაში.

ხელმძღვანელი ორგანოს უფლებამოსილება, ასევე მის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი, განისაზღვრება კანონითა და საზოგადოების წესდებით. სწორედ ამიტომ წესდებაში დირექტორის უფლებამოსილების მკაფიო მოწესრიგება კორპორაციული მართვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.

III. ერთპიროვნული დირექტორი თუ კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანო?

კომპანიას შეიძლება ჰყავდეს ერთი დირექტორი ან კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანო.

ერთი ხელმძღვანელი პირის შემთხვევაში დირექტორი დამოუკიდებლად ახორციელებს ხელმძღვანელობით უფლებამოსილებას, თუ წესდებით ან კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

თუ ხელმძღვანელი ორგანო რამდენიმე წევრისგან შედგება, იგი წარმოადგენს კოლეგიურ მმართველობით ორგანოს. წესდებით შესაძლებელია მისი სახელწოდების განსაზღვრა, მაგალითად დირექტორთა საბჭო, დირექტორატი, მმართველთა საბჭო ან სხვა მსგავსი დასახელება.

კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანო, როგორც წესი, გადაწყვეტილებებს იღებს კრებაზე. სხდომა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა უმრავლესობა. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, თუ წესდება უფრო მაღალ მოთხოვნას არ ადგენს.

კოლეგიური ორგანოს შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, წესდებაში მკაფიოდ განისაზღვროს კრების მოწვევის წესი, ქვორუმი, ხმათა რაოდენობა, თავმჯდომარის როლი და ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევა.

IV. როგორ ინიშნება და თავისუფლდება დირექტორი თანამდებობიდან?

სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელ პირს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საერთო კრება, თუ მისი დანიშვნა არ განეკუთვნება სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილებას.

ეს ნიშნავს, რომ დირექტორის დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხი, როგორც წესი, პარტნიორთა ან აქციონერთა კონტროლის სფეროშია. თუმცა თუ კომპანიას აქვს სამეთვალყურეო საბჭო და კანონით ან წესდებით დირექტორის დანიშვნა მის კომპეტენციას განეკუთვნება, გადაწყვეტილებას იღებს სამეთვალყურეო საბჭო.

საერთო კრება ან სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია ნებისმიერ დროს გაათავისუფლოს დირექტორი შესაბამისი საფუძვლის მითითების გარეშე. ეს მეწარმეთა სამართლის მნიშვნელოვანი თავისებურებაა და დირექტორის თანამდებობრივ ურთიერთობას შრომითი ურთიერთობისგან განასხვავებს.

ხელმძღვანელ პირსაც აქვს უფლება გადადგეს თანამდებობიდან, მაგრამ მან უნდა დაიცვას კანონით ან სასამსახურო ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცედურა.

V. რა ვადით ინიშნება დირექტორი?

სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი პირი ინიშნება არაუმეტეს 3 წლის ვადით, თუ სპეციალური კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შესაძლებელია მისი ხელახლა დანიშვნაც.

თუ ამ ვადის ამოწურვის შემდეგ კანონით დადგენილი წესით არ განხორციელდება ხელმძღვანელი პირის ახალი ვადით დანიშვნის ან ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ცვლილების რეგისტრაცია, რეგისტრირებული ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილება განუსაზღვრელი ვადით გაგრძელებულად მიიჩნევა.

ეს წესი პრაქტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან კომპანიები ხშირად არ აქცევენ ყურადღებას დირექტორის უფლებამოსილების ვადის ამოწურვას. შედეგად, შეიძლება გაჩნდეს გაურკვევლობა, თუმცა კანონი იცავს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას და გარკვეულ პირობებში დირექტორის უფლებამოსილების გაგრძელებას აღიარებს.

კომპანიისთვის რეკომენდებულია დირექტორის ვადის, ხელახლა დანიშვნის, გათავისუფლებისა და რეესტრში ცვლილების რეგისტრაციის საკითხები წინასწარ და სისტემურად აკონტროლოს.

VI. რა არის დირექტორთან დასადები სასამსახურო ხელშეკრულება?

დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ კომპანიასა და დირექტორს შორის იდება სასამსახურო ხელშეკრულება.

სასამსახურო ხელშეკრულება განსაზღვრავს დირექტორის საქმიანობის ანაზღაურებას, ფორმას, პერიოდულობას, სამსახურებრივ პრივილეგიებს, უფლებებსა და ვალდებულებებს, ასევე იმ ვალდებულებებს, რომლებიც შეიძლება ძალაში დარჩეს ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგაც.

თუ სასამსახურო ხელშეკრულებაში არ არის მითითებული დირექტორის ანაზღაურება, ივარაუდება, რომ იგი საქმიანობას უსასყიდლოდ ახორციელებს.

სასამსახურო ხელშეკრულება არ ექვემდებარება მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციას. ეს არის კომპანიის შიდა სამართლებრივი დოკუმენტი, თუმცა დავის შემთხვევაში მას შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს.

VII. ვრცელდება თუ არა დირექტორზე შრომის სამართალი?

დირექტორთან დადებულ სასამსახურო ხელშეკრულებაზე, როგორც წესი, შრომის სამართლის დებულებები არ ვრცელდება.

ეს ნიშნავს, რომ დირექტორის თანამდებობრივი სტატუსი არ არის ჩვეულებრივი შრომითი ურთიერთობა. დირექტორი კომპანიის მართვის ორგანოს წევრია და მასზე ვრცელდება სპეციალური კორპორაციულ-სამართლებრივი რეჟიმი.

ხელმძღვანელი პირის თანამდებობიდან გათავისუფლება ავტომატურად იწვევს მასთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულების მოშლას, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამიტომ კომპანიამ და დირექტორმა სასამსახურო ხელშეკრულებაში წინასწარ უნდა განსაზღვრონ ანაზღაურება, შეწყვეტის წესი, კონკურენციის აკრძალვა, კონფიდენციალურობა, კორპორაციული შესაძლებლობის გამოყენება და თანამდებობის დატოვების შემდგომი ვალდებულებები.

VIII. რას ნიშნავს დირექტორის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება?

კომპანიის დირექტორი, როგორც ხელმძღვანელი ორგანოს წევრი, წარმოადგენს კომპანიას მესამე პირებთან ურთიერთობაში.

წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ნიშნავს, რომ დირექტორს შეუძლია კომპანიის სახელით დადოს გარიგებები, წარმოადგინოს კომპანია სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში, აწარმოოს კომერციული ურთიერთობები და განახორციელოს კომპანიის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სამართლებრივი მოქმედებები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, დირექტორის, როგორც ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, მოვალეობაა ხელი შეუწყოს აქციონერს ან პარტნიორს კანონით გათვალისწინებული უფლებების განხორციელებაში.

წარმომადგენლობითი უფლებამოსილების სწორად განსაზღვრა მნიშვნელოვანია როგორც კომპანიის შიდა მართვისთვის, ისე მესამე პირებთან უსაფრთხო ურთიერთობისთვის.

IX. როგორ მოქმედებს დირექტორის უფლებამოსილების შეზღუდვა მესამე პირებთან ურთიერთობაში?

დირექტორის უფლებამოსილება შეიძლება შეიზღუდოს წესდებით, პარტნიორთა გადაწყვეტილებით ან კომპანიის შიდა დოკუმენტით. მაგალითად, შეიძლება დადგინდეს, რომ გარკვეული ღირებულების ზემოთ გარიგება საჭიროებს პარტნიორთა კრების თანხმობას.

თუმცა ასეთი შეზღუდვის მოქმედება მესამე პირებთან ურთიერთობაში ყოველთვის მარტივი არ არის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ხაზს უსვამს კეთილსინდისიერი კონტრაჰენტის დაცვის მნიშვნელობას. სამოქალაქო ბრუნვის ინტერესებიდან გამომდინარე, კეთილსინდისიერ მესამე პირს, როგორც წესი, არ უნდა დაეკისროს ვალდებულება, დეტალურად შეისწავლოს კომპანიის შიდა პროცედურები და გაარკვიოს, ჰქონდა თუ არა დირექტორს კონკრეტული გარიგების დადების შიდა ნებართვა.

მხოლოდ ის ფაქტი, რომ წესდება საჯაროდ ხელმისაწვდომია ან რეესტრში შეიძლება იყოს მითითებული შეზღუდვა, ყოველთვის არ ნიშნავს, რომ კონტრაჰენტმა ფაქტობრივად იცოდა დირექტორის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ.

მაგრამ თუ დადასტურდება, რომ კონტრაჰენტმა რეალურად იცოდა დირექტორის შეზღუდული უფლებამოსილების შესახებ, ან თვითონ იყო კომპანიის ყოფილი დირექტორი და მისთვის ცნობილი იყო შიდა შეზღუდვები, ასეთი გარიგება შეიძლება გახდეს სადავო.

X. რა მნიშვნელობა აქვს სამეწარმეო რეესტრში დირექტორის რეგისტრაციას?

სამეწარმეო რეესტრში კომპანიის დირექტორის რეგისტრაცია ემსახურება მესამე პირების ინფორმირებულობას.

კონტრაჰენტებს, ბანკებს, სახელმწიფო ორგანოებსა და სხვა პირებს შეუძლიათ რეესტრის მეშვეობით მიიღონ ინფორმაცია, ვინ არის კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.

რეესტრის ჩანაწერი მნიშვნელოვანია სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისთვის. იგი მესამე პირებს აძლევს შესაძლებლობას, სწრაფად გადაამოწმონ კომპანიის წარმომადგენელი და მისი საჯაროდ რეგისტრირებული სტატუსი.

ამავე დროს, უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მიუთითებს, რომ მხოლოდ რეესტრის ამონაწერი ყოველთვის არ ამოწურავს კომპანიის დირექტორის უფლებამოსილების ყველა შიდა შეზღუდვას. ამიტომ განსაკუთრებით მაღალი ღირებულების ან სტრატეგიულ გარიგებებში მიზანშეწონილია კომპანიის წესდების, პარტნიორთა გადაწყვეტილებებისა და შესაბამისი თანხმობების შემოწმება.

XI. რა არის გენერალური სავაჭრო მინდობილობა / პროკურა?

გენერალური სავაჭრო მინდობილობა, ანუ პროკურა, არის სპეციალური წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, რომელიც მეწარმის საქმიანობის განხორციელებას უკავშირდება.

ხელმძღვანელ პირებს შეუძლიათ წერილობით გასცენ გენერალური სავაჭრო მინდობილობა. იგი შეიძლება მიეცეს ერთ ან რამდენიმე პირს. შესაძლებელია განისაზღვროს, რომ ისინი მეწარმეს წარმოადგენენ ცალ-ცალკე ან ერთად.

პროკურა გენერალურ სავაჭრო წარმომადგენელს ანიჭებს უფლებამოსილებას, სასამართლოში და სხვა ურთიერთობებში განახორციელოს ყველა ის საქმიანობა და სამართლებრივი მოქმედება, რომლებიც დაკავშირებულია საწარმოს ფუნქციონირებასთან.

თუმცა უძრავი ქონების გასხვისებისა და ვალდებულებით დატვირთვის უფლებამოსილება პროკურისტს აქვს მხოლოდ მაშინ, თუ ეს მას სპეციალურად მიეცა.

გენერალური სავაჭრო მინდობილობის მფლობელი პირი რეესტრში უნდა იყოს რეგისტრირებული. პროკურა შეიძლება ნებისმიერ დროს გაუქმდეს, ხოლო მეწარმის რეგისტრაციის გაუქმება იწვევს პროკურის შეწყვეტას.

XII. რა ფიდუციური ვალდებულებები აქვს დირექტორს?

კომპანიის დირექტორი კომპანიის წინაშე ფიდუციური მოვალეობების მატარებელია. ეს ნიშნავს, რომ იგი უნდა მოქმედებდეს კომპანიის ინტერესების სასარგებლოდ, კეთილსინდისიერად, გონივრულად და კომპანიის ეკონომიკური ინტერესის გათვალისწინებით.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მიხედვით, ხელმძღვანელი პირი ვალდებულია სამეწარმეო საზოგადოების საქმეებს გაუძღვეს მართლზომიერად და კეთილსინდისიერი ხელმძღვანელის გულისხმიერებით.

ეს გულისხმობს, რომ კომპანიის დირექტორი უნდა მოქმედებდეს ისე, როგორც ანალოგიურ პირობებში იმოქმედებდა ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი იმ რწმენით, რომ მისი მოქმედება კომპანიისთვის ეკონომიკურად ყველაზე ხელსაყრელია.

ფიდუციური ვალდებულებები მოიცავს ზრუნვის მოვალეობას, ერთგულების მოვალეობას, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილებას, კორპორაციული შესაძლებლობების არაუფლებამოსილ გამოყენებაზე უარს და კონკურენციის აკრძალვის დაცვას.

XIII. რას ნიშნავს კეთილსინდისიერი ხელმძღვანელის გულისხმიერება?

კეთილსინდისიერი ხელმძღვანელის გულისხმიერება არის დირექტორის ქცევის სტანდარტი.

კომპანიის დირექტორი კომპანიის საქმეებს უნდა გაუძღვეს არა მხოლოდ ფორმალურად კანონიერად, არამედ გონივრულად, ინფორმირებულად, კომპანიის ინტერესის შესაბამისად და ისეთი წინდახედულებით, რომელიც მოსალოდნელია პასუხისმგებელი ხელმძღვანელი პირისგან.

ეს სტანდარტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც კომპანიის დირექტორი იღებს ფინანსურად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, დებს მაღალი ღირებულების გარიგებას, იღებს სესხს, გასცემს უზრუნველყოფას, ყიდის კომპანიის აქტივს ან მოქმედებს გადახდისუუნარობის საფრთხის პირობებში.

კეთილსინდისიერი ხელმძღვანელის გულისხმიერება არ ნიშნავს, რომ კომპანიის დირექტორი ყველა ბიზნესგადაწყვეტილებისთვის პასუხს აგებს, თუ შედეგი არასასურველი აღმოჩნდა. მაგრამ ის ვალდებულია გადაწყვეტილება მიიღოს საკმარისი და სანდო ინფორმაციის საფუძველზე, ინტერესთა კონფლიქტის გარეშე და კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე.

XIV. როდის აგებს კომპანიის დირექტორი პასუხს კომპანიისთვის მიყენებული ზიანისთვის?

კომპანიის დირექტორი კომპანიის წინაშე პასუხს აგებს ფიდუციური მოვალეობის ბრალეული შეუსრულებლობით მიყენებული ზიანისთვის.

თუ კომპანიის დირექტორი არღვევს კეთილსინდისიერების, ზრუნვის ან ერთგულების მოვალეობას და ამით კომპანიას მიადგება ზიანი, შეიძლება დადგეს მისი პირადი პასუხისმგებლობის საკითხი.

დაუშვებელია წესდებით ან პარტნიორთა გადაწყვეტილებით შეიზღუდოს დირექტორის პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში, როდესაც მოვალეობა განზრახ არის დარღვეული.

მაგალითად, დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს, თუ მან კომპანიის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოიყენა უფლებამოსილება, გააფორმა აშკარად საზიანო გარიგება, დაუმალა პარტნიორებს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, გამოიყენა კომპანიის შესაძლებლობა პირადი სარგებლისთვის, დაარღვია კონკურენციის აკრძალვა ან დროულად არ მიმართა გადახდისუუნარობის პროცედურას.

XV. რა არის ბიზნესგადაწყვეტილების წესი?

ბიზნესგადაწყვეტილების წესი იცავს დირექტორს იმ შემთხვევაში, როდესაც მან გადაწყვეტილება მიიღო კეთილსინდისიერად, ინფორმირებულად და კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ შედეგი მოგვიანებით კომერციულად წარუმატებელი აღმოჩნდა.

ზრუნვის მოვალეობა არ ითვლება დარღვეულად და კომპანიის დირექტორი არ არის ვალდებული აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც კომპანიას მის მიერ მიღებული სამეწარმეო გადაწყვეტილებით მიადგა, თუ მას გონივრულად შეეძლო ევარაუდა, რომ გადაწყვეტილებას იღებდა საკმარისი და სანდო ინფორმაციის საფუძველზე, კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, დამოუკიდებლად და ინტერესთა კონფლიქტის ან სხვათა ზეგავლენის გარეშე.

ეს წესი მნიშვნელოვანია, რადგან ბიზნესში რისკი ბუნებრივია. კომპანიის დირექტორი არ უნდა აგებდეს პასუხს მხოლოდ იმიტომ, რომ ბიზნესგადაწყვეტილება შემდგომში წარუმატებელი აღმოჩნდა.

თუმცა ბიზნესგადაწყვეტილების წესი არ იცავს დირექტორს, თუ გადაწყვეტილება მიღებულია კანონის ან წესდების დარღვევით, ინტერესთა კონფლიქტით, არასაკმარისი ინფორმაციის საფუძველზე ან კომპანიის ინტერესების საწინააღმდეგოდ.

XVI. რა ვალდებულება აქვს კომპანიის დირექტორს გადახდისუუნარობის საფრთხის შემთხვევაში?

თუ კომპანია გადახდისუუნაროა ან გადახდისუუნარობის საშიშროების წინაშე დგას, დირექტორს განსაკუთრებული ვალდებულებები ეკისრება.

ხელმძღვანელმა პირმა ბრალეული გაჭიანურების გარეშე, მაგრამ კომპანიის გადახდისუუნარობის დადგომის მომენტიდან არაუგვიანეს 3 კვირისა, უნდა განაცხადოს გადახდისუუნარობის შესახებ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

თუ კომპანიის დირექტორი აჭიანურებს ამ პროცესს და ამას კომპანიისთვის, კრედიტორებისთვის ან სხვა პირებისთვის ზიანი მოჰყვება, შეიძლება დადგეს მისი სამოქალაქო ან სხვა ტიპის პასუხისმგებლობის საკითხი.

გადახდისუუნარობის საფრთხის პირობებში კომპანიის დირექტორის მოქმედება განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს. ამ ეტაპზე მას უკვე აღარ შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ ჩვეულებრივი ბიზნესგარისკვის ლოგიკით – საჭიროა კრედიტორთა ინტერესების, კანონით დადგენილი ვადებისა და გადახდისუუნარობის სამართლებრივი რეჟიმის გათვალისწინება.

XVII. რა არის ინტერესთა კონფლიქტი და კორპორაციული შესაძლებლობის გამოყენების აკრძალვა?

კომპანიის დირექტორს არ აქვს უფლება კომპანიის წინასწარი თანხმობის გარეშე პირადი სარგებლის მისაღებად ან სხვა პირის სასარგებლოდ გამოიყენოს ისეთი საქმიანი შესაძლებლობა, რომელიც დაკავშირებულია კომპანიის საქმიანობის სფეროსთან და მისთვის ხელმისაწვდომი გახდა თანამდებობრივი მდგომარეობიდან ან მოვალეობის შესრულებისას.

ასეთი შესაძლებლობა შეიძლება იყოს ახალი კლიენტი, პროექტი, საინვესტიციო შესაძლებლობა, კონტრაქტი, ბაზარი ან სხვა კომერციული იდეა, რომელიც გონივრული თვალსაზრისით კომპანიის ინტერესის საგანი შეიძლებოდა ყოფილიყო.

ეს ვალდებულება ძალაში შეიძლება დარჩეს კომპანიის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგაც, არაუმეტეს 3 წლის ვადით, თუ სასამსახურო ხელშეკრულებით უფრო მცირე ვადა არ არის დადგენილი.

ინტერესთა კონფლიქტის მართვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო კომპანიებში, სადაც კომპანიის დირექტორი ხშირად პარალელურად პარტნიორიც არის ან დაკავშირებულია სხვა ბიზნესებთან.

XVIII. რას გულისხმობს კომპანიის დირექტორისთვის კონკურენციის აკრძალვა?

დირექტორს არ აქვს უფლება კომპანიის თანხმობის გარეშე განახორციელოს იგივე საქმიანობა, რომელსაც ახორციელებს კომპანია, ან იყოს იმავე სფეროში მოქმედი სხვა სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი პირი.

ეს არის კონკურენციის აკრძალვის ძირითადი შინაარსი. მისი მიზანია, დირექტორმა არ გამოიყენოს კომპანიის რესურსები, ინფორმაცია, კლიენტები ან კომერციული შესაძლებლობები კომპანიის კონკურენტის ან საკუთარი პარალელური ბიზნესის სასარგებლოდ.

დირექტორთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულებით ეს ვალდებულება შეიძლება ძალაში დარჩეს თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგაც, მაგრამ არაუმეტეს 3 წლის ვადით.

კონკურენციის აკრძალვის დარღვევის შემთხვევაში კომპანიას შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, შეთანხმებული პირგასამტეხლო, ან გარკვეულ შემთხვევებში დირექტორის მიერ მიღებული სარგებლის კომპანიისთვის გადაცემა.

XIX. რა სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივი რისკები შეიძლება ჰქონდეს კომპანიის დირექტორს?

დირექტორის პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს სამოქალაქო, კორპორაციული და გარკვეულ შემთხვევებში სისხლისსამართლებრივიც.

სამოქალაქო პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს, თუ დირექტორის მიერ ფიდუციური მოვალეობის დარღვევით კომპანიას მიადგა ზიანი. ასეთ შემთხვევაში კომპანია ან კანონით უფლებამოსილი პირი შეიძლება მოითხოვდეს ზიანის ანაზღაურებას.

კორპორაციულ დონეზე დირექტორს შეიძლება შეეხოს თანამდებობიდან გათავისუფლება, სასამსახურო ხელშეკრულების შეწყვეტა, კონკურენციის აკრძალვის ან კონფიდენციალურობის დარღვევის შედეგები და სხვა შიდა სამართლებრივი მექანიზმები.

სისხლისსამართლებრივი რისკები შეიძლება წარმოიშვას ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარუდგენლობა, ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების გამოყენება კომპანიის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ პირადი ან სხვისი სარგებლის მისაღებად, ან მოვალეობის დაუდევრად შეუსრულებლობა მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევით.

XX. რა უნდა გაითვალისწინოს კომპანიამ დირექტორის დანიშვნამდე?

დირექტორის დანიშვნამდე კომპანიამ უნდა შეაფასოს არა მხოლოდ კანდიდატის პროფესიული გამოცდილება, არამედ მისი სამართლებრივი უფლებამოსილების ჩარჩო.

პირველ რიგში, წესდებაში მკაფიოდ უნდა განისაზღვროს, დირექტორი ერთპიროვნულად იმოქმედებს თუ სხვა დირექტორებთან ერთად, რა ტიპის გარიგებებზე სჭირდება პარტნიორთა ან სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობა და როგორ ხდება გადაწყვეტილებების მიღება.

მეორე, საჭიროა სასამსახურო ხელშეკრულების მომზადება, სადაც დარეგულირდება ანაზღაურება, უფლებები, ვალდებულებები, კონფიდენციალურობა, კონკურენციის აკრძალვა, კორპორაციული შესაძლებლობები, გადადგომა და ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგები.

მესამე, კომპანიამ უნდა განსაზღვროს შიდა კონტროლის მექანიზმები – ფინანსური ლიმიტები, ხელმოწერის წესი, პარტნიორთა თანხმობის საჭიროება, ანგარიშგება და ინფორმაციის მიწოდება.

მეოთხე, უნდა შეფასდეს ინტერესთა კონფლიქტის რისკები, განსაკუთრებით თუ დირექტორი დაკავშირებულია სხვა ბიზნესებთან ან აქვს კომერციული ინტერესი იმავე ბაზარზე.

მეხუთე, დირექტორის დანიშვნისა და უფლებამოსილების ცვლილების რეგისტრაცია დროულად უნდა აისახოს სამეწარმეო რეესტრში.

კომპანიის იურიდიულად მოწესრიგებასთან დაკავშირებით იხილეთ ჩვენი ბლოგი: კომპანიის იურიდიულად მოწესრიგება – რატომ არის ეს ბიზნესის გადარჩენის გარანტია?

კორპორატიული და სახელშეკრულებო დოკუმენტაციის მომზადებასთან დაკავშირებით იხილეთ ჩვენი სერვისი: კორპორატიული იურიდიული მომსახურება.

XXI. როგორ დაგეხმარებათ TB Legal?

TB Legal ეხმარება ბიზნესებს დირექტორის დანიშვნის, გათავისუფლების, სასამსახურო ხელშეკრულების მომზადების, დირექტორის უფლებამოსილების განსაზღვრის, წესდების განახლების, წარმომადგენლობითი რისკების შეფასების, ინტერესთა კონფლიქტის მართვისა და დირექტორის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული დავების საკითხებში.

ჩვენი მიდგომა ეფუძნება არა მხოლოდ ფორმალური დოკუმენტების მომზადებას, არამედ კომპანიის რეალური მართვის მოდელის, პარტნიორთა ურთიერთობის, დირექტორის უფლებამოსილების, რისკების და სასამართლო პრაქტიკის შეფასებას.

თუ გჭირდებათ დირექტორის უფლებამოსილების სწორად მოწესრიგება, სასამსახურო ხელშეკრულების მომზადება, წესდების გადახედვა ან დირექტორის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი შეფასება, მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღებამდე კვალიფიციური იურიდიული კონსულტაციის მიღება.

XXII. დასკვნა

კომპანიის დირექტორი მხოლოდ წარმომადგენელი ან ხელმომწერი პირი არ არის. იგი არის სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს წევრი, რომელსაც აკისრია კომპანიის მართვის, წარმომადგენლობისა და კომპანიის ინტერესების დაცვის მნიშვნელოვანი ვალდებულებები.

დირექტორის სტატუსი მოიცავს როგორც ფართო უფლებამოსილებებს, ისე მკაცრ პასუხისმგებლობას. დირექტორმა უნდა იმოქმედოს კეთილსინდისიერად, გონივრულად, საკმარისი ინფორმაციის საფუძველზე, ინტერესთა კონფლიქტის გარეშე და კომპანიის ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე.

კომპანიისთვის მნიშვნელოვანია დირექტორის უფლებამოსილება, დანიშვნის ვადა, სასამსახურო ხელშეკრულება, წარმომადგენლობითი შეზღუდვები, კონკურენციის აკრძალვა და ფიდუციური მოვალეობები წინასწარ იყოს მკაფიოდ მოწესრიგებული. სწორედ ასეთი სამართლებრივი სტრუქტურა ამცირებს შიდა კორპორაციული დავების, მესამე პირებთან გარიგებების და დირექტორის პასუხისმგებლობის რისკებს.

თუ გსურთ თქვენი კომპანიის ხელმძღვანელი ორგანოს სამართლებრივი სტრუქტურის მოწესრიგება, დირექტორთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება ან დირექტორის პასუხისმგებლობის რისკების შეფასება, დაგვიკავშირდით და TB Legal დაგეხმარებათ სწორი სამართლებრივი მოდელის ჩამოყალიბებაში.

XXIII. გამოყენებული წყაროები

სტატიაში გამოყენებულია შემდეგი წყაროები:

  1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი;
  2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სახელმძღვანელო დოკუმენტები
  3. „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქცია.
  4. საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქმე №ას-1183-2025, 18 დეკემბერი, 2025 წელი, ქ. თბილისი.
  5. საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქმე №ას-1412-1332-2017, 14 ნოემბერი, 2018 წელი, ქ. თბილისი.
  6. TB Legal-ის მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება სამეწარმეო სამართლის მიმართულებით.

შენიშვნა

წინამდებარე სტატია მომზადებულია ზოგადი საინფორმაციო მიზნებისთვის და არ წარმოადგენს ინდივიდუალურ სამართლებრივ კონსულტაციას ან იურიდიულ დასკვნას. სტატიაში განხილული საკითხები შეიძლება განსხვავებულად შეფასდეს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების, დაცული სიკეთის ხასიათის, ზიანის სიმძიმის, მხარეთა ქცევის, მტკიცებულებებისა და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გათვალისწინებით. კონკრეტულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე რეკომენდებულია კვალიფიციური იურისტისგან ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციის მიღება.

კომპანიის დირექტორი – გიგა ადამია და TB Legal-ის იურიდიული მომსახურება საკორპორაციო სამართლისა და კორპორაციული მართვის საკითხებზე

სამართლებრივი კონსულტაცია

დაგვირეკეთ

+995 551 29 33 88

მოგვწერეთ

contact@tblegal.ge

გაზიარება

პოპულარული ბლოგები

  • All Posts
    •   Back
    • სამართლებრივი ბლოგები
    • სიახლეები. წარმატების ისტორიები
    • პუბლიკაციები