I. სტატიის შესახებ
ლიზინგის ხელშეკრულება ბიზნესისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფინანსური და სახელშეკრულებო ინსტრუმენტია. იგი ხშირად გამოიყენება მაშინ, როდესაც კომპანიას სჭირდება ავტომობილი, დანადგარი, ტექნიკა ან სხვა ქონება საქმიანობისთვის, მაგრამ ვერ ახერხებს მის დაუყოვნებლივ შეძენას.
ლიზინგი პრაქტიკაში განსაკუთრებით გავრცელებულია სატრანსპორტო საშუალებების, საწარმოო დანადგარების, სამშენებლო ტექნიკისა და სხვა ბიზნეს აქტივების დაფინანსებისას. თუმცა მისი სამართლებრივი ბუნება საკმაოდ სპეციფიკურია და მნიშვნელოვნად განსხვავდება როგორც ქირავნობისგან, ისე ნასყიდობისგან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ხაზს უსვამს, რომ ლიზინგი არის ფინანსური ინსტიტუტი და მხარეთა შორის რისკების განაწილების მოქნილი ინსტრუმენტი. ლიზინგის მიმღები სარგებლობს ქონებით, რომელიც მისი საკუთრება არ არის, ხოლო ლიზინგის გამცემი ინარჩუნებს საკუთრებას და, გარკვეულ შემთხვევებში, უფლებამოსილია დაიბრუნოს ლიზინგის საგანი.
ეს სტატია დაგეხმარებათ გაიგოთ, რას ნიშნავს ლიზინგის ხელშეკრულება, რა ვალდებულება აქვს ლიზინგის მიმღებს, როდის შეიძლება ხელშეკრულების შეწყვეტა, რა ხდება ლიზინგის საგნის დაბრუნების შემდეგ, როგორ ნაწილდება ზიანის რისკი და რა პრაქტიკული გაკვეთილები გამომდინარეობს უზენაესი სასამართლოს უახლესი პრაქტიკიდან.
სტატია მომზადებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, UNIDROIT-ის ფინანსური ლიზინგის შესახებ ოტავის კონვენციის, UNIDROIT-ის ლიზინგის მოდელური კანონის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისა და TB Legal-ის სახელშეკრულებო სამართლის გამოცდილების საფუძველზე.
II. რა არის ლიზინგის ხელშეკრულება?
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის მიხედვით, ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით.
ლიზინგის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ ლიზინგის მიმღები განსაზღვრავს ქონებას და ირჩევს მიმწოდებელს, ხოლო ლიზინგის გამცემი ქონებას იძენს ლიზინგით გასაცემად და მიმწოდებლისთვის ეს ფაქტი ცნობილია.
სხვა სიტყვებით, ლიზინგში მონაწილეობს სამი ძირითადი სუბიექტი: ლიზინგის გამცემი, ლიზინგის მიმღები და მიმწოდებელი. ლიზინგის მიმღები ირჩევს იმ ქონებას, რომელიც სჭირდება საქმიანობისთვის; ლიზინგის გამცემი აფინანსებს ამ ქონების შეძენას; ხოლო მიმწოდებელი გადასცემს ქონებას შესაბამისი პირობებით.
ამიტომ ლიზინგი არ არის ჩვეულებრივი ქირავნობა. იგი უფრო რთული ფინანსური და სახელშეკრულებო სტრუქტურაა, სადაც საკუთრების უფლება, სარგებლობის უფლება, გადახდის ვალდებულება და რისკების განაწილება ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.
III. რით განსხვავდება ლიზინგი ქირავნობისა და ნასყიდობისგან?
ლიზინგი ხშირად ერევათ იჯარაში ან ნასყიდობაში, თუმცა ეს ურთიერთობები ერთმანეთისგან არსებითად განსხვავდება.
იჯარის დროს მხარე ქონებას იღებს დროებით სარგებლობაში და იხდის ქირას. ნასყიდობის დროს მყიდველი ქონებას იძენს საკუთრებაში ფასის გადახდის სანაცვლოდ. ლიზინგის დროს კი ლიზინგის მიმღები სარგებლობს ქონებით, რომელიც მას არ ეკუთვნის, მაგრამ ხელშეკრულებით შეიძლება ჰქონდეს მისი შემდგომი შესყიდვის შესაძლებლობა.
უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში ლიზინგის ხელშეკრულება განიხილება როგორც განსაკუთრებული ტიპის ხელშეკრულება, რომელიც ნაწარმოებია იჯარის/ქირავნობის სამართლიდან, მაგრამ განსხვავდება მათგან. სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ლიზინგის კონცეფციის მიხედვით, მოგების მისაღებად აუცილებელი არ არის ქონებაზე საკუთრების უფლების ფლობა. ლიზინგის მთავარი მიზანია ლიზინგის საგნით სარგებლობის უფლების რეალიზაცია.
ამიტომ ლიზინგის მიმღებისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს არა მხოლოდ ის, გადადის თუ არა ბოლოს ქონება მის საკუთრებაში, არამედ ისიც, რა პირობებით სარგებლობს ქონებით, რა ვალდებულებები აქვს გადახდისას, როგორ ხდება ხელშეკრულების შეწყვეტა და რა სამართლებრივი შედეგი დგება საგნის დაბრუნების შემთხვევაში.
ნასყიდობის ხელშეკრულების ზოგად საკითხებზე იხილეთ ჩვენი ბლოგი: ნასყიდობის ხელშეკრულება – რა უნდა იცოდეს ბიზნესმა ნივთის ნაკლის, ფასის გადახდისა და ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ.
იჯარისა და ქირავნობის ურთიერთობებთან დაკავშირებით იხილეთ ჩვენი ბლოგი: იჯარის ხელშეკრულება – რა უნდა იცოდეს ბიზნესმა საიჯარო ქირის, შეწყვეტისა და სასამართლო პრაქტიკის შესახებ.
IV. ლიზინგის საგანი და მიმწოდებლის არჩევა
ლიზინგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება არის ის, რომ ლიზინგის მიმღები თავად განსაზღვრავს ქონებას და ირჩევს მიმწოდებელს. ეს შეიძლება იყოს ავტომობილი, საწარმოო დანადგარი, ტექნიკა ან სხვა ქონება, რომელიც საჭიროა ბიზნეს საქმიანობისთვის.
ამავე დროს, ლიზინგის გამცემი ქონებას იძენს სწორედ ლიზინგით გასაცემად. მიმწოდებლისთვის ცნობილია, რომ ქონება საბოლოოდ ლიზინგის მიმღების სარგებლობაში უნდა გადავიდეს.
სწორედ ამიტომ, ლიზინგის საგნის ხარისხთან და ვარგისიანობასთან დაკავშირებული საკითხები განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ საქმეში სასამართლომ მიუთითა, რომ ლიზინგის მიმღებმა როგორც შეფასების აქტზე, ისე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დაადასტურა ავტომობილის გამართულ მდგომარეობაში ყოფნა და მიიღო ავტოსატრანსპორტო საშუალება. ასეთ ვითარებაში შემდგომი მითითება, თითქოს ავტომობილი დაზიანებულ მდგომარეობაში მიიღო, უსაფუძვლოდ ჩაითვალა.
ამიტომ ლიზინგის მიმღებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საგნის მიღებისას ყურადღებით შეამოწმოს მიღება-ჩაბარების აქტი, შეფასების დოკუმენტი, ტექნიკური მდგომარეობა და ხელმოწერით დასადასტურებელი ყველა ჩანაწერი. პრაქტიკაში სწორედ ამ დოკუმენტებს შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს შემდგომ დავაში.
V. ლიზინგის მიმღების გადახდის ვალდებულება
ლიზინგის ხელშეკრულების ცენტრალური ვალდებულებაა ლიზინგის მიმღების მიერ სალიზინგო საზღაურის გადახდა.
უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში არაერთხელ არის განმარტებული, რომ ლიზინგის ხელშეკრულების გაფორმებისა და ლიზინგის საგნის მიღების შემდეგ ლიზინგის მიმღებს გააჩნია უპირობო და გამოუთხოვადი ვალდებულება გადაიხადოს სალიზინგო საზღაური.
სასამართლოს განმარტებით, ეს ვალდებულება განპირობებულია იმით, რომ ლიზინგის მიმღები სარგებლობს ქონებით, რომელიც მისი საკუთრება არ არის. ლიზინგის გამცემი კი, როგორც მესაკუთრე, დაცული უნდა იყოს უკანონო ხელყოფისგან და ქონების გაუფასურებისგან.
ლიზინგის მიმღები სალიზინგო საზღაურს იხდის ქონების გამოყენებისა და ამორტიზაციის პროპორციულად. შესაბამისად, როდესაც ლიზინგის მიმღები არ იხდის სალიზინგო საზღაურს, ლიზინგის გამცემს უჩნდება ლიზინგის საგნის დაბრუნების მოთხოვნის საფუძველი.
ეს მიდგომა ბიზნესისთვის პრაქტიკულად მნიშვნელოვანია: ლიზინგის საგნით სარგებლობა არ ნიშნავს საკუთრების უფლების მიღებას. თუ ლიზინგის მიმღები არღვევს გადახდის გრაფიკს, მას შეიძლება დაეკარგოს საგნით სარგებლობის უფლება და არ ჰქონდეს მფლობელობის აღდგენის მოთხოვნის შესაძლებლობა.
VI. ლიზინგის საგანი როგორც ძირითადი უზრუნველყოფა
უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში მნიშვნელოვანი განმარტებაა, რომ სალიზინგო ურთიერთობის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ლიზინგის საგანი წარმოადგენს სახელშეკრულებო ურთიერთობის ძირითად უზრუნველყოფას.
ეს ნიშნავს, რომ თუ ლიზინგის მიმღები არღვევს გადახდის გრაფიკს, ლიზინგის საგანი უბრუნდება ლიზინგის გამცემს და რჩება მის საკუთრებაში ან მფლობელობაში. ასეთ შემთხვევაში ლიზინგის მიმღებს, როგორც წესი, არ აქვს ლიზინგის საგანზე მფლობელობის აღდგენის მოთხოვნის უფლება.
სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ლიზინგის მიმღების მიერ გადახდილი თანხები წარმოადგენს უკვე მიღებული მომსახურების საფასურს. თუ იგი გარკვეული პერიოდის განმავლობაში სარგებლობდა ლიზინგის საგნით, ამ პერიოდში გადახდილი თანხა არ შეიძლება ავტომატურად ჩაითვალოს მის ზიანად მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ ხელშეკრულება შეწყდა და საგანი დაბრუნდა ლიზინგის გამცემთან.
ამიტომ ბიზნესმა ლიზინგის ხელშეკრულების დადებამდე უნდა გაითვალისწინოს: ლიზინგის საგნის დაკარგვის რისკი რეალურია, თუ გადახდის ვალდებულება არ სრულდება. ხელშეკრულების დარღვევა შეიძლება დასრულდეს არა მხოლოდ დავალიანების დარიცხვით, არამედ ქონებით სარგებლობის უფლების დაკარგვითაც.
VII. ლიზინგის ხელშეკრულების შეწყვეტა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5805-ე მუხლის მიხედვით, ლიზინგის გამცემს შეუძლია მოშალოს ლიზინგის ხელშეკრულება, თუ ლიზინგის მიმღები არსებითად არღვევს თავის ვალდებულებებს.
გადახდის გრაფიკის სისტემური დარღვევა, როგორც წესი, შეიძლება ჩაითვალოს არსებით დარღვევად. ასეთ შემთხვევაში ლიზინგის გამცემს შეიძლება წარმოეშვას ხელშეკრულების შეწყვეტისა და ლიზინგის საგნის დაბრუნების მოთხოვნის უფლება.
თუმცა სასამართლო პრაქტიკა ასევე აჩვენებს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტას აქვს როგორც მატერიალური, ისე ფორმალური წინაპირობები. მატერიალური წინაპირობაა ვალდებულების დარღვევა. ფორმალური წინაპირობა კი შეიძლება იყოს დამატებითი ვადის დაწესება, გაფრთხილება ან ხელშეკრულებით შეთანხმებული შეტყობინების წესი.
უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ საქმეში დადგინდა, რომ ლიზინგის გამცემმა დაარღვია ხელშეკრულებიდან გასვლის პროცედურული წესი, რადგან არ დაიცვა შესაბამისი გაფრთხილების მოთხოვნა. ეს არ ნიშნავდა, რომ ლიზინგის მიმღებს აუცილებლად უნდა აღდგენოდა მფლობელობა, მაგრამ ქმნიდა ლიზინგის გამცემის პასუხისმგებლობის საკითხის შეფასების საფუძველს.
ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით დამატებით იხილეთ ჩვენი ბლოგი: გრძელვადიანი ხელშეკრულების შეწყვეტა – რა უნდა იცოდეთ სსკ-ის 399-ე მუხლის შესახებ
VIII. ლიზინგის საგნის დაბრუნება და რეალიზაცია
ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ ლიზინგის გამცემს, როგორც წესი, აქვს ლიზინგის საგნის დაბრუნებისა და მისი განკარგვის უფლება.
თუმცა ეს უფლება არ ნიშნავს, რომ ლიზინგის გამცემს შეუძლია ნებისმიერად და უკონტროლოდ იმოქმედოს. თუ ხელშეკრულება ითვალისწინებს ლიზინგის მიმღებისთვის რეალიზაციის ან ხელახალი ლიზინგით გადაცემის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, ლიზინგის გამცემმა ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს.
უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ საქმეში განხილული იყო პირობა, რომლის მიხედვითაც ლიზინგის მიმღებს უნდა შეტყობინებოდა, რა ფასად ხდებოდა ლიზინგის საგნის რეალიზაცია ან ხელახალი ლიზინგით გაცემა, რათა მას ჰქონოდა შესაძლებლობა მოეძებნა უფრო მაღალ ფასად შემძენი.
სასამართლომ განმარტა, რომ ასეთი პირობა ემსახურება ლიზინგის მიმღების დაცვას. მისი მიზანია, ლიზინგის მიმღებს მიეცეს შესაძლებლობა შეამციროს ან სრულად დაფაროს დავალიანება იმ გზით, რომ ლიზინგის საგანი უკეთეს ფასად გასხვისდეს.
ამიტომ ლიზინგის გამცემისთვის მნიშვნელოვანია ხელშეკრულებით განსაზღვრული რეალიზაციის პროცედურის დაცვა, ხოლო ლიზინგის მიმღებისთვის – ამ პროცედურის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში სამართლებრივი რეაგირება.
IX. ლიზინგის საგნის შეფასება და მტკიცების ტვირთი
ლიზინგის დავებში ხშირად სადავოა ლიზინგის საგნის შეფასება და ის, რა ფასად მოხდა მისი რეალიზაცია.
უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა აჩვენებს, რომ მხარემ, რომელიც ამტკიცებს, რომ ლიზინგის საგანი მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეფასდა ან გასხვისდა, უნდა წარმოადგინოს სათანადო მტკიცებულებები.
ერთ-ერთ საქმეში ლიზინგის გამცემმა წარმოადგინა ქონების შეფასების ანგარიში, სადაც დაბრუნებული დანადგარები შეფასდა, მათ შორის, როგორც ჯართი. მოპასუხემ წარმოადგინა დამოუკიდებელი შეფასება, თუმცა სასამართლომ არ გაიზიარა იგი, რადგან დასკვნა ვერ ასახავდა ლიზინგის საგნების დაბრუნების ან გასხვისების დროისთვის არსებულ საბაზრო ღირებულებას.
სასამართლოს მიდგომიდან გამომდინარე, მხოლოდ ალტერნატიული შეფასების წარმოდგენა საკმარისი არ არის. შეფასება უნდა უკავშირდებოდეს შესაბამის დროს, შესაბამის ქონებას, მის ფაქტობრივ მდგომარეობას და ბაზრის რეალურ პირობებს.
ამიტომ ლიზინგის მიმღებმა, თუ ედავება საგნის შეფასებას ან რეალიზაციის ფასს, უნდა მოამზადოს მტკიცებულებები მაღალი ხარისხით: შეფასების დასკვნა, ტექნიკური მდგომარეობის დოკუმენტები, ბაზრის შედარებითი მონაცემები და ის გარემოებები, რომლებიც აჩვენებს, რომ ლიზინგის გამცემმა ქონება არაკეთილსინდისიერად ან მნიშვნელოვნად დაბალ ფასად გაასხვისა.
X. სადაზღვევო ანაზღაურების გათვალისწინება დავალიანებაში
ლიზინგის დავებში ასევე შეიძლება წარმოიშვას საკითხი, უნდა შემცირდეს თუ არა ლიზინგის მიმღების დავალიანება სადაზღვევო ანაზღაურებით.
უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ საქმეში ლიზინგის გამცემმა სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიიღო 16 000 ლარი. სადავო გახდა, იყო თუ არა ეს თანხა გათვალისწინებული ლიზინგის მიმღების დარჩენილი დავალიანების დაანგარიშებაში.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ლიზინგის გამცემმა სარწმუნოდ ვერ მიუთითა და ვერ დაადასტურა, როგორ იყო მიღებული 16 000 ლარი გამოკლებული დავალიანების თანხიდან. ამ კონტექსტში სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეებმა თავად უნდა მიუთითონ ის ფაქტები, რომლებზეც ამყარებენ მოთხოვნას.
ეს პრაქტიკა მნიშვნელოვანი გაკვეთილია როგორც ლიზინგის გამცემისთვის, ისე ლიზინგის მიმღებისთვის. თუ ლიზინგის საგანთან დაკავშირებით მიიღება სადაზღვევო ანაზღაურება, მისი გავლენა დავალიანებაზე უნდა იყოს მკაფიოდ ასახული და დოკუმენტურად დასაბუთებული.
XI. ლიზინგის საგნით მიყენებული ზიანი და პასუხისმგებლობა
ლიზინგის საგანი შეიძლება იყოს ავტომობილი ან სხვა ისეთი ქონება, რომლის გამოყენებაც მესამე პირისთვის ზიანის მიყენების რისკს ქმნის.
უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში განმარტებულია, რომ ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე მფლობელობის გადაცემა ისეთი იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებაა, რომელიც დელიქტური პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს მომეტებული საფრთხის წყაროს მესაკუთრეს.
მაგალითად, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება ლიზინგით გადაცემულია ლიზინგის მიმღების ფაქტობრივ მფლობელობაში, ზიანის ანაზღაურების საკითხში პასუხისმგებელ პირად შეიძლება ჩაითვალოს ლიზინგის მიმღები და არა ლიზინგის გამცემი, მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილი ფორმალურად ლიზინგის გამცემის სახელზეა რეგისტრირებული.
ეს პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სატრანსპორტო საშუალებების ლიზინგის შემთხვევაში. ლიზინგის მიმღებმა უნდა გააცნობიეროს, რომ მფლობელობის მიღება ნიშნავს არა მხოლოდ ქონებით სარგებლობას, არამედ მის გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი რისკების აღებასაც.
XII. როდის შეიძლება ლიზინგთან დაკავშირებული შეთანხმება ჩაითვალოს ბათილად?
უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ საქმეში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო იმ საკითხს, როდის შეიძლება ლიზინგთან დაკავშირებული შეთანხმება ჩაითვალოს ამორალურ ან ბათილ გარიგებად.
საქმეში ლიზინგის მიმღებს არ გადაეცა ლიზინგის საგანი, თუმცა მას დაეკისრა ფულადი ვალდებულება იმ გარიგების საფუძველზე, საიდანაც რეალური სარგებელი არ მიუღია. სასამართლომ მიიჩნია, რომ ასეთი შეთანხმება ეწინააღმდეგებოდა ლიზინგის ხელშეკრულების სამართლებრივ ბუნებას და იგი ამორალურ გარიგებად შეფასდა.
ეს პრაქტიკა აჩვენებს, რომ ლიზინგის ხელშეკრულებაში ფორმალურად ჩაწერილი პირობები ყოველთვის საკმარისი არ არის. სასამართლო აფასებს გარიგების შინაარსს, მხარეთა რეალურ მდგომარეობას და იმას, შეესაბამება თუ არა შეთანხმება ლიზინგის არსს, კეთილსინდისიერებასა და სამართლიანობის პრინციპს.
კანონსაწინააღმდეგო და ბათილ გარიგებებთან დაკავშირებით დამატებით იხილეთ ჩვენი ბლოგი: კანონსაწინააღმდეგო გარიგება – როდის შეიძლება ჩაითვალოს ხელშეკრულება ბათილად.
XIII. რა უნდა გაითვალისწინოს ბიზნესმა ლიზინგის ხელშეკრულების გაფორმებამდე?
ბიზნესმა ლიზინგის ხელშეკრულების დადებამდე რამდენიმე საკითხი განსაკუთრებით ყურადღებით უნდა შეაფასოს.
პირველი, უნდა შემოწმდეს ლიზინგის საგანი, მისი ტექნიკური მდგომარეობა, ვარგისიანობა და მიღება-ჩაბარების აქტში ასახული ინფორმაცია. ხელმოწერით დადასტურებული გარემოებების შემდგომ სადავოდ ქცევა რთულია.
მეორე, უნდა შეფასდეს გადახდის გრაფიკი, პირგასამტეხლო, საურავი, პროცენტი, ვადაგადაცილების შედეგები და ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები.
მესამე, უნდა დადგინდეს, რა ხდება საგნის დაბრუნების შემდეგ: როგორ ფასდება ქონება, როგორ ხდება რეალიზაცია, ეცნობება თუ არა ლიზინგის მიმღებს სარეალიზაციო ფასი და აქვს თუ არა მას შესაძლებლობა მოიძიოს უკეთესი მყიდველი.
მეოთხე, უნდა განისაზღვროს სადაზღვევო ანაზღაურების გავლენა დავალიანებაზე. თუ საგანთან დაკავშირებით მიიღება სადაზღვევო თანხა, ხელშეკრულებაში ან შემდგომ დაანგარიშებაში მკაფიოდ უნდა ჩანდეს, როგორ ამცირებს იგი დავალიანებას.
მეხუთე, უნდა შეფასდეს ზიანის პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ლიზინგის საგანი არის ავტომობილი ან სხვა მომეტებული საფრთხის წყარო.
სახელშეკრულებო რისკების მართვასთან დაკავშირებით დამატებით იხილეთ ჩვენი მომსახურების გვერდი: სახელშეკრულებო იურიდიული მომსახურება.
XIV. როგორ დაგეხმარებათ TB Legal?
TB Legal ეხმარება ბიზნესებს ლიზინგის ხელშეკრულებების მომზადებაში, შემოწმებაში, რისკების შეფასებაში და სალიზინგო დავებთან დაკავშირებული სამართლებრივი პოზიციის ჩამოყალიბებაში.
ჩვენი მომსახურება მოიცავს ხელშეკრულების პირობების ანალიზს, გადახდის გრაფიკისა და პასუხისმგებლობის მექანიზმების შეფასებას, ლიზინგის საგნის დაბრუნებისა და რეალიზაციის პირობების შემოწმებას, პირგასამტეხლოსა და დავალიანების დაანგარიშების სამართლებრივ შეფასებას, ასევე ლიზინგის გამცემთან ან მიმღებთან მოლაპარაკების მხარდაჭერას.
თუ თქვენ გეგმავთ ლიზინგის ხელშეკრულების გაფორმებას, უკვე გაქვთ დავა ლიზინგის გამცემთან ან გჭირდებათ არსებული სალიზინგო ვალდებულებების სამართლებრივი შეფასება, მნიშვნელოვანია კონსულტაციის მიღება ხელშეკრულების ხელმოწერამდე ან დავის გაღრმავებამდე.
XV. დასკვნა
ლიზინგის ხელშეკრულება ბიზნესისთვის მოქნილი ფინანსური ინსტრუმენტია, თუმცა მისი სამართლებრივი ბუნება საკმაოდ სპეციფიკურია.
უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა აჩვენებს, რომ ლიზინგის მიმღებს საგნის მიღების შემდეგ ეკისრება სალიზინგო საზღაურის გადახდის ძლიერი და პრაქტიკულად უპირობო ვალდებულება. გადახდის დარღვევის შემთხვევაში ლიზინგის გამცემს შეუძლია მოითხოვოს საგნის დაბრუნება, ხოლო ლიზინგის მიმღებს, როგორც წესი, არ აქვს მფლობელობის აღდგენის მოთხოვნის უფლება.
ამავე დროს, ლიზინგის გამცემმაც უნდა დაიცვას ხელშეკრულების შეწყვეტის, საგნის რეალიზაციის, შეფასებისა და დავალიანების დაანგარიშების წესები. კეთილსინდისიერების პრინციპი ლიზინგის ურთიერთობაში მოქმედებს ორივე მხარის მიმართ.
სწორედ ამიტომ, ლიზინგის ხელშეკრულების გაფორმებამდე აუცილებელია მისი პირობების სამართლებრივი ანალიზი, შესაძლო რისკების შეფასება და ისეთი დოკუმენტური სტრუქტურის შექმნა, რომელიც მომავალში დავის რისკს შეამცირებს.
თუ გჭირდებათ ლიზინგის ხელშეკრულების მომზადება, შემოწმება ან სალიზინგო დავის სამართლებრივი შეფასება, დაგვიკავშირდით – TB Legal დაგეხმარებათ თქვენი ბიზნესის ინტერესების დაცვაში.
XVI. გამოყენებული წყაროები
სტატიაში გამოყენებულია შემდეგი წყაროები:
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
- საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქმე №ას-1337-2025, 5 მარტი, 2026 წელი.
- საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქმე №ას-886-2025, 24 დეკემბერი, 2025 წელი.
- საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქმე №ას-1846-2018, 5 მაისი, 2022 წელი.
- საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქმე №ას-462-2021, 8 ივნისი, 2022 წელი.
- საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქმე №ას-96-2021, 21 ივნისი, 2022 წელი.
- საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქმე №ას-804-2022, 12 აპრილი, 2024 წელი.
- საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქმე №ას-1414-2024, 24 იანვარი, 2025 წელი.
- საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქმე №ას-392-2025, 23 დეკემბერი, 2025 წელი.
- UNIDROIT Convention on International Financial Leasing, Ottawa, 1988.
- UNIDROIT Model Law on Leasing, Rome, 2008.
- TB Legal-ის პრაქტიკული გამოცდილება სახელშეკრულებო და ბიზნეს სამართლის მიმართულებით.
შენიშვნა
წინამდებარე სტატია მომზადებულია ზოგადი საინფორმაციო მიზნებისთვის და არ წარმოადგენს ინდივიდუალურ სამართლებრივ კონსულტაციას ან იურიდიულ დასკვნას. ლიზინგის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხები შეიძლება განსხვავებულად შეფასდეს კონკრეტული ხელშეკრულების პირობების, ლიზინგის საგნის მდგომარეობის, გადახდის გრაფიკის, შეწყვეტის საფუძვლების, საგნის დაბრუნებისა და რეალიზაციის წესის, მტკიცებულებებისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. კონკრეტულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე რეკომენდებულია კვალიფიციური იურისტისგან ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციის მიღება.



















