I. სტატიის შესახებ
ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით არის სამართლებრივი ინსტრუმენტი, რომელიც ხშირად გამოიყენება უძრავი ქონების, კომერციული აქტივების ან სხვა მნიშვნელოვანი ქონების გასხვისებისას, როდესაც გამყიდველი ინარჩუნებს უფლებას, გარკვეულ ვადაში უკან გამოისყიდოს გაყიდული ქონება.
ასეთი ხელშეკრულება ერთი შეხედვით შეიძლება მარტივად გამოიყურებოდეს: გამყიდველი ყიდის ქონებას და ინარჩუნებს მისი დაბრუნების, ანუ გამოსყიდვის უფლებას. თუმცა პრაქტიკაში ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით ხშირად დაკავშირებულია სერიოზულ სამართლებრივ რისკებთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მხარეები ამ ფორმას იყენებენ არა რეალური ნასყიდობისთვის, არამედ სესხის ან სხვა ურთერთობის დაფარვის/დამალვის მიზნით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა აჩვენებს, რომ გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება შეიძლება იყოს სრულიად ნამდვილი გარიგება, თუ მხარეთა ნება რეალურად მიმართულია ქონების გაყიდვისა და გამოსყიდვის უფლების შეთანხმებისკენ. თუმცა, თუ ფორმალურად დადებული ნასყიდობა სინამდვილეში ფარავს სესხს, იპოთეკას ან საკუთრების გადაცემით უზრუნველყოფილ ურთიერთობას, შეიძლება დადგეს თვალთმაქცური გარიგების საკითხი.
ჩვენი პრაქტიკით, ასეთი დავები ხშირად იწყება მაშინ, როდესაც გამყიდველი ამტკიცებს, რომ ქონება რეალურად არ გაუყიდია და ხელშეკრულების მიზანი იყო მხოლოდ თანხის მიღება ან სესხის უზრუნველყოფა. მყიდველი კი, როგორც წესი, ამტკიცებს, რომ მან ნამდვილად შეიძინა ქონება და გამოსყიდვის ვადის გასვლის შემდეგ გახდა მისი სრულფასოვანი მესაკუთრე.
ეს სტატია დაგეხმარებათ გაიგოთ, რას ნიშნავს ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით, რა უფლებები აქვს გამყიდველს, რა შეზღუდვები აქვს მყიდველს, როგორ განისაზღვრება გამოსყიდვის ფასი და რა ხდება, თუ გამყიდველი გამოსყიდვის უფლებას დათქმულ ვადაში არ გამოიყენებს.
სტატიაში განვიხილავთ გამოსყიდვის უფლების სამართლებრივ ბუნებას, გამოსყიდვის ვადის მნიშვნელობას, მფლობელობის გადაცემის საკითხს, ნასყიდობის ფასისა და ქონების რეალური ღირებულების თანაფარდობას, თვალთმაქცური გარიგების რისკებს, მტკიცების ტვირთს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს უახლეს პრაქტიკას.
ასევე განვიხილავთ, როდის შეიძლება გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება შეფასდეს ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულებად და როდის შეიძლება სასამართლომ დაასკვნას, რომ იგი რეალურად ფარავდა სესხის ხელშეკრულებას ან სხვა ვალდებულებით ურთიერთობას.
სტატია მომზადებულია შემდეგ წყაროებზე დაყრდნობით:
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი დებულებები;
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს უახლესი პრაქტიკა გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობასთან დაკავშირებულ დავებზე;
- მოწინავე ქართული და გერმანულენოვანი იურიდიული ლიტერატურა;
- TB Legal-ის პრაქტიკული გამოცდილება სახელშეკრულებო, კომერციულ და ბიზნეს დავებთან დაკავშირებულ საკითხებში.
II. რა არის ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით?
საქართველოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 509-ე მუხლის მიხედვით, თუ გამყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულებით აქვს გამოსყიდვის უფლება, ამ უფლების განხორციელება დამოკიდებულია გამყიდველის ნებაზე.
ეს ნიშნავს, რომ ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით არის ისეთი ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელშიც გამყიდველი ქონებას გადასცემს მყიდველს, მაგრამ ინარჩუნებს უფლებას, შეთანხმებულ ვადაში დაიბრუნოს იგი გამოსყიდვის გზით.
ამ ურთიერთობაში გამყიდველს აქვს უფლება, დათქმულ ვადაში გამოისყიდოს გასხვისებული ნივთი, ხოლო მყიდველი, თუ გამოსყიდვის უფლება სათანადოდ განხორციელდა, ვალდებულია მიიღოს გამოსასყიდი თანხა და ქონება დაუბრუნოს გამყიდველს.
გამოსყიდვის უფლება არის უფლება და არა ვალდებულება. გამყიდველი თავად წყვეტს, გამოიყენებს თუ არა მას. თუმცა თუ იგი ამ უფლებას დათქმულ ვადაში არ გამოიყენებს, მყიდველის საკუთრების უფლება აღარ არის გამოსყიდვის პირობით შეზღუდული.
III. რით განსხვავდება გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობა ჩვეულებრივი ნასყიდობისგან?
ჩვეულებრივი ნასყიდობის დროს მყიდველი იძენს ქონებაზე საკუთრების უფლებას და, როგორც წესი, შეუძლია თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს შეძენილ ქონებას.
გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის დროს მყიდველის მდგომარეობა განსხვავებულია. მართალია, ის ხდება ქონების შემძენი, მაგრამ მისი საკუთრების უფლება გარკვეული დროით შეზღუდულია გამყიდველის გამოსყიდვის უფლებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა განმარტავს, რომ გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობისას მყიდველი გამოსყიდვის ვადით შეზღუდულია. მას არ შეუძლია უგულებელყოს გამყიდველის გამოსყიდვის უფლება და უარი თქვას ქონების დაბრუნებაზე, თუ გამყიდველი დათქმულ ვადაში და სათანადო წესით ახორციელებს გამოსყიდვის უფლებას.
სწორედ ეს განასხვავებს გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობას ჩვეულებრივი ნასყიდობისგან: ერთი მხრივ, ხდება ქონების გასხვისება, ხოლო მეორე მხრივ, გამყიდველი დროებით ინარჩუნებს ქონების დაბრუნების სპეციალურ უფლებას. ჩვეულებრივ ნასყიდობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დამატებით იხილეთ ჩვენი ბლოგი: ნასყიდობის ხელშეკრულება – რა უნდა იცოდეთ ნივთის ნაკლის, ფასის გადახდისა და ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ.
IV. რა უფლებები აქვს გამყიდველს გამოსყიდვის უფლების შემთხვევაში?
გამყიდველს აქვს უფლება, ხელშეკრულებით დათქმულ ვადაში გამოისყიდოს გასხვისებული ქონება.
გამოსყიდვის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გამყიდველის ნებაზე. ეს ნიშნავს, რომ მას არ შეიძლება დაეკისროს სანქცია მხოლოდ იმიტომ, რომ არ გამოიყენა გამოსყიდვის უფლება. თუ გამყიდველი გადაწყვეტს გამოსყიდვას, მან უნდა იმოქმედოს ხელშეკრულებითა და კანონით განსაზღვრული წესით.
გამყიდველმა გამოსყიდვის უფლება უნდა განახორციელოს დროულად. თუ ხელშეკრულებაში დადგენილია კონკრეტული გამოსყიდვის ვადა, მისი გასვლის შემდეგ გამყიდველი კარგავს მყიდველისგან იმავე პირობებით ქონების დაბრუნების მოთხოვნის უფლებას.
ამასთან, გამოსყიდვის უფლების განხორციელება, როგორც მიღებასავალდებულო ნების გამოვლენა, უნდა მიუვიდეს მყიდველს. მხოლოდ შინაგანი სურვილი ან ზეპირი განზრახვა, როგორც წესი, საკმარისი არ არის. პრაქტიკაში საჭიროა მკაფიო, დოკუმენტურად დადასტურებული შეტყობინება.
V. რა უფლებები და შეზღუდვები აქვს მყიდველს გამოსყიდვის ვადის განმავლობაში?
გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის დროს მყიდველი იძენს ქონებას, მაგრამ მისი საკუთრების უფლება დროებით შეზღუდულია.
მყიდველს არ აქვს უფლება, გამოსყიდვის უფლების განხორციელებამდე ისე განკარგოს ნაყიდი ქონება, რომ გამყიდველის გამოსყიდვის უფლება შეუძლებელი ან უშედეგო გახდეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 513-ე მუხლი პირდაპირ ადგენს, რომ თუ მყიდველმა გამოსყიდვის უფლების განხორციელებამდე გაასხვისა ნაყიდი ნივთი, ასეთი გასხვისება ბათილია.
ეს წესი იცავს გამყიდველს. გამოსყიდვის უფლება რეალური უნდა იყოს და არა მხოლოდ ფორმალური ჩანაწერი ხელშეკრულებაში.
თუმცა, თუ გამოსყიდვის ვადა გავიდა და გამყიდველმა ეს უფლება არ გამოიყენა, მყიდველის შეზღუდვა, როგორც წესი, იხსნება. ამის შემდეგ ქონების შემდგომი გაყიდვა ან სხვაგვარი განკარგვა მყიდველის ნებაზეა დამოკიდებული.
VI. როგორ განისაზღვრება გამოსყიდვის ფასი?
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 510-ე მუხლის მიხედვით, გამოსყიდვა ხდება თავდაპირველი ფასით.
ეს ნიშნავს, რომ, როგორც წესი, გამყიდველმა ქონება უნდა გამოისყიდოს იმ ფასად, რა ფასადაც იგი თავდაპირველად გაიყიდა. თუმცა კანონმდებლობა ითვალისწინებს გარკვეულ კორექტირებებს.
მყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს ის თანხაც, რომლითაც გაიზარდა საქონლის ღირებულება გამოსყიდვის მომენტამდე სასარგებლო დანახარჯების შედეგად. მაგალითად, თუ მყიდველმა ქონებაში ჩადო ისეთი ხარჯი, რომელმაც მისი ღირებულება გაზარდა, ეს შეიძლება გავლენას ახდენდეს გამოსასყიდ თანხაზე.
მეორე მხრივ, გამომსყიდველს შეუძლია მოითხოვოს იმ თანხის გამოკლება, რომლითაც შემცირდა საქონლის ღირებულება გამოსყიდვამდე. ამიტომ გამოსყიდვის ფასი ყოველთვის მხოლოდ მარტივი მათემატიკური დაბრუნება არ არის – გარკვეულ შემთხვევებში საჭირო ხდება ქონების მდგომარეობისა და დანახარჯების შეფასება.
VII. რა მნიშვნელობა აქვს გამოსყიდვის ვადას?
გამოსყიდვის ვადა არის ამ ტიპის ხელშეკრულების ერთ-ერთი ცენტრალური ელემენტი.
გამყიდველს გამოსყიდვის უფლება მხოლოდ დათქმულ ვადაში აქვს. თუ ის ამ ვადაში არ განახორციელებს გამოსყიდვის უფლებას, მას აღარ შეუძლია მოითხოვოს, რომ მყიდველმა იგივე პირობებით დაუბრუნოს ქონება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა განმარტავს, რომ გამოსყიდვის ვადით მყიდველის საკუთრების უფლება შეზღუდულია. ამ ვადის გასვლის შემდეგ კი ქონების გაყიდვის ან შენარჩუნების უფლება ენიჭება ნამდვილ მესაკუთრეს, ანუ მყიდველს.
ამიტომ გამოსყიდვის ვადა უნდა იყოს მკაფიოდ განსაზღვრული. ხელშეკრულებაში უნდა ეწეროს, როდის იწყება იგი, როდის მთავრდება, რა ფორმით უნდა განხორციელდეს გამოსყიდვა და რა შედეგი დგება ვადის გაშვების შემთხვევაში.
VIII. რა ხდება, თუ გამყიდველი გამოსყიდვის უფლებას ვადაში არ გამოიყენებს?
თუ გამყიდველი გამოსყიდვის უფლებას დათქმულ ვადაში არ გამოიყენებს, იგი კარგავს მყიდველისგან ქონების იგივე პირობებით დაბრუნების მოთხოვნის უფლებას.
ეს არ ნიშნავს, რომ გამყიდველს საერთოდ ეკრძალება ქონების ხელახლა შეძენა. მას შეუძლია შესთავაზოს მყიდველს ქონების ყიდვა ვადის გასვლის შემდეგაც. თუმცა ასეთ შემთხვევაში მყიდველი აღარ არის ვალდებული, ქონება გაყიდოს თავდაპირველ ან სხვა ფასად.
გამოსყიდვის ვადის გასვლის შემდეგ მყიდველი, როგორც წესი, სრულად თავისუფლდება გამოსყიდვის უფლებით დადგენილი შეზღუდვისგან და შეუძლია ქონება გამოიყენოს, გაასხვისოს ან სხვა ფორმით განკარგოს.
სწორედ ამიტომ, გამყიდველისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია გამოსყიდვის ვადის კონტროლი. ვადის გაშვება შეიძლება ნიშნავდეს ქონებაზე კონტროლის საბოლოოდ დაკარგვას.
IX. შეიძლება თუ არა გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობა რეალურად ფარავდეს სესხს?
პრაქტიკაში ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხია, არის თუ არა კონკრეტული ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით რეალური ნასყიდობა, თუ იგი მხოლოდ ფარავს სესხს ან სესხის უზრუნველყოფას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა აღიარებს, რომ გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებასა და საკუთრების გადაცემით უზრუნველყოფილ სესხის ხელშეკრულებას შეიძლება ჰქონდეს მსგავსი ფაქტობრივი წინაპირობები.
მაგალითად, პირი იღებს თანხას, სანაცვლოდ კი ფორმალურად აფორმებს ნასყიდობას გამოსყიდვის უფლებით. თუ რეალურად მხარეების მიზანი იყო არა ქონების გაყიდვა, არამედ თანხის სესხად გაცემა და ქონების უზრუნველყოფის სახით გამოყენება, მაშინ შეიძლება ასეთი გარიგება დაკვალიფიცირდეს თვალთმაქცურ გარიგებად.
ამიტომ სასამართლო ასეთ დავებში არ შემოიფარგლება მხოლოდ ხელშეკრულების სახელწოდებით. იგი აფასებს მხარეთა რეალურ ნებას, ქცევას, თანხის ოდენობას, ქონების ღირებულებას, მფლობელობის გადაცემას, გამოსყიდვის ვადას და სხვა გარემოებებს.
X. რა არის თვალთმაქცური გარიგება გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის შემთხვევაში?
ვალის თვალთმაქცური გარიგება არსებობს მაშინ, როდესაც მხარეები ფორმალურად დებენ ერთ გარიგებას, მაგრამ სინამდვილეში სურთ სხვა გარიგების დაფარვა.
გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის შემთხვევაში თვალთმაქცურობა ხშირად იმაში გამოიხატება, რომ მხარეები ფორმალურად აფორმებენ ნასყიდობას, მაგრამ რეალურად ფარავენ სესხის ხელშეკრულებას, იპოთეკას ან საკუთრების გადაცემით უზრუნველყოფილ ვალდებულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მიხედვით, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები.
ამ საკითხზე დამატებით იხილეთ ჩვენი ბლოგი: კანონსაწინააღმდეგო გარიგება – როცა ხელშეკრულება სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს.
XI. რა კრიტერიუმებით მიჯნავს სასამართლო ნამდვილ ნასყიდობასა და დაფარულ სესხს?
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში ჩამოყალიბებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რომლითაც ფასდება, ნამდვილად ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით დაიდო თუ რეალურად სესხი დაიფარა.
პირველი კრიტერიუმია მყიდველის მიერ ქონების დაუფლების ფაქტი. თუ მყიდველი რეალურად არ დაეუფლა ქონებას და გამყიდველი აგრძელებს მის ფლობასა და გამოყენებას, ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი ინდიკატორი იმისა, რომ მხარეთა ნება ქონების რეალურ გაყიდვაზე არ იყო მიმართული.
მეორე კრიტერიუმია გამოსყიდვის ვადა. თუ გამოსყიდვის ვადა არაგონივრულად მცირეა, ეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ ხელშეკრულება რეალურად გამოიყენებოდა თანხის დაბრუნების უზრუნველყოფის ინსტრუმენტად.
მესამე კრიტერიუმია ნასყიდობის ფასისა და ქონების რეალური ღირებულების თანაფარდობა. თუ ნასყიდობის ფასი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ქონების რეალურ ღირებულებას, ამან შეიძლება გააძლიეროს ეჭვი, რომ გარიგება რეალურად სესხის უზრუნველყოფას ემსახურებოდა.
ამასთან, უზენაესი სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ამ კრიტერიუმებიდან რომელიმე ერთის არსებობა ავტომატურად არ ნიშნავს გარიგების ბათილობას. სასამართლო აფასებს გარემოებებს ერთობლიობაში.
XII. რა მნიშვნელობა აქვს ქონების მფლობელობაში გადაცემას?
ქონების მფლობელობაში გადაცემა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ნამდვილობის შეფასებისას.
თუ მყიდველი მართლაც ქონების შეძენის მიზნით მოქმედებს, ბუნებრივია, მას, როგორც წესი, უნდა ჰქონდეს ინტერესი, დაეუფლოს შეძენილ ქონებას, ისარგებლოს მისით ან მინიმუმ რეალურად განახორციელოს მესაკუთრის უფლებამოსილებები.
თუმცა გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის თავისებურებიდან გამომდინარე, ყოველთვის აუცილებელი არ არის, რომ მყიდველი დაუყოვნებლივ დაეუფლოს ქონებას. ზოგიერთ შემთხვევაში გამყიდველი გამოსყიდვის ვადაში კვლავ ფლობს ქონებას, რადგან ხელშეკრულების პრაქტიკული დანიშნულება შეიძლება სწორედ ასეთ რეჟიმს ითვალისწინებდეს.
ამიტომ მფლობელობის არგადაცემა დამოუკიდებლად შეიძლება არ იქნეს საკმარისი გარიგების ბათილად ცნობისთვის. მაგრამ თუ მას ემატება სხვა გარემოებები – მცირე ვადა, დაბალი ფასი, სესხის შესახებ მტკიცებულებები, ქონების უზრუნველყოფის მიზანი – იგი შეიძლება გახდეს გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ბათილობის მნიშვნელოვანი ინდიკატორი.
XIII. რა მნიშვნელობა აქვს ნასყიდობის ფასისა და ქონების რეალური ღირებულების თანაფარდობას?
ნასყიდობის ფასისა და ქონების რეალური ღირებულების თანაფარდობა ასევე მნიშვნელოვანი გარემოებაა.
სამოქალაქო სამართალში მხარეებს აქვთ ფასის თავისუფლად განსაზღვრის უფლება. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ქონება საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად გაიყიდა, თავისთავად არ ნიშნავს, რომ ხელშეკრულება თვალთმაქცურია ან ბათილია.
თუმცა გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის შემთხვევაში ფასს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თუ ნასყიდობის ფასი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ქონების რეალურ ღირებულებას, ხოლო ხელშეკრულება მოკლე ვადით არის დადებული და მყიდველი ქონებას ფაქტობრივად არ ეუფლება, სასამართლოს შეიძლება გაუჩნდეს ეჭვი, რომ გარიგება რეალურად არ ემსახურებოდა ქონების გაყიდვას.
ჩვენი პრაქტიკით, ასეთ დავებში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფასის ოდენობა, არამედ ისიც, თუ რა ეკონომიკური ლოგიკა ჰქონდა გარიგებას მხარეთა თვალსაწიერიდან.
XIV. რა მნიშვნელობა აქვს გამოსყიდვის ვადის გონივრულობას?
გამოსყიდვის ვადის გონივრულობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია გარიგების რეალური ბუნების დასადგენად.
თუ გამოსყიდვის ვადა ძალიან მოკლეა, მაგალითად რამდენიმე კვირა ან რამდენიმე თვე, და ამასთანავე ხელშეკრულების ეკონომიკური პირობები უფრო სესხის დაბრუნების ლოგიკას ჰგავს, სასამართლომ შეიძლება მიიჩნიოს, რომ გარიგების რეალური მიზანი ქონების გაყიდვა კი არა, თანხის დაბრუნების უზრუნველყოფა იყო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 514-ე მუხლი გამოსყიდვის უფლების განხორციელების მაქსიმალურ ვადად 10 წელს ადგენს. ეს არ ნიშნავს, რომ მოკლე ვადა ავტომატურად დაუშვებელია. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ მოკლე ვადაზეც.
XV. როგორ ნაწილდება მტკიცების ტვირთი გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ნამდვილობაზე დავის დროს?
გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ნამდვილობაზე დავის დროს მტკიცების ტვირთს დიდი მნიშვნელობა აქვს.
ზოგადი წესით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზეც ამყარებს თავის მოთხოვნას ან შესაგებელს. თუ გამყიდველი ამტკიცებს, რომ ხელშეკრულება რეალურად ფარავდა სესხს, მან უნდა წარმოადგინოს ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
ასეთი მტკიცებულებები შეიძლება იყოს სესხის ხელშეკრულება, თანხის გადაცემის ხელწერილი, ვალის აღიარების დოკუმენტი, პროცენტის გადახდის მტკიცებულება, მიმოწერა, მოწმის ჩვენება, ქონების ღირებულების შეფასება ან სხვა გარემოებები.
ვალის აღიარების საკითხთან დაკავშირებით დამატებით იხილეთ ჩვენი ბლოგი: ვალის აღიარება – რა უნდა იცოდეთ ვალის დადასტურების, ახალი მოთხოვნისა და ხანდაზმულობის რისკების შესახებ.
ამასთან, უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, თუ არსებობს ისეთი გარემოებები, რომლებიც საეჭვოს ხდის გარიგების ნამდვილობას – მაგალითად მფლობელობის არგადაცემა, არაგონივრულად მცირე ვადა და ქონების ღირებულებასთან შეუსაბამო ფასი – ასეთ შემთხვევაში ხელშეკრულების ნამდვილობის მტკიცების ტვირთი შეიძლება დაეკისროს იმ პირს, ვინც მის ნამდვილობაზე მიუთითებს, ჩვეულებრივ, მყიდველს.
XVI. როდის შეიძლება ბათილად ჩაითვალოს გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება?
გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება შეიძლება ბათილად ჩაითვალოს რამდენიმე საფუძვლით.
პირველი, თუ დადგინდა, რომ გარიგება თვალთმაქცურია და რეალურად ფარავს სხვა გარიგებას. ასეთ შემთხვევაში უნდა შეფასდეს დაფარული გარიგების სამართლებრივი ბუნება და მისი ნამდვილობა.
მეორე, თუ გარიგება ეწინააღმდეგება კანონის იმპერატიულ მოთხოვნებს, საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. მაგალითად, თუ რეალურად დაფარული სესხის ხელშეკრულება ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ აკრძალვას, შეიძლება დადგეს დაფარული გარიგების ბათილობის საკითხიც. კანონით დადგენილ მოთხოვნებთან წინააღმდეგობით გამოწვეული გარიგების ბათილობასთან დაკავშირებით დაწვრილებით იხილეთ ჩვენი ბლოგი – კანონსაწინააღმდეგო გარიგება – როცა ხელშეკრულება სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს
მესამე, თუ არსებობს ნების ნაკლი – მოტყუება, იძულება, შეცდომა ან სხვა გარემოება, რომელმაც გავლენა მოახდინა მხარის ნებაზე.
მეოთხე, თუ ხელშეკრულება ფორმალურად დადებულია, მაგრამ რეალურად მხარეებს არ სურდათ მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგის დადგომა.
ამ საკითხების შეფასება ყოველთვის საჭიროებს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების, დოკუმენტების, გადახდების, მხარეთა ქცევისა და მტკიცებულებების ანალიზს.
XVII. რა ხდება, თუ ხელშეკრულების მხოლოდ ერთი პირობაა ბათილი?
შესაძლებელია, გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება მთლიანად არ იყოს ბათილი, მაგრამ ბათილად ჩაითვალოს მისი კონკრეტული პირობა.
უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში განხილულია შემთხვევა, როდესაც ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტი გამყიდველს ფაქტობრივად სანქციას უწესებდა გამოსყიდვის უფლების გამოუყენებლობისთვის. სასამართლომ აღნიშნა, რომ გამოსყიდვის უფლება გამყიდველის ნებაზე დამოკიდებული უფლებაა და მისი გამოუყენებლობის სანქცირება არ შეესაბამება ამ უფლების სამართლებრივ ბუნებას.
თუ ხელშეკრულების კონკრეტული პირობა ბათილია, ეს ყოველთვის არ ნიშნავს მთელი ხელშეკრულების ბათილობას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზოგადი წესების მიხედვით, უნდა შეფასდეს, იმოქმედებდა თუ არა ხელშეკრულება ამ ბათილი პირობის გარეშე. თუ დადგინდება, რომ ამ ბათილი პირობის გარეშე ხელშეკრულება არ დაიდებოდა, მაშინ მთლიანი ხელშეკრულება ჩაითვლება ბათილად.
თუ ბათილი პირობის საფუძველზე ერთმა მხარემ მიიღო თანხა ან სხვა ქონებრივი სიკეთე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, შეიძლება დღის წესრიგში დადგეს უსაფუძვლო გამდიდრების წესებით მისუ დაბრუნების საკითხიც.
XVIII. რა უნდა გაითვალისწინოს ბიზნესმა ან ფიზიკურმა პირმა ასეთი ხელშეკრულების დადებამდე?
ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს როგორც გამყიდველისგან, ისე მყიდველისგან.
პირველ რიგში, მხარეებმა მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ, არის თუ არა მათი რეალური მიზანი ქონების გაყიდვა და გამოსყიდვის უფლების შეთანხმება, თუ ისინი ცდილობენ სესხის ან სხვა ვალდებულების უზრუნველყოფას. თუ რეალური მიზანი სესხის უზრუნველყოფაა, ფორმალურად ნასყიდობის დადება შეიძლება სერიოზულ სამართლებრივ რისკად იქცეს.
მეორე, ხელშეკრულებაში მკაფიოდ უნდა განისაზღვროს გამოსყიდვის ვადა, ფასი, შეტყობინების ფორმა, გადახდის წესი, ქონების მფლობელობის საკითხი და ვადის გასვლის შედეგები.
მესამე, მყიდველმა უნდა შეაფასოს, შეძლებს თუ არა გამოსყიდვის ვადის განმავლობაში ქონების განკარგვას და რა შეზღუდვები ექნება მას.
მეოთხე, გამყიდველმა უნდა გააცნობიეროს, რომ გამოსყიდვის ვადის გაშვებამ შეიძლება ქონების საბოლოოდ დაკარგვა გამოიწვიოს.
მეხუთე, თუ ხელშეკრულება უკავშირდება სესხს, ვალს ან გადახდის გრაფიკს, ეს ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს სამართლებრივად სწორი ინსტრუმენტით და არა ისეთი ფორმით, რომელიც მომავალში თვალთმაქცური გარიგების რისკს შექმნის.
XIX. როგორ დაგეხმარებათ TB Legal?
TB Legal სახელშეკრულებო იურიდიული მომსახურების ფარგლებში ეხმარება ბიზნესებსა და ფიზიკურ პირებს გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებების მომზადებაში, არსებული ხელშეკრულებების სამართლებრივ შეფასებაში, თვალთმაქცური გარიგების რისკების ანალიზში, გამოსყიდვის ვადებთან დაკავშირებული დავების მართვაში და ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებული სტრატეგიის შემუშავებაში.
ჩვენი მიდგომა ეფუძნება არა მხოლოდ ხელშეკრულების ტექსტის ფორმალურ შემოწმებას, არამედ მხარეთა რეალური მიზნის, ეკონომიკური ინტერესის, ქონების ღირებულების, მტკიცებულებების, სასამართლო პრაქტიკისა და შესაძლო ფინანსური რისკების შეფასებას.
თუ აპირებთ გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების დადებას, უკვე გაქვთ ასეთი ხელშეკრულება ან გსურთ შეაფასოთ, ხომ არ ფარავს იგი სესხს ან სხვა ვალდებულებით ურთიერთობას, მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღებამდე სამართლებრივი კონსულტაციის მიღება.
XX. დასკვნა
ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით შეიძლება იყოს ეფექტიანი და კანონიერი სამართლებრივი ინსტრუმენტი, თუ მხარეთა ნება რეალურად მიმართულია ქონების გაყიდვისა და განსაზღვრულ ვადაში მისი გამოსყიდვის შესაძლებლობის შეთანხმებისკენ.
თუმცა იგივე ფორმა შეიძლება სერიოზულ სამართლებრივ რისკად იქცეს, თუ იგი გამოიყენება სესხის, ვალის ან სხვა ვალდებულების უზრუნველსაყოფად. ასეთ შემთხვევაში სასამართლომ შეიძლება შეაფასოს, ხომ არ არის ფორმალური ნასყიდობა თვალთმაქცური გარიგება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ასეთ დავებში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მხარეთა რეალურ ნებას, ქონების მფლობელობაში გადაცემას, გამოსყიდვის ვადის გონივრულობას, ნასყიდობის ფასისა და ქონების რეალური ღირებულების თანაფარდობას, გადახდების მტკიცებულებებსა და მხარეთა შემდგომ ქცევას.
თუ გეგმავთ გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებას, არსებული ხელშეკრულების შეფასებას ან ამ ტიპის ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ დავას, დაგვიკავშირდით და TB Legal დაგეხმარებათ სამართლებრივი რისკების ანალიზში, სწორი სტრატეგიის შერჩევასა და თქვენი ინტერესების დაცვაში.
XXI. გამოყენებული უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები
სტატიაში გამოყენებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი გადაწყვეტილებები და განჩინებები:
- საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქმე №ას-526-2024, 6 მარტი, 2026 წელი, ქ. თბილისი.
- საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქმე №ას-876-834-2013, 25 თებერვალი, 2016 წელი, ქ. თბილისი.
- საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქმე №ას-265-265-2018, 31 ოქტომბერი, 2018 წელი, ქ. თბილისი.
- საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქმე №ას-536-2019, 11 ივნისი, 2021 წელი, ქ. თბილისი.
- საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქმე №ას-1090-2021, 18 მაისი, 2022 წელი, ქ. თბილისი.
- საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქმე №ას-1002-2022, 5 ოქტომბერი, 2023 წელი, ქ. თბილისი.
- საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქმე №ას-1293-2024, 8 ნოემბერი, 2024 წელი, ქ. თბილისი.
- საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქმე №ას-1043-2024, 5 მარტი, 2025 წელი, ქ. თბილისი.
- საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქმე №ას-1540-2024, 20 მარტი, 2026 წელი, ქ. თბილისი.
შენიშვნა
წინამდებარე სტატია მომზადებულია ზოგადი საინფორმაციო მიზნებისთვის და არ წარმოადგენს ინდივიდუალურ სამართლებრივ კონსულტაციას ან იურიდიულ დასკვნას. სტატიაში განხილული საკითხები შეიძლება განსხვავებულად შეფასდეს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების, ხელშეკრულების პირობების, მხარეთა ქცევისა და შესაბამისი მტკიცებულებების გათვალისწინებით. კონკრეტულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე რეკომენდებულია კვალიფიციური იურისტისგან ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციის მიღება.



















