I. ახალი ინვესტორის შემოსვლა შპს-ში, როგროც პარტნიორთა კონფლიქტის წყარო
ახალი ინვესტორის შემოსვლა შპს-ში კომპანიის განვითარებისთვის შეიძლება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყოს: ბიზნესმა მიიღოს დამატებითი კაპიტალი, ახალი ბაზრები, ტექნოლოგია, პროფესიული გამოცდილება ან სტრატეგიული პარტნიორი.
თუმცა ახალი ინვესტორის შემოსვლა მხოლოდ თანხის მოზიდვას არ ნიშნავს.
ინვესტორის გამოჩენით შეიძლება შეიცვალოს კომპანიის წილობრივი სტრუქტურა, პარტნიორთა ხმების თანაფარდობა, დირექტორის კონტროლი, დივიდენდის პოლიტიკა, მომავალი დაფინანსების პირობები და არსებული პარტნიორების შესაძლებლობა გავლენა მოახდინონ მნიშვნელოვან ბიზნესგადაწყვეტილებებზე.
სწორედ ამიტომ გარიგება, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ „ინვესტიციის მიღებად“ აღიქმებოდა, რამდენიმე წლის შემდეგ პარტნიორთა სერიოზული კონფლიქტის საფუძველი შეიძლება გახდეს.
საქართველოს „მეწარმეთა შესახებ“ კანონი შპს-ის პარტნიორებს მნიშვნელოვან თავისუფლებას ანიჭებს კორპორაციული ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, მაგრამ ამავე დროს სპეციალურად არეგულირებს წილების გადაცემას, ახალი წილების გამოშვებას, არსებული პარტნიორების უპირატესი შესყიდვის უფლებას და პარტნიორთა შეთანხმებას.
ამიტომ ახალი ინვესტორის შემოსვლა შპს-ში წინასწარ უნდა შეფასდეს არა მხოლოდ ფინანსური, არამედ კორპორაციული სამართლის თვალსაზრისითაც.
1. რას ელოდება ინვესტორი?
ინვესტორი შესაძლოა მხოლოდ ეკონომიკურ მონაწილეობას არ ითხოვდეს.
მისთვის მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს:
- დირექტორის ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრის დანიშვნის შესაძლებლობა;
- გარკვეული გადაწყვეტილებების დაბლოკვის უფლება;
- ფინანსურ ინფორმაციაზე გაფართოებული წვდომა;
- დივიდენდის კონკრეტული პოლიტიკა;
- წილის სამომავლო გაყიდვის მექანიზმი;
- ახალი დაფინანსებისას საკუთარი წილის დაცვა;
- ან კომპანიის გაყიდვის შემთხვევაში გარიგებაში მონაწილეობის უფლება.
ასეთი უფლებები არსებულ პარტნიორთა მდგომარეობას მნიშვნელოვნად ცვლის.
2. რას ელიან არსებული პარტნიორები?
არსებულ პარტნიორებს ხშირად განსხვავებული მოლოდინი აქვთ.
ერთისთვის მთავარი შეიძლება იყოს ახალი კაპიტალი, მეორისთვის – კომპანიის კონტროლის შენარჩუნება, ხოლო მესამეს საერთოდ არ სურდეს ახალი პირის პარტნიორად შემოსვლა.
ამიტომ კონფლიქტის პრევენცია იწყება ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ინვესტორთან საბოლოო პირობებზე შეთანხმება მოხდება.
II. როგორ შეიძლება ახალი ინვესტორი გახდეს შპს-ის პარტნიორი?
ახალი ინვესტორის შემოსვლა შპს-ში სხვადასხვა სამართლებრივი გზით შეიძლება განხორციელდეს და მათ შორის განსხვავება ფუნდამენტურია.
ორი ძირითადი მოდელია:
- ინვესტორი ყიდულობს არსებული პარტნიორის წილს ან მის ნაწილს;
- კომპანია გამოსცემს ახალ წილს და მას ინვესტორზე განათავსებს.
ეკონომიკურად ორივე შემთხვევაში კომპანიაში ახალი პარტნიორი ჩნდება, მაგრამ შედეგი სრულიად განსხვავებულია.
1. არსებული პარტნიორის წილის შეძენა
„მეწარმეთა შესახებ“ კანონის 141-ე მუხლის ზოგადი წესით პარტნიორს შეუძლია საკუთარი წილის გასხვისება კომპანიისა და სხვა პარტნიორების თანხმობის გარეშე, თუ შესაბამისი შეზღუდვა კანონიერად არ არის დადგენილი წესდებით.
ამ შემთხვევაში ინვესტორი წილს არსებული პარტნიორისგან ყიდულობს.
მაგალითად, თუ პარტნიორს ეკუთვნის 60% და აქედან 20%-ს ინვესტორს მიჰყიდის, შემდგომი სტრუქტურა შეიძლება გახდეს:
- პირველი პარტნიორი – 40%;
- მეორე პარტნიორი – 40%;
- ახალი ინვესტორი – 20%.
აქ მნიშვნელოვანია ერთი გარემოება: წილის ნასყიდობის ფასი, როგორც წესი, წილის გამყიდველს ეკუთვნის და არა კომპანიას.
შესაბამისად, მხოლოდ იმიტომ, რომ კომპანიას ახალი პარტნიორი შეემატა, თავად ბიზნესს ახალი კაპიტალი ავტომატურად არ მიუღია.
2. ახალი წილის გამოშვება
სხვა მოდელია, როდესაც თვითონ კომპანია გამოსცემს ახალ წილს და მას ინვესტორზე განათავსებს.
„მეწარმეთა შესახებ“ კანონის 136-ე მუხლი შპს-ის მიერ ახალი წილების გამოშვების შესაძლებლობას ითვალისწინებს.
ასეთ შემთხვევაში ინვესტორის შენატანი უკვე კომპანიის დაფინანსებას უკავშირდება.
მაგრამ შედეგად შესაძლოა შეიცვალოს არსებული პარტნიორების პროცენტული მონაწილეობა.
სწორედ აქ ჩნდება dilution-ის – არსებული წილის პროცენტული შემცირების – რისკი.
III. რატომ არის შესვლის ფორმის სწორად არჩევა მნიშვნელოვანი?
გარიგების დასაწყისშივე უნდა გაირკვეს, რეალურად რა სურთ მხარეებს.
თუ მიზანია ერთ-ერთმა პარტნიორმა საკუთარი წილის ნაწილი გაყიდოს და პირადად მიიღოს საფასური, ეს ერთი ტიპის გარიგებაა.
თუ მიზანია კომპანიამ მიიღოს ახალი ფული ბიზნესის განვითარებისთვის, მხოლოდ არსებული პარტნიორის წილის გაყიდვა ამას ვერ უზრუნველყოფს.
1. ვინ იღებს ინვესტორის ფულს?
ეს მარტივი კითხვა ხშირად ყველაფერს ცვლის.
Share sale-ის შემთხვევაში თანხას იღებს წილის გამყიდველი.
ახალი წილის გამოშვებისას თანხა კომპანიისთვის განხორციელებულ შენატანს უკავშირდება.
შესაძლებელია კომბინირებული მოდელიც, როდესაც ინვესტორი ნაწილობრივ არსებული პარტნიორის წილს ყიდულობს და დამატებით კომპანიაშიც დებს ახალ კაპიტალს.
2. განსხვავდება პარტნიორთა ინტერესებიც
წილის გამყიდველ პარტნიორს შეიძლება მაღალი გასაყიდი ფასი აინტერესებდეს.
კომპანიასა და დარჩენილ პარტნიორებს კი – რამდენი ახალი კაპიტალი შევა ბიზნესში და რა უფლებებს მიიღებს ამის სანაცვლოდ ინვესტორი.
თუ ეს ინტერესები თავიდანვე არ გაიმიჯნა, ახალი ინვესტორის შემოსვლა უკვე გარიგების დასრულებისთანავე შეიძლება პარტნიორთა უთანხმოებით დაიწყოს.
IV. რა არის dilution და რატომ შეიძლება გახდეს კონფლიქტის მიზეზი?
ახალი ინვესტორის შემოსვლა შპს-ში ახალი წილების გამოშვების გზით ხშირად არსებული პარტნიორების პროცენტულ მონაწილეობას ამცირებს.
მაგალითად, თუ კომპანიას ჰყავს ორი 50/50 პარტნიორი და ახალ ინვესტორს კომპანიის 20% გადაეცემა ახალი წილის გამოშვების შედეგად, არსებული პარტნიორების პროცენტული მონაწილეობა შესაბამისად შემცირდება.
ეკონომიკურად ეს შეიძლება სრულიად გამართლებული იყოს, თუ კომპანიას მნიშვნელოვანი ახალი ღირებულება ემატება.
მაგრამ პარტნიორებისთვის კრიტიკული საკითხია, რამდენად მცირდება მათი მონაწილეობა და რას იღებს კომპანია სანაცვლოდ.
1. წილი მხოლოდ ეკონომიკური პროცენტი არ არის
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ №ას-289-2020 საქმეში აღნიშნა, რომ წილობრივი თანაფარდობა კორპორაციული მართვის მნიშვნელოვანი ელემენტია: წილი გავლენას ახდენს როგორც კომპანიის მართვაში მონაწილეობაზე, ისე დივიდენდის შესაბამის ოდენობაზე.
ამიტომ 40%-დან 25%-მდე შემცირება მხოლოდ „15 პროცენტის დაკარგვა“ არ არის.
შესაძლოა შეიცვალოს:
- პარტნიორის ხმის ძალა;
- გადაწყვეტილების დაბლოკვის შესაძლებლობა;
- მომავალ დივიდენდში მონაწილეობა;
- კომპანიის გაყიდვის შემთხვევაში მისაღები ეკონომიკური სარგებელი;
- და ზოგადად ძალთა ბალანსი პარტნიორებს შორის.
2. კომპანიის ღირებულება მნიშვნელოვანია
მაგალითად, ახალმა ინვესტორმა შეიძლება 20%-ის სანაცვლოდ კომპანიაში მნიშვნელოვანი კაპიტალი შეიტანოს.
ამ შემთხვევაში არსებული პარტნიორის პროცენტული წილი მცირდება, მაგრამ თავად კომპანიის საერთო ღირებულება შეიძლება გაიზარდოს.
ამიტომ dilution-ის შეფასება მხოლოდ პროცენტების შედარებით არ ხდება.
საჭიროა გარიგების ეკონომიკური პირობების მთლიანობაში შეფასება.
V. აქვთ თუ არა არსებულ პარტნიორებს ახალი წილის უპირატესი შესყიდვის უფლება?
ზოგადი წესით – დიახ.
„მეწარმეთა შესახებ“ კანონის 137-ე მუხლის მიხედვით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, კომპანიის მიერ გამოშვებული ახალი წილების უპირატესი შესყიდვის უფლება არსებულ პარტნიორებს აქვთ.
ეს არის არსებული პარტნიორების წილობრივი მდგომარეობის დაცვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი.
1. კომპანიამ ახალი წილი ჯერ არსებულ პარტნიორებს უნდა შესთავაზოს
თუ წესდება ან კანონით დასაშვები გადაწყვეტილება განსხვავებულ რეჟიმს არ ადგენს, კომპანია ვერ განათავსებს ახალ წილს მესამე პირზე ისე, რომ მანამდე არსებულ პარტნიორებს იმავე პირობებით შეძენის შესაძლებლობა არ მისცეს.
პარტნიორს უფლების გამოყენებისთვის უნდა მიეცეს გონივრული ვადა, რომელიც კანონით დადგენილ მინიმალურ პერიოდზე ნაკლები არ უნდა იყოს.
2. უფლება მოქმედებს არსებული წილების პროპორციულად
ზოგადი წესით, უპირატესი შესყიდვის უფლება პარტნიორის არსებული წილის პროპორციულია.
ამით პარტნიორს ეძლევა შესაძლებლობა ახალი დაფინანსებისას შეინარჩუნოს თავისი პროცენტული მონაწილეობა, თუ შესაბამისი თანხის ინვესტირება სურს და შეუძლია.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მინორიტარი პარტნიორისთვის, რომლის წილის დამატებით შემცირებამ შეიძლება მის კორპორაციულ გავლენაზე მნიშვნელოვანი ეფექტი მოახდინოს.
VI. შეიძლება თუ არა უპირატესი შესყიდვის უფლების შეზღუდვა?
კანონი ასეთ შესაძლებლობასაც ითვალისწინებს.
ახალი წილის გამოშვებისას უპირატესი შესყიდვის უფლება შეიძლება პარტნიორთა შესაბამისი გადაწყვეტილებით შეიზღუდოს ან გამოირიცხოს.
მაგრამ გადაწყვეტილების მიღებას სპეციალური მოთხოვნები აქვს.
1. მხოლოდ უბრალო უმრავლესობის სურვილი ყოველთვის საკმარისი არ არის
კანონის 137-ე მუხლის მიხედვით შესაბამისი გადაწყვეტილება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების სულ მცირე 3/4-ის უმრავლესობას საჭიროებს.
ამასთან, გადაწყვეტილება ხელმძღვანელი ორგანოს მოხსენებას უნდა ეფუძნებოდეს, რომელშიც მითითებულია უფლების შეზღუდვის ან გამორიცხვის გონივრული საფუძველი და დასაბუთებულია წილის გადაცემის ღირებულება.
ეს მოთხოვნები შემთხვევითი არ არის.
ახალი ინვესტორის შემოსვლა ისე, რომ არსებული პარტნიორი საკუთარ პროპორციულ მონაწილეობას ვერ ინარჩუნებდეს, შესაძლოა მის ეკონომიკურ და მმართველობით მდგომარეობაზე სერიოზულ გავლენას ახდენდეს.
2. ინვესტორისთვის სპეციალური პირობების მინიჭება
ხშირად ინვესტორი სწორედ იმ პირობით დებს კაპიტალს, რომ კონკრეტული წილი მხოლოდ მას გადაეცემა.
ასეთი შეთანხმება ბიზნესის თვალსაზრისით შეიძლება სრულიად რაციონალური იყოს.
მაგრამ არსებული პარტნიორების უფლებებზე მისი გავლენა წინასწარ უნდა იქნეს შეფასებული.
VII. რა მნიშვნელობა აქვს კომპანიის შეფასებას?
ახალი ინვესტორის შემოსვლისას ერთ-ერთი ყველაზე კონფლიქტური საკითხია კომპანიის ღირებულება.
თუ ინვესტორი 500 000 ლარს დებს და სანაცვლოდ იღებს კომპანიის 25%-ს, ამ გარიგებაში უკვე იკითხება კონკრეტული ეკონომიკური შეფასება.
არსებულ პარტნიორებს შეიძლება სრულიად განსხვავებული წარმოდგენა ჰქონდეთ ბიზნესის ღირებულებაზე.
1. დაბალი შეფასება არსებულ პარტნიორებს აზიანებს
თუ კომპანია რეალურად მნიშვნელოვნად უფრო ძვირია, მაგრამ ახალი ინვესტორი მცირე ინვესტიციის სანაცვლოდ დიდ წილს იღებს, არსებული პარტნიორების ეკონომიკური მონაწილეობა შეიძლება გაუმართლებლად შემცირდეს.
2. ზედმეტად მაღალი შეფასებაც ქმნის პრობლემას
მეორე მხრივ, ინვესტორისთვის არარეალისტურად მაღალი შეფასების შეთავაზებამ შეიძლება გარიგება საერთოდ შეუძლებელი გახადოს.
ამიტომ ინვესტორის შემოსვლისას valuation მხოლოდ ფინანსური მოლაპარაკების საკითხი არ არის – იგი პირდაპირ უკავშირდება მომავალი წილობრივი სტრუქტურის სამართლიანობასაც.
VIII. როგორ შეიძლება შეიცვალოს კომპანიის კონტროლი?
ახალი ინვესტორის წილის პროცენტი ყოველთვის არ გვიჩვენებს, რამდენად დიდი რეალური გავლენა ექნება მას კომპანიაზე.
მაგალითად, 20%-იანი ინვესტორი შეიძლება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი უფლებებით სარგებლობდეს, ვიდრე 30%-იანი არსებული პარტნიორი, თუ მას გარკვეულ საკითხებზე თანხმობის სპეციალური უფლება მიენიჭა.
1. ხმის პროცენტი და veto rights ერთი და იგივე არ არის
ინვესტორს შეიძლება მიენიჭოს თანხმობის აუცილებლობა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა:
- მნიშვნელოვანი აქტივების გასხვისება;
- ახალი სესხის აღება;
- მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმება;
- ახალი წილების გამოშვება;
- დირექტორის დანიშვნა;
- დივიდენდის განაწილება;
- კომპანიის ბიზნესის არსებითი ცვლილება;
- რეორგანიზაცია ან გაყიდვა.
ასეთ პირობებში შედარებით მცირე წილის მქონე ინვესტორს შეიძლება მნიშვნელოვანი მმართველობითი გავლენა ჰქონდეს.
2. არსებული პარტნიორების რეალური ძალაუფლება შეიძლება შეიცვალოს
თუ აქამდე ორ პარტნიორს ჰქონდა 60/40 სტრუქტურა და 60%-იანი პარტნიორი პრაქტიკულად დამოუკიდებლად აკონტროლებდა უმეტეს გადაწყვეტილებებს, ახალი ინვესტორის შემოსვლის შემდეგ შეიძლება სრულიად სხვა ბალანსი შეიქმნას.
ამიტომ გარიგებამდე უნდა შეფასდეს არა მხოლოდ საბოლოო პროცენტები, არამედ ვინ რომელი გადაწყვეტილების მიღებას შეძლებს ახალი სტრუქტურის პირობებში.
IX. დირექტორის კონტროლი ხშირად მთავარი კონფლიქტის წყაროა
ინვესტორს შეიძლება სურდეს საკუთარი წარმომადგენლის დირექტორად დანიშვნა ან დირექტორის არჩევაზე გავლენის მიღება.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან დირექტორი ყოველდღიურად მართავს კომპანიის საქმიანობას და წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში.
1. ვინ ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორს?
მოქმედი კანონის მიხედვით დირექტორის დანიშვნა და გათავისუფლება პარტნიორთა გადაწყვეტილების კომპეტენციას განეკუთვნება, თუმცა კონკრეტული წესდება შეიძლება კანონით დასაშვებ ფარგლებში დამატებით მექანიზმებს ითვალისწინებდეს.
ამიტომ ახალი ინვესტორის შემოსვლისას უნდა გაირკვეს:
- ინარჩუნებენ თუ არა დამფუძნებლები დირექტორის კონტროლს;
- იღებს თუ არა ინვესტორი დირექტორის ნომინირების უფლებას;
- და საჭირო იქნება თუ არა კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე რამდენიმე პირის ერთობლივი თანხმობა.
2. დირექტორი მხოლოდ ერთი პარტნიორის წარმომადგენელი არ არის
იმ შემთხვევაშიც კი, თუ დირექტორი ინვესტორის ან კონკრეტული პარტნიორის ინიციატივით დაინიშნა, მისი ფიდუციური მოვალეობები კომპანიის წინაშე არსებობს.
ამიტომ დირექტორის კონტროლის შესახებ შეთანხმება ვერ გარდაქმნის ხელმძღვანელ პირს რომელიმე პარტნიორის პირადი ინტერესების უბრალო შემსრულებლად.
X. უნდა გადაკეთდეს თუ არა კომპანიის წესდება?
ხშირად – დიახ.
ახალი ინვესტორის შემოსვლისას არსებული სტანდარტული წესდება შეიძლება საერთოდ აღარ შეესაბამებოდეს პარტნიორთა ახალ ურთიერთობას.
შეიძლება საჭირო გახდეს:
- გადაწყვეტილებების მიღების განსხვავებული უმრავლესობა;
- წილების განსხვავებული კლასები;
- დირექტორის დანიშვნის სპეციალური წესი;
- ახალი წილების გამოშვების მექანიზმი;
- წილის გასხვისების შეზღუდვები;
- ან სხვა ინდივიდუალური კორპორაციული პირობები.
1. წილების განსხვავებული კლასები
„მეწარმეთა შესახებ“ კანონის 135-ე მუხლი შპს-ში განსხვავებული კლასის წილების არსებობასაც უშვებს.
სხვადასხვა კლასს შეიძლება განსხვავებული უფლებები და მოვალეობები უკავშირდებოდეს.
ამიტომ ინვესტორს ყოველთვის არ სჭირდება დამფუძნებლების იდენტური უფლებების მქონე წილი.
შესაძლებელია კორპორაციული სტრუქტურა ინვესტორისა და დამფუძნებლების განსხვავებულ ინტერესებზე მოერგოს.
2. არსებული პარტნიორების უფლებების ცვლილება განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს
თუ გადაწყვეტილება კონკრეტული კლასის წილთან დაკავშირებული უფლებების შეცვლას ეხება, კანონი შესაბამისი კლასის პარტნიორების დაცვის სპეციალურ მექანიზმსაც ადგენს.
სწორედ ამიტომ ახალი ინვესტორისთვის განსაკუთრებული უფლებების შექმნა ტექნიკურად მხოლოდ „20%-იანი წილის დამატება“ არ არის.
შეიძლება საჭირო გახდეს კომპანიის მთლიანად ახალი კორპორაციული არქიტექტურა.
ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია სადამფუძნებლო შეთანხმებისა და კომპანიის წესდების მომზადება ახალი სტრუქტურის შესაბამისად.
XI. რა მნიშვნელობა აქვს პარტნიორთა შეთანხმებას?
ახალი ინვესტორის შემოსვლა შპს-ში ერთ-ერთი ტიპური შემთხვევაა, როდესაც პარტნიორთა შეთანხმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება.
წესდება და პარტნიორთა შეთანხმება სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს.
წესდება კომპანიის კორპორაციული მოწყობის დოკუმენტია, ხოლო პარტნიორთა შეთანხმებით მხარეებს შეუძლიათ ერთმანეთთან უფრო დეტალურად მოაწესრიგონ საკუთარი სახელშეკრულებო ურთიერთობები.
1. არსებული პარტნიორთა შეთანხმება ახალ ინვესტორზე ავტომატურად არ ვრცელდება
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხია.
„მეწარმეთა შესახებ“ კანონის 149-ე მუხლი შპს-ის პარტნიორთა შეთანხმებაზე შესაბამის აქციონერთა შეთანხმების წესებს ავრცელებს.
ამ წესის მიხედვით, წილის გასხვისებისას არსებული პარტნიორთა შეთანხმებიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები ახალ შემძენზე ავტომატურად არ გადადის, თუ შესაბამისი შედეგი სპეციალურად არ არის გათვალისწინებული როგორც პარტნიორთა შეთანხმებით, ისე წილის გასხვისების ხელშეკრულებით.
ამიტომ კომპანიაში ახალი ინვესტორის რეგისტრაცია თავისთავად არ ნიშნავს, რომ იგი უკვე არსებული ყველა პარტნიორული შეთანხმებით ავტომატურად შეიზღუდა.
2. ახალი ინვესტორის accession წინასწარ უნდა მოწესრიგდეს
თუ არსებულ პარტნიორებს აქვთ პარტნიორთა შეთანხმება, ინვესტორის შემოსვლამდე უნდა შეფასდეს:
რომელი პირობები უნდა გავრცელდეს ახალ პარტნიორზე;
საჭიროა თუ არა არსებული შეთანხმების სრულად შეცვლა;
და როგორ უნდა გახდეს ახალი ინვესტორი შესაბამისი სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარე.
წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიაში შეიძლება არსებობდეს სამი პარტნიორი, მაგრამ რეალურად მხოლოდ ორი იყოს კონკრეტული შეთანხმებით ერთმანეთთან დაკავშირებული.
XII. რას უნდა არეგულირებდეს პარტნიორთა შეთანხმება ახალი ინვესტორის შემთხვევაში?
ყველა ინვესტიციისთვის ერთი უნივერსალური შეთანხმება არ არსებობს.
სტარტაპის ინვესტორი, საოჯახო ბიზნესში შემოსული სტრატეგიული პარტნიორი და უკვე მოქმედ კომპანიაში 40%-იანი წილის შემძენი შეიძლება სრულიად განსხვავებულ პირობებს საჭიროებდნენ.
თუმცა განსაკუთრებულ ყურადღებას ჩვეულებრივ რამდენიმე საკითხი მოითხოვს.
1. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
უნდა გაირკვეს, რომელი საკითხები წყდება ჩვეულებრივი უმრავლესობით და რომლებზეა საჭირო ფართო შეთანხმება.
ზედმეტად ბევრი reserved matter შეიძლება კომპანიის ყოველდღიური საქმიანობა გაართულოს.
ზედმეტად მცირე დაცვამ კი ინვესტორი ან არსებული პარტნიორი რეალური გავლენის გარეშე დატოვოს.
2. დირექტორის დანიშვნა
ინვესტორს შეიძლება სურდეს საკუთარი კანდიდატის ნომინირება.
არსებულ პარტნიორებს კი – ოპერაციული კონტროლის შენარჩუნება.
ამ ინტერესებს შორის ბალანსი წინასწარ უნდა განისაზღვროს.
3. ინფორმაციის უფლება
კანონი პარტნიორს ისედაც აძლევს კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღების უფლებას, მაგრამ საინვესტიციო ურთიერთობაში შეიძლება უფრო დეტალური reporting სისტემა იყოს საჭირო.
4. მომავალი დაფინანსება
წინასწარ უნდა იყოს გააზრებული, რა მოხდება, თუ კომპანიას ერთი ან ორი წლის შემდეგ ახალი კაპიტალი კვლავ დასჭირდება.
იქნება თუ არა ყველა პარტნიორი ვალდებული თანხის შეტანაზე?
რა მოხდება, თუ ერთ პარტნიორს ინვესტირების შესაძლებლობა აღარ აქვს?
და როგორ აისახება ეს წილებზე?
XIII. დივიდენდის პოლიტიკა რატომ შეიძლება გახდეს კონფლიქტის წყარო?
დამფუძნებლებსა და ფინანსურ ინვესტორს კომპანიის მოგების მიმართ განსხვავებული ხედვა შეიძლება ჰქონდეთ.
დამფუძნებლებს სურდეთ მოგების რეინვესტირება და სწრაფი ზრდა.
ინვესტორს კი – პერიოდული დივიდენდის მიღება.
ან პირიქით.
1. წინასწარ განსხვავებული მოლოდინი მოგვიანებით დავად იქცევა
თუ მხარეები ინვესტიციამდე ამ საკითხს საერთოდ არ განიხილავენ, კომპანიის მომგებიანობის შემდეგ შესაძლოა პირველი მნიშვნელოვანი კონფლიქტი სწორედ მოგების განაწილებაზე წარმოიშვას.
2. დივიდენდის უფლება და პოლიტიკა განსხვავებული საკითხებია
პარტნიორის კანონით გათვალისწინებული დივიდენდური უფლება არ ნიშნავს, რომ კომპანიას ყოველწლიურად მთელი მოგების განაწილება ევალება.
ამიტომ ახალი ინვესტორის ეკონომიკური მოლოდინი და კომპანიის რეინვესტირების სტრატეგია წინასწარ უნდა იყოს შეთავსებული.
XIV. რა ხდება მომავალი დამატებითი დაფინანსებისას?
ერთი საინვესტიციო რაუნდი ხშირად საბოლოო არ არის.
კომპანიას მომავალშიც შეიძლება დასჭირდეს ახალი კაპიტალი.
სწორედ აქ შეიძლება გამოჩნდეს პირველი გარიგებისას დაუფიქრებელი პრობლემები.
1. ვინ დააფინანსებს კომპანიას შემდეგ ეტაპზე?
შესაძლოა დამფუძნებლებს აღარ ჰქონდეთ დამატებითი კაპიტალის შეტანის შესაძლებლობა, ხოლო ინვესტორი მზად იყოს კიდევ უფრო მეტი თანხა ჩადოს.
ამის შედეგად წილობრივი და მმართველობითი ძალთა ბალანსი კვლავ შეიძლება შეიცვალოს.
2. პარტნიორთა თანაბარი შესაძლებლობა მნიშვნელოვანია
საქართველოს უზენაესი სასამართლოს №ას-1506-2024 საქმეში – მიუხედავად იმისა, რომ დავის ფაქტობრივი გარემოებები წინა საკანონმდებლო რეჟიმში წარმოიშვა – სასამართლომ დამატებითი დაფინანსებისა და პარტნიორთა წილობრივი თანაფარდობის ცვლილების შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო პარტნიორთა თანასწორი მოპყრობისა და საკუთარი ქონებრივი უფლებების განხორციელებისთვის თანაბარი შესაძლებლობის პრინციპს.
ეს მიდგომა კარგად აჩვენებს, რატომ შეიძლება კომპანიის დაფინანსების გადაწყვეტილება მხოლოდ ფინანსურ საკითხზე გაცილებით მეტი იყოს.
XV. რა მნიშვნელობა აქვს წილის გასხვისების შეზღუდვებს?
ახალი ინვესტორის მიღებისას არსებული პარტნიორები ხშირად მხოლოდ იმას ფიქრობენ, ვისთან იწყებენ თანამშრომლობას.
მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია კითხვა:
ვის შეიძლება მიჰყიდოს ამ ინვესტორმა თავისი წილი მომავალში?
მოქმედი კანონის 141-ე მუხლის ზოგადი წესით პარტნიორს შეუძლია წილის გადაცემა კომპანიისა და სხვა პარტნიორების თანხმობის გარეშე, თუ შესაბამისი შეზღუდვა სათანადოდ არ არის დადგენილი.
1. დღეს მისაღები ინვესტორი ხვალ შეიძლება სხვა პირით ჩანაცვლდეს
თუ არ არსებობს წინასწარი შეზღუდვა, სტრატეგიული პარტნიორი რამდენიმე წლის შემდეგ საკუთარ წილს შეიძლება მესამე პირზე ყიდდეს.
ეს მესამე პირი კი დარჩენილი პარტნიორებისთვის სრულიად მიუღებელი იყოს.
2. შეზღუდვები წინასწარ უნდა შეთანხმდეს
თუ პარტნიორებს სურთ:
- წინასწარი თანხმობის მექანიზმი;
- lock-up;
- სხვა პარტნიორისთვის წინასწარი შეთავაზების მექანიზმი;
- tag-along;
- drag-along;
- ან სხვა exit რეჟიმი,
ეს პირობები შესაბამის სამართლებრივ დოკუმენტებში წინასწარ უნდა იქნეს გათვალისწინებული.
უკვე ინვესტორის შემოსვლის შემდეგ ასეთი შეზღუდვების ცალმხრივად დაწესება ბევრად უფრო რთული შეიძლება იყოს.
XVI. რა არის tag-along და რატომ შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი არსებული პარტნიორისთვის?
თუ ერთი პარტნიორი მომავალში თავის მნიშვნელოვან წილს მესამე პირს ყიდის, დანარჩენი პარტნიორი შეიძლება ახალ მაჟორიტართან დარჩეს კომპანიაში.
Tag-along ტიპის მექანიზმის მიზანია შესაბამის პირობებში სხვა პარტნიორსაც მისცეს შესაძლებლობა იმავე გარიგებას შეუერთდეს.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს მინორიტარი პარტნიორისთვის.
1. ახალი ინვესტორის შემოსვლა მხოლოდ დღევანდელ ურთიერთობაზე არ უნდა შეფასდეს
დღეს პარტნიორებს შეიძლება შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდეთ.
მაგრამ კარგი კორპორაციული დოკუმენტი იმ სცენარსაც ითვალისწინებს, როდესაც რამდენიმე წლის შემდეგ ერთ-ერთ მხარეს ბიზნესიდან გასვლა სურს.
2. exit მექანიზმი ინვესტორისთვისაც მნიშვნელოვანია
პროფესიული ინვესტორი ხშირად თავიდანვე ინტერესდება, როგორ შეძლებს მომავალში ინვესტიციის რეალიზაციას.
ამიტომ exit-ის პირობები საინვესტიციო გარიგების მეორეხარისხოვანი ნაწილი არ არის.
XVII. რა არის drag-along და რატომ შეიძლება გამოიწვიოს დავა?
Drag-along ტიპის მექანიზმი გარკვეულ პირობებში საშუალებას აძლევს შესაბამის პარტნიორს ან პარტნიორთა ჯგუფს კომპანიის გაყიდვისას სხვა პარტნიორებიც ჩართოს წილების გაყიდვაში.
ასეთი მექანიზმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს იმ ინვესტორისთვის, რომელიც მომავალში კომპანიის მთლიანად გაყიდვის შესაძლებლობას ელოდება.
მაგრამ არსებული პარტნიორისთვის ეს ნიშნავს, რომ შესაბამის პირობებში შესაძლოა მასაც მოუწიოს საკუთარი წილის გასხვისება.
სწორედ ამიტომ drag-along-ის არსებობა, წინაპირობები, ფასი და პროცედურა გარიგების დასრულებამდე უნდა იყოს გააზრებული.
XVIII. რას ნიშნავს deadlock ახალი ინვესტორის შემოსვლის შემდეგ?
ზოგჯერ ინვესტორის მიღების შედეგად იქმნება სტრუქტურა, სადაც არც ერთ მხარეს აღარ აქვს საკმარისი ძალა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მისაღებად.
მაგალითად:
- დამფუძნებლები ერთობლივად ფლობენ 60%-ს;
- ინვესტორი – 40%-ს;
- მაგრამ მნიშვნელოვან საკითხებზე 75%-იანი თანხმობაა საჭირო.
ასეთ შემთხვევაში არც ერთ მხარეს არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება.
1. ასეთი ბალანსი შეგნებულიც შეიძლება იყოს
ხშირად სწორედ ეს არის ინვესტორის დაცვის მიზანი.
მას არ სურს დამფუძნებლებმა მისი ნების საწინააღმდეგოდ მიიღონ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.
2. მაგრამ veto შეიძლება ბიზნესის პარალიზების წყაროდ იქცეს
თუ მხარეები ვეღარ თანხმდებიან, შეიძლება დაიბლოკოს დაფინანსება, დირექტორის ცვლილება, მნიშვნელოვანი გარიგება ან სხვა გადაწყვეტილება.
ამიტომ reserved matters-ის პარალელურად საჭიროა deadlock-ის შესაძლო სცენარზეც ფიქრი.
XIX. რატომ არის ინვესტორის Due Diligence მნიშვნელოვანი არსებული პარტნიორებისთვისაც?
Due Diligence ხშირად მხოლოდ ინვესტორის დაცვის ინსტრუმენტად აღიქმება.
ინვესტორი ამოწმებს კომპანიის კორპორაციულ, სახელშეკრულებო, ფინანსურ და სხვა მდგომარეობას იმისთვის, რომ იცოდეს, რას ყიდულობს.
მაგრამ გარიგება არსებული პარტნიორებისთვისაც ახალი რისკების წყაროა.
1. თავად ინვესტორის იდენტობაც მნიშვნელოვანია
სტრატეგიული ინვესტორის შემთხვევაში შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს:
- მისი სხვა ბიზნესები;
- კონკურენტებთან კავშირი;
- საინვესტიციო მიზანი;
- დაფინანსების წყარო;
- და მისი რეალური გრძელვადიანი სტრატეგია.
2. ახალი პარტნიორი მხოლოდ კაპიტალის წყარო არ არის
რეგისტრაციის შემდეგ ინვესტორი კომპანიის პარტნიორი ხდება და მას კანონითა და შეთანხმებებით განსაზღვრული უფლებები წარმოეშობა.
ამიტომ არსებული პარტნიორებისთვისაც მნიშვნელოვანია წინასწარ იცოდნენ, ვის უშვებენ კომპანიის შიდა კორპორაციულ ურთიერთობაში.
XX. რა ხდება, თუ ინვესტორი დაპირებულ თანხას არ შეიტანს?
ინვესტორისთვის წილის გადაცემამდე ან ახალი წილის განთავსებისას გადახდის მექანიზმი მკაფიოდ უნდა იყოს მოწესრიგებული.
წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა კომპანია აღმოჩნდეს მდგომარეობაში, როდესაც კორპორაციული სტრუქტურა უკვე შეიცვალა, მაგრამ მოსალოდნელი დაფინანსება სრულად არ მიღებულა.
1. წილის განთავსება და შენატანის შესრულება ერთმანეთთან კოორდინაციას მოითხოვს
„მეწარმეთა შესახებ“ კანონი პარტნიორის მიერ შეთანხმებული შენატანის განხორციელებასა და მისი შეუსრულებლობის შედეგებს სპეციალურად არეგულირებს.
ამიტომ გარიგების დახურვის მექანიზმი მხოლოდ მხარეთა ნდობაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.
2. staged investment
ზოგ შემთხვევაში ინვესტიცია ეტაპობრივად ხორციელდება და შემდგომი თანხების შეტანა კონკრეტული შედეგების მიღწევას უკავშირდება.
ასეთი მოდელი შესაძლებელია, მაგრამ მისი სამართლებრივი შედეგები წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული:
- რა წილს იღებს ინვესტორი თითოეულ ეტაპზე;
- რა ხდება მომდევნო ინვესტიციის განუხორციელებლობისას;
- და როგორია მხარეთა მდგომარეობა, თუ გარიგება შუა ეტაპზე შეწყდა.
XXI. რა კორპორაციული ცვლილებები შეიძლება გახდეს საჭირო?
ახალი ინვესტორის შემოსვლა შპს-ში ხშირად საჯარო რეესტრში მხოლოდ პარტნიორის სახელის დამატებით არ შემოიფარგლება.
შესაძლოა საჭირო გახდეს:
- წილობრივი მონაწილეობის ცვლილება;
- ახალი წილის რეგისტრაცია;
- კაპიტალის ცვლილება;
- წესდების ახალი რედაქცია;
- დირექტორის ცვლილება;
- წარმომადგენლობის წესის შეცვლა;
- ან რამდენიმე ცვლილების ერთდროული რეგისტრაცია.
შესაბამისი ცვლილებების სამართლებრივად სწორად ასახვა შესაძლებელია TB Legal-ის კორპორაციული ცვლილებების რეგისტრაციის მომსახურების ფარგლებში.
1. ხელშეკრულება და რეესტრი ერთმანეთს უნდა შეესაბამებოდეს
თუ მხარეები ეკონომიკურად ერთ რამეზე შეთანხმდნენ, ხოლო საჯარო რეესტრში ან წესდებაში სხვა კორპორაციული სტრუქტურა აისახა, შემდგომი კონფლიქტის რისკი მნიშვნელოვნად იზრდება.
2. გარიგების დოკუმენტები ერთიან სისტემად უნდა მუშაობდეს
წილის ნასყიდობის ან საინვესტიციო შეთანხმება, წესდება, პარტნიორთა შეთანხმება და სარეგისტრაციო ცვლილებები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს.
XXII. რომელი საკითხებია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არსებული პარტნიორებისთვის?
ახალი ინვესტორის შემოსვლისას არსებული პარტნიორისთვის მთავარი კითხვა მხოლოდ ის არ არის, რამდენი პროცენტი დარჩება მას.
არანაკლებ მნიშვნელოვანია:
- რამდენი ხმა ექნება;
- რა გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას შეძლებს;
- რომელ საკითხებზე დასჭირდება ინვესტორის თანხმობა;
- ვინ აკონტროლებს დირექტორს;
- როგორ ნაწილდება მოგება;
- როგორ ხდება მომავალი დაფინანსება;
- როგორ შეიძლება პარტნიორმა წილი გაყიდოს;
- ვინ შეიძლება გახდეს მომავალში ახალი პარტნიორი;
- რა ხდება კომპანიის მთლიანად გაყიდვისას;
- და როგორ წყდება პარტნიორთა ჩიხური კონფლიქტი.
ეს საკითხები ერთმანეთისგან დამოუკიდებელი არ არის.
ერთ კონკრეტულ დებულებას შეიძლება კომპანიის მომავალი მართვის მთელ ბალანსზე ჰქონდეს გავლენა.
XXIII. რას აჩვენებს სასამართლო პრაქტიკა წილობრივი სტრუქტურის ცვლილებაზე?
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა აჩვენებს, რომ პარტნიორის წილობრივი მონაწილეობა მხოლოდ ფორმალური პროცენტი არ არის.
№ას-289-2020 საქმეში სასამართლომ წილის თანაფარდობა პირდაპირ დაუკავშირა პარტნიორის შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღოს კომპანიის მართვაში და მიიღოს შესაბამისი დივიდენდი. სასამართლომ ასევე ხაზი გაუსვა, რომ წილობრივი თანაფარდობის ცვლილება პარტნიორთა მკაფიოდ გამოვლენილ ნებასა და სათანადო კორპორაციულ გადაწყვეტილებას უნდა ეფუძნებოდეს.
ხოლო №ას-1506-2024 საქმეში, რომელიც ძველი საკანონმდებლო რეჟიმიდან წარმოშობილ დამატებითი დაფინანსების დავას შეეხებოდა, უზენაესმა სასამართლომ პარტნიორთა თანასწორობის პრინციპის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და შეაფასა, ჰქონდათ თუ არა პარტნიორებს საკუთარი ქონებრივი უფლებების განხორციელების თანაბარი შესაძლებლობა.
ამ მიდგომების პრაქტიკული მნიშვნელობა ახალი ინვესტორის შემოსვლისას ნათელია: წილობრივი სტრუქტურის ცვლილება პირდაპირ მოქმედებს პარტნიორის ეკონომიკურ და მმართველობით მდგომარეობაზე და ამიტომ იგი მკაფიო, გამჭვირვალე და წინასწარ გააზრებულ კორპორაციულ გადაწყვეტილებას უნდა ეფუძნებოდეს.
XXIV. რა უნდა შეფასდეს ახალი ინვესტორის შემოსვლამდე?
ახალი ინვესტორის შემოსვლა შპს-ში უმჯობესია დაიწყოს არა მხოლოდ კითხვით – „რამდენ ფულს დებს ინვესტორი?“, არამედ მთლიანად მომავალი პარტნიორული ურთიერთობის მოდელის შეფასებით.
უნდა გაირკვეს, ინვესტორი არსებულ წილს ყიდულობს თუ კომპანია ახალ წილს გამოსცემს; რამდენად იცვლება პარტნიორთა პროცენტული მონაწილეობა; როგორია კომპანიის შეფასება; ვინ იღებს ინვესტიციის თანხას; როგორ იცვლება ხმის ძალა და დირექტორის კონტროლი; სჭირდება თუ არა ინვესტორს სპეციალური უფლებები; როგორ იმუშავებს მომავალი დაფინანსება; როგორ ნაწილდება მოგება; და რა ხდება მაშინ, როდესაც რომელიმე მხარეს ბიზნესიდან გასვლა სურს.
ეს არ არის ყველა საინვესტიციო გარიგებისთვის უნივერსალური checklist.
კონკრეტული კომპანიის ზომის, ბიზნესმოდელის, ინვესტორის ტიპისა და არსებული პარტნიორული სტრუქტურის მიხედვით ზოგი საკითხი შეიძლება გაცილებით მნიშვნელოვანი იყოს, ზოგი კი საერთოდ არ იყოს რელევანტური.
XXV. რატომ არის წინასწარი სამართლებრივი მოწესრიგება მნიშვნელოვანი?
ინვესტიციის მოზიდვის ეტაპზე მხარეებს ხშირად საერთო მიზანი აქვთ – გარიგება რაც შეიძლება სწრაფად დაიხუროს.
კონფლიქტის რისკები მოგვიანებით ჩნდება, როდესაც ინვესტორისა და დამფუძნებლების ინტერესები ერთმანეთს აღარ ემთხვევა.
მაგალითად:
- დამფუძნებელს სურს მოგების რეინვესტირება, ინვესტორს – დივიდენდი;
- დამფუძნებელს სურს ახალი პროექტი, ინვესტორი veto-ს იყენებს;
- კომპანიას ახალი კაპიტალი სჭირდება, მაგრამ პარტნიორები dilution-ზე ვერ თანხმდებიან;
- ერთ-ერთ პარტნიორს თავისი წილის გაყიდვა სურს, ხოლო დანარჩენებს ახალი შემძენი არ მოსწონთ.
სწორედ ასეთი კონფლიქტები უნდა იქნეს გათვალისწინებული მანამდე, სანამ მხარეებს შორის ურთიერთობა კარგია.
XXVI. დასკვნა
ახალი ინვესტორის შემოსვლა შპს-ში მხოლოდ ახალი ფინანსური რესურსის მიღება არ არის. იგი ხშირად კომპანიის კორპორაციული სტრუქტურის მნიშვნელოვანი ცვლილებაა.
პირველ რიგში უნდა გაიმიჯნოს, ინვესტორი არსებული პარტნიორის წილს ყიდულობს თუ კომპანია მისთვის ახალ წილს გამოსცემს. პირველ შემთხვევაში გარიგების თანხა ძირითადად გამყიდველ პარტნიორს უკავშირდება, ხოლო მეორე შემთხვევაში ინვესტიცია კომპანიის დაფინანსებას ემსახურება და არსებული პარტნიორების წილობრივი მონაწილეობის ცვლილებაც შეიძლება გამოიწვიოს.
ახალი წილების გამოშვებისას არსებული პარტნიორების უპირატესი შესყიდვის უფლება, კომპანიის შეფასება, dilution, ხმის უფლების ახალი თანაფარდობა და ინვესტორისთვის სპეციალური კორპორაციული უფლებების მინიჭება წინასწარ უნდა შეფასდეს.
არანაკლებ მნიშვნელოვანია მართვის სტრუქტურა: ვინ ნიშნავს დირექტორს, რომელ გადაწყვეტილებებს სჭირდება ინვესტორის თანხმობა და როგორ შეიძლება თავიდან იქნეს აცილებული მდგომარეობა, როდესაც დაცვისთვის შექმნილი veto ბიზნესის მუდმივი დაბლოკვის ინსტრუმენტად იქცევა.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პარტნიორთა შეთანხმებასაც. მოქმედი კანონის მიხედვით არსებული შეთანხმებიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები ახალი წილის შემძენზე მხოლოდ მისი პარტნიორად რეგისტრაციის შედეგად ავტომატურად არ გადადის. ამიტომ ახალი ინვესტორის შესაბამის შეთანხმებაში ჩართვა დამოუკიდებლად უნდა მოწესრიგდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს №ას-289-2020 საქმეში განვითარებული მსჯელობა აჩვენებს, რომ წილის პროცენტული თანაფარდობა პირდაპირ უკავშირდება როგორც პარტნიორის მართვაში მონაწილეობას, ისე მის ეკონომიკურ უფლებებს, ხოლო №ას-1506-2024 საქმეში პარტნიორთა თანაბარი მოპყრობის მნიშვნელობაზე გაკეთებული აქცენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რატომ უნდა იყოს კომპანიის დაფინანსებისა და წილობრივი სტრუქტურის ცვლილება წინასწარ და მკაფიოდ მოწესრიგებული.
ამიტომ ახალი ინვესტორის შემოსვლისას მთავარი კითხვა მხოლოდ „რამდენ პროცენტს მიიღებს ინვესტორი?“ არ არის.
არანაკლებ მნიშვნელოვანია – რა უფლებებს მიიღებს იგი, როგორ შეიცვლება არსებული პარტნიორების მდგომარეობა, ვინ გააკონტროლებს კომპანიას და როგორ დასრულდება ურთიერთობა, თუ პარტნიორთა ინტერესები მომავალში ერთმანეთს აღარ დაემთხვევა.
TB Legal-ის საკორპორაციო სამართლის პრაქტიკა მოიცავს კომპანიაში ახალი ინვესტორის შემოსვლის, წილობრივი და მმართველობითი სტრუქტურისა და პარტნიორებს შორის ურთიერთობების სამართლებრივ მოწესრიგებას.
ინვესტორის შემოსვლამდე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომპანიის სამართლებრივი და კორპორაციული სტრუქტურის გამართვა, საჭიროების შემთხვევაში სადამფუძნებლო შეთანხმებისა და კომპანიის წესდების მომზადება, ასევე პარტნიორთა შეთანხმების მომზადება.
თუ გარიგების შედეგად იცვლება კომპანიის პარტნიორები, წილები, დირექტორი ან სხვა სარეგისტრაციო მონაცემები, რელევანტურია ასევე კორპორაციული ცვლილებების რეგისტრაცია.
თუ თქვენს კომპანიაში ახალი ინვესტორის შემოსვლა იგეგმება და გსურთ გარიგებამდე შეფასდეს არსებული პარტნიორების უფლებები, მომავალი კონტროლის სტრუქტურა და შესაძლო პარტნიორული კონფლიქტის რისკები, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ TB Legal-ს კონკრეტული საინვესტიციო და კორპორაციული სტრუქტურის შესაფასებლად.
TB Legal კომპანიებსა და პარტნიორებს ეხმარება როგორც ახალი ინვესტორების შემოსვლისა და კორპორაციული სტრუქტურის წინასწარ მოწესრიგებაში, ისე უკვე წარმოშობილი პარტნიორული დავების სამართლებრივ მართვაში.