დაკავშირებული ბლოგები

დივიდენდი წილის გაყიდვის შემდეგ – ვის ეკუთვნის უკვე წარმოშობილი მოთხოვნა, გადადის თუ არა იგი ახალ პარტნიორზე და რა მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულებას.

Need Legal Assistance?

I. დივიდენდი წილის გაყიდვის შემდეგ – რატომ არის მნიშვნელოვანი მოთხოვნის წარმოშობის მომენტი?

დივიდენდი წილის გაყიდვის შემდეგ ხშირად ხდება ყოფილ და ახალ პარტნიორს შორის დავის მიზეზი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კომპანია წილის გასხვისებამდე უკვე მომგებიანი იყო ან პარტნიორთა კრებას მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული.

ერთი შეხედვით კითხვა მარტივია: თუ პარტნიორმა თავისი წილი გაყიდა, წილთან დაკავშირებული ეკონომიკური უფლებებიც ახალ მესაკუთრეზე უნდა გადავიდეს.

თუმცა დივიდენდის შემთხვევაში სამართლებრივი მდგომარეობა უფრო რთულია.

ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ:

საქართველოს „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მიხედვით დივიდენდის მოთხოვნის უფლება წარმოეშობა იმ პირს, რომელიც დივიდენდის განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტში შპს-ის პარტნიორია.

ამიტომ დივიდენდი წილის გაყიდვის შემდეგ პირველ რიგში ქრონოლოგიის საკითხია: ჯერ განაწილდა დივიდენდი და შემდეგ გაიყიდა წილი, თუ პარტნიორმა ჯერ წილი გაასხვისა და მოგების განაწილების გადაწყვეტილება კომპანიამ მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საქმეში №ას-1521-2022 სწორედ ეს განსხვავება განიხილა და უკვე წარმოშობილი დივიდენდის მოთხოვნა წილისგან დამოუკიდებელ ქონებრივ მოთხოვნად შეაფასა.

1. დივიდენდის მიღების ზოგადი უფლება

პარტნიორად გახდომის მომენტიდან პირი იძენს კომპანიის მოგებაში მონაწილეობის ზოგად კორპორაციულ უფლებას.

ეს უფლება პარტნიორის სტატუსთან და მის წილთანაა დაკავშირებული.

თუ პარტნიორი საკუთარ წილს სხვა პირს გადასცემს, იგი მომავალში აღარ მონაწილეობს კომპანიაში როგორც ამ წილის მესაკუთრე და, შესაბამისად, წილთან დაკავშირებული მომავალი ეკონომიკური უფლებებიც, ზოგადი წესით, ახალ პარტნიორს უკავშირდება.

2. კონკრეტული დივიდენდის მოთხოვნის უფლება

სრულიად სხვა მდგომარეობაა, როდესაც პარტნიორთა კრებამ უკვე მიიღო მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება.

ამ მომენტიდან კონკრეტული პარტნიორის სასარგებლოდ შეიძლება წარმოიშვას განსაზღვრული თანხის მოთხოვნის უფლება.

ასეთ შემთხვევაში ურთიერთობა აღარ შემოიფარგლება მხოლოდ პარტნიორის ზოგადი კორპორაციული სტატუსით – პარტნიორი კონკრეტული ფულადი მოთხოვნის მქონე კრედიტორის მდგომარეობაშიც შეიძლება აღმოჩნდეს.

სწორედ ეს განსხვავება განსაზღვრავს, ვის ეკუთვნის დივიდენდი წილის გაყიდვის შემდეგ.

II. კომპანიის მოგება და დივიდენდის მოთხოვნა ერთი და იგივე არ არის

წილის გაყიდვისას ხშირია ისეთი პოზიცია, როდესაც პირს ჰგონია, რომ მისი პარტნოირობის დროს მოხდა კომპანიის მიერ მოგების გენერირება და ამიტომ ამ მოგებიდან შესაბამისი დივიდენდების მიღებაც მას ეკუთვნის.

თუმცა ასეთი დასკვნა ავტომატურად სწორი არ არის.

კომპანიის მიერ მოგების მიღება თავისთავად ჯერ არ ნიშნავს, რომ ყოფილ პარტნიორს კონკრეტული თანხის მოთხოვნის უფლება უკვე წარმოეშვა.

1. მოგება ჯერ კიდევ კომპანიის ქონებაა

სანამ უფლებამოსილი კორპორაციული ორგანო მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, კომპანიის ფინანსური მოგება თავად კომპანიის აქტივს წარმოადგენს.

პარტნიორს აქვს მოგების განაწილებაში მონაწილეობის ზოგადი უფლება, მაგრამ ჯერ არა აუცილებლად კონკრეტული თანხის გადახდის მოთხოვნა.

ამიტომ მხოლოდ იმაზე მითითება, რომ მოგება იმ პერიოდში შეიქმნა, როდესაც პირი ჯერ კიდევ პარტნიორი იყო, ყოველთვის საკმარისი არ არის.

2. გადამწყვეტია მოგების განაწილების გადაწყვეტილება

„მეწარმეთა შესახებ“ კანონის 145-ე მუხლის მიხედვით, კონკრეტული დივიდენდის მოთხოვნის უფლება წარმოეშობა იმ პირს, რომელიც დივიდენდის განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტში პარტნიორია.

შესაბამისად, პარტნიორის სტატუსის შეფასებისთვის მნიშვნელოვანი თარიღია არა აუცილებლად ის წელი, რომლის საქმიანობიდანაც მოგება წარმოიშვა, არამედ მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტი.

ეს განსხვავება პრაქტიკაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წილის გაყიდვისას.

III. რა ხდება, თუ დივიდენდი წილის გაყიდვამდე უკვე განაწილებული იყო?

ეს არის პირველი ძირითადი სცენარი.

ვთქვათ, პირი კომპანიის პარტნიორია. პარტნიორთა უფლებამოსილი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას გასული წლის მოგებიდან მისთვის კონკრეტული დივიდენდის განაწილების შესახებ.

ამის შემდეგ პარტნიორი თავის წილს მესამე პირზე ყიდის.

ვის ეკუთვნის უკვე განაწილებული თანხა?

საქართველოს უზენაესი სასამართლოს №ას-1521-2022 გადაწყვეტილების მიხედვით, თუ დივიდენდის მოთხოვნის უფლება წილის გასხვისებამდე უკვე წარმოიშვა, იგი დამოუკიდებელი ქონებრივი მოთხოვნაა და მხოლოდ წილის შემდგომი გაყიდვის შედეგად ავტომატურად არ გადადის ახალ პარტნიორზე.

1. ყოფილი პარტნიორი შეიძლება კომპანიის კრედიტორად დარჩეს

დივიდენდის განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პარტნიორის მდგომარეობა იცვლება.

იგი შესაბამისი თანხის ფარგლებში შეიძლება ჩაითვალოს კომპანიის კრედიტორად.

თუ მოგვიანებით იგი წილს ყიდის, პარტნიორის სტატუსს კარგავს, მაგრამ უკვე წარმოშობილი ფულადი მოთხოვნის დაკარგვა ამ ფაქტს ავტომატურად არ მოჰყვება.

ამიტომ დივიდენდი წილის გაყიდვის შემდეგ შეიძლება კვლავ ყოფილ პარტნიორს ეკუთვნოდეს.

2. გადამწყვეტია, გადაეცა თუ არა მოთხოვნაც

სხვა შედეგი შეიძლება დადგეს, თუ მხარეებმა წილის გასხვისებასთან ერთად უკვე წარმოშობილი დივიდენდის მოთხოვნის ახალ პარტნიორზე გადაცემაც პირდაპირ გაითვალისწინეს.

ამიტომ მხოლოდ წილის ნასყიდობის ფაქტი არ არის საკმარისი.

უნდა შეფასდეს თავად გარიგების შინაარსიც.

IV. უზენაესი სასამართლოს საქმე №ას-1521-2022

დივიდენდი წილის გაყიდვის შემდეგ განსაკუთრებით მკაფიოდ არის განხილული საქართველოს უზენაესი სასამართლოს საქმეში №ას-1521-2022.

საქმეში კომპანიის 100%-იანი წილი თავდაპირველად ერთ პარტნიორს ეკუთვნოდა.

პარტნიორის მიერ წილის გასხვისებამდე მიღებული იყო გადაწყვეტილება წინა წლის მოგებიდან კონკრეტული დივიდენდის განსაზღვრის შესახებ.

ამის შემდეგ კომპანიის 100%-იანი წილი ახალ მესაკუთრეზე გადავიდა.

დავა შეეხებოდა დარჩენილი დივიდენდის მოთხოვნის უფლებას.

1. სასამართლოს წინაშე დასმული მთავარი კითხვა

უზენაეს სასამართლოს უნდა განესაზღვრა, წილის სრულად გასხვისების შედეგად გადავიდა თუ არა ახალ პარტნიორზე მანამდე უკვე წარმოშობილი დივიდენდის მოთხოვნის უფლებაც.

სასამართლომ ერთმანეთისგან გამიჯნა:

დივიდენდის მიღების უფლება – რომელიც პარტნიორის სტატუსს უკავშირდება;

და

დივიდენდის მოთხოვნის უფლება – რომელიც კონკრეტული მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების შემდეგ უკვე დამოუკიდებელ ქონებრივ მოთხოვნად იქცევა.

2. სასამართლოს დასკვნა

№ას-1521-2022 საქმეში სასამართლომ დაადგინა, რომ რადგან კონკრეტული დივიდენდი ჯერ კიდევ წილის ძველი მესაკუთრის პარტნიორობის პერიოდში იყო განსაზღვრული, მას უკვე ჰქონდა დამოუკიდებელი მოთხოვნის უფლება.

წილის შემდგომმა გასხვისებამ ეს მოთხოვნა ავტომატურად ახალ მესაკუთრეზე არ გადაიტანა.

შესაბამისად, ყოფილმა პარტნიორმა შესაბამის ნაწილში კომპანიის კრედიტორის სტატუსი შეინარჩუნა.

ეს არის მთავარი პრინციპი, რომელიც დივიდენდის წილის გაყიდვის შემდეგ შეფასებისას უნდა გავითვალისწინოთ.

V. რა ხდება, თუ წილი დივიდენდის განაწილებამდე გაიყიდა?

სრულიად განსხვავებული სიტუაციაა, როდესაც პარტნიორი ჯერ ყიდის თავის წილს, ხოლო კომპანიის პარტნიორები მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას მხოლოდ მოგვიანებით იღებენ.

ასეთ შემთხვევაში ყოფილ პარტნიორს შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეს კონკრეტული დივიდენდის მოთხოვნის უფლება.

1. პარტნიორი უნდა იყოს შესაბამის მომენტში

„მეწარმეთა შესახებ“ კანონის 145-ე მუხლის მიხედვით, დივიდენდის მოთხოვნის უფლება წარმოეშობა იმ პირს, რომელიც დივიდენდის განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტში შპს-ის პარტნიორია.

ამიტომ თუ პირი შესაბამის მომენტში უკვე აღარ არის პარტნიორი, მხოლოდ ის გარემოება, რომ მოგება მისი პარტნიორობის პერიოდში წარმოიშვა, საკმარისი არ არის კონკრეტული დივიდენდის მოთხოვნის დასასაბუთებლად.

2. ახალი პარტნიორის მდგომარეობა

თუ წილის შემძენი უკვე პარტნიორია იმ მომენტში, როდესაც კომპანია მოგების განაწილების გადაწყვეტილებას იღებს, კონკრეტული დივიდენდის მოთხოვნის უფლება, ზოგადი წესით, სწორედ მას შეიძლება წარმოეშვას.

ამიტომ წილის შეძენისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კომპანიის მიმდინარე საბალანსო მდგომარეობა, არამედ ისიც, მიღებულია თუ არა წარსული პერიოდების მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებები.

VI. რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომელ წელს მიიღო კომპანიამ მოგება?

მოგების მიღების წელი და დივიდენდის მოთხოვნის წარმოშობის მომენტი შეიძლება ერთმანეთს არ ემთხვეოდეს.

კომპანიამ შეიძლება 2025 წელს მიიღოს მოგება, მაგრამ პარტნიორებმა მისი განაწილება მხოლოდ 2026 წელს გადაწყვიტონ.

თუ ამ ორ თარიღს შორის კომპანიის პარტნიორი შეიცვალა, სწორედ აქ ჩნდება დივიდენდის წილის გაყიდვის შემდეგ კუთვნილების საკითხი.

ყოფილი პარტნიორი შეიძლება ამტკიცებდეს, რომ ეკონომიკური შედეგი სწორედ მისი პარტნიორობის პერიოდში შეიქმნა.

მაგრამ კონკრეტული დივიდენდის მოთხოვნის სამართლებრივი წარმოშობა მხოლოდ მოგების გამომუშავების თარიღს არ ემთხვევა.

საჭიროა მოგების განაწილების შესაბამისი გადაწყვეტილება.

ამიტომ ასეთ დავაში ქრონოლოგიურად უნდა გაიმიჯნოს მინიმუმ:

  • მოგების მიღების პერიოდი;
  • მოგების განაწილების გადაწყვეტილების თარიღი;
  • წილის გასხვისების თარიღი;
  • და, საჭიროების შემთხვევაში, დივიდენდის გადახდის თარიღი.

ერთ-ერთი ამ მოვლენების დროითმა თანმიმდევრობამ შეიძლება მთლიანად შეცვალოს სამართლებრივი შედეგი.

VII. ავტომატურად გადადის თუ არა უკვე წარმოშობილი დივიდენდის მოთხოვნა წილის მყიდველზე?

არა – სწორედ ეს არის №ას-1521-2022 საქმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა.

წილთან ერთად ახალ პარტნიორზე გადადის პარტნიორის სტატუსი და მასთან დაკავშირებული კორპორაციული უფლებები.

მაგრამ უკვე წარმოშობილი დივიდენდის მოთხოვნა სხვა ხასიათის უფლებაა.

1. დამოუკიდებელი ფულადი მოთხოვნა

მას შემდეგ, რაც დივიდენდის განაწილების გადაწყვეტილება მიღებულია, პარტნიორს კომპანიის მიმართ განსაზღვრული ფულადი მოთხოვნა შეიძლება ჰქონდეს.

ასეთი მოთხოვნა უკვე დამოუკიდებლად შეიძლება არსებობდეს იმ წილისგან, რომლის ფლობაც თავდაპირველად მისი წარმოშობის წინაპირობა იყო.

სწორედ ამიტომ წილის გაყიდვისას იგი ავტომატურად არ „მიყვება“ წილს.

2. მოთხოვნის გადაცემას ცალკე საფუძველი სჭირდება

თუ მხარეებს სურთ, რომ უკვე წარმოშობილი დივიდენდის მოთხოვნაც წილის მყიდველს გადაეცეს, ეს საკითხი ცალკე უნდა მოწესრიგდეს.

№ას-1521-2022 გადაწყვეტილებაში უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ წილის დათმობისას ხელშეკრულებაში სპეციალურად უნდა იყოს გათვალისწინებული უკვე წარმოშობილი დივიდენდის მოთხოვნის გადაცემის საკითხი, თუ მხარეებს სწორედ ასეთი შედეგი სურთ.

ამიტომ წილის ნასყიდობის ხელშეკრულების შინაარსს პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს.

VIII. რა მნიშვნელობა აქვს წილის ნასყიდობის ხელშეკრულებას?

დივიდენდი წილის გაყიდვის შემდეგ ხშირად ხელშეკრულების ინტერპრეტაციის პრობლემადაც იქცევა.

თუ კომპანიაში უკვე არსებობს გასანაწილებელი ან განაწილებული მოგება, მხარეებმა გარიგების დადებამდე უნდა გაარკვიონ, როგორ აისახება იგი წილის ფასსა და მათ ურთიერთობაზე.

1. მხოლოდ სიტყვა „წილი“ ყველა მოთხოვნას არ მოიცავს

მხარეებმა შეიძლება ხელშეკრულებაში მიუთითონ, რომ გამყიდველი მყიდველს გადასცემს კომპანიის კონკრეტულ წილს.

მაგრამ თუ გამყიდველს უკვე აქვს კომპანიის მიმართ დამოუკიდებლად წარმოშობილი ფულადი მოთხოვნა, წილის გადაცემა თავისთავად ყოველთვის არ ნიშნავს ამ მოთხოვნის გადაცემასაც.

ამიტომ გარიგების ეკონომიკური შინაარსი და მისი სამართლებრივი ფორმულირება ერთმანეთს უნდა შეესაბამებოდეს.

2. გაურკვევლობა დავის რისკს ზრდის

თუ ხელშეკრულება დივიდენდთან დაკავშირებით არაფერს ამბობს, მხარეებმა მოგვიანებით შეიძლება სრულიად განსხვავებულად განმარტონ გარიგება.

გამყიდველმა შეიძლება მიიჩნიოს, რომ უკვე დარიცხული დივიდენდი მას დარჩა.

მყიდველმა კი ივარაუდოს, რომ წილის ფასში კომპანიის ყველა ეკონომიკური შედეგი იყო გათვალისწინებული.

სწორედ ასეთი გაურკვევლობა ქმნის შემდგომი დავის რისკს.

IX. რა ხდება, თუ ხელშეკრულებაში დივიდენდი საერთოდ არ არის ნახსენები?

ამ შემთხვევაში გადამწყვეტი ხდება ის, უკვე არსებობდა თუ არა კონკრეტული დივიდენდის მოთხოვნა წილის გაყიდვის მომენტში.

თუ მოთხოვნა ჯერ არ იყო წარმოშობილი, იგი წილთან დაკავშირებულ მომავალ კორპორაციულ უფლებად რჩება.

თუ მოთხოვნა უკვე არსებობდა, მისი სამართლებრივი მდგომარეობა განსხვავებულია.

1. უკვე წარმოშობილი მოთხოვნა

№ას-1521-2022 საქმეში მხარეებს არ ჰქონდათ დივიდენდის მოთხოვნის ცალკე დათმობის შეთანხმება.

სწორედ ამიტომ სასამართლომ დაასკვნა, რომ წილის გასხვისებამდე წარმოშობილი მოთხოვნა ყოფილ პარტნიორს შეუნარჩუნდა.

2. ყოველი ხელშეკრულება ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს

ამ სასამართლო მიდგომიდან არ უნდა გაკეთდეს დასკვნა, რომ დივიდენდის მოთხოვნა ყველა გარიგებისას ავტომატურად ყოველთვის გამყიდველს რჩება.

თუ წილის ნასყიდობის ხელშეკრულება შესაბამის მოთხოვნას პირდაპირ მოიცავს, სამართლებრივი შედეგი შეიძლება განსხვავებული იყოს.

ამიტომ გადამწყვეტია კონკრეტული გარიგების ტექსტი და მისი დადების დროისთვის არსებული კორპორაციული მდგომარეობა.

X. შეიძლება თუ არა ყოფილმა პარტნიორმა კომპანიას დივიდენდი მოსთხოვოს?

შესაძლებელია, თუ მისი კონკრეტული დივიდენდის მოთხოვნის უფლება პარტნიორობის შეწყვეტამდე უკვე წარმოიშვა და იგი შემდგომ სხვა პირზე არ გადასულა.

წილის გაყიდვის შემდეგ პარტნიორის სტატუსის დაკარგვა უკვე წარმოშობილ კრედიტორულ მოთხოვნას ავტომატურად არ აუქმებს.

1. პარტნიორისა და კრედიტორის სტატუსის განსხვავება

პირი შეიძლება აღარ იყოს კომპანიის პარტნიორი, მაგრამ მაინც დარჩეს კომპანიის კრედიტორად კონკრეტული ფულადი მოთხოვნის ფარგლებში.

ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამართლებრივი შედეგია, რომელსაც უზენაესი სასამართლო №ას-1521-2022 საქმეში განმარტავს.

2. მოთხოვნის მოცულობა

ყოფილი პარტნიორი ვერ მოითხოვს განუსაზღვრელად ყველა იმ მოგებას, რომელიც მისი პარტნიორობის წლებში კომპანიამ მიიღო.

მისი შესაძლო მოთხოვნა უნდა ეფუძნებოდეს უკვე წარმოშობილ კონკრეტულ უფლებას.

სწორედ ამიტომ სასამართლო დავის დაწყებამდე აუცილებელია შესაბამისი კორპორაციული გადაწყვეტილებების შესწავლა.

XI. ინარჩუნებს თუ არა ყოფილი პარტნიორი კომპანიის ინფორმაციაზე წვდომას?

ეს უკვე განსხვავებული საკითხია.

წილის გაყიდვის შემდეგ პირი კარგავს პარტნიორის სტატუსს და პარტნიორობიდან გამომდინარე მომავალ კორპორაციულ უფლებებს.

ის ფაქტი, რომ ყოფილ პარტნიორს შეიძლება დარჩეს კომპანიასთან ფულადი მოთხოვნა, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მას კვლავ აქვს პარტნიორისთვის მინიჭებული ყველა ინფორმაციული უფლება.

1. ფულადი მოთხოვნა პარტნიორობას არ აღადგენს

№ას-1521-2022 საქმეში უზენაესმა სასამართლომ დივიდენდის მოთხოვნის გარდა კომპანიის ფინანსური დოკუმენტაციის მოთხოვნის საკითხიც განიხილა.

სასამართლომ გამიჯნა ყოფილი პარტნიორის, როგორც კრედიტორის, მოთხოვნა მის ყოფილ კორპორაციულ სტატუსთან დაკავშირებული უფლებებისგან.

შესაბამისად, უკვე წარმოშობილი დივიდენდის მოთხოვნის შენარჩუნება არ ნიშნავს, რომ პირი კვლავ მოქმედ პარტნიორად უნდა ჩაითვალოს.

2. ინფორმაციის მიღების სამართლებრივი საფუძველი ცალკე უნდა არსებობდეს

თუ დავის დასასაბუთებლად ყოფილ პარტნიორს გარკვეული დოკუმენტები სჭირდება, მათი მოპოვების სამართლებრივი გზა პარტნიორის ინფორმაციის მიღების ჩვეულებრივ კორპორაციულ უფლებასთან ავტომატურად ვერ გაიგივდება.

ამიტომ დივიდენდი წილის გაყიდვის შემდეგ და ინფორმაციის მიღების უფლება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად უნდა შეფასდეს.

XII. რა ხდება ნაწილობრივი წილის გაყიდვის შემთხვევაში?

პრაქტიკაში პარტნიორი ყოველთვის მთლიან წილს არ ყიდის.

შესაძლოა მან 50%-იანი წილიდან მხოლოდ 20% გაასხვისოს და კომპანიაში 30%-იანი მონაწილეობა შეინარჩუნოს.

ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დადგინდეს, როდის იყო შესაბამისი დივიდენდის მოთხოვნა წარმოშობილი.

1. უკვე განაწილებული დივიდენდი

თუ კონკრეტული დივიდენდის მოთხოვნა წილის ნაწილობრივ გაყიდვამდე უკვე წარმოიშვა, მისი შემდგომი ბედი კვლავ გარიგების პირობების მიხედვით უნდა შეფასდეს.

მხოლოდ იმის გამო, რომ პარტნიორმა თავისი წილის ნაწილი გაყიდა, უკვე არსებული მოთხოვნის შესაბამისი ნაწილი ავტომატურად არ გადადის მყიდველზე.

2. მომავალი დივიდენდი

შემდგომ პერიოდში მიღებული მოგების განაწილებისას კი პარტნიორები უკვე ახალი წილობრივი სტრუქტურის მიხედვით მოქმედებენ, თუ წესდება ან სხვა შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი განსხვავებულ რეჟიმს არ ადგენს.

ამიტომ ნაწილობრივი გასხვისებისას ქრონოლოგია და წილის ოდენობა ერთდროულად ხდება მნიშვნელოვანი.

XIII. რა ხდება, თუ წილის ფასი კომპანიის გაუნაწილებელ მოგებასაც ითვალისწინებდა?

ეს ეკონომიკურად რეალური, მაგრამ სამართლებრივად საინტერესო შემთხვევაა.

შესაძლოა მყიდველმა უფრო მაღალი ფასი გადაიხადოს იმიტომ, რომ კომპანიას დიდი ოდენობის გაუნაწილებელი მოგება აქვს.

მოგვიანებით კი ყოფილმა პარტნიორმა განაცხადოს, რომ წარსული პერიოდის მოგებიდან დივიდენდი მას ეკუთვნის.

1. ეკონომიკური მოლოდინი და სამართლებრივი უფლება

მხოლოდ ეკონომიკური მოლოდინი ყოველთვის ვერ შეცვლის უკვე წარმოშობილი მოთხოვნის სამართლებრივ კუთვნილებას.

თუ კონკრეტული დივიდენდის მოთხოვნა უკვე არსებობდა, საჭიროა შეფასდეს, გადაეცა თუ არა იგი მყიდველს.

2. ხელშეკრულების სწორად შედგენის მნიშვნელობა

ასეთი გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად წილის გასხვისების ხელშეკრულებაში წინასწარ უნდა იყოს გააზრებული კომპანიის:

  • უკვე განსაზღვრული დივიდენდები;
  • ჯერ გაუნაწილებელი მოგება;
  • პარტნიორის არსებული ფულადი მოთხოვნები;
  • და გარიგების ეკონომიკურ ფასში მათი გათვალისწინება.

ამ საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მნიშვნელოვანი ღირებულების კომპანიის წილის გაყიდვისას.

XIV. რა ხდება, თუ დივიდენდი ჯერ არ იყო განსაზღვრული, მაგრამ გადაწყვეტილება პრაქტიკულად მოსალოდნელი იყო?

ასეთ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია განსხვავება უკვე არსებულ სამართლებრივ მოთხოვნასა და ეკონომიკურ მოლოდინს შორის.

მაგალითად, კომპანიამ შეიძლება ფინანსური წელი დიდი მოგებით დაასრულოს და პარტნიორები არაოფიციალურადაც თანხმდებოდნენ, რომ დივიდენდს მალე გაანაწილებდნენ.

თუ პარტნიორი მანამდე გაყიდის წილს, საკითხი მხოლოდ მხარეთა მოლოდინების საფუძველზე ვერ გადაწყდება.

1. კორპორაციულ გადაწყვეტილებას სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს

კონკრეტული დივიდენდის მოთხოვნის წარმოშობისთვის გადამწყვეტია უფლებამოსილი ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

ამიტომ მხოლოდ ფინანსური ანგარიშგება ან პარტნიორებს შორის არაფორმალური საუბარი ყოველთვის ვერ ჩაანაცვლებს საჭირო კორპორაციულ გადაწყვეტილებას.

2. გარიგების მხარეებმა ასეთი მდგომარეობაც უნდა გაითვალისწინონ

თუ წილის გაყიდვის მომენტში უკვე ცნობილია, რომ კომპანიას მნიშვნელოვანი გაუნაწილებელი მოგება აქვს, მხარეებისთვის მიზანშეწონილია წინასწარ განსაზღვრონ, რა მოხდება მომავალში ამ მოგების განაწილების შემთხვევაში.

წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა გარიგების შემდეგ ყოფილი და ახალი პარტნიორის ეკონომიკური მოლოდინები ერთმანეთს მკვეთრად დაუპირისპირდეს.

XV. დივიდენდი წილის გაყიდვის შემდეგ და წილის ფასი

წილის ღირებულების განსაზღვრისას კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, მათ შორის გაუნაწილებელი მოგება, შეიძლება მნიშვნელოვანი ფაქტორი იყოს.

ამიტომ დივიდენდის საკითხი გარიგების ფასისგან ყოველთვის იზოლირებული ვერ იქნება.

1. ერთი ეკონომიკური ღირებულების ორჯერ გათვალისწინების რისკი

თუ მხარეებმა წილის ფასში სრულად გაითვალისწინეს კომპანიის გარკვეული ფინანსური შედეგი, მაგრამ ხელშეკრულებაში უკვე წარმოშობილი დივიდენდის მოთხოვნის ბედი არ განსაზღვრეს, მოგვიანებით შეიძლება წარმოიშვას დავა იმაზე, ვინ რა ეკონომიკურ სარგებელს ელოდა გარიგებიდან.

ამიტომ დივიდენდი წილის გაყიდვის შემდეგ მხოლოდ საკორპორაციო სამართლის საკითხი არ არის – იგი უშუალოდ შეიძლება უკავშირდებოდეს წილის ნასყიდობის ეკონომიკურ პირობებსაც.

2. სამართლებრივი და ფინანსური Due Diligence

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წილის შეძენის წინ საჭიროა კომპანიის ფინანსური ანგარიშგებებისა და პარტნიორთა გადაწყვეტილებების ერთობლივი შეფასება.

მყიდველმა უნდა იცოდეს არა მხოლოდ კომპანიის აქტივები და ვალდებულებები, არამედ ისიც, ხომ არ არსებობს ყოფილი ან არსებული პარტნიორების სასარგებლოდ უკვე წარმოშობილი დივიდენდური მოთხოვნები.

XVI. შესაძლებელია თუ არა დივიდენდის მოთხოვნის ცალკე გადაცემა?

უკვე წარმოშობილი დივიდენდის მოთხოვნა დამოუკიდებელი ქონებრივი მოთხოვნის ბუნებას იძენს.

ამიტომ იგი წილთან ურთიერთკავშირის მიუხედავად, შესაბამისი სამართლებრივი პირობების დაცვით შეიძლება ცალკე განკარგვის საგანიც გახდეს.

1. პარტნიორის თანხმობა

№ას-1521-2022 გადაწყვეტილებაში უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტული დივიდენდის მოთხოვნის უფლება დამოუკიდებლად შეიძლება გადავიდეს სხვა პირზე.

ამ დროს უკვე ყოფილი პარტნიორის ან მოქმედი პარტნიორის სტატუსი არ არის მთავარი – მნიშვნელობა აქვს თვითონ მოთხოვნის არსებობასა და მის გადაცემას.

2. წილის გადაცემა და მოთხოვნის გადაცემა სხვადასხვა საკითხებია

ამიტომ პრაქტიკულად ორი დამოუკიდებელი სამართლებრივი მოვლენა შეიძლება გვქონდეს:

ერთი – კომპანიის წილის გასხვისება;

მეორე – უკვე წარმოშობილი დივიდენდის მოთხოვნის დათმობა.

თუ მხარეებს ორივეს ერთდროულად გადაცემა სურთ, ხელშეკრულებაში ამის მკაფიოდ მოწესრიგება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

XVII. დივიდენდის მოთხოვნა და წილის გასხვისების დავა

ზოგჯერ დივიდენდი წილის გაყიდვის შემდეგ დამოუკიდებელი დავა კი არა, უფრო ფართო კონფლიქტის ნაწილია.

მხარეები შეიძლება ერთდროულად ვერ თანხმდებოდნენ:

  • წილის ნასყიდობის ფასზე;
  • ხელშეკრულების განმარტებაზე;
  • კომპანიის წარსულ ფინანსურ შედეგებზე;
  • ყოფილი პარტნიორის მიმართ არსებულ ვალდებულებებზე;
  • ან წილის გადაცემასთან დაკავშირებულ სხვა პირობებზე.

1. მხოლოდ კომპანიის წინააღმდეგ მოთხოვნა ყოველთვის არ არის ერთადერთი საკითხი

დივიდენდის გადახდის ვალდებულება შეიძლება კომპანიას ეკისრებოდეს, მაგრამ ყოფილი და ახალი პარტნიორების ურთიერთობაში პარალელურად ხელშეკრულებიდან გამომდინარე სხვა საკითხებიც არსებობდეს.

ამიტომ უნდა გაიმიჯნოს:

  • კომპანიის მიმართ დივიდენდის მოთხოვნა;
  • და გამყიდველსა და მყიდველს შორის წილის გასხვისების ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ურთიერთობა.

2. დავის სწორად კვალიფიკაცია

არასწორმა გამიჯვნამ შეიძლება გამოიწვიოს მოთხოვნის არასწორ პირზე მიმართვა ან სხვადასხვა სამართლებრივი ურთიერთობის ერთმანეთში აღრევა.

სწორედ ამიტომ წილის გაყიდვის შემდგომ დივიდენდთან დაკავშირებული კონფლიქტი მთლიანად გარიგებისა და კომპანიის კორპორაციული ისტორიის გათვალისწინებით უნდა შეფასდეს.

XVIII. რა უნდა შეფასდეს წილის გაყიდვამდე?

წილის გასხვისებამდე მხოლოდ კომპანიის ამონაწერის შემოწმება საკმარისი არ არის.

განსაკუთრებით თუ კომპანია უკვე მოქმედი და მომგებიანი ბიზნესია, მნიშვნელოვანია გაირკვეს:

  • არსებობს თუ არა წინა წლების გაუნაწილებელი მოგება;
  • მიღებულია თუ არა რაიმე გადაწყვეტილება დივიდენდის განაწილების შესახებ;
  • არის თუ არა უკვე დარიცხული, მაგრამ გადაუხდელი დივიდენდი;
  • ვის სასარგებლოდ წარმოიშვა მოთხოვნა;
  • და როგორ უნდა აისახოს ეს ყველაფერი გარიგების პირობებში.

ეს არ არის უნივერსალური checklist – კონკრეტული კომპანიისა და გარიგების მიხედვით შეიძლება სხვა საკითხებიც იყოს მნიშვნელოვანი.

1. გამყიდველისთვის

გამყიდველისთვის მნიშვნელოვანია წინასწარ იცოდეს, რა ეკონომიკურ უფლებებს იტოვებს წილის გასხვისების შემდეგ და რომელ უფლებებს გადასცემს მყიდველს.

2. მყიდველისთვის

მყიდველმა კი უნდა იცოდეს, კომპანიის საბალანსო თანხებიდან რომელიმე ხომ არ წარმოადგენს უკვე ყოფილი პარტნიორის მიმართ არსებულ ვალდებულებას.

ამ საკითხის უგულებელყოფამ შესაძლოა წილის შეძენის ეკონომიკური შეფასება შეცვალოს.

XIX. დივიდენდის დავა და პარტნიორთა ფართო ურთიერთობა

ზოგჯერ წილის გაყიდვის შემდეგ დივიდენდის მოთხოვნა ყოფილი პარტნიორების ურთიერთობის საბოლოო ეტაპია.

მაგრამ მოქმედ პარტნიორებს შორის დივიდენდის საკითხი ხშირად უფრო ფართო კორპორაციული კონფლიქტის ნაწილია.

ასეთ შემთხვევაში შეიძლება ერთდროულად არსებობდეს ინფორმაციის მიღების, მოგების განაწილების, პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების ან დირექტორის საქმიანობის საკითხიც.

TB Legal-ის საკორპორაციო სამართლის პრაქტიკაში ასეთი ურთიერთობები ფასდება არა მხოლოდ კონკრეტული თანხის, არამედ მთლიანად კომპანიის კორპორაციული სტრუქტურის გათვალისწინებით.

თუ პრობლემა პარტნიორებს შორის ფართო კონფლიქტის ნაწილია, სამართლებრივი შეფასება შეიძლება საჭიროებდეს პარტნიორთა დავაში წარმომადგენლობის ფარგლებში რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული საკითხის ერთობლივად განხილვას.

XX. როდის შეიძლება დაგჭირდეთ იურიდიული დახმარება?

დივიდენდი წილის გაყიდვის შემდეგ სამართლებრივ შეფასებას განსაკუთრებით საჭიროებს, როდესაც:

  • დივიდენდის განაწილების გადაწყვეტილება წილის გასხვისებამდე იყო მიღებული;
  • კომპანია ყოფილ პარტნიორს უკვე განსაზღვრულ დივიდენდს არ უხდის;
  • ახალი პარტნიორი აცხადებს, რომ დივიდენდის მოთხოვნაც მას გადაეცა;
  • წილის ნასყიდობის ხელშეკრულება დივიდენდს საერთოდ არ არეგულირებს;
  • სადავოა, რა შედიოდა წილის ნასყიდობის ფასში;
  • კომპანიაში არსებობს ძველი წლების გაუნაწილებელი მოგება;
  • ან გარიგების მხარეებს განსხვავებული წარმოდგენა აქვთ წარსულ პერიოდში წარმოშობილი ეკონომიკური უფლებების შესახებ.

თითოეული შემთხვევის გადაწყვეტა დამოკიდებულია კონკრეტულ ქრონოლოგიაზე, კომპანიის გადაწყვეტილებებსა და წილის გასხვისების ხელშეკრულებაზე.

XXI. დასკვნა

დივიდენდი წილის გაყიდვის შემდეგ ავტომატურად არც ყოველთვის ყოფილ პარტნიორს რჩება და არც ყოველთვის ახალ პარტნიორზე გადადის.

პირველ რიგში ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ დივიდენდის მიღების ზოგადი უფლება და უკვე წარმოშობილი კონკრეტული დივიდენდის მოთხოვნის უფლება.

თუ პარტნიორმა თავისი წილი გაყიდა მანამდე, სანამ მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული, კონკრეტული დივიდენდის მოთხოვნა მას, როგორც წესი, ჯერ არ ექნებოდა წარმოშობილი.

თუ კი დივიდენდის განაწილების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მისი პარტნიორობის პერიოდში იყო მიღებული, მდგომარეობა განსხვავებულია.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ №ას-1521-2022 საქმეში განმარტა, რომ უკვე წარმოშობილი დივიდენდის მოთხოვნა დამოუკიდებელი ქონებრივი უფლებაა და წილის შემდგომი გასხვისების შედეგად იგი ახალ პარტნიორზე ავტომატურად არ გადადის. თუ მხარეებს ამ მოთხოვნის გადაცემაც სურთ, შესაბამისი სამართლებრივი შედეგი გარიგებაში ცალკე უნდა იქნეს გათვალისწინებული.

ამიტომ კითხვაზე — „ვის ეკუთვნის დივიდენდი წილის გაყიდვის შემდეგ?“ – პასუხისთვის გადამწყვეტია სამი საკითხის ერთობლივი შეფასება: როდის იქნა მიღებული მოგების განაწილების გადაწყვეტილება, როდის გაიყიდა წილი და რას ადგენს წილის გასხვისების ხელშეკრულება.

TB Legal-ის საკორპორაციო სამართლის პრაქტიკა მოიცავს პარტნიორთა ქონებრივი უფლებების, დივიდენდის მოთხოვნების, წილის გასხვისებისა და პარტნიორთა შორის წარმოშობილი სხვა კორპორაციული ურთიერთობების სამართლებრივ შეფასებას.

ასეთი კონფლიქტების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია ასევე პარტნიორთა შეთანხმების მომზადება და კომპანიის სამართლებრივი და კორპორაციული სტრუქტურის გამართვა.

თუ წილის გასხვისების შემდეგ სადავოა ადრე წარმოშობილი დივიდენდის კუთვნილება ან წილის ნასყიდობის ხელშეკრულება ამ საკითხს მკაფიოდ არ არეგულირებს, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ TB Legal-ს კონკრეტული სამართლებრივი მდგომარეობის შესაფასებლად.

TB Legal კომპანიებსა და პარტნიორებს ეხმარება როგორც კორპორაციული ურთიერთობებისა და წილის გასხვისების წინასწარ მოწესრიგებაში, ისე უკვე წარმოშობილი პარტნიორული დავების სამართლებრივ მართვაში.

წინამდებარე სტატია მომზადებულია ზოგადი საინფორმაციო მიზნებისთვის და არ წარმოადგენს ინდივიდუალურ სამართლებრივ კონსულტაციას ან იურიდიულ დასკვნას.  კონკრეტულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე რეკომენდებულია კვალიფიციური იურისტისგან ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციის მიღება.

ბლოგის გაზიარება:

Related Articles

გჭირდებათ სამართლებრივი მხარდაჭერა?