I. სტატიის შესახებ
პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია ტენდერში სახელმწიფო შესყიდვების პრაქტიკაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ბიზნესისთვის სენსიტიური საკითხია. სახელმწიფო ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ დაბალი ფასის შეთავაზებას არ გულისხმობს. პრეტენდენტმა ასევე უნდა დააკმაყოფილოს სატენდერო პირობები, წარადგინოს ტექნიკური დოკუმენტაცია, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები, სერტიფიკატები, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება და სხვა ის მასალები, რომელთა საფუძველზეც შემსყიდველი ორგანიზაცია აფასებს სატენდერო წინადადებას.
ამავე დროს, დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება ყოველთვის არ ნიშნავს, რომ პრეტენდენტმა ნამდვილად დაარღვია სატენდერო მოთხოვნები. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს პრაქტიკა აჩვენებს შემთხვევებს, როდესაც პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია ეფუძნება დოკუმენტაციის არასრულ შეფასებას, ფაქტობრივი გარემოებების არასაკმარის გამოკვლევას, მოთხოვნის არასწორ ინტერპრეტაციას ან სამართლებრივი საფუძვლის არასწორ გამოყენებას.
ამიტომ, დისკვალიფიკაციის მიღების შემდეგ მნიშვნელოვანია შეფასდეს არა მხოლოდ ის, არსებობს თუ არა ფორმალური შეუსაბამობა, არამედ ისიც, როგორ შეაფასა სატენდერო კომისიამ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ყველა დოკუმენტი, რამდენად სრულად გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები და რამდენად დასაბუთებულია მიღებული გადაწყვეტილება.
ეს სტატია განიხილავს 5 პრაქტიკულ საკითხს, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის გასაჩივრებისას: სისტემაში უკვე ატვირთული დოკუმენტების შეფასება, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება, არაკეთილსინდისიერი ქმედების სტანდარტი, უცხოური გაერთიანების სამართლებრივი ფორმის შეფასება და გამარჯვებული პრეტენდენტის დოკუმენტაციის კანონიერების შემოწმება.
ტენდერის გასაჩივრების ზოგად სტრატეგიაზე დამატებით იხილეთ ჩვენი ბლოგი: ტენდერის გასაჩივრება – წარმატებული სატენდერო დავის ანატომია.
II. რატომ არის დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასება მნიშვნელოვანი?
სახელმწიფო ტენდერში პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია მხოლოდ პროცედურული შედეგი არ არის. იგი შეიძლება ნიშნავდეს მნიშვნელოვანი კონტრაქტის დაკარგვას, ფინანსური შესაძლებლობის გაუქმებას, ბაზარზე პოზიციის შესუსტებას და ზოგიერთ შემთხვევაში კომპანიის რეპუტაციულ ზიანსაც.
დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც პრეტენდენტი მიიჩნევს, რომ მისი დოკუმენტაცია სრულად იყო წარმოდგენილი, სატენდერო მოთხოვნა არასწორად განიმარტა, შემსყიდველმა ორგანიზაციამ ყველა ატვირთული დოკუმენტი არ შეისწავლა ან სხვა პრეტენდენტის მიმართ განსხვავებული მიდგომა გამოიყენა.
სატენდერო დავებში ფორმალურ დეტალებს ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ერთი სერტიფიკატის, აკრედიტაციის დოკუმენტის, ტექნიკური აღწერილობის, ნიმუშის, რეგისტრაციის მოწმობის ან ფასწარმოქმნის დასკვნის არასწორმა შეფასებამ შეიძლება მთლიანად შეცვალოს ტენდერის შედეგი.
ამიტომ დისკვალიფიკაციის მიღების შემდეგ პრეტენდენტმა სწრაფად უნდა შეაფასოს: რამდენად შეესაბამება დისკვალიფიკაციის საფუძველი სატენდერო დოკუმენტაციას; შეისწავლა თუ არა კომისიამ სისტემაში ატვირთული სრული დოკუმენტაცია; არსებობს თუ არა დისკვალიფიკაციისთვის საკმარისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი; დაცულია თუ არა პრეტენდენტების თანასწორობისა და არადისკრიმინაციული შეფასების პრინციპები; შესაძლებელია თუ არა დავების საბჭოში საჩივრის წარდგენა კანონით დადგენილ ვადაში და სხვა.
III. სისტემაში უკვე ატვირთული დოკუმენტაციის სრულად შეფასების მნიშვნელობა
სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების საბჭოს პრაქტიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია სისტემაში უკვე ატვირთული დოკუმენტაციის სრულად შეფასების ვალდებულება.
ამ მხრივ საყურადღებოა დავების საბჭოს გადაწყვეტილება საქმეზე DET260005089_02(NAT), .
აღნიშნულ საქმეში პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია გამოწვეული იყო, მათ შორის იმ საფუძვლით, რომ სისტემაში არ იყო წარმოდგენილი ISO 9001:2015 სერტიფიკატის გამცემი ორგანოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. დავის განხილვისას კი დადგინდა, რომ აკრედიტაციის შესაბამისი დოკუმენტი პრეტენდენტს სატენდერო წინადადების წარდგენის საწყის ეტაპზე უკვე ჰქონდა ატვირთული, ხოლო დაზუსტების ეტაპზე ატვირთული იყო უშუალოდ ISO სერტიფიკატი.
საბჭომ მიუთითა, რომ სისტემაში არსებობდა როგორც ISO 9001:2015 სერტიფიკატი, ისე მისი გამცემი ორგანოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემსყიდველი ორგანიზაციის წარმომადგენელმაც დაადასტურა, რომ დოკუმენტი ტექნიკური მიზეზით გამორჩათ მხედველობიდან. შედეგად, საბჭომ არ გაიზიარა დისკვალიფიკაციის ეს საფუძველი და საჩივარი სრულად დააკმაყოფილა.
ეს გადაწყვეტილება პრაქტიკული თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. პრეტენდენტის შესაბამისობის შეფასება უნდა ეფუძნებოდეს სისტემაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის ერთობლივ ანალიზს. მხოლოდ ის გარემოება, რომ კონკრეტული დოკუმენტი არ არის ატვირთული ბოლო დაზუსტებულ ფაილში, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია სისტემაში საერთოდ არ არსებობს.
პრეტენდენტისთვის ეს ნიშნავს, რომ დისკვალიფიკაციის გასაჩივრებამდე აუცილებელია არა მხოლოდ ბოლო ეტაპზე ატვირთული დოკუმენტების შემოწმება, არამედ სრული სატენდერო წინადადების ქრონოლოგიური ანალიზი.
ამავე გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანი იყო ტექნიკური შესაბამისობის დოკუმენტების შეფასების საკითხიც. სატენდერო კომისიამ მიუთითა, რომ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ ტესტირების ანგარიშებში მითითებული დასახელებები არ ემთხვეოდა ფასების ცხრილში მითითებულ მოდელებს. საბჭომ კი ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ სატენდერო პირობები არ ითვალისწინებდა სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელ დოკუმენტში ფასების ცხრილში მითითებული მოდელის პირდაპირ მითითების ვალდებულებას.
ეს მიდგომა აჩვენებს, რომ ტექნიკური დოკუმენტაციის შეფასებისას გადამწყვეტია არა მხოლოდ ტერმინების ფორმალური შედარება, არამედ სატენდერო პირობის ზუსტი შინაარსი და ის, რეალურად რას ითხოვდა შემსყიდველი ორგანიზაცია.
IV. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება და დოკუმენტის გამცემი პირის უფლებამოსილება
სამშენებლო და სხვა ტიპის ტენდერებში დაბალი ფასის დაფიქსირებისას ხშირად ჩნდება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება. ასეთ შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა დაადასტუროს, რომ შეთავაზებული ფასი რეალურია და სამუშაოს ან მომსახურების შესრულება მითითებული ფასით შესაძლებელია.
ამ საკითხზე განსაკუთრებით საყურადღებოა დავების საბჭოს გადაწყვეტილება საქმეზე DIS260011656_01(NAT).
საქმეში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასადასტურებლად წარმოადგინა აუდიტორული კომპანიის მიერ მომზადებული ანგარიში. სატენდერო პირობები კი ითხოვდა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემულ შესაბამის დასკვნას, ასევე დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელ დოკუმენტს.
საბჭომ განმარტა, რომ აუდიტორული საქმიანობა თვისობრივად განსხვავდება სამშენებლო-ტექნიკური ექსპერტიზისა და ფასწარმოქმნის ინსპექტირებისგან. შესაბამისად, აუდიტორული დასკვნა ვერ ჩაანაცვლებდა იმ ტიპის საექსპერტო დასკვნას ან ინსპექტირების ანგარიშს, რომელსაც სატენდერო დოკუმენტაცია და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტი ითხოვდა.
საბჭომ ასევე აღნიშნა, რომ პრეტენდენტს არ ჰქონდა წარმოდგენილი დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. დამატებით, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტები შემდგომ დაზუსტებას არ ექვემდებარება.
ამ მიდგომიდან გამომდინარე, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებისას მხოლოდ ფორმალურად „დასკვნის“ სახელწოდების მქონე დოკუმენტის წარდგენა საკმარისი არ არის. საჭიროა სატენდერო პირობებით მოთხოვნილი დოკუმენტის ტიპის, გამცემი სუბიექტის უფლებამოსილების, აკრედიტაციისა და დასკვნის შინაარსის ერთობლივი შესაბამისობა.
პრეტენდენტისთვის ეს ნიშნავს, რომ ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დოკუმენტი უნდა შემოწმდეს არა მხოლოდ შინაარსობრივად, არამედ მისი გამცემი პირის კომპეტენციისა და ფორმალური სტატუსის კუთხითაც.
V. არაკეთილსინდისიერი ქმედება
არაკეთილსინდისიერი ქმედების საფუძვლით პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია მხოლოდ ტექნიკურ ხარვეზს არ უკავშირდება. იგი პრეტენდენტის ქცევას უკავშირებს განზრახ ან არაკეთილსინდისიერ მოქმედებას, რომლის მიზანიც შეიძლება იყოს ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვება.
ამ საკითხზე საყურადღებოა დავების საბჭოს გადაწყვეტილება საქმეზე DET260008760_01(NAT).
საქმეში პრეტენდენტს უნდა წარედგინა შესყიდვის ობიექტის ნიმუში და ექსპერტიზის დასკვნა. პრეტენდენტმა თავდაპირველად მიუთითა, რომ ნიმუში მწარმოებლისგან DHL-ის მეშვეობით იგზავნებოდა. მოგვიანებით დადგინდა, რომ აღნიშნული კონკრეტული გზავნილი ექსპერტიზის ჩატარების პერიოდში საქართველოში ჯერ არ იყო ჩამოსული. ამის საფუძველზე სატენდერო კომისიამ მიიჩნია, რომ პრეტენდენტმა დაარღვია აფიდავიტის პირობები და ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება.
დავების საბჭომ ასეთი მიდგომა არ გაიზიარა. საბჭომ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ სატენდერო დოკუმენტაცია ითხოვდა ნიმუშის წარდგენას და ექსპერტიზის დასკვნის გაცემას უშუალოდ პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებულ საქონელზე – იგივე წარმოშობის ქვეყანა, იგივე მწარმოებელი, იგივე ბრენდი/მოდელი. თუმცა ეს პირობა არ ნიშნავდა, რომ ექსპერტიზის დასკვნა აუცილებლად უნდა გაცემულიყო იმ კონკრეტულ ფიზიკურ ნივთზე, რომელიც გახდა ნიმუშის წარდგენის ვადის გაგრძელების საფუძველი.
საბჭომ ასევე აღნიშნა, რომ შემსყიდველმა ორგანიზაციამ ვერ დაადასტურა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ნიმუში არ იყო იმავე მწარმოებლის მიერ წარმოებული სასკოლო დაფა. შესაბამისად, მხოლოდ ის გარემოება, რომ DHL-ით გამოგზავნილი კონკრეტული გზავნილი საქართველოში ჯერ არ იყო ჩამოსული, არ ადასტურებდა პრეტენდენტის მიერ არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენას.
ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ არაკეთილსინდისიერი ქმედება არ შეიძლება დაეფუძნოს მხოლოდ ეჭვს, ლოგისტიკურ შეუსაბამობას ან დამატებითი კითხვების არსებობას. საჭიროა კონკრეტული ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტის ქცევა ნამდვილად იყო არაკეთილსინდისიერი.
VI. პრეტენდენტის სამართლებრივი ფორმა
სახელმწიფო ტენდერებში ხშირად მონაწილეობენ უცხოური კომპანიები, კონსორციუმები, ერთობლივი საწარმოები და სხვა ორგანიზაციული ფორმები. ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პრეტენდენტის სამართლებრივი სტატუსის სწორ შეფასებას.
ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია დავების საბჭოს გადაწყვეტილება საქმეზე DET260000544_01(SPA).
საქმეში სატენდერო კომისიამ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულად მიიჩნია იმის საფუძველზე, რომ იგი სისტემაში რეგისტრირებული იყო როგორც „კონსორციუმი“. კომისიის მსჯელობით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი კონსორციუმს დამოუკიდებელ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმად არ ითვალისწინებდა, ხოლო თუ პრეტენდენტის რეალური განზრახვა ამხანაგობის ფორმით მონაწილეობა იყო, მას არ ჰქონდა შესრულებული ამხანაგობისთვის დადგენილი მოთხოვნები.
დავების საბჭომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სატენდერო კომისიამ არ მიუთითა დოკუმენტურად დადასტურებული საფუძველი, რომლის მიხედვითაც „Aet and Taikai Partnership“ ამხანაგობად უნდა ჩათვლილიყო. საბჭომ აღნიშნა, რომ კომისიის მითითება – თითქოს არ გამოირიცხებოდა პრეტენდენტის ამხანაგობის ფორმით მონაწილეობის განზრახვა – მხოლოდ დაშვებას წარმოადგენდა და ასეთი დაშვება ვერ გახდებოდა დისკვალიფიკაციის საფუძველი.
საბჭომ ასევე მიუთითა, რომ სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობა ითვალისწინებს სახელმწიფო შესყიდვებში უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირების, ასევე შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების მონაწილეობას. ამასთანავე, თავად სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა უშვებს არარეზიდენტი პირების გაერთიანების კონსორციუმის სახით რეგისტრაციას.
ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოში მსხვილ ტენდერებში Joint Venture-ის, consortium-ის ან სხვა გაერთიანების ფორმით მონაწილეობენ. პრეტენდენტის სამართლებრივი ფორმის შეფასება უნდა ეფუძნებოდეს დოკუმენტებს, რეგისტრაციის მონაცემებს, შეთანხმებას და უცხოურ კანონმდებლობასთან შესაბამისობას, ხოლო პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია ვერ დაეფუძნება მხოლოდ სისტემაში მითითებულ დასახელებას ან სატენდერო კომისიის ვარაუდს.
ამ თემაზე დამატებით იხილეთ ჩვენი ბლოგი: სატენდერო ამხანაგობა: როგორ მივიღოთ მონაწილეობა სახელმწიფო ტენდერში რესურსების გაერთიანებით?
VII. გამარჯვებული პრეტენდენტის შეთავაზებაც შეიძლება გახდეს დავის საგანი
სატენდერო დავა ყოველთვის საკუთარი დისკვალიფიკაციის გასაჩივრებას არ ეხება. ზოგ შემთხვევაში პრეტენდენტის სამართლებრივი ინტერესი შეიძლება უკავშირდებოდეს გამარჯვებული პრეტენდენტის შეთავაზების კანონიერების შემოწმებას.
ამ მიმართულებით საყურადღებოა დავების საბჭოს გადაწყვეტილება საქმეზე DIS260013196_01(NAT) .
საქმეში დავა უკავშირდებოდა გამარჯვებულად გამოვლენილი პრეტენდენტის – შპს „მწვანე ქალაქის“ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ წარდგენილ დოკუმენტაციას. სატენდერო პირობები ითხოვდა, რომ პრეტენდენტს მომსახურების ადგილზე საჭიროების მიხედვით საკუთრებაში ან სარგებლობის უფლებით ჰქონოდა შესაბამისი ტექნიკა და ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოედგინა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის საკუთრების ან სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები, მათ შორის ტექნიკის რეგისტრაციის მოწმობები.
მომჩივანი მიუთითებდა, რომ გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში გარკვეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან მიმართებით არ იყო ატვირთული ტექნიკის რეგისტრაციის მოწმობები. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა იმ პირების უფლებამოსილება, რომლებთანაც ტექნიკის გამოყენების შესახებ ხელშეკრულებები იყო გაფორმებული.
დავების საბჭომ ყურადღება გაამახვილა სატენდერო პირობის შინაარსზე და აღნიშნა, რომ ტექნიკის რეგისტრაციის მოწმობის წარდგენის ვალდებულება ეხებოდა როგორც საკუთრების, ისე სარგებლობის შემთხვევას. შესაბამისად, რადგან ორ ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან მიმართებით შესაბამისი რეგისტრაციის მოწმობები წარმოდგენილი არ იყო, პრეტენდენტის დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებდა სატენდერო მოთხოვნას.
საბჭომ სრულად დააკმაყოფილა საჩივარი და შემსყიდველ ორგანიზაციას დაავალა გამარჯვებულად გამოვლენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება და პრეტენდენტის დოკუმენტაციის ხელახალი შეფასება.
ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ კონკურენტ პრეტენდენტს შეუძლია სადავოდ გახადოს არა მხოლოდ საკუთარი დისკვალიფიკაცია, არამედ გამარჯვებული პრეტენდენტის დოკუმენტაციის კანონიერებაც. ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამარჯვებულის დოკუმენტაციის პუნქტობრივი შედარება სატენდერო პირობებთან.
VIII. რა უნდა შეამოწმოს პრეტენდენტმა დისკვალიფიკაციის მიღების შემდეგ?
დისკვალიფიკაციის მიღების შემდეგ პრეტენდენტმა სწრაფად უნდა იმოქმედოს. სახელმწიფო შესყიდვების დავებში ვადები მოკლეა და ძლიერი სამართლებრივი პოზიციაც შეიძლება პრაქტიკულ მნიშვნელობას მოკლებული დარჩეს, თუ შესაბამისი გადაწყვეტილება დროულად არ გასაჩივრდა.
პირველ რიგში უნდა შემოწმდეს სატენდერო წინადადების სრული ისტორია. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბოლო დაზუსტებით წარმოდგენილი ფაილები, არამედ სისტემაში თავდაპირველად ატვირთული ყველა დოკუმენტი.
შემდეგ უნდა დადგინდეს, ზუსტად რომელ მოთხოვნაზე მიუთითებს სატენდერო კომისია და ნამდვილად გამომდინარეობს თუ არა ეს მოთხოვნა სატენდერო დოკუმენტაციიდან.
ასევე უნდა შეფასდეს, სწორად არის თუ არა გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები. თუ კომისიის გადაწყვეტილება ეფუძნება მხოლოდ ვარაუდს, არასრულ ინფორმაციას ან გაუმყარებელ ეჭვს, ეს შეიძლება საჩივრის მნიშვნელოვანი არგუმენტი გახდეს.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დისკვალიფიკაციის სამართლებრივ საფუძველს. კომისიის ოქმში უნდა ჩანდეს, რატომ მიიჩნია შემსყიდველმა ორგანიზაციამ კონკრეტული შეუსაბამობა დისკვალიფიკაციის საფუძვლად და რა სამართლებრივ ნორმას ან სატენდერო პირობას დაეყრდნო იგი.
ბოლოს, აუცილებელია ვადის შეფასება. ტენდერის გასაჩივრება უნდა მოხდეს კანონით დადგენილ ვადაში და ხელშეკრულების დადებამდე.
IX. რატომ არის საჩივრის სწორად სტრუქტურირება მნიშვნელოვანი?
სატენდერო საჩივარი უნდა იყოს მკაფიო, დასაბუთებული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული.
მხოლოდ ზოგადი მითითება, რომ პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია უსამართლოა, საკმარისი არ არის. საჩივარში უნდა ჩანდეს, რა მოთხოვნა იყო სატენდერო დოკუმენტაციაში, რა დოკუმენტი წარადგინა პრეტენდენტმა, როგორ შეაფასა ეს დოკუმენტი კომისიამ, სად არის შეცდომა და რა სამართლებრივი შედეგი უნდა მოჰყვეს ამ შეცდომის გამოსწორებას.
სატენდერო დავებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ფაქტების ქრონოლოგიას. ზოგჯერ დოკუმენტი სისტემაში ნამდვილად არსებობს, მაგრამ არასწორ ეტაპზე ან სხვა ფაილშია ატვირთული. ზოგჯერ მოთხოვნა ისე არის ჩამოყალიბებული, რომ მისი განმარტება შესაძლებელია რამდენიმე გზით. ზოგჯერ კი კომისია არასწორად იყენებს ისეთ მძიმე საფუძველს, როგორიცაა არაკეთილსინდისიერი ქმედება.
სწორად სტრუქტურირებული საჩივარი ეხმარება საბჭოს დაინახოს დავის რეალური არსი და შეაფასოს არა მხოლოდ ფორმალური შედეგი, არამედ პროცესის კანონიერება და დასაბუთებულობა.
X. იურიდიული მომსახურება სახელმწიფო შესყიდვებში
პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის გასაჩივრება მოითხოვს სატენდერო დოკუმენტაციის, სისტემაში ატვირთული მასალების, კომისიის ოქმების, კონკურენტი პრეტენდენტების დოკუმენტაციისა და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი ნორმების ერთობლივ ანალიზს.
ჩვენი იურიდიული ფირმა ეხმარება ბიზნესებს სახელმწიფო შესყიდვების დავებში, მათ შორის პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის, კონკურენტის გამარჯვებულად გამოვლენის, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის, ტექნიკური დოკუმენტაციის, სატენდერო ამხანაგობისა და სხვა დაკავშირებულ საკითხებში.
ჩვენი მომსახურება მოიცავს: სატენდერო დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას; დისკვალიფიკაციის საფუძვლების ანალიზს; სისტემაში ატვირთული დოკუმენტაციის ქრონოლოგიურ შემოწმებას; კონკურენტი პრეტენდენტის შეთავაზების სამართლებრივ შეფასებას; საჩივრის მომზადებას; დავების საბჭოში წარმომადგენლობას; ტექნიკური სპეციალისტების ჩართულობის საჭიროების შეფასებას; სახელმწიფო შესყიდვების პროცესის სტრატეგიულ მართვას და სხვა.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი მომსახურების გვერდი: იურიდიული მომსახურება სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით – ტენდერები, საჩივრები და სამართლებრივი მხარდაჭერა
XI. დასკვნა
პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია ტენდერში ყოველთვის არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება სამართლებრივად გამართულია. დავების საბჭოს პრაქტიკა აჩვენებს, რომ დისკვალიფიკაციის საფუძველი შეიძლება დაეფუძნოს სისტემაში არსებული დოკუმენტაციის არასრულ შეფასებას, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დოკუმენტის არასწორ ანალიზს, არაკეთილსინდისიერი ქმედების გაუმყარებელ ვარაუდს, უცხოური გაერთიანების სამართლებრივი ფორმის არასწორ ინტერპრეტაციას ან გამარჯვებული პრეტენდენტის დოკუმენტაციის არასაკმარის შემოწმებას.
დისკვალიფიკაციის მიღების შემდეგ ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია სწრაფი და ზუსტი სამართლებრივი რეაგირება. უნდა შემოწმდეს ვადები, სატენდერო მოთხოვნები, ატვირთული დოკუმენტაცია, კომისიის დასაბუთება და მტკიცებულებები.
სატენდერო დავის წარმატება ხშირად დამოკიდებულია არა მხოლოდ სამართლებრივ ნორმებზე, არამედ ფაქტების სწორად დალაგებაზე, დოკუმენტების სრულ ანალიზზე და საჩივრის მკაფიო სტრუქტურაზე.
თუ თქვენი კომპანია დისკვალიფიცირდა სახელმწიფო ტენდერში ან მიიჩნევთ, რომ სხვა პრეტენდენტს უსაფუძვლოდ მიენიჭა უპირატესობა, დაგვიკავშირდით და TB Legal დაგეხმარებათ საკითხის სამართლებრივ შეფასებაში, საჩივრის მომზადებასა და დავების საბჭოში წარმომადგენლობაში.
შენიშვნა
წინამდებარე სტატია მომზადებულია ზოგადი საინფორმაციო მიზნებისთვის და არ წარმოადგენს ინდივიდუალურ სამართლებრივ კონსულტაციას ან იურიდიულ დასკვნას. პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის, სატენდერო დოკუმენტაციის, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის, არაკეთილსინდისიერი ქმედების, უცხოური გაერთიანების ან გამარჯვებული პრეტენდენტის დოკუმენტაციის საკითხები უნდა შეფასდეს კონკრეტული ტენდერის პირობების, სისტემაში ატვირთული დოკუმენტების, კომისიის ოქმების, მტკიცებულებებისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. კონკრეტულ შემთხვევაში რეკომენდებულია ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციის მიღება.



















