სატენდერო ამხანაგობა: როგორ მივიღოთ მონაწილეობა სახელმწიფო ტენდერში რესურსების გაერთიანებით?

ავტორი: გიგა ადამია

ბიზნეს იურისტი | მმართველი პარტნიორი | ადვოკატი | სამართლის დოქტორი

LinkedIn Profile

აკადემიური პროფილი

იხილეთ ჩვენი მმართველი პარტნიორის Academia.edu პროფილი, სადაც ხელმისაწვდომია მისი სამეცნიერო ნაშრომები და აკადემიური საქმიანობის შესახებ ინფორმაცია.

academia.edu

კითხვის დრო: 8-10 წუთი

I. სტატიის შესახებ

სახელმწიფო ტენდერში მონაწილეობა ბევრი კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ბიზნეს შესაძლებლობაა. თუმცა პრაქტიკაში ხშირად ხდება ისე, რომ კომპანია სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობისთანავე უარს ამბობს მონაწილეობაზე, რადგან ცალკე ვერ აკმაყოფილებს ბრუნვის, გამოცდილების, ტექნიკური რესურსის ან სხვა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

ამ დროს ხშირად უგულებელყოფილია ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი შესაძლებლობა – ამხანაგობით ტენდერში მონაწილეობა.

ამხანაგობა აძლევს რამდენიმე მიმწოდებელს შესაძლებლობას გაერთიანდნენ, ერთობლივად წარადგინონ სატენდერო წინადადება და ტენდერში გამოვიდნენ როგორც ერთი პრეტენდენტი. ეს განსაკუთრებული პრაქტიკული მექანიზმია მაშინ, როდესაც ერთი კომპანია ცალკე ვერ აკმაყოფილებს კონკრეტულ მოთხოვნებს, მაგრამ რამდენიმე კომპანიის რესურსების სწორად გაერთიანებით შესაძლებელია სატენდერო პირობების დაკმაყოფილება.

ეს სტატია დაგეხმარებათ გაიგოთ, რა არის ამხანაგობა სახელმწიფო შესყიდვებში, როგორ მუშაობს იგი პრაქტიკაში, რა მოთხოვნები და შეზღუდვები მოქმედებს, როგორ ნაწილდება პასუხისმგებლობა ამხანაგობის მონაწილეებს შორის და რა შეცდომები უნდა აიცილოს ბიზნესმა თავიდან.

სტატია მომზადებულია სახელმწიფო შესყიდვების სამართლის, პრაქტიკული სატენდერო გამოცდილებისა და TB Legal-ის მიერ სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით დაგროვილი მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე.

II. რატომ ამბობს ბიზნესი ტენდერში მონაწილეობაზე უარს?

ბევრი კომპანია სახელმწიფო ტენდერში მონაწილეობაზე უარს ჯერ კიდევ სატენდერო დოკუმენტაციის წაკითხვისას ამბობს. ამის მიზეზი, როგორც წესი, არის მოთხოვნებთან შეუსაბამობა – მაგალითად, ბრუნვის, გამოცდილების, ტექნიკური რესურსის ან პერსონალის კრიტერიუმების დაუკმაყოფილებლობა.

ერთი შეხედვით, ლოგიკა მარტივია.

მაგრამ პრაქტიკაში ეს მიდგომა ხშირად არაგონივრულია. პრობლემა ყოველთვის თავად სატენდერო მოთხოვნებში არ არის. პრობლემა ხშირად იმაშია, რომ კომპანიები ტენდერში მონაწილეობას მხოლოდ ინდივიდუალური შესაძლებლობების ჭრილში აფასებენ.

სახელმწიფო შესყიდვების სისტემა კომპანიას ყოველთვის არ ზღუდავს მხოლოდ საკუთარი რესურსებით. გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებელია რამდენიმე მიმწოდებლის გაერთიანება და ტენდერში ერთობლივი მონაწილეობა.

ეს ნიშნავს, რომ თუ კომპანია ცალკე ვერ აკმაყოფილებს გარკვეულ ფინანსურ ან მატერიალურ-ტექნიკურ მოთხოვნებს, ეს ავტომატურად არ გამორიცხავს მის ტენდერში მონაწილეობას. სწორად შერჩეული პარტნიორისა და სწორად ჩამოყალიბებული სამართლებრივი სტრუქტურის პირობებში ტენდერში შესვლა რეალური შესაძლებლობა შეიძლება გახდეს.

III. რა არის ამხანაგობა სახელმწიფო შესყიდვებში?

ამხანაგობა არის რამდენიმე პირის ერთობლივი საქმიანობის სამართლებრივი ფორმა, რომლის საფუძველზეც ისინი კონკრეტული მიზნის მისაღწევად აერთიანებენ ძალისხმევას, რესურსებს ან ვალდებულებებს.

სახელმწიფო შესყიდვების კონტექსტში ამხანაგობა ნიშნავს რამდენიმე მიმწოდებლის გაერთიანებას, რომლებიც ტენდერში მონაწილეობენ არა ცალ-ცალკე, არამედ ერთად – როგორც ერთი პრეტენდენტი.

ამ მოდელში სატენდერო წინადადებას წარადგენს სატენდერო ამხანაგობა საკუთარი სახელით და მასზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობით ინდივიდუალური მიმწოდებლისთვის გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები, მათ შორის სატენდერო გარანტიის ნაწილში (სატენდერო გარანტიასთან დაკავშირებით დამატებით იხ. ჩვენი ბლოგი: სატენდერო გარანტია – როდის ბრუნდება ელექტრონული გარანტია და რა რისკები აქვს პრეტენდენტს?). შეფასება ხდება არა მხოლოდ ერთი კომპანიის ინდივიდუალური შესაძლებლობების მიხედვით, არამედ იმ ერთობლივი სტრუქტურის საფუძველზე, რომელსაც ქმნიან ამხანაგობის მონაწილეები.

ამხანაგობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ერთი კომპანია ფლობს ტექნიკურ გამოცდილებას, მეორე – ფინანსურ რესურსს, მესამე – მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას ან სპეციფიკურ შესრულების უნარს. ასეთ დროს სწორად აწყობილი სტრუქტურა საშუალებას იძლევა, თითოეული მონაწილე ჩაერთოს იმ ნაწილში, სადაც მას აქვს შესაბამისი მომსახურების გაწევის რეალური შესაძლებლობა აქვს.

სახელმწიფო შესყიდვების სამართლებრივ საკითხებზე დამატებით იხილეთ ჩვენი მომსახურების გვერდი: იურიდიული მომსახურება სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით.

IV. როგორ ცვლის ამხანაგობა ტენდერში მონაწილეობის სტრატეგიას?

ამხანაგობა ცვლის იმ მიდგომას, რომლის მიხედვითაც, კომპანია ტენდერს მხოლოდ საკუთარი რესურსებით აფასებს.

თუ ტენდერში მოთხოვნილია მაღალი ბრუნვა, კონკრეტული ტექნიკური რესურსი ან კონკრეტული გამოცდილება, კომპანიამ უნდა შეამოწმოს, შესაძლებელია თუ არა ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება პარტნიორებთან ერთად.

თუმცა ამხანაგობა არ არის მხოლოდ ფორმალური გაერთიანება. იგი მოითხოვს მასში მონაწილე სუბიექტებს შორის რეალურ ფუნქციურ განაწილებას. აუცილებელია დადგინდეს, ვინ რა რესურსს უზრუნველყოფს, ვინ რა სამუშაოს ასრულებს, ვის აქვს შესაბამისი გამოცდილება და როგორ იქნება შესრულება ორგანიზებული ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში.

ამხანაგობის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ რამდენიმე კომპანიას შეუძლია შექმნას ისეთი ერთობლივი პრეტენდენტი, რომელიც ცალკეული წევრებისგან განსხვავებით უკეთ დააკმაყოფილებს სატენდერო მოთხოვნებს.

ამავე დროს, ამხანაგობა ზრდის პასუხისმგებლობის დონეს. იგი არ უნდა იქნას აღქმული როგორც მარტივი გზა მოთხოვნების ფორმალურად დასაკმაყოფილებლად. თუ სტრუქტურა არასწორადაა აწყობილი, ამხანაგობა შეიძლება ტენდერიდან დისკვალიფიკაციის ან პარტნიორებს შორის შემდგომი დავის საფუძველიც გახდეს.

V. როგორ მუშაობს ამხანაგობა პრაქტიკაში?

ამხანაგობის პრაქტიკული ფუნქციონირების საფუძველი არის რესურსების გაერთიანება და ვალდებულებების განაწილება.

პირველ რიგში, ამხანაგობის მონაწილეებმა უნდა განსაზღვრონ, რა მოთხოვნების დაკმაყოფილება სჭირდება ტენდერს და რომელი მონაწილე რა ნაწილში უზრუნველყოფს ამ მოთხოვნების შესრულებას. მაგალითად, ერთ მონაწილეს შეიძლება ჰქონდეს შესაბამისი გამოცდილება, მეორეს – ფინანსური შესაძლებლობა, მესამეს – ტექნიკური რესურსი და ა.შ.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხია ვალდებულებების მკაფიო განაწილება მონაწილეებს შორის. სატენდერო წინადადებაში და ამხანაგობის ხელშეკრულებაში ნათლად უნდა ჩანდეს, ვინ რას ასრულებს. თუ ეს განაწილება ბუნდოვანია, შემსყიდველს შეიძლება გაუჩნდეს ეჭვი, რომ ამხანაგობა მხოლოდ ფორმალურად არის შექმნილი.

მესამე საკითხია წარმომადგენლობა. ამხანაგობა, როგორც წესი, მოქმედებს ერთი წარმომადგენლის მეშვეობით. ეს ამარტივებს კომუნიკაციას შემსყიდველ ორგანიზაციასთან, თუმცა შიდა დონეზე მოითხოვს მკაფიო გადაწყვეტილების მიღების წესებს და მონაწილეებს შორის კოორდინაციას.

მეოთხე და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია პასუხისმგებლობა. ამხანაგობის მონაწილეები შემსყიდველი ორგანიზაციის წინაშე, როგორც წესი, სოლიდარულად აგებენ პასუხს. ეს ნიშნავს, რომ ერთი წევრის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობამ შეიძლება ნეგატიური სამართლებრივი შედეგები გამოიწვიოს ყველა მონაწილისთვის.

VI. გამოცდილება – რატომ არ ჯამდება სატენდერო ამხანაგობის მონაწილეთა გამოცდილება?

ტენდერში მონაწილეობისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია გამოცდილების შეფასება. ბევრი კომპანია შეცდომით ფიქრობს, რომ თუ რამდენიმე მონაწილეს ერთად აქვს გარკვეული გამოცდილება, მათი გამოცდილება ავტომატურად დაჯამდება და სატენდერო მოთხოვნა ამ გზით დაკმაყოფილდება.

პრაქტიკაში ეს ასე არ არის. ამხანაგობის მონაწილეთა გამოცდილება მექანიკურად არ ჯამდება. თითოეული მონაწილე ფასდება იმ ვალდებულების ფარგლებში, რომლის შესრულებასაც თავად იღებს ამხანაგობის ფარგლებში.

ეს ნიშნავს, რომ თუ სატენდერო დოკუმენტაცია ითხოვს კონკრეტული ტიპის სამუშაოს, მომსახურების ან მიწოდების გამოცდილებას, შესაბამისი გამოცდილება უნდა ჰქონდეს სწორედ იმ მონაწილეს, რომელიც ამ კონკრეტული ნაწილის შესრულების ვალდებულებას იღებს. გამოცდილების მოთხოვნის დაკმაყოფილება ვერ მოხდება მხოლოდ იმით, რომ ამხანაგობის სხვა წევრს აქვს მსგავსი გამოცდილება, თუ იგი რეალურად არ ასრულებს შესაბამის ვალდებულებას.

ამიტომ, ამხანაგობის ხელშეკრულებაში და სატენდერო წინადადებაში განსაკუთრებული სიზუსტით უნდა განისაზღვროს, რომელი მონაწილე რა ნაწილს ასრულებს და რა გამოცდილებას ეფუძნება მისი მონაწილეობა. თუ ვალდებულებების განაწილება ბუნდოვანია ან გამოცდილება არ შეესაბამება კონკრეტულ შესასრულებელ ნაწილს, ეს შეიძლება გახდეს დისკვალიფიკაციის საფუძველი.

სწორედ ამიტომ, ამხანაგობის შექმნისას საკმარისი არ არის მხოლოდ რესურსების გაერთიანება. აუცილებელია მონაწილეთა გამოცდილების, ტექნიკური შესაძლებლობებისა და კონკრეტული ვალდებულებების ერთმანეთთან სწორად დაკავშირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამხანაგობა შეიძლება ვერ დაეხმაროს კომპანიებს სატენდერო მოთხოვნების დაკმაყოფილებაში და პირიქით, გაზარდოს ტენდერიდან დისკვალიფიკაციის რისკები.

VII. ამხანაგობის ხელშეკრულება და ფორმალური მოთხოვნები

ამხანაგობით ტენდერში მონაწილეობისთვის აუცილებელია წერილობითი ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება. ეს ხელშეკრულება უნდა იყოს ხელმოწერილი ყველა მონაწილეს მიერ და უნდა განსაზღვრავდეს ამხანაგობის მიზანს, მონაწილეთა უფლებებსა და ვალდებულებებს, წარმომადგენლობის წესს, პასუხისმგებლობის განაწილებას და სხვა არსებით პირობებს.

ამხანაგობის ხელშეკრულება არ უნდა იყოს ზოგადი და შაბლონური. იგი უნდა იყოს მორგებული კონკრეტულ ტენდერზე, კონკრეტულ მოთხოვნებზე და მონაწილეთა რეალურ ფუნქციებზე.

პრაქტიკაში ხშირად სწორედ აქ ჩნდება პრობლემა. კომპანიები იყენებენ ზედაპირულ ან სტანდარტულ დოკუმენტს, რომელიც ვერ ასახავს სატენდერო მოთხოვნებს, მონაწილეთა კონკრეტულ როლებს და შესრულების მექანიზმს.

ასევე მნიშვნელოვანია რეგისტრაციისა და სისტემაში დოკუმენტების ატვირთვის წესების დაცვა. თუ ამხანაგობის მონაწილეები სათანადოდ არ არიან რეგისტრირებული, ხელშეკრულება არ არის სწორად ატვირთული ან სატენდერო წინადადება არ არის წარდგენილი ამხანაგობის სახელით, ეს შეიძლება გახდეს დისკვალიფიკაციის საფუძველი.

სახელშეკრულებო დოკუმენტების მომზადებასთან დაკავშირებით დამატებით იხილეთ ჩვენი მომსახურების გვერდი: სახელშეკრულებო იურიდიული მომსახურება.

VIII. რა შეზღუდვები მოქმედებს ამხანაგობის წევრებზე?

ამხანაგობის გამოყენება თავისუფალი და უკონტროლო მექანიზმი არ არის. მას ახლავს კონკრეტული შეზღუდვები.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წესი არის ის, რომ სატენდერო ამხანაგობის წევრები იმავე ტენდერში ინდივიდუალურად ვეღარ მონაწილეობენ. თუ კომპანია ამხანაგობის წევრია, იგი იმავე ტენდერში ცალკე პრეტენდენტად ვერ გამოვა.

ეს წესი მნიშვნელოვანია კონკურენციისა და პროცედურული სისუფთავის თვალსაზრისით. იგი გამორიცხავს ერთსა და იმავე ტენდერში ერთი და იმავე ეკონომიკური ინტერესის მქონე პირების პარალელურ მონაწილეობას სხვადასხვა ფორმით.

გარდა ამისა, ამხანაგობის წევრების შეცვლა ტენდერის ან ხელშეკრულების შესრულების პროცესში, როგორც წესი, სერიოზულ სამართლებრივ რისკს ქმნის. პარტნიორის შერჩევა უნდა მოხდეს არა მხოლოდ ტენდერში შესვლისთვის, არამედ მთელი ხელშეკრულების შესრულების პერიოდისთვის.

თუ ერთ-ერთი მონაწილე ვერ ასრულებს თავის ვალდებულებას, ეს შეიძლება გავლენას ახდენდეს მთელ სატენდერო ამხანაგობაზე და მის სხვა წევრებზე.

IX. სოლიდარული პასუხისმგებლობა – მთავარი რისკი სატენდერო ამხანაგობაში

ამხანაგობის სამართლებრივ მოდელთან დაკავშირებული ყველაზე მნიშვნელოვანი რისკი სოლიდარული პასუხისმგებლობაა.

მიუხედავად იმისა, რომ შიდა ხელშეკრულებით მონაწილეებს შეიძლება ჰქონდეთ ვალდებულებები გადანაწილებული, შემსყიდველი ორგანიზაციის წინაშე ისინი, როგორც წესი, ერთობლივად და სოლიდარულად აგებენ პასუხს.

ეს ნიშნავს, რომ თუ ერთმა მონაწილემ ვერ შეასრულა თავისი ნაწილი, შემსყიდველს შეიძლება მოთხოვნა ჰქონდეს სხვა მონაწილეების მიმართაც. ამდენად, ამხანაგობის თითოეული წევრი იღებს არა მხოლოდ საკუთარი ვალდებულების, არამედ საერთო სატენდერო ვალდებულების რისკებსაც.

ამიტომ პარტნიორის შერჩევა კრიტიკული საკითხია. ბიზნესმა უნდა შეაფასოს არა მხოლოდ ის, აკმაყოფილებს თუ არა პარტნიორი კონკრეტულ მოთხოვნას, არამედ ისიც, არის თუ არა იგი სანდო, აქვს თუ არა რეალური შესრულების უნარი და მზად არის თუ არა საერთო პასუხისმგებლობის გასაზიარებლად.

ამხანაგობა არის არა მხოლოდ შესაძლებლობა, არამედ პასუხისმგებლობის გაზიარება. სწორედ ამიტომ მისი გამოყენება უნდა მოხდეს წინასწარ გააზრებული სამართლებრივი სტრუქტურით.

X. როდის არის ამხანაგობა სწორი სტრატეგია?

ამხანაგობა სწორი სტრატეგიაა მაშინ, როდესაც რამდენიმე კომპანიას აქვს ერთმანეთის შემავსებელი შესაძლებლობები.

მაგალითად, ერთ კომპანიას აქვს ფინანსური რესურსი, მეორეს – გამოცდილება, მესამეს – ტექნიკური შესაძლებლობა. ასეთ შემთხვევაში მათი გაერთიანება შეიძლება ქმნიდეს ისეთ სტრუქტურას, რომელიც ცალკე არცერთ მათგანს არ ექნებოდა.

ამხანაგობა ასევე გამართლებულია მაშინ, როდესაც ტენდერის მასშტაბი აღემატება ერთი კომპანიის შესაძლებლობას, მაგრამ რამდენიმე კომპანიის ერთობლივი მონაწილეობით შესაძლებელია ხელშეკრულების სრულფასოვანი შესრულება.

თუმცა ამხანაგობა არ არის სწორი სტრატეგია, თუ იგი იქმნება მხოლოდ ფორმალურად, მხოლოდ ტექნიკური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რეალური ფუნქციური განაწილების გარეშე. თუ პარტნიორი არ არის რეალურად ჩართული, არ აქვს შესაბამისი რესურსი ან მისი მონაწილეობა მხოლოდ ქაღალდზე არსებობს, ეს ზრდის როგორც დისკვალიფიკაციის, ისე შემდგომი პასუხისმგებლობის რისკს.

ამიტომ ამხანაგობის გამოყენებამდე საჭიროა არა მხოლოდ სატენდერო მოთხოვნების ანალიზი, არამედ პარტნიორის სამართლებრივი და კომერციული შეფასებაც.

XI. ყველაზე ხშირი შეცდომები პრაქტიკაში

სატენდერო ამხანაგობით ტენდერში მონაწილეობისას ყველაზე ხშირი შეცდომა არის მისი აღქმა როგორც მარტივი ფორმალური გამოსავალი. სინამდვილეში ამხანაგობა კომპლექსური ინსტრუმენტია, რომელიც სწორად გამოყენების შემთხვევაში ზრდის კონკურენტულ შესაძლებლობას, ხოლო არასწორად გამოყენების შემთხვევაში ქმნის დამატებით რისკებს.

ხშირი შეცდომაა გამოცდილების მექანიკურად დაჯამება, მონაწილეთა როლების ბუნდოვანი განაწილება, ზედაპირული ამხანაგობის ხელშეკრულება, პარტნიორის არასათანადო შერჩევა, ფორმალური მოთხოვნების დაუცველობა, სისტემაში დოკუმენტაციის არასწორი ატვირთვა და იმავე ტენდერში პარალელური ინდივიდუალური მონაწილეობა.

პრაქტიკაში ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც მონაწილეები წინასწარ არ ათანხმებენ შიდა გადაწყვეტილების მიღების წესს, ფინანსურ პასუხისმგებლობას, შესრულების კონტროლის მექანიზმს და იმ შედეგებს, რომლებიც შეიძლება დადგეს ერთ-ერთი წევრის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში.

ასეთი ხარვეზები შეიძლება გამოვლინდეს არა მხოლოდ ტენდერის ეტაპზე, არამედ ხელშეკრულების შესრულების პროცესშიც.

XII. სატენდერო ამხანაგობის დისკვალიფიკაცია და დავების საბჭოში საჩივრის წარდგენა

ტენდერში სატენდერო ამხანაგობის საშუალებით მონაწილეობისას დისკვალიფიკაციის რისკი განსაკუთრებული ყურადღებით უნდა შეფასდეს, რადგან შეცდომა შეიძლება შეეხოს როგორც სატენდერო ამხანაგობის ხელშეკრულებას, ისე მონაწილეთა გამოცდილებას, რესურსების განაწილებას, წარმომადგენლობას, რეგისტრაციას ან სატენდერო დოკუმენტაციის ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

თუ შემსყიდველი ორგანიზაცია არასწორად ადგენს ხარვეზს, არასწორად აფასებს სატენდერო ამხანაგობის მონაწილეთა გამოცდილებას ან რესურსებს, უსაფუძვლოდ ახდენს ამხანაგობის დისკვალიფიკაციას, ან სხვა პრეტენდენტს მართლსაწინააღმდეგოდ ანიჭებს უპირატესობას, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია გადაწყვეტილების გასაჩივრება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში.

სატენდერო ამხანაგობის შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საჩივარი წარდგენილი იყოს სწორი სუბიექტის სახელით. ვინაიდან ტენდერში პრეტენდენტად მონაწილეობს ამხანაგობა, საჩივარიც, როგორც წესი, უნდა წარედგინოს სატენდერო ამხანაგობის სახელით და არა მისი რომელიმე წევრის ინდივიდუალური სახელით. ამასთან, საჩივრის მომზადებისას აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს ამხანაგობის წარმომადგენლობის წესი, ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებამოსილება და ის გარემოებები, რომლებიც ადასტურებს დისკვალიფიკაციის ან სხვა პრეტენდენტისთვის უპირატესობის მინიჭების უკანონობას.

ასეთ დავებში გადამწყვეტია არა მხოლოდ ზოგადი უკმაყოფილების გამოხატვა, არამედ კონკრეტული სამართლებრივი და ფაქტობრივი არგუმენტების სწორად ჩამოყალიბება: რა მოთხოვნა დაარღვია შემსყიდველმა, რატომ იყო ხარვეზის დადგენა არასწორი, რატომ აკმაყოფილებდა სატენდერო ამხანაგობა სატენდერო პირობებს, ან რატომ არ უნდა მინიჭებოდა სხვა პრეტენდენტს უპირატესობა.

ტენდერის გასაჩივრებასთან დაკავშირებით დამატებით იხილეთ ჩვენი ბლოგი: ტენდერის გასაჩივრება – წარმატებული სატენდერო დავის ანატომია.

XIII. როგორ დაგეხმარებათ TB Legal?

TB Legal ეხმარება კომპანიებსTB Legal ეხმარება კომპანიებს ამხანაგობით სახელმწიფო ტენდერში მონაწილეობის სტრატეგიის დაგეგმვაში, სატენდერო მოთხოვნების ანალიზში, პარტნიორობის მოდელის შეფასებაში, სატენდერო ამხანაგობის ხელშეკრულების მომზადებაში და დისკვალიფიკაციის რისკების პრევენციაში.

ამხანაგობით სახელმწიფო ტენდერში მონაწილეობის სტრატეგიის დაგეგმვაში, სატენდერო მოთხოვნების ანალიზში, პარტნიორობის მოდელის შეფასებაში, სატენდერო ამხანაგობის ხელშეკრულების მომზადებაში და დისკვალიფიკაციის რისკების პრევენციაში.

ჩვენი მომსახურება მოიცავს სატენდერო დოკუმენტაციის სამართლებრივ ანალიზს, სატენდერო ამხანაგობის წევრთა როლების და ვალდებულებების ჩამოყალიბებას, სოლიდარული პასუხისმგებლობის რისკების შეფასებას, რეგისტრაციისა და დოკუმენტების წარდგენის სამართლებრივ მხარდაჭერას და საჭიროების შემთხვევაში დავების განხილვის საბჭოში წარმომადგენლობას.

თუ თქვენი კომპანია ცალკე ვერ აკმაყოფილებს სატენდერო მოთხოვნებს, ეს ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ტენდერში მონაწილეობა შეუძლებელია. შესაძლოა სწორი სამართლებრივი სტრუქტურით და სწორად შერჩეული პარტნიორობით მონაწილეობა რეალურად შესაძლებელი იყოს.

XIV. დასკვნა

სატენდერო ამხანაგობით ტენდერში მონაწილეობა ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. იგი კომპანიებს აძლევს საშუალებას, გაერთიანებული რესურსებით დააკმაყოფილონ ისეთი სატენდერო მოთხოვნები, რომელთა შესრულებაც ცალკე რთული ან შეუძლებელი იქნებოდა.

თუმცა სატენდერო ამხანაგობა არ არის მარტივი ფორმალობა. იგი მოითხოვს სწორად შედგენილ ხელშეკრულებას, ფუნქციების მკაფიო განაწილებას, სანდო პარტნიორის შერჩევას, სოლიდარული პასუხისმგებლობის გააზრებას და პროცედურული მოთხოვნების ზუსტ შესრულებას.

სწორად აწყობილი სატენდერო ამხანაგობა ზრდის ტენდერში მონაწილეობისა და გამარჯვების შანსებს. არასწორად აწყობილი ამხანაგობა კი შეიძლება გახდეს დისკვალიფიკაციის, დავის ან ხელშეკრულების შესრულების პრობლემის საფუძველი.

თუ გეგმავთ სატენდერო ამხანაგობით სახელმწიფო ტენდერში მონაწილეობას, დაგვიკავშირდით – TB Legal დაგეხმარებათ სტრუქტურის სწორად დაგეგმვაში, დოკუმენტაციის მომზადებასა და სამართლებრივი რისკების შემცირებაში.

XV. გამოყენებული წყაროები

სტატიაში გამოყენებულია შემდეგი წყაროები:

  1. სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობა.
  2. ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესები.
  3. TB Legal-ის პრაქტიკული გამოცდილება სახელმწიფო შესყიდვებისა და სატენდერო დავების მიმართულებით.

შენიშვნა

წინამდებარე სტატია მომზადებულია ზოგადი საინფორმაციო მიზნებისთვის და არ წარმოადგენს ინდივიდუალურ სამართლებრივ კონსულტაციას ან იურიდიულ დასკვნას. ამხანაგობით ტენდერში მონაწილეობის საკითხები შეიძლება განსხვავებულად შეფასდეს კონკრეტული სატენდერო დოკუმენტაციის, მოთხოვნების, მონაწილეთა შესაძლებლობების, ამხანაგობის ხელშეკრულების პირობების და სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. კონკრეტულ ტენდერში მონაწილეობამდე რეკომენდებულია კვალიფიციური იურისტისგან ინდივიდუალური სამართლებრივი შეფასების მიღება.

სატენდერო ამხანაგობა – გიგა ადამია და TB Legal-ის იურიდიული მომსახურება სახელმწიფო შესყიდვებისა და ერთობლივი მონაწილეობის საკითხებზე

მოითხოვეთ კონსულტაცია

დაგვირეკეთ

+995 551 29 33 88

მოგვწერეთ

contact@tblegal.ge

გაზიარება

პოპულარული ბლოგები

  • All Posts
    •   Back
    • სამართლებრივი ბლოგები
    • სიახლეები. წარმატების ისტორიები
    • პუბლიკაციები