სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება წარმატებით დასრულდა – კომისიას კონკურენტი პრეტენდენტის ტექნიკური დოკუმენტაციის ხელახალი შერჩევა-შეფასება დაევალა

გიგა ადამია

ბიზნეს იურისტი | მმართველი პარტნიორი | ადვოკატი | სამართლის დოქტორი

LinkedIn Profile

აკადემიური პროფილი

იხილეთ ჩვენი მმართველი პარტნიორის Academia.edu პროფილი, სადაც ხელმისაწვდომია მისი სამეცნიერო ნაშრომები და აკადემიური საქმიანობის შესახებ ინფორმაცია.

academia.edu

კითხვის დრო: 8-10 წუთი

I.   დავის არსის მოკლე მიმოხილვა

TB Legal-მა პრეტენდენტს სამართლებრივი დახმარება გაუწია სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში კონკურენტი პრეტენდენტის ტექნიკური დოკუმენტაციის შეფასებასთან დაკავშირებული სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრებაში.

დავა ეხებოდა სამედიცინო სადიაგნოსტიკო პროდუქციის სახელმწიფო შესყიდვას. სატენდერო პროცედურის ფარგლებში კონკურენტ პრეტენდენტს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მოეთხოვა ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტება, მათ შორის პროდუქციის საქართველოში რეგისტრაციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ჩვენი კლიენტის პოზიციით, დაზუსტების შედეგად წარმოდგენილი დოკუმენტები სრულყოფილად არ ადასტურებდა სატენდერო პირობებთან შესაბამისობას. ამასთან, სატენდერო კომისიას სადავო გადაწყვეტილებაში ფაქტობრივად არ ჰქონდა შეფასებული აღნიშნული გარემოებები და პირდაპირ გადავიდა პრეტენდენტის მიერ შეთავაზებული ფასის ადეკვატურობის შემოწმების ეტაპზე.

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭომ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სატენდერო კომისიას დაავალა გადაწყვეტილების გადასინჯვა და კონკურენტი პრეტენდენტის ტექნიკური დოკუმენტაციის ხელახალი შერჩევა-შეფასება (იხ. გადაწყვეტილება).

II. დავასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები

1.  პროდუქციის სახელმწიფო რეგისტრაციის დადასტურება

დავის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა იმას, ადასტურებდა თუ არა კონკურენტი პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სწორედ შეთავაზებული კატალოგის ნომრების მქონე პროდუქციის საქართველოში რეგისტრაციას.

ჩვენი პოზიციით, ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაცია წარმოადგენს მისი საქართველოს ბაზარზე დაშვების სამართლებრივ წინაპირობას. შესაბამისად, სატენდერო მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებისას მნიშვნელობა ჰქონდა კონკრეტულად იმ პროდუქტის რეგისტრაციის დადასტურებას, რომელსაც პრეტენდენტი ფასების ცხრილში სთავაზობდა შემსყიდველ ორგანიზაციას.

საჩივარში ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეიცავდა განსხვავებული აღნიშვნის მქონე კატალოგის ნომრებს, რის გამოც საჭირო იყო სატენდერო კომისიის მხრიდან საკითხის მკაფიო და დასაბუთებული შეფასება.

2.  პროდუქციის იდენტურობის შესახებ მწარმოებლის წერილის მნიშვნელობა

კონკურენტი პრეტენდენტის დოკუმენტაციაში ასევე არსებობდა მწარმოებლის წერილი, რომელიც გარკვეული აღნიშვნების მქონე პროდუქტების იდენტურობას ეხებოდა.

ჩვენი პოზიციით, ასეთი წერილის არსებობა თავისთავად ვერ ჩაანაცვლებდა შესაბამისი პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაციის დადასტურებას. საჭირო იყო იმის შეფასება, თუ კონკრეტულად რა სამართლებრივი და მტკიცებულებითი მნიშვნელობა ჰქონდა მწარმოებლის წერილს და საკმარისი იყო თუ არა იგი სატენდერო პირობებთან შესაბამისობის დასადგენად.

ეს საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენდა იმის გათვალისწინებით, რომ რეგისტრაციის მოთხოვნის შესრულება დაკავშირებულია პრეტენდენტების მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული, დროითი და ფინანსური რესურსების გაღებასთან და მისი ერთგვაროვანი გამოყენება პირდაპირ უკავშირდება ტენდერში მონაწილეთა თანასწორ პირობებში მონაწილეობას.

3.  ხარისხისა და სერტიფიცირების მოთხოვნების შეფასება

სატენდერო პირობებით შემოთავაზებულ პროდუქციასთან მიმართებით მოთხოვნილი იყო ხარისხისა და შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მათ შორის შესაბამისი სერტიფიკატები ან მწარმოებლის ოფიციალური წერილი პროდუქციის სტატუსისა და სერტიფიცირების შესახებ.

საჩივარში მითითებული იყო, რომ წარმოდგენილი მწარმოებლის წერილის შინაარსი საჭიროებდა დამატებით შეფასებას, რადგან სატენდერო კომისიას უნდა დაედგინა, იძლეოდა თუ არა იგი კონკრეტული პროდუქციის სატენდერო მოთხოვნებთან შესაბამისობის ობიექტურად შემოწმების შესაძლებლობას.

შესაბამისად, დავის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა არა მხოლოდ დოკუმენტის ფორმალურ არსებობაზე, არამედ მის შინაარსსა და იმაზე, რეალურად ადასტურებდა თუ არა იგი სატენდერო მოთხოვნებით გათვალისწინებულ გარემოებებს.

4.  დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის შეფასების ვალდებულება

საქმისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა სატენდერო კომისიის მიერ დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის შეფასების საკითხი.

კონკურენტ პრეტენდენტს შემსყიდველმა ორგანიზაციამ ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტება მოსთხოვა და მან დამატებითი დოკუმენტები წარადგინა. ამის შემდეგ სატენდერო კომისიას უნდა შეეფასებინა, აკმაყოფილებდა თუ არა დაზუსტებული დოკუმენტაცია სატენდერო პირობებით დადგენილ მოთხოვნებს.

თუმცა სადავო ოქმში კომისიას დეტალურად არ ჰქონდა განხილული წარმოდგენილი დაზუსტებული დოკუმენტაცია და არ ჰქონდა მითითებული, რა საფუძვლით მიიჩნია იგი მისაღებად და სატენდერო პირობებთან შესაბამისად.

ამის ნაცვლად, კომისია გადავიდა შემდგომ ეტაპზე და კონკურენტ პრეტენდენტს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა მოსთხოვა.

5.  სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება

დავების განხილვის საბჭომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების დასაბუთების აუცილებლობაზე.

საბჭომ მიუთითა, რომ სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და წერილობითი გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს შესაბამის დასაბუთებას.

გადაწყვეტილებიდან უნდა იკვეთებოდეს, კონკრეტულად რა დოკუმენტები და გარემოებები შეაფასა კომისიამ, როგორ შეაფასა ისინი და რა ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს დაეყრდნო საბოლოო დასკვნის გამოტანისას.

მოცემულ შემთხვევაში საბჭომ დაადგინა, რომ სადავო ოქმში არ იყო ასახული სათანადო არგუმენტაცია იმის შესახებ, თუ როგორ და რის საფუძველზე მიიჩნია სატენდერო კომისიამ კონკურენტი პრეტენდენტის დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია მისაღებად და სატენდერო პირობებთან შესაბამისად.

III. შედეგი

დავების განხილვის საბჭომ ჩვენი კლიენტის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

სატენდერო კომისიას დაევალა სადავო გადაწყვეტილების გადასინჯვა და კონკურენტი პრეტენდენტის ტექნიკური დოკუმენტაციის ხელახალი შერჩევა-შეფასება საბჭოს მიერ გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული სამართლებრივი მსჯელობისა და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით.

ეს საქმე აჩვენებს, რომ სახელმწიფო ტენდერში კონკურენტი პრეტენდენტის წინადადების შეფასებისას გადამწყვეტია არა მხოლოდ დოკუმენტების ფორმალური არსებობა, არამედ მათი შინაარსობრივი შესაბამისობის სათანადო შემოწმება. სატენდერო კომისიამ საკუთარ გადაწყვეტილებაში მკაფიოდ უნდა ასახოს, რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიჩნია კონკრეტული ტექნიკური დოკუმენტაცია სატენდერო პირობებთან შესაბამისად.

IV. TB Legal-ის გამოცდილება სახელმწიფო შესყიდვებში

TB Legal სახელმწიფო შესყიდვებიის მიმართულებით საკუთარი იურიდიული მომსახურების პაკეტის ფარგლებში ეხმარება პრეტენდენტებს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებში, მათ შორის: სატენდერო პირობების სამართლებრივ შეფასებასა და გასაჩივრებაში; პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის გასაჩივრებაში; კონკურენტი პრეტენდენტის შესაბამისობის შეფასებაში; სატენდერო საჩივრის მომზადებაში; სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში წარმომადგენლობაში.

თუ გსურთ სახელმწიფო შესყიდვებში თქვენი კომპანიის ინტერესების ეფექტიანი დაცვა, დაგვიკავშირდით – TB Legal მზად არის გაგიწიოთ პროფესიული იურიდიული მხარდაჭერა სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით.

გიგა ადამია, TB Legal-ის მმართველი პარტნიორი და ადვოკატი. სახელშეკრულებო სამართლის იურისტები

ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაცია

კონსულტაციის დაჯავშნა

დაგვირეკეთ

+995 551 29 33 88

მოგვწერეთ

contact@tblegal.ge

გაზიარება

პოპულარული ბლოგები

  • All Posts
    •   Back
    • სამართლებრივი ბლოგები
    • სიახლეები. წარმატების ისტორიები
    • პუბლიკაციები
    • ჩვენი გამოცდილება
    • ბლოგები სახელმწიფო შესყიდვებში
    • ბლოგები სახელშეკრულებო სამართალში
    • ბლოგები ქონების რეგისტრაციაზე
    • ბლოგები ენერგეტიკის სამართალში
    • ბლოგები კონკურენციაზე
    • ბლოგები საკორპორაციო სამართალში
    • ტენდერების გამოცდილება
    • სახელშეკრულებო გამოცდილება
    • ქონების რეგისტრაციის გამოცდილება
    • ენერგეტიკის გამოცდილება
    • კონკურენციის გამოცდილება
    • საკორპორაციო გამოცდილება