I. სტატიის შესახებ
მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული და პრობლემური საკითხია უძრავი ქონების სამართალში. საქართველოში ხშირია შემთხვევა, როდესაც პირი წლების განმავლობაში ფლობს მიწის ნაკვეთს, იყენებს მას საცხოვრებლად, დამხმარე ფართად, ეზოდ, ბაღად ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობისთვის, თუმცა საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ აქვს.
ასეთ დროს მხოლოდ ფაქტობრივი ფლობა საკმარისი არ არის. საჭიროა შეფასდეს, რა სახის მიწაზეა საუბარი, როდის დაიწყო ფლობა, არსებობს თუ არა შენობა-ნაგებობა, არის თუ არა მიწა დაინტერესებული პირის საკუთრებაში არსებული ნაკვეთის მომიჯნავედ, ხომ არ ექცევა ტერიტორია ისეთ ზონაში, სადაც საკუთრების უფლების აღიარება კანონით გამორიცხულია, და რა მტკიცებულებებით შეიძლება დადასტურდეს მოთხოვნა.
მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც პირი აპირებს ქონების რეგისტრაციას, გაყიდვას, მემკვიდრეობით გადაცემას, ინვესტორის მოძიებას ან უძრავი ქონების განვითარებას. დაურეგისტრირებელი ან სამართლებრივად ბუნდოვანი მიწა ყოველთვის ქმნის რისკს — როგორც მესაკუთრისთვის, ისე მყიდველისთვის.
ამ სტატიაში განვიხილავთ, რა პირობებია საჭირო მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისთვის, რა მტკიცებულებები უნდა წარადგინოს დაინტერესებულმა პირმა და რა პრაქტიკული დასკვნები გამომდინარეობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებებიდან.
II. რას ნიშნავს მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება?
მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება გულისხმობს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის საკუთრებაში გადაცემას კანონით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის დაცვით.
კანონი ერთმანეთისგან განასხვავებს ორ ძირითად შემთხვევას:
- მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ მიწას;
- თვითნებურად დაკავებულ მიწას.
მართლზომიერი მფლობელობა გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც პირს მიწის ნაკვეთზე უფლება წარმოეშვა გარკვეული სამართლებრივი საფუძვლით, თუმცა საკუთრება სრულად არ არის რეგისტრირებული. თვითნებურად დაკავებული მიწა კი ისეთი მიწაა, რომელიც პირმა კანონის ამოქმედებამდე დაიკავა და რომელზეც კანონით გათვალისწინებული დამატებითი წინაპირობები უნდა დადასტურდეს.
ამ განსხვავებას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, რადგან სხვადასხვა შემთხვევაში განსხვავებულია უფლებამოსილი ორგანო, წარსადგენი დოკუმენტაცია, მტკიცების სტანდარტი და უარის თქმის საფუძვლები. სწორედ ამიტომ, მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება არ უნდა განიხილებოდეს როგორც მხოლოდ ტექნიკური სარეგისტრაციო პროცედურა. ეს არის სამართლებრივი პროცესი, რომელიც ხშირად მოითხოვს დოკუმენტების, ფაქტობრივი მდგომარეობის, ქალაქგეგმარებითი მონაცემებისა და სასამართლო პრაქტიკის ერთობლივ ანალიზს.
III. როდის შეიძლება თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარება?
თვითნებურად დაკავებულ მიწასთან დაკავშირებით კანონი ადგენს რამდენიმე მნიშვნელოვან წინაპირობას. ზოგადი წესით, მიწა უნდა იყოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც დაინტერესებულმა პირმა კანონის ამოქმედებამდე დაიკავა.
ამასთან, მხოლოდ მიწის დაკავება არ არის საკმარისი. უნდა არსებობდეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი:
- მიწაზე განთავსებული იყოს საცხოვრებელი სახლი ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა;
- მიწა მდებარეობდეს დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ;
- მოთხოვნილი ფართობი არ აღემატებოდეს კანონით დადგენილ ზღვარს;
- მიწა არ იყოს სახელმწიფოს მიერ უკვე განკარგული;
- არ არსებობდეს საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხავი გარემოება.
უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაშიც ხაზგასმულია, რომ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება მიწის ფლობა, სარგებლობა, შენობა-ნაგებობის არსებობა ან მომიჯნავეობის სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, შენობა-ნაგებობის არსებობა შეფასდება არა მხოლოდ დღევანდელი მდგომარეობით, არამედ იმ პერიოდითაც, როდესაც კანონი ითხოვს შესაბამისი ფაქტის არსებობას.
პრაქტიკაში ხშირად სწორედ ეს ხდება (მაგ. იხ. საქმე №ბს-987(კ-23) ) სადავო: იყო თუ არა შენობა კონკრეტულ მიწაზე 2007 წლამდე; ეკუთვნოდა თუ არა იგი განმცხადებელს ან მის მამკვიდრებელს; იყო თუ არა მიწა რეალურად დაკავებული; ემთხვევა თუ არა საკადასტრო აზომვითი ნახაზი ფაქტობრივ ფლობას.
[უზენაესის გადაწყვეტილებაზე დასალინკია აქ:
IV. რა მტკიცებულებებია საჭირო?
მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება მტკიცებულებებზეა დამოკიდებული. დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს ისეთი დოკუმენტები და ინფორმაცია, რომლებიც დაადასტურებს მიწის ფლობას, სარგებლობას, თვითნებურად დაკავებას ან მართლზომიერი მფლობელობის საფუძველს.
კანონის მიხედვით, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე მოთხოვნის დასადასტურებლად, როგორც წესი, საჭიროა:
- მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება;
- მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი;
- ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის განსაზღვრისთვის;
- დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტები;
- საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი მტკიცებულებები.
პრაქტიკაში ასეთი მტკიცებულებები შეიძლება იყოს ორთოფოტო, აეროფოტოგადაღება, კომუნალური აბონენტის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი, ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის მასალა, მეზობლების სანოტარო განცხადებები, ექსპერტიზის დასკვნა, ფოტო მასალა, ძველი გეგმები, მიღება-ჩაბარების აქტები ან სხვა დოკუმენტები.
თუმცა მნიშვნელოვანია ერთი გარემოება: მტკიცებულებები უნდა შეფასდეს ერთობლიობაში. მხოლოდ ერთი დოკუმენტი ყოველთვის საკმარისი არ არის. მაგალითად, მოწმის ჩვენება შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ თუ მას ეწინააღმდეგება ობიექტური ტექნიკური მტკიცებულება, როგორიცაა ორთოფოტო ან საჯარო არქივის მონაცემი, სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებას აქცევს.
ამიტომ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება საჭიროებს არა მხოლოდ დოკუმენტების შეგროვებას, არამედ მათი სამართლებრივი მნიშვნელობის სწორად დალაგებას. პრაქტიკაში მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება ხშირად სწორედ იმ ეტაპზე რთულდება, როდესაც განმცხადებელს ფაქტობრივი ფლობა აქვს, მაგრამ შესაბამისი მტკიცებულებები სრულად არ არის მომზადებული.
V. ორთოფოტო, მოწმის ჩვენება და ექსპერტიზა
უძრავი ქონების დავებში ორთოფოტოს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ორთოფოტო საშუალებას იძლევა დადგინდეს, არსებობდა თუ არა მიწის ნაკვეთზე შენობა, ღობე, დამხმარე ნაგებობა ან სხვა ფაქტობრივი ნიშანი კონკრეტულ პერიოდში.
უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში არაერთხელ გამახვილდა ყურადღება იმაზე, რომ ორთოფოტო ხშირად წარმოადგენს კონკრეტულ პერიოდში არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის ობიექტურ მტკიცებულებას. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სხვა მტკიცებულებები ავტომატურად მნიშვნელობას კარგავს. თუ ორთოფოტოს ხარისხი არ იძლევა ზუსტი იდენტიფიცირების შესაძლებლობას, ან თუ სხვა მტკიცებულებები ავსებს მის შინაარსს, შესაძლებელია მოწმის ჩვენების, ექსპერტიზის დასკვნისა და სხვა დოკუმენტების ერთობლივი შეფასება.
მაგალითად, ერთ-ერთ საქმეში (იხ. საქმე №ბს-468(კ-26) ) მნიშვნელობა მიენიჭა იმას, რომ ორთოფოტოზე გარკვეული კონტური იკვეთებოდა, თუმცა მისი სრული იდენტიფიცირება რთული იყო. ამ პირობებში სასამართლომ ასევე შეაფასა მოწმეთა განცხადებები და საჯარო რეესტრის წერილი. სხვა საქმეში კი ადმინისტრაციულმა ორგანომ უარი დააფუძნა მხოლოდ ძველ მიწათსარგებლობის გეგმას, მაშინ როდესაც არსებობდა ურბანული განვითარების სამსახურის წერილები და ექსპერტიზის დასკვნა, რომლებიც განსხვავებულ ფაქტობრივ სურათზე მიუთითებდა.
ამიტომ, მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება წარმატებული შეიძლება იყოს მაშინ, როდესაც დაინტერესებული პირი არ შემოიფარგლება მხოლოდ ფორმალური განაცხადით და წინასწარ ამზადებს მტკიცებულებების სრულ პაკეტს.
VI. როდის შეიძლება კომისიამ უარი თქვას?
კომისიას შეუძლია უარი თქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ განცხადება ან მასზე დართული დოკუმენტები არ ადასტურებს კანონით გათვალისწინებულ წინაპირობებს. უარის საფუძველი შეიძლება იყოს, მაგალითად:
- ფლობის ან სარგებლობის ფაქტის დაუდასტურებლობა;
- შენობა-ნაგებობის კანონის ამოქმედებამდე არსებობის დაუდასტურებლობა;
- მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებაში არყოფნა;
- მესამე პირის უფლებასთან წინააღმდეგობა;
- საკადასტრო მონაცემების გაურკვევლობა;
- მიწის ნაკვეთის ისეთი კატეგორია, რომელიც აღიარებას არ ექვემდებარება;
- ქალაქგეგმარებით ან ფუნქციურ ზონასთან შეუსაბამობა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არსებობს მიწის კატეგორიები, რომლებზეც საკუთრების უფლების აღიარება კანონით პირდაპირ გამორიცხულია. ასეთია, მაგალითად, საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი, გზა, ქუჩა, ტროტუარი, სკვერი, პარკი, სანიტარიული და დაცვითი ზონა, საძოვარი და სხვა კატეგორიები.
ეს ნიშნავს, რომ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება შეუძლებელი იყოს იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც პირს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფაქტობრივად ჰქონდა მიწა დაკავებული ან იყენებდა მას. თუ მიწა ექცევა კანონის იმ კატეგორიაში, რომელიც აღიარებას არ ექვემდებარება, ეს შეიძლება გახდეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის დამოუკიდებელი საფუძველი.
VII. საძოვარი, სარეკრეაციო ზონა და დაცვითი ზონა
უზენაესის პრაქტიკიდან ჩანს, რომ მიწის კატეგორია და ფუნქციური ზონა ხშირად გადამწყვეტია.
ერთ საქმეში (იხ. საქმე №ბს-468(კ-26) დავის საგანი იყო, მიეკუთვნებოდა თუ არა მიწის ნაკვეთი საძოვრის კატეგორიას. კომისიამ უარი სწორედ იმ საფუძვლით თქვა, რომ მიწა ძველი მიწათსარგებლობის გეგმით საძოვრად იყო მითითებული. თუმცა სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმას, რომ საქმეში არსებობდა საწინააღმდეგო მტკიცებულებები, მათ შორის წერილები, რომლითაც დასტურდებოდა საცხოვრებელი ზონის სტატუსი. სასამართლოს შეფასებით, მხოლოდ ძველი გეგმის ფორმალური მითითება საკმარისი არ იყო და ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გამოეკვლია ფაქტობრივი მდგომარეობა, ფუნქციური ზონა და სხვა მტკიცებულებები.
სხვა შემთხვევაში (იხ. საქმე №ბს-260(კ-26), სადავო მიწა მოქცეული იყო ისტორიული ნაწილის დამცავ ზონაში. ასეთ დროს სასამართლომ განმარტა, რომ მიუხედავად სხვა წინაპირობების შესაძლო არსებობისა, დაცვით ზონაში მდებარეობა გამორიცხავდა საკუთრების უფლების აღიარებას.
კიდევ ერთ საქმეში (იხ. საქმე №ბს-229(კ-26) მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე ვრცელდებოდა სარეკრეაციო ზონა 1. სასამართლომ მიუთითა, რომ ასეთი გარემოება შეიძლება გახდეს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის საფუძველი.
ამ გადაწყვეტილებებიდან პრაქტიკული დასკვნა მარტივია: მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება უნდა დაიწყოს არა მხოლოდ მტკიცებულებების შეგროვებით, არამედ ტერიტორიის ზონის, დანიშნულებისა და სამართლებრივი შეზღუდვების შემოწმებით.
VIII. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება – საქმის სრულყოფილი გამოკვლევა
საკუთრების უფლების აღიარების საქმეებში ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს ვალდებულება, გადაწყვეტილება მიიღოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
კომისიამ არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მხოლოდ ფორმალური მითითებით. თუ საქმეში არსებობს ურთიერთგამომრიცხავი მტკიცებულებები, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა განმარტოს, რომელ მტკიცებულებას ანიჭებს უპირატესობას და რატომ. თუ უარის საფუძველი არის ფუნქციური ზონა, დაცვითი ზონა, საძოვარი ან ქალაქგეგმარებითი შეუსაბამობა, გადაწყვეტილებაში უნდა ჩანდეს კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება.
უზენაესის პრაქტიკაში გვხვდება შემთხვევები, როდესაც სასამართლომ ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის დასკვნა ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან კომისიამ სრულყოფილად არ გამოიკვლია მიწის ფაქტობრივი მდგომარეობა, მოქმედი ფუნქციური ზონა და განმცხადებლის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.
ასეთ დროს სასამართლო, როგორც წესი, თავად არ წყვეტს საკუთრების აღიარების საკითხს საბოლოოდ. იგი ბათილად ცნობს ადმინისტრაციულ აქტს და ორგანოს ავალებს ხელახალი წარმოების ჩატარებას. ეს მნიშვნელოვანია, რადგან აქტის ბათილად ცნობა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება აუცილებლად მოხდება. ხელახალი წარმოების შედეგად ადმინისტრაციულმა ორგანომ შეიძლება კვლავ უარი თქვას, მაგრამ ასეთი უარი უნდა იყოს სრულყოფილად გამოკვლეული და სათანადოდ დასაბუთებული. თუ მიწის ნაკვეთი სადავოა ან მისი საზღვრები მკაფიოდ არ იკვეთება, მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება საჭიროებს საკადასტრო და სამართლებრივი მონაცემების ერთობლივ ანალიზს.
IX. რა უნდა შეამოწმოს დაინტერესებულმა პირმა განაცხადის წარდგენამდე?
პრაქტიკაში ყველაზე დიდი შეცდომაა განცხადების შეტანა წინასწარი სამართლებრივი შემოწმების გარეშე. დაინტერესებული პირი ხშირად ფიქრობს, რომ თუ მეზობლები ადასტურებენ ფლობას ან ადგილზე შენობა არსებობს, ეს საკმარისია. სინამდვილეში, პროცესი უფრო რთულია.
განაცხადის წარდგენამდე უნდა შემოწმდეს:
- არის თუ არა მიწა სახელმწიფო საკუთრებაში;
- ხომ არ არის მიწა უკვე განკარგული მესამე პირზე;
- არის თუ არა მიწა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ნაკვეთის მომიჯნავე;
- არსებობდა თუ არა შენობა კანონით მოთხოვნილ პერიოდამდე;
- დასტურდება თუ არა შენობა-ნაგებობის არსებობა ორთოფოტოთი ან სხვა მტკიცებულებით;
- ხომ არ ვრცელდება მიწაზე სარეკრეაციო, სატრანსპორტო, ისტორიული, სანიტარიული ან სხვა დამცავი ზონა;
- ხომ არ წარმოადგენს მიწა გზას, ტროტუარს, სკვერს ან საზოგადოებრივი სარგებლობის ტერიტორიას;
- სწორად არის თუ არა მომზადებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი;
- ხომ არ არსებობს საკადასტრო ზედდება;
- შესაძლებელია თუ არა დამატებითი ექსპერტიზის ან არქივის მასალების მოპოვება.
ამ შემოწმების გარეშე მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება გადაიქცეს ხანგრძლივ ადმინისტრაციულ და სასამართლო დავად. სწორედ ამიტომ, უძრავი ქონების იურისტის ჩართვა სასურველია არა უარის მიღების შემდეგ, არამედ პროცესის დაწყებამდე. მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება უნდა დაიწყოს მიწის სტატუსის, ზონისა და დოკუმენტაციის წინასწარი სამართლებრივი შემოწმებით.
X. რა ხდება უარის შემთხვევაში?
თუ კომისია უარს ამბობს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, დაინტერესებულ პირს შეუძლია გაასაჩივროს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ასეთ დავებში მნიშვნელოვანია შეფასდეს არა მხოლოდ ის, სწორია თუ არა საბოლოო შედეგი, არამედ ისიც, როგორ ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება.
სასამართლოში შეიძლება დადგეს შემდეგი საკითხები:
- გამოიკვლია თუ არა კომისიამ ყველა არსებითი გარემოება;
- სწორად შეაფასა თუ არა მტკიცებულებები;
- არსებობდა თუ არა უარის რეალური სამართლებრივი საფუძველი;
- ხომ არ დაეყრდნო ადმინისტრაციული ორგანო მხოლოდ ფორმალურ გარემოებას;
- დაიცვა თუ არა ორგანომ საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა;
- იყო თუ არა ადმინისტრაციული აქტი დასაბუთებული.
პრაქტიკაში ხშირად ხდება, რომ სასამართლო სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აუქმებს ადმინისტრაციულ აქტს და კომისიას ავალებს ახალი აქტის გამოცემას. ასეთი შედეგი მნიშვნელოვანია, რადგან განმცხადებელს ეძლევა შესაძლებლობა, ხელახლა წარმოებაში უკეთესად წარმოადგინოს მტკიცებულებები და მოითხოვოს საქმის სრულყოფილი შეფასება.
თუმცა უნდა გვახსოვდეს: თუ არსებობს კანონის პირდაპირი აკრძალვა, მაგალითად, მიწა მოქცეულია დაცვით ზონაში ან წარმოადგენს საზოგადოებრივი სარგებლობის ტერიტორიას, მხოლოდ ადმინისტრაციული აქტის ფორმალური ხარვეზი საბოლოო წარმატებისთვის შეიძლება საკმარისი არ იყოს.
ამიტომ, მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება უარის გასაჩივრების ეტაპზეც საჭიროებს როგორც მატერიალური სამართლის, ისე ადმინისტრაციული პროცედურის დეტალურ ანალიზს.
XI. კავშირი უძრავი ქონების შეძენასა და due diligence-თან
ერთი შეხედვით, მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ პირის პრობლემად ჩანდეს, ვინც მიწას წლებია ფლობს და რეგისტრაციას ცდილობს. თუმცა ამ საკითხს დიდი მნიშვნელობა აქვს მყიდველებისთვისაც.
თუ მყიდველი ყიდულობს უძრავ ქონებას, რომლის ნაწილი დაურეგისტრირებელია, რომლის ეზო ფაქტობრივად უფრო დიდია, ვიდრე რეესტრში მითითებული ფართობი, ან რომლის მიმდებარე მიწა „გამოყენებაშია“, მაგრამ საკუთრებაში არ არის, საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე.
ასეთ შემთხვევაში უნდა შემოწმდეს:
- რეესტრში რეგისტრირებული ფართობი და ფაქტობრივი სარგებლობის ფართობი;
- საკადასტრო საზღვრები;
- მიმდებარე მიწის სამართლებრივი სტატუსი;
- შესაძლებელია თუ არა ამ მიწაზე საკუთრების აღიარება;
- ხომ არ არსებობს ზონირების ან ინფრასტრუქტურული შეზღუდვა;
- ხომ არ არის ტერიტორია გზა, ტროტუარი, სკვერი ან სხვა საზოგადოებრივი სარგებლობის ობიექტი;
- ხომ არ არის მიწა დაცვით ან ისტორიულ ზონაში.
თუ ეს საკითხები წინასწარ არ შემოწმდა, მყიდველმა შეიძლება შეიძინოს ქონება იმ მოლოდინით, რომ შემდგომში მიმდებარე მიწასაც დაირეგისტრირებს, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდეს, რომ ასეთი რეგისტრაცია კანონით შეუძლებელია.
სწორედ ამიტომ, real estate due diligence-ის ფარგლებში მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება უნდა განიხილებოდეს როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი რისკი.
XII. პრაქტიკული დასკვნები უზენაესი სასამართლოს პრაქტიკიდან
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი პრაქტიკული დასკვნა გამომდინარეობს.
პირველი – მიწის ფაქტობრივი ფლობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. ზოგადი განმარტება, რომ პირი წლების განმავლობაში იყენებდა მიწას, საკმარისი არ არის, თუ იგი არ არის გამყარებული ორთოფოტოთი, არქივის მონაცემით, კომუნალური დოკუმენტით, მოწმის ჩვენებით, ექსპერტიზით ან სხვა რელევანტური მტკიცებულებით.
მეორე – შენობა-ნაგებობის არსებობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, თუ მოთხოვნა ეფუძნება თვითნებურად დაკავებულ მიწაზე შენობის არსებობას. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება აუცილებელი გახდეს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებს შენობის არსებობას შესაბამის პერიოდამდე.
მესამე – ფუნქციური ზონა და სამართლებრივი შეზღუდვები აუცილებლად უნდა შემოწმდეს. მიწა შეიძლება ფაქტობრივად გამოიყენებოდეს კერძო პირის მიერ, მაგრამ კანონით მაინც არ ექვემდებარებოდეს საკუთრების აღიარებას.
მეოთხე – კომისიის გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა აჩვენოს, რა ფაქტებს დაეყრდნო, რა მტკიცებულებები შეაფასა და რატომ მივიდა კონკრეტულ დასკვნამდე.
მეხუთე – აქტის ბათილად ცნობა ყოველთვის არ ნიშნავს საბოლოო გამარჯვებას. თუ სასამართლო ავალებს კომისიას ხელახალ განხილვას, განმცხადებელმა უნდა გამოიყენოს ეს ეტაპი მტკიცებულებების გასაძლიერებლად.
შესაბამისად, მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება არის პროცესი, სადაც წარმატება დამოკიდებულია არა მხოლოდ ფაქტობრივ მდგომარეობაზე, არამედ იმაზე, რამდენად სწორად არის მომზადებული სამართლებრივი პოზიცია.
XIII. როგორ დაგეხმარებათ TB Legal?
ჩვენი იურიდიული ფირმა გთავაზობთ სამართლებრივ მხარდაჭერას მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების, უძრავი ქონების რეგისტრაციისა და საჯარო რეესტრთან დაკავშირებული დავების მიმართულებით.
ჩვენი დახმარება შეიძლება მოიცავდეს:
- მიწის ნაკვეთის სამართლებრივი სტატუსის შემოწმებას;
- საჯარო რეესტრის მონაცემების ანალიზს;
- საკადასტრო აზომვითი ნახაზისა და ზედდების რისკების შეფასებას;
- ფუნქციური ზონისა და ქალაქგეგმარებითი შეზღუდვების შემოწმებას;
- საკუთრების უფლების აღიარებისთვის საჭირო დოკუმენტების განსაზღვრას;
- კომისიაში წარსადგენი განცხადების მომზადებას;
- ადმინისტრაციული საჩივრის ან სარჩელის მომზადებას;
- სასამართლოში წარმომადგენლობას;
- უძრავი ქონების შეძენამდე due diligence-ის ჩატარებას.
მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება ხშირად მოითხოვს როგორც ადმინისტრაციული სამართლის, ისე უძრავი ქონების რეგისტრაციისა და სასამართლო პრაქტიკის ცოდნას. სწორედ ამიტომ, ასეთი საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ ტექნიკური დოკუმენტაციის შეგროვებით არ უნდა შემოიფარგლოს.
XIV. დასკვნა
მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იმ პირებისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში ფლობენ ან სარგებლობენ მიწის ნაკვეთით, მაგრამ საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ აქვთ. თუმცა ეს პროცესი ავტომატური არ არის.
დაინტერესებულმა პირმა უნდა დაადასტუროს კანონით განსაზღვრული წინაპირობები, სწორად მოამზადოს მტკიცებულებები, შეამოწმოს მიწის სამართლებრივი სტატუსი, ფუნქციური ზონა, შესაძლო შეზღუდვები და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე წარმოადგინოს დასაბუთებული პოზიცია.
უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა აჩვენებს, რომ ფორმალური მიდგომა ხშირად საკმარისი არ არის. ზოგ შემთხვევაში კომისიის უარი შეიძლება გაუქმდეს არასრულყოფილი გამოკვლევის გამო, მაგრამ ზოგ შემთხვევაში მიწის კატეგორია ან დაცვითი ზონა შეიძლება საბოლოოდ გამორიცხავდეს საკუთრების აღიარებას.
ამიტომ, სანამ დაიწყებთ პროცედურას ან შეიძენთ ქონებას, რომლის რეგისტრაციასთან დაკავშირებითაც არსებობს კითხვა, სასურველია წინასწარ ჩატარდეს სამართლებრივი შეფასება. სწორად მომზადებული სტრატეგია მნიშვნელოვნად ზრდის წარმატების შესაძლებლობას და ამცირებს ხანგრძლივი დავის რისკს.
გამოყენებული წყაროები
- საქართველოს კანონი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“;
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს საქმე №ბს-468(კ-26);
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს საქმე №ბს-987(კ-23);
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს საქმე №ბს-374(კ-26);
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს საქმე №ბს-260(კ-26);
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს საქმე №ბს-229(კ-26).
შენიშვნა
წინამდებარე სტატია მომზადებულია ზოგადი საინფორმაციო მიზნებისთვის და არ წარმოადგენს ინდივიდუალურ სამართლებრივ კონსულტაციას. კონკრეტული საქმის შეფასებისთვის აუცილებელია შესაბამისი დოკუმენტების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მოქმედი სამართლებრივი რეგულაციების დეტალური ანალიზი.



















