თავდებობა – რა უნდა იცოდეთ თავდების პასუხისმგებლობის, ზღვრული თანხისა და სოლიდარული თავდებობის შესახებ

ავტორი: გიგა ადამია

ბიზნეს იურისტი | მმართველი პარტნიორი | ადვოკატი | სამართლის დოქტორი

LinkedIn Profile

აკადემიური პროფილი

იხილეთ ჩვენი მმართველი პარტნიორის Academia.edu პროფილი, სადაც ხელმისაწვდომია მისი სამეცნიერო ნაშრომები და აკადემიური საქმიანობის შესახებ ინფორმაცია.

academia.edu

კითხვის დრო: 8-10 წუთი

I. სტატიის შესახებ

თავდებობა ბიზნესსა და საბანკო ურთიერთობებში ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საშუალებაა. იგი ხშირად გამოიყენება სესხის, საბანკო კრედიტის, კომერციული ვალის, მიწოდების, ნასყიდობის, ნარდობის, იჯარის ან სხვა სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად.

თავდებობის მთავარი რისკი იმაში მდგომარეობს, რომ თავდები საკუთარ თავზე იღებს სხვისი ვალდებულების შესრულების პასუხისმგებლობას. ეს ნიშნავს, რომ თუ ძირითადი მოვალე ვალდებულებას არ შეასრულებს, კრედიტორს შეუძლია გარკვეულ შემთხვევებში მოთხოვნა წარუდგინოს თავდებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა თავდებობას განიხილავს როგორც ვალდებულების შესრულების პიროვნული უზრუნველყოფის საშუალებას. იპოთეკისა და გირავნობისგან განსხვავებით, თავდებობის დროს კრედიტორი კონკრეტულ ნივთზე კი არ იღებს უპირატესი დაკმაყოფილების უფლებას, არამედ იძენს მოთხოვნას თავდები პირის მიმართ.

ჩვენი პრაქტიკით, თავდებობასთან დაკავშირებული დავები ხშირად იწყება მაშინ, როდესაც თავდები სრულად ვერ აცნობიერებს, რა მოცულობის პასუხისმგებლობას იღებს, რა არის მისი პასუხისმგებლობის ზღვრული თანხა, არის თუ არა თავდებობა სოლიდარული, რა უფლებები აქვს შესაგებლის წარდგენაზე და რა შედეგი მოჰყვება ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევას.

ეს სტატია დაგეხმარებათ გაიგოთ, რას ნიშნავს თავდებობა, რით განსხვავდება იგი იპოთეკისა და გირავნობისგან, ვინ არიან თავდებობის ხელშეკრულების მხარეები და რა წინაპირობები უნდა არსებობდეს თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობისთვის.

სტატიაში განვიხილავთ თავდებობის წერილობით ფორმას, თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული თანხის მნიშვნელობას, სამომავლო და პირობითი ვალდებულებების უზრუნველყოფას, თავდებობის აქცესორულ ბუნებას, სოლიდარულ და სუბსიდიურ თავდებობას, თანათავდებობას, თავდების შესაგებლებს და კრედიტორის ინფორმირების ვალდებულებას.

ასევე განვიხილავთ, როდის შეიძლება დადგეს თავდების პასუხისმგებლობის შემცირების, გამორიცხვის ან თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობის საკითხი და როგორ აფასებს ამ თემებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს უახლესი პრაქტიკა.

სტატია მომზადებულია შემდეგ წყაროებზე დაყრდნობით:

II. რა არის თავდებობა?

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

ეს ნიშნავს, რომ თავდები პირი პირდაპირ არ არის ძირითადი ვალდებულების თავდაპირველი მოვალე, მაგრამ იგი იღებს პასუხისმგებლობას იმ შემთხვევისთვის, თუ ძირითადი მოვალე კრედიტორის წინაშე ნაკისრ ვალდებულებას არ შეასრულებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, თავდებობა არის ვალდებულების შესრულების პიროვნული უზრუნველყოფის საშუალება. მისი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ კრედიტორის ინტერესის უზრუნველსაყოფად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება არა კონკრეტულ ნივთს, არამედ თავდების გადახდისუნარიანობას.

თავდებობა ბიზნეს ურთიერთობებში განსაკუთრებით აქტუალურია მაშინ, როდესაც კრედიტორს სურს დამატებითი გარანტია, რომ მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოთხოვნა სხვა პირის მიმართაც ექნება.

III. რით განსხვავდება თავდებობა იპოთეკისა და გირავნობისგან?

თავდებობა განსხვავდება სანივთო უზრუნველყოფის საშუალებებისგან – იპოთეკისა და გირავნობისგან.

იპოთეკისა და გირავნობის დროს კრედიტორი მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იღებს უფლებას კონკრეტულ ქონებაზე. მაგალითად, იპოთეკის შემთხვევაში კრედიტორს შეუძლია მოთხოვნის დაკმაყოფილება უძრავი ქონების რეალიზაციიდან.

თავდებობის შემთხვევაში კი კრედიტორი არ იღებს კონკრეტულ ნივთზე უპირატეს უფლებას. იგი იღებს დამატებით ვალდებულებით-სამართლებრივ მოთხოვნას თავდების მიმართ. თუ ძირითადი მოვალე არ ასრულებს ვალდებულებას, კრედიტორს შეუძლია, კანონითა და ხელშეკრულებით დადგენილი პირობების დაცვით, მოთხოვნა წარუდგინოს თავდებს.

ამიტომ, თავდებობა არის პიროვნული უზრუნველყოფა, ხოლო იპოთეკა და გირავნობა – სანივთო უზრუნველყოფა. ეს განსხვავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკების შეფასებისას, რადგან თავდები პასუხს აგებს საკუთარი ქონებრივი მდგომარეობით, ხოლო იპოთეკის ან გირავნობის შემთხვევაში ძირითადი აქცენტი კონკრეტულ დატვირთულ ქონებაზე კეთდება.

IV. ვინ არიან თავდებობის ხელშეკრულების მხარეები?

თავდებობის ხელშეკრულების მხარეები არიან კრედიტორი და თავდები. ძირითადი მოვალის მონაწილეობა თავდებობის ხელშეკრულების დადებაში აუცილებელი არ არის, თუმცა შესაძლებელია, ხელშეკრულება დაიდოს სამმხრივადაც – კრედიტორის, მოვალისა და თავდების მონაწილეობით.

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა განმარტავს, რომ თავდებობის ხელშეკრულება დამოუკიდებელი ხელშეკრულებაა. იგი შეიძლება დაიდოს მოვალისგან დამოუკიდებლადაც და შესაძლოა მოვალემ არც კი იცოდეს ასეთი ხელშეკრულების არსებობის შესახებ.

თავდების როლში შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური პირი, ისე იურიდიული პირი. კანონი ამ კუთხით სპეციალურ შეზღუდვას არ ადგენს. პრაქტიკაში თავდებად ხშირად გამოდიან კომპანიის პარტნიორები, დირექტორები, დაკავშირებული კომპანიები, ოჯახის წევრები ან სხვა პირები, რომელთა გადახდისუნარიანობასაც კრედიტორი ენდობა.

ჩვენი პრაქტიკით, ბიზნესში თავდებობის ყველაზე სარისკო შემთხვევები სწორედ მაშინ ჩნდება, როდესაც პარტნიორი ან დირექტორი პირადად აწერს ხელს კომპანიის ვალდებულების უზრუნველყოფას ისე, რომ სრულად არ აფასებს პირადი ქონებრივი პასუხისმგებლობის მასშტაბს.

V. რა ფორმით უნდა დაიდოს თავდებობის ხელშეკრულება?

თავდებობა ფორმასავალდებულო გარიგებაა. მისი ნამდვილობისთვის აუცილებელია წერილობითი ფორმის დაცვა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლი ითხოვს თავდების წერილობით განცხადებას და თვით თავდებობის დოკუმენტში თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითებას.

წერილობითი ფორმის მოთხოვნა თავდები პირის დაცვის მექანიზმია. თავდებობის ხელშეკრულება არ არის ისეთი ვალდებულება, რომელიც ზეპირი შეთანხმებით ან ზოგადი კომერციული ურთიერთობიდან უნდა წარმოიშვას. პირი უნდა აცნობიერებდეს, რომ იღებს სხვისი ვალდებულების შესრულების პასუხისმგებლობას და ეს პასუხისმგებლობა უნდა იყოს წერილობით დოკუმენტში ასახული.

წერილობითი ხელშეკრულების ნამდვილობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ხელმოწერას. უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ხაზს უსვამს, რომ ხელმოწერას დოკუმენტის დასრულების ფუნქცია აქვს – ხელმომწერი პირი ხელმოწერით ასრულებს საკუთარ ნების გამოვლენას და ადასტურებს დოკუმენტის შინაარსს.

VI. რატომ არის აუცილებელი თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული თანხის მითითება?

თავდებობის ხელშეკრულების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული თანხა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლის მიხედვით, თავდებობის დოკუმენტში უნდა მიეთითოს თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხა. ეს არ ნიშნავს ზოგად ჩანაწერს, რომ თავდები პასუხს აგებს „ყველა ვალდებულებაზე“ ან „მთლიან დავალიანებაზე“. აუცილებელია კონკრეტული ზღვრული თანხის მითითება.

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხის მითითების მოთხოვნა იმპერატიულია. თუ თავდებობის ხელშეკრულებაში არ არის მითითებული კონკრეტული ზღვრული თანხა, ასეთი ხარვეზი შეიძლება გახდეს თავდებობის არარსებობის ან პასუხისმგებლობის დაკისრების შეუძლებლობის საფუძველი. ეს გულისხმობს, რომ თავდებობის ხელშეკრულება წინააღმდეგობაშ მოდის კანონით გათალისწინებულ მოთხოვნასთან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მისი ბათილობა (კანონით დადგენილ მოთხოვნებთან წინააღმდეგობით გამოწვეული გარიგების ბათილობასთან დაკავშირებით დაწვრილებით იხილეთ ჩვენი ბლოგი – კანონსაწინააღმდეგო გარიგება – როცა ხელშეკრულება სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს).

ამ ნორმის მიზანია თავდების დაცვა. თავდებმა უნდა იცოდეს, რა მაქსიმალური ფინანსური რისკის წინაშე დგას. უზრუნველყოფილი ვალდებულება შეიძლება გაიზარდოს პროცენტით, პირგასამტეხლოთი, საურავით ან სხვა ხარჯებით, მაგრამ თავდები, როგორც წესი, პასუხს აგებს მხოლოდ იმ ზღვრული თანხის ფარგლებში, რომელიც თავდებობის დოკუმენტშია მითითებული.

სწორედ ამიტომ, ბიზნესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, თავდებობის ხელშეკრულებაში ზუსტად იყოს განსაზღვრული არა მხოლოდ ვალდებულება, არამედ თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა.

VII. შეიძლება თუ არა თავდებობა სამომავლო ან პირობითი ვალდებულებისთვის?

თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს არა მხოლოდ უკვე არსებული, არამედ სამომავლო ან პირობითი ვალდებულებებისთვისაც.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საბანკო ურთიერთობებში, სადაც ხშირად ჯერ ფორმდება გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება და კონკრეტული კრედიტი მოგვიანებით გაიცემა. ასეთ ვითარებაში შესაძლებელია თავდებობის ხელშეკრულება დაიდოს მანამდე, სანამ ძირითადი ვალდებულება რეალურად წარმოიშობა.

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა განმარტავს, რომ ასეთი თავდებობა არის ჯერ არარსებული, მაგრამ მომავალში წარმოსაშობი მოთხოვნის პიროვნული უზრუნველყოფის საშუალება. თუმცა თავდები პასუხს აგებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ძირითადი ვალდებულება რეალურად წარმოიშობა და გახდება ვადამოსული.

ამასთან, სამომავლო ვალდებულების უზრუნველყოფის დროს აუცილებელია მოთხოვნის განსაზღვრადობა. უნდა შეიძლებოდეს იმის დადგენა, მოცულია თუ არა კონკრეტული ვალდებულება თავდებობით. ამასთა, ასეთ დროსაც აუცილებელია თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობის მითითება.

VIII. რას ნიშნავს თავდებობის აქცესორული ხასიათი?

თავდებობის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი არის მისი აქცესორული, ანუ დამხმარე ხასიათი.

ეს ნიშნავს, რომ თავდებობა დამოკიდებულია ძირითად ვალდებულებაზე. თავდები პასუხს აგებს არა დამოუკიდებელი ეკონომიკური ვალდებულებისთვის, არამედ ძირითადი მოვალის ვალდებულების უზრუნველსაყოფად.

თუ ძირითადი ვალდებულება არ არსებობს, შეწყდა ან აღარ არის ვადამოსული, თავდების პასუხისმგებლობაც შესაბამის გავლენას განიცდის. როდესაც წყდება ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, როგორც წესი, წყდება თავდების ვალდებულებაც.

უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ თავდებობის აქცესორული ბუნება იმპერატიული ხასიათისაა. მხარეებს არ შეუძლიათ მისი მარტივად გამორიცხვა ან შეცვლა ისე, რომ უზრუნველყოფის ბუნება არ შეიცვალოს.

აქცესორულობა ასევე ნიშნავს იმას, რომ კრედიტორს თავდების მიმართ არ უნდა ჰქონდეს იმაზე უკეთესი სამართლებრივი მდგომარეობა, ვიდრე მას ძირითადი მოვალის მიმართ აქვს. სწორედ ამიტომ თავდებს აქვს უფლება, კრედიტორს წარუდგინოს ძირითადი მოვალის კუთვნილი შესაგებლებიც.

IX. როდის აგებს პასუხს თავდები ძირითადი მოვალის ვალდებულებისთვის?

თავდები პასუხს აგებს მაშინ, როდესაც არსებობს მოქმედი თავდებობის ხელშეკრულება, ძირითადი ვალდებულება წარმოიშვა, ვალდებულება ვადამოსულია და ძირითადი მოვალე მას არ ასრულებს.

თუ თავდებობა სამომავლო ვალდებულებისთვისაა დადებული, თავდების პასუხისმგებლობა რეალურად აქტიურდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ძირითადი ვალდებულება წარმოიშობა და მოვალე მის შესრულებას გადააცილებს.

სოლიდარული თავდებობის შემთხვევაში კრედიტორს, გარკვეული წინაპირობების არსებობისას, შეუძლია მოთხოვნა პირდაპირ თავდებს წარუდგინოს ძირითადი მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე. სუბსიდიური თავდებობის შემთხვევაში კი კრედიტორმა, როგორც წესი, ჯერ უნდა სცადოს მოთხოვნის დაკმაყოფილება ძირითადი მოვალისგან.

პრაქტიკაში კრედიტორი ხშირად თავდებს უგზავნის წერილობით მოთხოვნას, სადაც მიუთითებს ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასა და გადასახდელი თანხის ოდენობას. ასეთი შეტყობინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან კანონმდებლობა კრედიტორს აკისრებს თავდების ინფორმირების გარკვეულ ვალდებულებებს.

X. რა განსხვავებაა სუბსიდიურ და სოლიდარულ თავდებობას შორის?

თავდებობა შეიძლება იყოს სუბსიდიური ან სოლიდარული.

სუბსიდიური თავდებობის შემთხვევაში კრედიტორი თავდებს ვერ მოსთხოვს ძირითადი ვალდებულების შესრულებას მანამდე, სანამ ძირითადი მოვალის მიმართ არ სცდის იძულებით აღსრულებას. ეს ნიშნავს, რომ თავდების პასუხისმგებლობა გარკვეულწილად მეორე რიგში დგება.

სოლიდარული თავდებობის შემთხვევაში მდგომარეობა განსხვავებულია. თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი ფორმით, კრედიტორს შეიძლება მოთხოვნა წარუდგინოს თავდებს ძირითადი მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე, თუ ძირითადი მოვალე ვადაგადაცილებულია და უშედეგოდ გაფრთხილდა, ან მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

სწორედ ამიტომ, თანამედროვე ბიზნეს და საბანკო პრაქტიკაში სოლიდარული თავდებობა კრედიტორისთვის ბევრად უფრო მიმზიდველია. იგი კრედიტორს აძლევს საშუალებას, მოთხოვნა მიმართოს როგორც ძირითადი მოვალის, ისე თავდები ან რამდენიმე თავდების მიმართ.

თავდებისთვის კი სოლიდარული თავდებობა უფრო მაღალი რისკის მატარებელია, რადგან მას შეიძლება მოთხოვნა წარედგინოს უშუალოდ და სწრაფად, ძირითადი მოვალის წინააღმდეგ აღსრულების ყველა შესაძლო გზის ამოწურვის გარეშე.

XI. რა არის თანათავდებობა და როგორ ნაწილდება პასუხისმგებლობა რამდენიმე თავდებს შორის?

თანათავდებობა არსებობს მაშინ, როდესაც ერთი და იმავე ვალდებულების უზრუნველყოფისთვის რამდენიმე თავდები მონაწილეობს.

რამდენიმე თავდების არსებობა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ თითოეული მათგანი მხოლოდ თანაბარი წილით აგებს პასუხს. თუ რამდენიმე პირი ერთი და იმავე ვალდებულების თავდებად გამოდის, ისინი, როგორც წესი, პასუხს აგებენ როგორც სოლიდარული მოვალეები, მიუხედავად იმისა, ერთობლივად იკისრეს თავდებობა თუ დამოუკიდებლად.

ეს ნიშნავს, რომ კრედიტორს შეუძლია მოთხოვნა წარუდგინოს ნებისმიერ თავდებს იმ ფარგლებში, რაც მას თავდებობით აქვს ნაკისრი. თუ თითოეული თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული თანხა ცალ-ცალკეა განსაზღვრული, მაშინ თითოეული პასუხს აგებს საკუთარ ზღვრულ ფარგლებში.

შესაძლებელია, რამდენიმე თავდებმა იკისროს ძირითადი ვალდებულების მხოლოდ ნაწილი. ასეთ შემთხვევაში, მთლიან ვალდებულებასთან მიმართებით შეიძლება საქმე გვქონდეს წილობრივ პასუხისმგებლობასთან, მაგრამ იმ ნაკისრი წილის ფარგლებში თავდებები მაინც შეიძლება სოლიდარულად აგებდნენ პასუხს.

XII. რა შესაგებლების წარდგენა შეუძლია თავდებს კრედიტორის წინააღმდეგ?

თავდებს აქვს კრედიტორის მოთხოვნისაგან თავდაცვის სამართლებრივი საშუალებები.

პირველ რიგში, თავდებს შეუძლია წარადგინოს ის შესაგებლები, რომლებიც უშუალოდ თავდებობის ურთიერთობიდან გამომდინარეობს. მაგალითად, თავდებს შეუძლია მიუთითოს, რომ თავდებობის ხელშეკრულება არ აკმაყოფილებს წერილობით ფორმას, არ არის მითითებული პასუხისმგებლობის ზღვრული თანხა, ან მოთხოვნა აჭარბებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ მაქსიმალურ ოდენობას.

გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 899-ე მუხლის მიხედვით, თავდებს შეუძლია წარადგინოს ძირითადი მოვალის კუთვნილი შესაგებლებიც. თავდები არ კარგავს ამ უფლებას მხოლოდ იმიტომ, რომ ძირითადმა მოვალემ თავად უარი თქვა შესაბამის შესაგებელზე.

ეს წესი გამომდინარეობს თავდებობის აქცესორული ბუნებიდან. რადგან თავდებობა სხვისი ვალის შესრულების უზრუნველყოფას ემსახურება, კრედიტორს თავდების მიმართ არ უნდა ჰქონდეს იმაზე უკეთესი მდგომარეობა, ვიდრე მას ძირითადი მოვალის მიმართ აქვს.

პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ თავდებმა დავის დროს უნდა შეაფასოს არა მხოლოდ საკუთარი თავდებობის ხელშეკრულება, არამედ ძირითადი ვალდებულების არსებობა, მოცულობა, ვადამოსულობა, შესრულება, გაქვითვა, ხანდაზმულობა, შეწყვეტა ან სხვა შესაძლო შესაგებელი.

XIII. რა ვალდებულება აქვს კრედიტორს თავდების ინფორმირების კუთხით?

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 902-ე მუხლი კრედიტორს აკისრებს თავდების ინფორმირების ვალდებულებას.

თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. გარდა ამისა, თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ.

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, კრედიტორის მიერ თავდებისთვის ინფორმაციის მიუწოდებლობა თავდების პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლებას, როგორც წესი, არ იწვევს. თუმცა ეს შეიძლება გახდეს თავდების პასუხისმგებლობის შემცირების საფუძველი იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ინფორმაციის მიუწოდებლობამ ზიანი გამოიწვია.

ეს ძალიან პრაქტიკული საკითხია. თუ თავდებს დროულად არ ეცნობა, რომ ძირითადი მოვალე ვადაგადაცილებაში იმყოფება, მას შეიძლება შეეზღუდოს შესაძლებლობა, დროულად იმოქმედოს, მოითხოვოს მოვალისგან შესრულება, შეაფასოს რისკები ან თავიდან აიცილოს დავალიანების ზრდა.

ამიტომ კრედიტორისთვისაც მნიშვნელოვანია, თავდებთან კომუნიკაცია სათანადოდ და დოკუმენტურად აწარმოოს.

XIV. როდის შეიძლება შემცირდეს ან გამოირიცხოს თავდების პასუხისმგებლობა?

თავდების პასუხისმგებლობა შეიძლება შემცირდეს ან გამოირიცხოს რამდენიმე შემთხვევაში.

პირველი, თუ თავდებობის ხელშეკრულება არ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ ფორმას ან მასში არ არის მითითებული თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხა, შეიძლება დადგეს პასუხისმგებლობის დაკისრების შეუძლებლობის საკითხი.

მეორე, თუ კრედიტორის მოთხოვნა აჭარბებს თავდებობის დოკუმენტში მითითებულ ზღვრულ თანხას, თავდები პასუხს აგებს მხოლოდ ამ ზღვრული თანხის ფარგლებში.

მესამე, თუ ძირითადი ვალდებულება არ არსებობს, შეწყდა, არ არის ვადამოსული ან ძირითადი მოვალე ფლობს ისეთ შესაგებელს, რომელიც მოთხოვნას გამორიცხავს ან ამცირებს, ეს შეიძლება თავდების პასუხისმგებლობაზეც აისახოს.

მეოთხე, თუ კრედიტორმა არ შეასრულა თავდების ინფორმირების ვალდებულება და ამან თავდებს ზიანი მიაყენა, პასუხისმგებლობა შეიძლება შემცირდეს შესაბამისი ზიანის ოდენობით.

მეხუთე, თუ თავდებობის ხელშეკრულება დადებულია მოტყუებით, შეცდომით, იძულებით ან სხვა საცილო საფუძვლით, შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს მისი ნამდვილობის საკითხი.

XV. როდის შეიძლება დადგეს თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობის საკითხი?

თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობის საკითხი შეიძლება დადგეს როგორც ფორმალური, ისე შინაარსობრივი საფუძვლებით.

ფორმალური საფუძვლებია წერილობითი ფორმის დაუცველობა, თავდების ნების არასათანადო გამოხატვა, ხელმოწერის არარსებობა ან პასუხისმგებლობის ზღვრული თანხის მიუთითებლობა.

შინაარსობრივი საფუძვლები შეიძლება უკავშირდებოდეს თავდების ნების ნაკლს – შეცდომას, მოტყუებას ან იძულებას. თუ თავდები ამტკიცებს, რომ მან ხელშეკრულება მოტყუების ან შეცდომის საფუძველზე დადო, უნდა დადგინდეს, ვინ მოახდინა გავლენა მის ნებაზე და იცოდა თუ უნდა სცოდნოდა ამის შესახებ კრედიტორს.

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მიუთითებს, რომ თუ მოტყუება ძირითადი მოვალისგან მომდინარეობს, თავდებს კრედიტორის მიმართ შეცილების უფლება შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ მაშინ, თუ დაამტკიცებს, რომ კრედიტორმა იცოდა ან უნდა სცოდნოდა მესამე პირის მხრიდან მოტყუების შესახებ.

ამიტომ თავდებობის ნამდვილობაზე დავისას მხოლოდ თავდების სუბიექტური განცდა ან შემდგომი ეკონომიკური სირთულე საკმარისი არ არის. საჭიროა კონკრეტული ფაქტების, მტკიცებულებებისა და კრედიტორის ქცევის სამართლებრივი შეფასება.

XVI. რა ხდება, თუ თავდები ასრულებს მოვალის ვალდებულებას?

თუ თავდები დააკმაყოფილებს კრედიტორს და გადაიხდის ძირითადი მოვალის ვალდებულებას, მასზე გადადის კრედიტორის მოთხოვნა ძირითადი მოვალის მიმართ.

ეს წესი ასახულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 905-ე მუხლში. მისი მიზანია, თავდები საბოლოოდ არ დარჩეს იმ ფინანსური ტვირთის მატარებლად, რომელიც ძირითადი მოვალის ვალდებულებას უკავშირდებოდა.

პრაქტიკულად, თუ თავდები გადაიხდის მოვალის ვალს, მას შეუძლია შემდეგ ძირითადი მოვალისგან მოითხოვოს გადახდილი თანხის დაბრუნება იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც კრედიტორი დააკმაყოფილა.

თუმცა ასეთი მოთხოვნის რეალიზება შეიძლება დამოკიდებული იყოს ძირითადი მოვალის გადახდისუნარიანობაზე, დოკუმენტაციაზე, გადახდის ფაქტის სწორად დაფიქსირებაზე და იმაზე, რამდენად დაცულია თავდების შემდგომი რეგრესული მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი.

XVII. რა უნდა გაითვალისწინოს ბიზნესმა თავდებობის ხელშეკრულების დადებამდე?

თავდებობის ხელშეკრულების დადებამდე ბიზნესმა და თავდებმა უნდა შეაფასონ არა მხოლოდ ხელშეკრულების ტექსტი, არამედ რეალური ფინანსური რისკი.

პირველ რიგში, უნდა დადგინდეს, რა ვალდებულებას უზრუნველყოფს თავდებობა. არის ეს კონკრეტული სესხი, გენერალური საკრედიტო ხაზი, მომავალი კრედიტები, მიწოდების ვალი, ნასყიდობის ფასი თუ სხვა სახელშეკრულებო ვალდებულება.

მეორე, აუცილებელია პასუხისმგებლობის ზღვრული თანხის მკაფიო განსაზღვრა. თავდებმა უნდა იცოდეს, რა არის მისი მაქსიმალური პასუხისმგებლობა და მოიცავს თუ არა ეს თანხა ძირითად ვალს, პროცენტს, პირგასამტეხლოს, საურავს ან სხვა ხარჯებს.

მესამე, უნდა გაირკვეს, თავდებობა სოლიდარულია თუ სუბსიდიური. ეს განსხვავება პრაქტიკულად განსაზღვრავს, შეუძლია თუ არა კრედიტორს მოთხოვნა პირდაპირ თავდებს წარუდგინოს.

მეოთხე, თუ თავდებობა სამომავლო ვალდებულებას უზრუნველყოფს, უნდა შემოწმდეს, რამდენად განსაზღვრადია ეს ვალდებულება და რა ფარგლებში გავრცელდება თავდების პასუხისმგებლობა მომავალში წარმოშობილ ვალდებულებებზე.

მეხუთე, საჭიროა კრედიტორის ინფორმირების მექანიზმის გათვალისწინება – როგორ და როდის უნდა ეცნობოს თავდებს ძირითადი მოვალის ვადაგადაცილების შესახებ.

XVIII. ხშირად დასმული კითხვები

1. რა არის თავდებობა?

თავდებობა არის ვალდებულების შესრულების პიროვნული უზრუნველყოფის საშუალება, რომლის საფუძველზეც თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას კრედიტორის წინაშე მესამე პირის ვალდებულების შესრულებისთვის.

2. აუცილებელია თუ არა თავდებობის ხელშეკრულების წერილობითი ფორმა?

დიახ. თავდებობის ხელშეკრულება ფორმასავალდებულო გარიგებაა და მისი ნამდვილობისთვის აუცილებელია წერილობითი ფორმა.

3. რატომ არის მნიშვნელოვანი თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული თანხა?

ზღვრული თანხა განსაზღვრავს თავდების მაქსიმალურ ფინანსურ პასუხისმგებლობას. თუ ის ხელშეკრულებაში არ არის რაოდენობრივად მითითებული, შეიძლება დადგეს თავდებობის ნამდვილობის ან პასუხისმგებლობის დაკისრების შეუძლებლობის საკითხი.

4. შეიძლება თუ არა თავდებობა სამომავლო ვალდებულებისთვის?

დიახ. თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამომავლო ან პირობითი ვალდებულებისთვისაც, თუ მოთხოვნა განსაზღვრადია და დაცულია თავდებობის ფორმალური მოთხოვნები.

5. რა განსხვავებაა სოლიდარულ და სუბსიდიურ თავდებობას შორის?

სოლიდარული თავდებობის შემთხვევაში კრედიტორს შეუძლია მოთხოვნა პირდაპირ თავდებს წარუდგინოს ძირითადი მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე. სუბსიდიური თავდებობის შემთხვევაში კი კრედიტორმა ჯერ უნდა სცადოს მოთხოვნის დაკმაყოფილება ძირითადი მოვალისგან.

6. შეუძლია თუ არა თავდებს ძირითადი მოვალის შესაგებლების გამოყენება?

დიახ. თავდებს შეუძლია წარადგინოს როგორც საკუთარი თავდებობის ურთიერთობიდან გამომდინარე შესაგებლები, ისე ძირითადი მოვალის კუთვნილი შესაგებლები.

7. ვალდებულია თუ არა კრედიტორი აცნობოს თავდებს მოვალის ვადაგადაცილების შესახებ?

დიახ. თუ ძირითადი მოვალე გადახდის ვადას გადააცილებს, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. ამ ვალდებულების დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს თავდების პასუხისმგებლობის შემცირება შესაბამისი ზიანის ოდენობით.

8. რა ხდება, თუ თავდები გადაიხდის მოვალის ვალს?

თუ თავდები დააკმაყოფილებს კრედიტორს, მასზე გადადის კრედიტორის მოთხოვნა ძირითადი მოვალის მიმართ. თავდებს შეუძლია მოვალისგან მოითხოვოს გადახდილი თანხის დაბრუნება.

9. შეიძლება თუ არა თავდებობის ხელშეკრულების ბათილობაზე დავა?

შეიძლება, თუ არსებობს ფორმის ნაკლი, ზღვრული თანხის მიუთითებლობა, ნების ნაკლი, მოტყუება, იძულება ან სხვა სამართლებრივი საფუძველი. თუმცა ასეთი მოთხოვნა უნდა იყოს მტკიცებულებებით დასაბუთებული.

10. როდის უნდა მიმართოს თავდებმა იურისტს?

იურისტის ჩართვა სასურველია თავდებობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერამდე, ასევე მაშინ, როდესაც კრედიტორი უკვე ითხოვს თანხის გადახდას, ან არსებობს ეჭვი, რომ ხელშეკრულება არ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

XIX. როგორ დაგეხმარებათ TB Legal?

TB Legal სახელშეკრულებო იურიდიული მომსახურების ფარგლებში ეხმარება ბიზნესებსა და ფიზიკურ პირებს თავდებობის ხელშეკრულებების სამართლებრივ შეფასებაში, პასუხისმგებლობის ზღვრული თანხის, სოლიდარული ან სუბსიდიური თავდებობის, კრედიტორის მოთხოვნის, თავდების შესაგებლების და თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობის საკითხების ანალიზში.

ჩვენი მიდგომა ეფუძნება არა მხოლოდ ხელშეკრულების ტექსტის ფორმალურ შემოწმებას, არამედ ძირითადი ვალდებულების, კრედიტორის მოთხოვნის, სასამართლო პრაქტიკის, მტკიცებულებებისა და შესაძლო ფინანსური რისკების შეფასებას.

თუ აპირებთ თავდებობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერას, უკვე გაქვთ კრედიტორის მოთხოვნა ან გსურთ შეაფასოთ, რამდენად კანონიერია თავდებისათვის კონკრეტული თანხის დაკისრება, მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღებამდე სამართლებრივი კონსულტაციის მიღება.

XX. დასკვნა

თავდებობა ბიზნესსა და ფინანსურ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი უზრუნველყოფის საშუალებაა, მაგრამ ამავე დროს მაღალი სამართლებრივი და ფინანსური რისკის მატარებელია თავდები პირისთვის.

თავდებობის ხელშეკრულების დადებამდე აუცილებელია ზუსტად შეფასდეს, რა ვალდებულებას უზრუნველყოფს თავდები, რა არის მისი პასუხისმგებლობის ზღვრული თანხა, არის თუ არა თავდებობა სოლიდარული, რა უფლებები აქვს თავდებს შესაგებლის წარდგენაზე და რა შედეგი მოჰყვება ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ცხადყოფს, რომ თავდებობის დავებში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს წერილობით ფორმას, ზღვრული თანხის მითითებას, ძირითადი ვალდებულების არსებობას, თავდებობის აქცესორულ ბუნებას, კრედიტორის ინფორმირების ვალდებულებას და თავდების რეალურ გაცნობიერებულობას ნაკისრი ვალდებულების მიმართ.

თუ გეგმავთ თავდებობის ხელშეკრულების დადებას, უკვე გაქვთ კრედიტორის მოთხოვნა ან გსურთ შეაფასოთ თავდების პასუხისმგებლობის ფარგლები, დაგვიკავშირდით და TB Legal დაგეხმარებათ სამართლებრივი რისკების ანალიზში, სწორი სტრატეგიის შერჩევასა და თქვენი ინტერესების დაცვაში.

XXI. გამოყენებული უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები

სტატიაში გამოყენებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი გადაწყვეტილებები და განჩინებები:

  1. საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქმე №ას-647-647-2018, 21 ოქტომბერი, 2019 წელი, ქ. თბილისი.
  2. საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქმე №ას-1563-2023, 8 მაისი, 2026 წელი, ქ. თბილისი.
  3. საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქმე №ას-1408-2022, 17 ივლისი, 2023 წელი, ქ. თბილისი.
  4. საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქმე №ას-390-2024, 12 დეკემბერი, 2025 წელი, ქ. თბილისი.
  5. საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქმე №ას-112-2025, 4 დეკემბერი, 2025 წელი, ქ. თბილისი.
  6. საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქმე №ას-244-2024, 9 ოქტომბერი, 2025 წელი, ქ. თბილისი.
  7. საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქმე №ას-1054-2024, 21 თებერვალი, 2025 წელი, ქ. თბილისი.
  8. საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქმე №ას-1100-2024, 20 თებერვალი, 2025 წელი, ქ. თბილისი.
  9. საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქმე №ას-81-2021, 24 დეკემბერი, 2024 წელი, ქ. თბილისი.
  10. საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქმე №ას-829-2023, 9 თებერვალი, 2024 წელი, ქ. თბილისი.
  11. საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქმე №ას-497-2024, 30 სექტემბერი, 2024 წელი, ქ. თბილისი.
  12. საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქმე №ას-1154-2022, 31 ოქტომბერი, 2023 წელი, ქ. თბილისი.
  13. საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქმე №ას-965-2023, 20 ოქტომბერი, 2023 წელი, ქ. თბილისი.
  14. საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქმე №ას-372-2023, 6 ოქტომბერი, 2023 წელი, ქ. თბილისი.
  15. საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქმე №ას-749-2022, 10 ივლისი, 2023 წელი, ქ. თბილისი.

შენიშვნა

წინამდებარე სტატია მომზადებულია ზოგადი საინფორმაციო მიზნებისთვის და არ წარმოადგენს ინდივიდუალურ სამართლებრივ კონსულტაციას ან იურიდიულ დასკვნას. სტატიაში განხილული საკითხები შეიძლება განსხვავებულად შეფასდეს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების, ხელშეკრულების პირობების, მხარეთა ქცევისა და შესაბამისი მტკიცებულებების გათვალისწინებით. კონკრეტულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე რეკომენდებულია კვალიფიციური იურისტისგან ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციის მიღება.

თავდებობა – გიგა ადამია და TB Legal-ის იურიდიული მომსახურება სახელშეკრულებო და ვალდებულებითი სამართლის საკითხებზე

სამართლებრივი კონსულტაცია

დაგვირეკეთ

+995 551 29 33 88

მოგვწერეთ

contact@tblegal.ge

გაზიარება

პოპულარული ბლოგები

  • All Posts
    •   Back
    • სამართლებრივი ბლოგები
    • სიახლეები. წარმატების ისტორიები
    • პუბლიკაციები