I. დავის არსის მოკლე მიმოხილვა
TB Legal-მა პრეტენდენტს სამართლებრივი დახმარება გაუწია სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის სატენდერო პირობების გასაჩივრებაში.
დავა ეხებოდა სპეციალიზებული ლაბორატორიული პროდუქციის სახელმწიფო შესყიდვას. სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული პირობების შეფასების შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემა, რომლებიც გავლენას ახდენდა პრეტენდენტების მიერ შეთავაზების მომზადების შესაძლებლობასა და ტენდერში კონკურენტულ მონაწილეობაზე.
სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭომ საჩივარი სრულად დააკმაყოფილა და შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიას დაავალა სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება და მოთხოვნების ხელახლა ჩამოყალიბება საბჭოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი სტანდარტების შესაბამისად (იხ. გადაწყვეტილება).
II. დავასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები
1. ურთიერთსაწინააღმდეგო და ბუნდოვანი მიწოდების ვადები
სატენდერო დოკუმენტაციის სხვადასხვა ნაწილში პროდუქციის მიწოდებისთვის განსხვავებული ვადები იყო განსაზღვრული. ცალკეულ შემთხვევებში მითითებული იყო ორი სამუშაო დღე, სხვა შემთხვევაში — ორი კვირა ან 2–3 კვირა, ხოლო გარკვეულ პოზიციებთან გამოყენებული იყო ფორმულირება „გადაუდებლად მჭირდება“.
ჩვენი პოზიცია ეფუძნებოდა იმას, რომ პრეტენდენტს სატენდერო დოკუმენტაციიდან მკაფიოდ უნდა შეეძლოს საკუთარი ვალდებულებების მოცულობისა და შესრულების ვადების განსაზღვრა.
დავების განხილვის საბჭომ გაიზიარა აღნიშნული მიდგომა და განმარტა, რომ სატენდერო პირობებში გამოყენებული მოთხოვნები უნდა იყოს ნათელი, კონკრეტული და არ უნდა ქმნიდეს სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. საბჭომ დაადგინა, რომ მოცემულ შემთხვევაში მიწოდების ვადებთან დაკავშირებული ჩანაწერები იყო ორაზროვანი და არაერთმნიშვნელოვანი.
2. მიწოდების განსაკუთრებით მოკლე ვადის პროპორციულობა
სატენდერო პირობების მიხედვით, გარკვეული სპეციალიზებული პროდუქციის მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ სამუშაო დღეში უნდა განხორციელებულიყო.
საჩივარში ყურადღება გამახვილდა შესყიდვის ობიექტის სპეციფიკაზე, პროდუქციის საერთაშორისო მიწოდების თავისებურებებსა და იმ კომერციულ რისკზე, რომელიც პრეტენდენტისთვის ასეთი მოთხოვნიდან გამომდინარეობდა.
საბჭომ განმარტა, რომ სატენდერო მოთხოვნები უნდა იყოს შემსყიდველი ორგანიზაციის საჭიროების ადეკვატური, აუცილებელი, გამოსადეგი და პროპორციული. შესაბამისად, შემსყიდველმა უნდა დაასაბუთოს, რატომ არის კონკრეტული შეზღუდვის სწორედ ასეთი ფორმით დაწესება აუცილებელი და არსებობს თუ არა იმავე მიზნის მიღწევის უფრო პროპორციული საშუალება.
3. მიწოდების ვადის დარღვევის გამო ხელშეკრულების ავტომატური შეწყვეტა
დავის კიდევ ერთი საკითხი შეეხებოდა სატენდერო პირობას, რომლის თანახმადაც მიწოდების ვადის დარღვევა ავტომატურად იწვევდა ხელშეკრულების შეწყვეტას.
ჩვენი პოზიციით, ასეთი სამართლებრივი შედეგის წინასწარ და ავტომატურად დაკავშირება ვადის ნებისმიერ დარღვევასთან საჭიროებდა პროპორციულობის დამატებით შეფასებას, მათ შორის დარღვევის სიმძიმისა და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებას.
საბჭომ მიუთითა, რომ შემსყიდველის დასაბუთებიდან უნდა იკვეთებოდეს, რატომ არის ხელშეკრულების შეწყვეტის ასეთი მკაცრი მექანიზმი აუცილებელი და უალტერნატივო კონკრეტული მიზნის მისაღწევად.
4. ნიმუშის წარდგენის 3-დღიანი ვადა
სატენდერო დოკუმენტაცია შემსყიდველს აძლევდა უფლებას მოეთხოვა პროდუქციის ნიმუში, რომლის წარდგენისთვისაც პრეტენდენტს მხოლოდ სამი სამუშაო დღე ეძლეოდა.
ჩვენი პოზიცია ეფუძნებოდა შესყიდვის ობიექტის სპეციფიკას: ცალკეული პროდუქტები სპეციალურ შეკვეთასა და საერთაშორისო ტრანსპორტირებას საჭიროებდა, ხოლო მათი „ნიმუშის“ წარმოდგენა პრაქტიკულად შეიძლება სრული პროდუქტის მიწოდებას ნიშნავდეს.
საბჭომ ყურადღება გაამახვილა კანონმდებლობით დადგენილ გონივრული ვადის მოთხოვნაზე და აღნიშნა, რომ გაურკვეველი იყო, კონკრეტულად რომელი პროდუქტის ნიმუშს მოითხოვდა შემსყიდველი. ასეთ პირობებში პრეტენდენტს წინასწარ არ შეეძლო საკუთარი მოქმედებების დაგეგმვა. საბჭომ ნიმუშის წარმოდგენასთან დაკავშირებული მოთხოვნა მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ მიიჩნია.
5. პროდუქციის წინასწარ მარაგში არსებობის მოთხოვნა
სატენდერო პირობებით პრეტენდენტს ასევე მოეთხოვებოდა წერილობით დაედასტურებინა, რომ კონკრეტული პროდუქცია უკვე გააჩნდა მარაგში და მისი მიწოდება ორ სამუშაო დღეში შეეძლო.
საჩივარში აღნიშნული მოთხოვნის პროპორციულობა სადავოდ იქნა მიჩნეული, ვინაიდან სპეციალიზებული და მაღალი ღირებულების პროდუქციის წინასწარ შეძენა პრეტენდენტისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ რისკს ქმნიდა, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც შემსყიდველი ინარჩუნებდა უფლებას პროდუქციის ნაწილი საერთოდ არ აეთვისებინა.
საბჭომ მიიჩნია, რომ შემსყიდველ ორგანიზაციას დამატებით უნდა დაესაბუთებინა, რატომ წარმოადგენდა პროდუქციის წინასწარ მარაგში არსებობის მოთხოვნა დასახული მიზნის მიღწევის აუცილებელ საშუალებას.
III. შედეგი
დავების განხილვის საბჭომ სრულად დააკმაყოფილა ჩვენი კლიენტის საჩივარი.
შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიას დაევალა სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება და სახელმწიფო შესყიდვის პირობების ხელახლა ჩამოყალიბება საბჭოს გადაწყვეტილებაში მოცემული სამართლებრივი შეფასებებისა და სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
ეს საქმე აჩვენებს, რომ სატენდერო პირობების გასაჩივრებისას მნიშვნელოვანია თითოეული მოთხოვნის შეფასება განსაზღვრულობის, პროპორციულობის, აუცილებლობისა და კონკურენციაზე მისი გავლენის თვალსაზრისით.
IV. TB Legal-ის გამოცდილება სახელმწიფო შესყიდვებში
TB Legal სახელმწიფო შესყიდვებიის მიმართულებით საკუთარი იურიდიული მომსახურების პაკეტის ფარგლებში ეხმარება პრეტენდენტებს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებში, მათ შორის: სატენდერო პირობების სამართლებრივ შეფასებასა და გასაჩივრებაში; პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის გასაჩივრებაში; კონკურენტი პრეტენდენტის შესაბამისობის შეფასებაში; სატენდერო საჩივრის მომზადებაში; სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში წარმომადგენლობაში.
თუ გსურთ სახელმწიფო შესყიდვებში თქვენი კომპანიის ინტერესების ეფექტიანი დაცვა, დაგვიკავშირდით – TB Legal მზად არის გაგიწიოთ პროფესიული იურიდიული მხარდაჭერა სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით.



















