ტენდერის გასაჩივრება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანიებისთვის ხშირად წარმოადგენს ერთადერთ ეფექტიან სამართლებრივ მექანიზმს საკუთარი ინტერესების დასაცავად იმ შემთხვევებში, როდესაც სატენდერო პირობები ბუნდოვანია, არაპროპორციულია ან შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილება არ შეესაბამება სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. პრაქტიკაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ადმინისტრაციული წარმოება წარიმართოს გამჭვირვალედ, გადაწყვეტილებები იყოს სათანადოდ დასაბუთებული და ყველა პრეტენდენტის მიმართ უზრუნველყოფილი იყოს თანასწორი და არადისკრიმინაციული მიდგომა. სწორედ ამ ტიპის სამართლებრივ დავებში წარმოადგინა TB Legal-მა კლიენტების ინტერესები სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წინაშე.
სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანიებისთვის სატენდერო პროცესის სამართლებრივი სისწორე ხშირად არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად შეთავაზებული ფასი ან ტექნიკური წინადადება. პრაქტიკაში არაერთი შემთხვევა არსებობს, როდესაც პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია, სატენდერო პირობების ფორმულირება ან ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობა ვერ აკმაყოფილებს სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს და დღის წესრიგში დგება ტენდერის გასაჩივრება. სწორედ ასეთ ვითარებაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ტენდერის გასაჩივრება და კვალიფიციური სამართლებრივი წარმომადგენლობა.
TB Legal-მა წარმატებით წარმოადგინა კლიენტების ინტერესები სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ რამდენიმე მნიშვნელოვან დავაში, სადაც სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭომ სრულად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილა წარმოდგენილი საჩივრები. საქმეები შეეხებოდა როგორც დისკვალიფიკაციის კანონიერების შეფასებას, ისე სატენდერო პირობების შესაბამისობას სახელმწიფო შესყიდვების ფუნდამენტურ პრინციპებთან.
ერთ-ერთ საქმეში დავა წარმოიშვა სამედიცინო ბიომოლეკულური სადიაგნოსტიკო PCR ტესტების სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში, სადაც შემსყიდველმა ორგანიზაციამ პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია მოახდინა პროდუქციის ტექნიკურ შესაბამისობასთან დაკავშირებული არგუმენტებით. დავის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მტკიცებულებების შეფასების სტანდარტს, გადაწყვეტილების დასაბუთებულობასა და საქმისათვის არსებითი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის ვალდებულებას. დავების საბჭომ პირდაპირ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გადაწყვეტილება დააფუძნოს სათანადოდ გამოკვლეულ გარემოებებსა და მკაფიო არგუმენტაციაზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება არასრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე დაუშვებელია.
საქმეში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ასევე ტექნიკური დოკუმენტაციისა და მწარმოებლის ოფიციალური წერილების სამართლებრივ შეფასებას. დავების საბჭომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ შემსყიდველ ორგანიზაციას გადაწყვეტილება დაეფუძნა ინტერნეტში მოძიებულ ცვალებად ინფორმაციაზე, მაშინ როდესაც საქმეში არსებობდა მწარმოებლის ოფიციალური ავტორიზაციის წერილები და დამატებითი განმარტებები. საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სათანადოდ გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები და გადაწყვეტილება დაასაბუთოს მკაფიო და სარწმუნო მტკიცებულებებით.
მეორე მნიშვნელოვან საქმეში სადავო გახდა სატენდერო პირობების ფორმულირება და მათი შესაბამისობა სახელმწიფო შესყიდვების პრინციპებთან. საქმე ეხებოდა მეზენქიმალური ღეროვანი უჯრედების ლაბორატორიისთვის საჭირო პროდუქციის შესყიდვას, სადაც სატენდერო დოკუმენტაცია შეიცავდა ურთიერთსაწინააღმდეგო და არაერთმნიშვნელოვან პირობებს პროდუქციის მიწოდების ვადებთან დაკავშირებით. სხვადასხვა ნაწილში გამოყენებული იყო ერთმანეთისგან განსხვავებული ვადები და ბუნდოვანი ტერმინოლოგია, რაც პრეტენდენტებს არ აძლევდა შესაძლებლობას მკაფიოდ განესაზღვრათ საკუთარი ვალდებულებების ფარგლები.
დავების საბჭომ განმარტა, რომ სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობა კრძალავს ისეთი სატენდერო პირობების გამოყენებას, რომლებიც ორაზროვანია და სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას ქმნის. საბჭოს შეფასებით, სატენდერო დოკუმენტაციის თითოეული მოთხოვნა უნდა იყოს მკაფიო, პროპორციული და შემსყიდველი ორგანიზაციის რეალურ საჭიროებასთან შესაბამისობაში. ამასთან, საბჭომ მიუთითა, რომ მიწოდების ვადებთან, ნიმუშების წარმოდგენასთან და მარაგში პროდუქციის წინასწარ არსებობის მოთხოვნებთან დაკავშირებული პირობები საჭიროებდა უფრო მკაფიო და პროპორციულ ფორმულირებას.
აღნიშნულ საქმეებში TB Legal-ის წარმომადგენლობა მოიცავდა სატენდერო დოკუმენტაციის სიღრმისეულ სამართლებრივ ანალიზს, ადმინისტრაციული აქტების დასაბუთებულობის შეფასებას, სახელმწიფო შესყიდვების პრინციპებზე დაფუძნებული არგუმენტაციის მომზადებასა და კლიენტების ინტერესების დაცვას დავების განხილვის საბჭოს წინაშე. საქმეებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სფეროში სამართლებრივი წარმომადგენლობა მხოლოდ ფორმალური პროცედურა არ არის. ხშირად სწორედ დეტალური სამართლებრივი ანალიზი და ადმინისტრაციული წარმოების სტანდარტების სწორი გამოყენება განსაზღვრავს საბოლოო შედეგს.
სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანიებისთვის ტენდერის გასაჩივრება მნიშვნელოვან სამართლებრივ ინსტრუმენტს წარმოადგენს იმ შემთხვევებში, როდესაც სატენდერო პირობები არაპროპორციულია, გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია ან ადმინისტრაციული წარმოება არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. პრაქტიკა ცხადყოფს, რომ სათანადოდ მომზადებულ საჩივარს და ტენდერის გასაჩივრება შეუძლია არა მხოლოდ კონკრეტული გადაწყვეტილების გადასინჯვა, არამედ მთლიანად სატენდერო პროცესის სამართლებრივი სტანდარტების გაუმჯობესებაც.




