I. შესავალი
ბოლო პერიოდში საქართველოში უცხოელების დასაქმება და შრომითი მიგრაციის საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება, როგორც ეკონომიკური განვითარების, ისე შრომის ბაზრის სტრუქტურული ცვლილებების კონტექსტში.
ოფიციალური მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ 2023 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული უცხოელების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა – წელიწადნახევარში რეგისტრირებულია 42 000-ზე მეტი შრომითი იმიგრანტი მაშინ, როდესაც წინა 8 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 3 800-ს შეადგენდა. ამასთან, ამავე პერიოდში საზღვრის კვეთის მონაცემები მიუთითებს, რომ ქვეყანაში დარჩენილი უცხოელების რაოდენობა გაცილებით მაღალი იყო.
ამ ფონზე, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (შემდგომში – კანონი) განხორციელებული ცვლილებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს უცხოელის დასაქმების სამართლებრივ რეჟიმზე.
კანონში ახალი ცვლილებები ნერგავს უცხოელების დასაქმება ზე სპეციალური სამუშაო უფლების სისტემას, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი სამუშაო ძალის პრიორიტეტულ დაცვას და აძლიერებს შრომითი მიგრაციის პროცესებზე სახელმწიფოს კონტროლს.
შესაბამისად, საქართველოში უცხოელის დასაქმებისთვის უკვე აღარ არის საკმარისი დამსაქმებლის მიერ განხორციელებული ფორმალური რეგისტრაციის პროცესი. დამატებით ასევე საჭიროა სპეციალური სამუშაო უფლების გაცემა, კრიტერიუმების განსაზღვრა და ა.შ.
გარდა ამისა დადგინდა მკაცრი სანქციები კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევისათვის.
მნიშვნელოვანია, რომ ეს ცვლილებები სრულად არ ზღუდავს უცხოელის დასაქმების შესაძლებლობას, თუმცა ზრდის დამსაქმებლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასა და ადმინისტრაციულ ტვირთს.
შესაბამისად, ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს რა შეიცვალა კანონში, რა პროცედურებია სავალდებულო, ვის ეხება ახალი მოთხოვნები და რა რისკებს ქმნის რეგულაციის უგულებელყოფა.
II. ცვლილებამდე მოქმედი რეჟიმი
კანონის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილებამდე არსებული სისტემის ერთ-ერთ მთავარ სისუსტედ ჩაითვალა ის, რომ საქართველოში უცხოელის დასაქმებისთვის სახელმწიფოს არ გააჩნდა რეალური უარის თქმის მექანიზმი – საკმარისი იყო სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია და უცხოელს ავტომატურად წარმოეშობოდა მუშაობის უფლება.
ამავდროულად, უვიზო რეჟიმით შემოსული პირების მიმართ არ არსებობდა მკაფიო ვალდებულება შრომითი საქმიანობის სპეციალური უფლების ან შესაბამისი ბინადრობის სტატუსის მოპოვებაზე.
როგორც წესი, პირი ქვეყანაში შემოდიოდა ტურისტული სტატუსით, შემდგომ იწყებდა მუშაობას ადგილობრივი დამსაქმებლის დახმარებით და კონტროლი ხორციელდებოდა მხოლოდ ფორმალური რეგისტრაციის დონეზე.
ეს მოდელი არ იძლეოდა სახელმწიფოს მხრიდან წინასწარი შეფასების შესაძლებლობას და არ ქმნიდა დასაქმებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს.
რეჟიმი არ ითვალისწინებდა ე.წ. შრომის ბაზრის ტესტს – ანუ მექანიზმს, რომლის საფუძველზეც შეფასდებოდა, არსებობდა თუ არა შესაბამისი პოზიციისთვის ადგილობრივი კადრი. შედეგად, პრაქტიკაში არ ხორციელდებოდა შიდა შრომითი რესურსების პრიორიტეტული დაცვა.
ამის ფონზე სახელმწიფომ ჩათვალა, რომ არსებული მოდელი ვერ უზრუნველყოფდა შრომითი მიგრაციის სრულყოფილ რეგულირებას, ვერ იძლეოდა მიზნობრივი პოლიტიკის დაგეგმვის შესაძლებლობას და ვერ ქმნიდა ეფექტურ კონტროლის მექანიზმს.
განხორციელებული ცვლილებებით შრომითი მიგრაციის კანონმდებლობაში დამკვიდრდა სპეციალური სამუშაო უფლების (შრომითი საქმიანობის უფლება) გაცემის პრინციპს.
ახალი ცვლილებები პროცესს უფრო ფორმალიზებულ, ადმინისტრაციულად კონტროლირებად და სისტემურ ჩარჩოში აქცევს.
III. შრომითი საქმიანობის უფლება და უცხოელების დასაქმება
ცვლილებების ცენტრალური ელემენტია შრომითი საქმიანობის უფლების ინსტიტუტის დანერგვა. ეს უფლება გაიცემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ და წარმოადგენს სპეციალურ ადმინისტრაციულ ნებართვას, რომელიც უცხოელს ანიჭებს საქართველოში შრომითი ან სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლებას.
ამ ნებართვის სამართლებრივი შინაარსი არსებითია: იგი ადასტურებს, რომ მისი მფლობელი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პირობებსა და კრიტერიუმებს და, შესაბამისად, კანონიერად შეიძლება ჩაერთოს საქართველოს ეკონომიკურ ცხოვრებაში.
კანონი მკაფიოდ ადგენს, რომ მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელს საქართველოში ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელება შეუძლია მხოლოდ შრომითი საქმიანობის უფლების მიღების შემდეგ. ეს წესი ვრცელდება როგორც ადგილობრივ დამსაქმებელთან კლასიკურ შრომით ურთიერთობაზე, ასევე დისტანციურ შრომით ურთიერთობაზე, და ასევე თვითდასაქმებაზე – მათ შორის, სამეწარმეო საქმიანობაზე, ვაჭრობაზე, მომსახურებაზე, პარტნიორობაზე, დამოუკიდებელ კონტრაქტორობაზე ან ნებისმიერი სხვა ფორმის ეკონომიკურ ჩართულობაზე, რომლის მიზანია ფინანსური სარგებლის მიღება. ამგვარად, რეგულაცია მოიცავს საქმიანობის ფართო სპექტრს და არ შემოიფარგლება მხოლოდ შრომითი ხელშეკრულებით.
მნიშვნელოვანია, რომ შრომითი საქმიანობის უფლების მიღება შეუძლია მხოლოდ იმ უცხოელს, რომელიც საქართველოში კანონიერ საფუძველზე იმყოფება. ამასთან, უფლება არ გაიცემა იმ პირზე, რომელიც განცხადების წარდგენის მომენტში საქართველოში იმყოფება საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების საფუძველზე. ეს დებულება პირდაპირ მიუთითებს, რომ ახალი სისტემა ეფუძნება ლეგალურ ყოფნასა და ადმინისტრაციულ კეთილსინდისიერებას.
შრომითი საქმიანობის უფლება არ არის ზოგადი ან შეუზღუდავი. შრომით იმიგრანტზე იგი გაიცემა კონკრეტულ ადგილობრივ დამსაქმებელთან და კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობის უფლებით. თვითდასაქმებული უცხოელის შემთხვევაში კი ნებართვა გაიცემა კონკრეტული სპეციალობისა და საქმიანობის სფეროს მითითებით. შესაბამისად, ეს არის ინდივიდუალიზებული და მიზნობრივი უფლება, რომელიც მიბმულია განსაზღვრულ საქმიანობაზე. მისი სხვა პირზე გადაცემა დაუშვებელია, რაც გამორიცხავს ნებართვის კომერციალიზაციის შესაძლებლობას.
გარდა ამისა, კანონი ადგენს დინამიკურ ვალდებულებას: თუ იცვლება შრომითი იმიგრანტის მიერ დაკავებული პოზიცია ან თვითდასაქმებული უცხოელის საქმიანობის სფერო, აუცილებელია ახალი ან განახლებული შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვება. ეს ნიშნავს, რომ ნებართვა არ ფარავს ნებისმიერი სახის შემდგომ ცვლილებას და ყოველი მნიშვნელოვანი ცვლილება საჭიროებს ადმინისტრაციულ შეფასებას.
სისტემურად თუ შევაფასებთ, შრომითი საქმიანობის უფლება წარმოადგენს სამართლებრივ ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო ახორციელებს შრომითი მიგრაციის შერჩევით და კონტროლირებულ მართვას. იგი ერთდროულად ასრულებს სამ ფუნქციას: ადასტურებს კანონიერ სტატუსს, ზღუდავს საქმიანობის ფარგლებს და ქმნის პასუხისმგებლობის საფუძველს დარღვევის შემთხვევაში.
IV. შრომითი იმიგრანტი VS თვითდასაქმებული
შრომითი საქმიანობის უფლების სავალდებულო მოპოვებას დაქვემდებარებული სუბიექტების კუთხით კანონმა მკაფიოდ გამოყო პირთა ორი განსხვავებული კატეგორია.
ერთ შემთხვევაში საუბარია შრომით იმიგრანტზე – ანუ იმ უცხოელზე, რომელიც შედის შრომით ურთიერთობაში კონკრეტულ ადგილობრივ დამსაქმებელთან. აქ არსებობს დამსაქმებელი, კონკრეტული სამუშაო პოზიცია და შრომითი ხელშეკრულება. მაგალითად, შრომითი იმიგრანტის კლასიუკური მოდელი ყალიბდება, თუ უცხოელი ინჟინერი დასაქმებულია ქართულ სამშენებლო კომპანიაში, უცხოელი პროგრამისტი მუშაობს IT კომპანიაში, ან უცხოელი მენეჯერი იკავებს ხელმძღვანელ პოზიციას ადგილობრივ ბიზნესში. მისი საქმიანობა დაკავშირებულია კონკრეტულ დამსაქმებელთან და მისი უფლება გაიცემა კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობისათვის.
მეორე შემთხვევაში საუბარია თვითდასაქმებულ უცხოელზე, რომელიც საქართველოში არ იმყოფება ვინმესთან შრომით ურთიერთობაში, არამედ თავად ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას და იღებს ფინანსურ სარგებელს. ასეთ შემთხვევაში პირი მოქმედებს, როგორც დამოუკიდებელი ეკონომიკური აქტორი. მაგალითად, უცხოელი ტაქსის მძღოლი, რომელიც თავად ახორციელებს მგზავრთა გადაყვანას; უცხოელი კურიერი, რომელიც დამოუკიდებლად ეწევა მიტანის მომსახურებას; ტურისტული გიდი; ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც ვაჭრობს ან ბაზარს აწვდის გარკვეულ სერვისს და ა.შ. ყველა ეს შემთხვევა მიეკუთვნება თვითდასაქმებულის კატეგორიას.
ამგვარად, შრომითი საქმიანობის უფლებას ჰყავს ორი განსხვავებული ადრესატი: ერთი – დასაქმებული უცხოელი კონკრეტულ კომპანიაში, მეორე – დამოუკიდებლად მოქმედი უცხოელი, რომელიც თავად არის ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი.
ორივე შემთხვევაში მოქმედებს ერთიანი პრინციპი: მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხოელს საქართველოში ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელება შეუძლია მხოლოდ შრომითი საქმიანობის უფლების მიღების შემდეგ. თუმცა განსხვავებულია ამ უფლების მოპოვების პროცედურები და წინაპირობები.
1. შრომითი იმიგრანტი
ამ შემთხვევაში ნებართვის აღების პროცედურას იწყებს არა თავად უცხოელი, არამედ დამსაქმებელი.
სწორედ ადგილობრივი დამსაქმებელია ვალდებული წინასწარ განათავსოს ვაკანსია შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში არანაკლებ 10 სამუშაო დღით და დაელოდოს ადგილობრივი კანდიდატების მოძიების შესაძლებლობას.
დამსაქმებელი მხოლოდ ამის შემდეგ მიმართავსს სააგენტოს შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის მოთხოვნით კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ამ მექანიზმით სახელმწიფო ცდილობს დარწმუნდეს, რომ კონკრეტულ პოზიციაზე არ არსებობს შესაბამისი ადგილობრივი კადრი, და მხოლოდ ამის შემდეგ იძლევა შესაძლებლობას, რომ დაუშვას კონკრეტულ პოზიციაზე უცხოელის დასაქმება.
გარდა ამისა, ნებართვა გაიცემა კონკრეტულ დამსაქმებელთან და კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობის უფლებით.
შესაბამისად, შრომითი იმიგრანტის სამართლებრივი სტატუსი მკაცრად არის დაკავშირებული კონკრეტულ დამსაქმებელსა და სამუშაო პოზიციასთან.
2. თვითდასაქმებული
თვითდასაქმებული უცხოელის შემთხვევაში სახელმწიფო განსხვავებულ, უფრო სიღრმისეულ შეფასებას ახორციელებს, ვიდრე შრომითი იმიგრანტის შემთხვევაში. თუ შრომითი იმიგრანტზე პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი ნაწილი ეკისრება დამსაქმებელს, თვითდასაქმებულის შემთხვევაში ადმინისტრაციული ტვირთი მთლიანად თავად უცხოელზე გადადის.
შრომითი საქმიანობის უფლების მისაღებად თვითდასაქმებულმა უცხოელმა უნდა წარადგინოს დეტალური ინფორმაცია საკუთარი იდენტობის, პროფესიული კვალიფიკაციისა და საქმიანობის შესახებ. პირველ რიგში, სააგენტოს წარედგინება პირადი მონაცემები – სახელი და გვარი ქართულად და ლათინურად, დაბადების თარიღი, მოქალაქეობა, წარმოშობის ქვეყანა, საზღვარგარეთის პასპორტის მონაცემები და ფოტოასლი, საქართველოში მინიჭებული პირადი ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე ბინადრობის ნებართვის მონაცემები, თუ იგი უკვე გააჩნია.
თუ პირი უკვე რეგისტრირებულია ინდმეწარმედ ან არის პარტნიორი საქართველოში მოქმედ საწარმოში, აუცილებელია შესაბამისი რეესტრის ამონაწერის მიხედვით საიდენტიფიკაციო ნომრის წარდგენა. ეს მიუთითებს, რომ მისი საქმიანობა რეალურად არის დაკავშირებული ქართულ ეკონომიკურ სივრცესთან.
გარდა იდენტიფიკაციისა, თვითდასაქმებულმა უცხოელმა უნდა დაადასტუროს თავისი პროფესიული კვალიფიკაცია და გამოცდილება. სააგენტო ითხოვს ინფორმაციას განათლების დონეზე, პროფესიულ კვალიფიკაციაზე, საქმიანობის გამოცდილებაზე, კონკრეტულ უნარებზე და დამატებით ცოდნაზე. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს იმის შეფასებას, აქვს თუ არა პირს რეალური შესაძლებლობა და რესურსი განახორციელოს ის საქმიანობა, რომელსაც განაცხადში უთითებს.
მნიშვნელოვანი კომპონენტია საქმიანობის ეკონომიკური საფუძვლის შეფასებაც. თუ პირი უკვე ახორციელებს საქმიანობას საქართველოში, საჭიროა შესაბამისი საწარმოს საიდენტიფიკაციო მონაცემები და, საჭიროების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული წლიური ბრუნვის დოკუმენტი. ხოლო თუ საქმიანობის დაწყება მხოლოდ იგეგმება, აუცილებელია დეტალური ბიზნესგეგმის წარდგენა – დაგეგმილი ინვესტიციის მოცულობის, მოსალოდნელი ბრუნვის, ფინანსური უზრუნველყოფისა და საქმიანობის რეალურობის დასაბუთებით.
დამატებით, თვითდასაქმებული უცხოელი სავალდებულოდ გადის ვიდეოგასაუბრებას სააგენტოსთან. ეს ეტაპი ხაზს უსვამს იმას, რომ პროცედურა არ არის მხოლოდ დოკუმენტური – სააგენტო ამოწმებს საქმიანობის შინაარსობრივ რეალურობასა და განაცხადში მითითებული მონაცემების სანდოობას.
პრაქტიკულად, ეს ნიშნავს, რომ უცხოელი ტაქსის მძღოლი, კურიერი ან გიდი ვერ შეძლებს საქართველოში საქმიანობას მხოლოდ ინდმეწარმედ რეგისტრაციის საფუძველზე – აუცილებელია სპეციალური შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვება. ხოლო თუ იგი ცვლის საქმიანობის სფეროს, მაგალითად, კურიერობიდან გადადის ტურისტულ მომსახურებაზე, საჭირო გახდება ახალი უფლების მიღება.
3. წლიური კვოტები და შეზღუდვები
კანონმდებლობით ასევე დაწესდა კონკრეტული წლიური კვოტები გარკვეული პროფესიებისა და საქმიანობებისთვის.
მაგალითად, საკურიერო მომსახურებასა და მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშირებულ საქმიანობებზე კვოტა განისაზღვრება ნულით, რაც პრაქტიკულად ნიშნავს, რომ ამ სფეროებში შრომითი საქმიანობის უფლება არ გაიცემა.
ეს დებულება პირდაპირ მიუთითებს, რომ სახელმწიფო ახორციელებს სელექციურ შრომით პოლიტიკას და გარკვეულ სექტორებს ადგილობრივი სამუშაო ძალისთვის ინარჩუნებს.
V. გამონაკლისები – პირთა კატეგორია, ვისზეც არ ვრცელდება კანონის მოთხოვნები
კანონით დადგენილი სპეციალური სამუშაო უფლების სისტემა არ არის აბსოლუტური. ცვლილებები პირდაპირ განსაზღვრავს იმ კატეგორიებს, რომლებზეც აღნიშნული რეგულაცია არ ვრცელდება და რომელთა დასაქმება არ ექვემდებარება „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ რეჟიმს.
პირველ რიგში, გამონაკლისი ეხება იმ პირებს, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული აქვთ ლტოლვილის, დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის სტატუსი. აღნიშნული პირები უკვე იმყოფებიან განსაკუთრებული სამართლებრივი დაცვის ქვეშ და მათი შრომითი მოწყობა რეგულირდება სპეციალური ჰუმანიტარული და მიგრაციული ნორმებით. შესაბამისად, მათ მიმართ არ მოქმედებს დამატებითი სამუშაო ნებართვის მოთხოვნა.
ანალოგიური მიდგომა ვრცელდება თავშესაფრის მაძიებლებზე, რომლებიც საქართველოში ოფიციალურად არიან რეგისტრირებულნი. მათი სამართლებრივი სტატუსი და დასაქმების პირობები განისაზღვრება სპეციალური კანონმდებლობით და არ ექვემდებარება შრომითი მიგრაციის ზოგად ნებართვით სისტემას.
გამონაკლისი ასევე ეხება დიპლომატიურ და საერთაშორისო სფეროში დასაქმებულ პირებს. საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, საკონსულო დაწესებულებებში ან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებში დასაქმებულ პირებზე ვრცელდება სპეციალური სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც გამომდინარეობს საერთაშორისო სამართლის პრინციპებიდან და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების სპეციფიკიდან. ასეთ შემთხვევაში, მათი საქმიანობა არ ითვლება შიდა შრომითი ბაზრის ნაწილად შრომითი მიგრაციის კანონმდებლობის ფარგლებში.
კანონი ასევე არ ვრცელდება საქართველოში აკრედიტებული უცხოური მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ჟურნალისტებზე. მათი საქმიანობა განიხილება პროფესიული წარმომადგენლობის კონტექსტში და რეგულირდება მედიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალური წესებით.
გარდა ამისა, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება კონკრეტულ კატეგორიაზე ადგენს შრომითი მოწყობის განსხვავებულ წესს, უპირატესობა ენიჭება სწორედ იმ ხელშეკრულებით განსაზღვრულ რეგულაციას. ეს ასახავს საერთაშორისო სამართლის პრინციპს, რომლის თანახმად საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი ნორმა უპირატესია შიდა კანონთან მიმართებით.
დაბოლოს, სპეციალური სამუშაო უფლების მოთხოვნა არ ვრცელდება მოქმედი საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე პირებზე. აღნიშნული სტატუსი უკვე გულისხმობს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ სპეციალურ სამართლებრივ საფუძველს და შესაბამისად, მათთვის დამატებითი სანებართვო რეჟიმის დაწესება არ არის აუცილებელი.
სისტემურად თუ შევაფასებთ, გამონაკლისები ეფუძნება ორ მთავარ ლოგიკას: ან პირი იმყოფება განსაკუთრებული საერთაშორისო ან ჰუმანიტარული სამართლებრივი დაცვის ქვეშ, ან მას უკვე გააჩნია ისეთი სამართლებრივი სტატუსი, რომელიც დამოუკიდებლად უზრუნველყოფს საქართველოში საქმიანობის უფლებას.
VI. დამსაქმებლის ვალდებულებები
ახალი რეგულაციით დამსაქმებელზე დაწესდა მკაფიო, ეტაპობრივი და სავალდებულო პროცედურული ვალდებულებები, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.
პირველი მნიშვნელოვანი ვალდებულება უკავშირდება შრომის ბაზრის ტესტს. თუ დამსაქმებელი აპირებს შრომითი იმიგრანტის დასაქმებას, იგი ვალდებულია შრომითი საქმიანობის უფლების მოთხოვნამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღით ადრე განათავსოს შესაბამისი ვაკანსია შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში.
ამ პერიოდის განმავლობაში სააგენტო ცდილობს მოძებნოს ადგილობრივი კანდიდატი, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი კანდიდატი ვერ მოიძებნა, დამსაქმებელს შეუძლია გააგრძელოს პროცედურა და მიმართოს სააგენტოს უცხოელისთვის შრომითი საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად
თუ სააგენტო წარადგენს კანდიდატს და დამსაქმებელი უარს ამბობს მის დასაქმებაზე, იგი ვალდებულია დასაბუთებულად აცნობოს სააგენტოს უარის მიზეზი. სააგენტო განიხილავს ამ დასაბუთებას და მხოლოდ დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში გაგრძელდება უცხოელის დასაქმების პროცესი.
შემდეგ ეტაპზე დამსაქმებელი ვალდებულია სპეციალური ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარადგინოს შრომითი საქმიანობის უფლების მისაღებად საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია
ეს მოიცავს როგორც დამსაქმებლის იდენტიფიკაციის მონაცემებს, ისე უცხოელის პერსონალურ მონაცემებს, მისი კვალიფიკაციისა და სამუშაო პოზიციის აღწერას, შრომითი ხელშეკრულების ასლს და შესაბამის განაცხადს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით.
დამსაქმებელს ასევე ეკისრება შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის მომსახურების საფასურის გადახდა, რომელიც, როგორც წესი, თავად დამსაქმებლის მიერ იფარება.
თუ დამსაქმებელს სურს უკვე არსებულ შრომით იმიგრანტთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელება, იგი ვალდებულია შრომითი საქმიანობის უფლების ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე მიმართოს სააგენტოს ვადის გაგრძელების მოთხოვნით.
დამსაქმებელი ასევე ვალდებულია აცნობოს სააგენტოს შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა.
თუ სააგენტო შრომითი საქმიანობის უფლებას ვადაზე ადრე შეწყვეტს მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევის საფუძველზე, დამსაქმებელი ვალდებულია შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება და შესაბამისი ინფორმაცია წარადგინოს სისტემაში.
გარდა ამისა, დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ უცხოელმა შრომითი საქმიანობის უფლების მიღების შემდეგ დროულად მოიპოვოს შესაბამისი D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზა ან შრომითი ბინადრობის ნებართვა.
VII. სანქცია დარღვევისთვის
შრომითი მიგრაციის ახალი სამართლებრივი რეჟიმი არ შემოიფარგლება მხოლოდ სპეციალური სამუშაო უფლების გაცემის ახალი მექანიზმებით. იგი გამყარებულია მკაფიო და ფინანსურად მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობის ნორმებით, რომლებიც პირდაპირ ვრცელდება დამსაქმებელზე.
სპეციალური სამუშაო უფლების გარეშე უცხოელის დასაქმება წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სამართალდარღვევას. ასეთ შემთხვევაში დამსაქმებელს თითოეულ შრომით იმიგრანტზე ინდივიდუალურად დაეკისრება 2 000 ლარის ოდენობის ჯარიმა. აღნიშნული პასუხისმგებლობა არის პერსონალიზებული, რაც ნიშნავს, რომ თუ კომპანიაში რამდენიმე უცხოელი მუშაობს შესაბამისი უფლების გარეშე, ჯარიმა დაითვლება თითოეულ მათგანზე ცალ-ცალკე. პრაქტიკულად, 5 უცხოელის სპეციალური სამუშაო უფლების გარეშე დასაქმება პირველივე ეტაპზე კომპანიისთვის 10 000 ლარის ჯარიმას გამოიწვევს.
განმეორებითი დარღვევა იწვევს ჯარიმის ორმაგ, ხოლო შემდგომში სამმაგ ოდენობას, რაც ფინანსურ რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.
დამსაქმებლის პასუხისმგებლობა ასევე დგება შრომის ინსპექციის საქმიანობისთვის ხელის შეშლის ან უცხოელის საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში. ასეთ ვითარებაში ჯარიმის ოდენობა დამოკიდებულია კომპანიის ზომასა და ბრუნვაზე და მერყეობს 1 000 ლარიდან 7 000 ლარამდე. განმეორებითი დარღვევა კვლავ იწვევს სანქციის ორმაგი ოდენობის დაკისრებას.
პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს დამსაქმებელს შრომითი ხელშეკრულების კანონით განსაზღვრული პირობების დარღვევისთვისაც. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია როგორც გაფრთხილება, ასევე ფულადი ჯარიმა, რომლის ოდენობა დამოკიდებულია დამსაქმებლის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე და შეიძლება მერყეობდეს 200 ლარიდან 1 000 ლარამდე.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებას. თუ დამსაქმებელი არ აცნობებს შესაბამის ორგანოს შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის, მასში ცვლილების შეტანის ან ვადის გაგრძელების შესახებ, თითოეულ შრომით იმიგრანტზე ინდივიდუალურად დაეკისრება 1 000 ლარის ოდენობის ჯარიმა. განმეორებითი დარღვევა ზრდის სანქციას 2 000 ლარამდე, ხოლო შემდგომმა შემთხვევებმა შესაძლოა გამოიწვიოს უფრო მკაცრი ფინანსური შედეგები.
ასევე სანქცირებადია ის შემთხვევა, როდესაც იცვლება შრომითი საქმიანობის ტიპი ან პირობები, რომელზეც გაცემულია სპეციალური სამუშაო უფლება, ხოლო დამსაქმებელი არ უზრუნველყოფს ამ უფლების განახლებას. ასეთ შემთხვევაში გათვალისწინებულია 2 000 ლარის ოდენობის ჯარიმა, განმეორების შემთხვევაში კი – ორმაგი და შემდგომში სამმაგი ოდენობით.
სანქციების ეს სისტემა ცხადყოფს, რომ უცხოელის დასაქმება საქართველოში აღარ წარმოადგენს მხოლოდ შრომის კანონმდებლობით მოწესრიგებულ საკითხს და იგი გასცდა კერძო სამართლის მოქმედების ფარგლებს.
უცხოელის დასაქმება საქართველოში უკვე მოითხოვს მკაცრად განსაზღვრულ ადმინისტრაციულ წესებთან შესაბამისობას, სადაც თითოეული პროცედურული ნაბიჯის შეუსრულებლობა იწვევს მკაცრ ფინანსურ პასუხისმგებლობას.
ბიზნესისთვის ეს ნიშნავს, რომ უცხოელის დასაქმება უკვე უნდა განიხილებოდეს არა მხოლოდ კადრების, არამედ სამართლებრივი რისკების მართვის კონტექსტშიც.
VIII. გარდამავალი პერიოდი
საკანონმდებლო ცვლილებები განსაზღვრავს გარდამავალ პერიოდს იმ უცხოელებისთვის, რომლებიც უკვე დასაქმებულნი არიან ადგილობრივ დამსაქმებელთან და 2026 წლის 1 მარტის მდგომარეობით რეგისტრირებულნი არიან სამინისტროს ელექტრონულ სისტემაში აღნიშნულ პირებს ეკისრებათ ვალდებულება, არაუგვიანეს 2027 წლის 1 იანვრისა, მოიპოვონ როგორც შრომითი საქმიანობის სპეციალური ნებართვა, ასევე შესაბამისი კატეგორიის ბინადრობის ნებართვა.
ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ პირი რეგისტრირებულია სისტემაში და უკვე მუშაობს, მას უწევს დამატებითი ადმინისტრაციული პროცედურის გავლა, რათა მისი საქმიანობა სრულ შესაბამისობაში მოვიდეს ახალ მოთხოვნებთან. თუმცა ამისათვის გათვალისწინებულია დამატებით ათთვიანი პერიოდი დასაქმებული უცხოელების ლეგალური სტატუსის ფორმალიზებისა და ერთიან სანებართვო სისტემაში მოქცევას.
დამსაქმებლის პერსპექტივიდან ეს ნიშნავს, რომ კომპანიებმა წინასწარ უნდა დაგეგმონ შესაბამისი ნაბიჯები და არ დაელოდონ საბოლოო ვადას. წინააღმდეგ შემთხვევაში, 2027 წლის 1 იანვრის შემდეგ შრომითი ურთიერთობა შეიძლება ჩაითვალოს სპეციალური სამუშაო უფლების გარეშე განხორციელებულ საქმიანობად, რაც გამოიწვევს კანონით გათვალისწინებულ ფინანსურ პასუხისმგებლობას.
ზემოაღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით, უცხოელის დასაქმება უკვე აღარ წარმოადგენს მხოლოდ ადმინისტრაციულ ფორმალობას. პროცედურული ვადების დაცვა, შესაბამისი ნებართვების დროული მოპოვება და რეგულაციასთან შესაბამისობის მუდმივი მონიტორინგი მოითხოვს სისტემურ სამართლებრივ მიდგომას. პრაქტიკაში სწორედ ამ ეტაპზე ჩნდება რისკები, რომლებიც შეიძლება გამოიხატოს როგორც ფინანსურ სანქციებში, ისე საქმიანობის შეფერხებაში. შესაბამისად, შრომის სამართლის მიმართულებით პროფესიული იურიდიული მხარდაჭერა მნიშვნელოვანია როგორც პრევენციის, ისე შესაძლო დავების მართვის ეტაპზე. დეტალურად შრომის სამართლის მომსახურების შესახებ იხილეთ აქ.
#უცხოელისდასაქმება #შრომითიმიგრაცია #შრომისსამართალი #ბიზნესიურისტი #HR_Compliance




