ნარდობის ხელშეკრულება – რა უნდა იცოდეს ბიზნესმა სამუშაოს შესრულების, ანაზღაურების, შეწყვეტისა და ნარდობის ურთიერთობიდან გამომდინარე პოტენციური დავის რისკებთან დაკავშირებით

გიგა ადამია

ბიზნეს იურისტი | მმართველი პარტნიორი | სამართლის დოქტორი | ადვოკატი

  • ავტორი: გიგა ადამია, მმართველი პარტნიორი, სამართლის დოქტორი
  • აკადემიური პროფილი: იხილეთ გიგა ადამიას Academia.edu პროფილი, სადაც ხელმისაწვდომია მისი სამეცნიერო ნაშრომები და აკადემიური საქმიანობის შესახებ ინფორმაცია.
  • კატეგორია: სახელშეკრულებო სამართალი / ბიზნეს სამართალი
  • კითხვის დრო: 8–10 წუთი
  • საკვანძო სიტყვა: ნარდობის ხელშეკრულება

I. სტატიის შესახებ

1. რატომ არის ეს საკითხი მნიშვნელოვანი?

ნარდობის ხელშეკრულება ბიზნეს ურთიერთობებში ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული და ხშირად გამოყენებადი ხელშეკრულებაა. იგი გამოიყენება მაშინ, როდესაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას შეასრულოს კონკრეტული სამუშაო, ხოლო მეორე მხარე ვალდებულია გადაიხადოს შეთანხმებული საზღაური. ასეთი ურთიერთობები განსაკუთრებით ხშირია სამშენებლო, სარემონტო, საინჟინრო, საწარმოო, საპროექტო, ტექნიკურ და სხვა ბიზნეს საქმიანობაში.

ნარდობის ხელშეკრულების მთავარი თავისებურება ის არის, რომ მისი ცენტრი არის არა მხოლოდ მოქმედების შესრულება, არამედ კონკრეტული შედეგის მიღწევა. მენარდის ვალდებულება, როგორც წესი, გულისხმობს არა უბრალოდ გარკვეული სამუშაო პროცესის განხორციელებას, არამედ შემკვეთისთვის შეთანხმებული სამუშაოს შედეგის გადაცემას.

ჩვენი პრაქტიკით, ნარდობის ხელშეკრულებებთან დაკავშირებული დავების მნიშვნელოვანი ნაწილი იწყება მაშინ, როდესაც მხარეებს თავიდანვე არ აქვთ ზუსტად განსაზღვრული სამუშაოს შედეგი, შესრულების ვადები, მიღება-ჩაბარების წესი, ხარჯთაღრიცხვა, ანაზღაურების გადახდის წინაპირობები და ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგები.

სწორედ ამიტომ, ნარდობის ხელშეკრულება არ უნდა განიხილებოდეს როგორც მარტივი შეთანხმება სამუშაოს შესრულებაზე. იგი მოითხოვს მკაფიო სამართლებრივ სტრუქტურას, რადგან ნებისმიერი გაურკვევლობა შემდგომში შეიძლება გადაიზარდოს შესრულების ხარისხთან, ვადებთან, ანაზღაურებასთან, ზიანთან, ხელშეკრულების შეწყვეტასთან ან სხცა საკითხებთან დაკავშირებულ დავაში.

2. რაში დაგეხმარებათ ეს სტატია?

ეს სტატია დაგეხმარებათ გაიგოთ, რას ნიშნავს ნარდობის ხელშეკრულება, რით განსხვავდება იგი ქირავნობისგან, რა ძირითადი ვალდებულებები აქვთ მენარდესა და დამკვეთს და რა რისკები შეიძლება წარმოიშვას ნარდობის ხელშეკრულების დროს.

სტატიაში განვიხილავთ ნარდობის საფასურის განსაზღვრის წესს, შეცვლილი გარემოებების გამო ქირის გადახედვის შესაძლებლობას, ნარდობის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობებს, ნარდობის საფასურის მოთხოვნაზე ხანდაზმულობის ვადას და უზენაესი სასამართლოს უახლეს პრაქტიკას.

3. რა წყაროებს ეყრდნობა სტატია?

სტატია მომზადებულია შემდეგ წყაროებზე დაყრდნობით:

  • საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი დებულებები;
  • საქართველოს უზენაესი სასამართლოს უახლესი პრაქტიკა ნარდობის ხელშეკრულებებთან დაკავშირებულ დავებზე;
  • მოწინავე ქართული და გერმანულენოვანი იურიდიული ლიტერატურა;
  • TB Legal-ის პრაქტიკული გამოცდილება სახელშეკრულებო, უძრავი ქონებისა და ბიზნეს დავებთან დაკავშირებულ საკითხებში.

II.       რა არის ნარდობის ხელშეკრულება?

საქართველოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

ნარდობა არის სამუშაოს შესრულების ტიპის ხელშეკრულება. მისი მთავარი სამართლებრივი შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ მენარდემ უნდა შეასრულოს კონკრეტული სამუშაო და შემკვეთს გადასცეს შესრულებული სამუშაოს შედეგი. შემკვეთის ძირითადი ვალდებულება კი არის შეთანხმებული საზღაურის გადახდა.

უზენაესი სასამართლოს განმარტებით, ნარდობის ხელშეკრულება არის ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულება. ორმხრივია, რადგან ორივე მხარეს აქვს უფლება და ვალდებულება; კონსესუალურია, რადგან იგი მხარეთა შეთანხმებით წარმოიშობა; სასყიდლიანია, რადგან სამუშაოს შესრულება უკავშირდება ანაზღაურებას.

ნარდობის ხელშეკრულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნეს ურთიერთობებში, რადგან იგი აწესრიგებს უშუალოდ სამუშაოს შესრულების პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს. ასეთ ხელშეკრულებაში მხარეთა ინტერესები, როგორც წესი, დაკავშირებულია კონკრეტულ შედეგთან: შესრულებულ სამუშაოსთან, დამზადებულ ნაკეთობასთან, დასრულებულ პროექტთან ან სხვა მატერიალურად შეფასებად შედეგთან.

III. რით განსხვავდება ნარდობა მომსახურების ხელშეკრულებისგან?

ნარდობის ხელშეკრულებასთან ახლოს დგას მომსახურების ხელშეკრულება, თუმცა მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა.

ნარდობის ხელშეკრულების საგანია შესრულებული სამუშაოს შედეგი. თუ არ არსებობს შეთანხმებული შედეგი, როგორც წესი, შეიძლება დადგეს სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობის საკითხი. სწორედ ამიტომ, ნარდობაში შედეგი ცენტრალური ელემენტია.

მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაში კი აქცენტი ხშირად კეთდება მოქმედების, პროცესის ან პროფესიული მომსახურების გაწევაზე, რომლის შედეგი შეიძლება იყოს არამატერიალური ხასიათის. მაგალითად, საკონსულტაციო, საინფორმაციო, აუდიტორული, ტურისტული ან სხვა მსგავსი მომსახურებები, როგორც წესი, მომსახურების ხელშეკრულების ლოგიკას უახლოვდება.

თუმცა პრაქტიკაში ზღვარი ყოველთვის მარტივი არ არის. ზოგიერთი საკონსულტაციო ან ტექნიკური ხელშეკრულება შეიძლება შეიცავდეს როგორც მომსახურების, ისე ნარდობის ელემენტებს. ასეთ დროს გადამწყვეტია, რა იყო მხარეთა ძირითადი შეთანხმება: კონკრეტული შედეგის მიღწევა თუ მომსახურების პროცესის გაწევა.

ჩვენი იურიდიული ფირმის პრაქტიკა აჩვენებს, რომ მხარეებს ხშირად ერევათ ნარდობა და მომსახურება. ეს შეცდომა შეიძლება მნიშვნელოვანი გახდეს დავის დროს, რადგან ნარდობის შემთხვევაში სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სამუშაოს შედეგს, მის ჯეროვან შესრულებას, მიღება-ჩაბარებას და ანაზღაურების წარმოშობის წინაპირობებს.

IV. რა ფორმით შეიძლება დაიდოს ნარდობის ხელშეკრულება?

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ნარდობის ხელშეკრულებისთვის სპეციალურ სავალდებულო ფორმას არ ადგენს. ეს ნიშნავს, რომ ნარდობის ხელშეკრულება ფორმათავისუფალ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება და შეიძლება დაიდოს როგორც წერილობით, ისე ზეპირად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის მოთხოვნილი.

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, მხოლოდ ის გარემოება, რომ მხარეებს შორის წერილობითი ხელშეკრულება არ არსებობს, ავტომატურად არ გამორიცხავს ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას. კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება შეფასდეს მხარეთა ქცევა, მიმოწერა, შესრულებული სამუშაო, გადახდები, მიღება-ჩაბარების ფაქტი და სხვა მტკიცებულებები.

მიუხედავად ამისა, ბიზნეს ურთიერთობებში ნარდობის ხელშეკრულების წერილობით დადება პრაქტიკულად აუცილებელია. ზეპირი შეთანხმება შეიძლება სამართლებრივად დასაშვები იყოს, მაგრამ დავის შემთხვევაში ის ზრდის მტკიცების სირთულეს.

ჩვენი პრაქტიკით, წერილობითი ხელშეკრულების არარსებობისას ხშირად ძირითადი სადავო საკითხი ხდება იმის განსაზღვრა თუ რა იყო შეთანხმებული სამუშაოს მოცულობა, რა ვადა იყო განსაზღვრული, რა ხარისხის შედეგი უნდა მიეღო შემკვეთს და რა ოდენობის ანაზღაურება იყო შეთანხმებული.

V. რა ვალდებულებები აქვთ მენარდესა და შემკვეთს?

ნარდობის ხელშეკრულებით მენარდის ძირითადი ვალდებულებაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება. ეს შესრულება უნდა იყოს ჯეროვანი, კეთილსინდისიერი და იგი უნდა განხორციელდეს შეთანხმებულ დროსა და შეთანხმებულ ადგილზე.

მენარდე ვალდებულია შემკვეთს წარუდგინოს ისეთი შედეგი, რომელიც შეესაბამება ხელშეკრულების პირობებს. თუ ხელშეკრულება ითვალისწინებს ნაკეთობის დამზადებას, მენარდემ უნდა წარადგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა.

შემკვეთის ძირითადი ვალდებულებაა შეთანხმებული საზღაურის გადახდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 648-ე მუხლის მიხედვით, შემკვეთი მოვალეა გადაუხადოს მენარდეს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას.

ამიტომ, ნარდობის ხელშეკრულებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმის განსაზღვრას, როდის ითვლება სამუშაო შესრულებულად, რა დოკუმენტით დასტურდება შესრულება, როგორ ხდება მიღება-ჩაბარება და რა შემთხვევაში წარმოიშობა ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

VI. როდის წარმოეშობა მენარდეს ანაზღაურების მოთხოვნის უფლება?

მენარდეს ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, როგორც წესი, წარმოეშობა მაშინ, როდესაც მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულა ჯეროვნად და შემკვეთს წარუდგინა შესრულებული სამუშაოს შედეგი.

თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას, შემკვეთის ვალდებულება გადაიხადოს საზღაური წარმოიშობა სამუშაოს შესრულების შემდეგ. თუ ხელშეკრულება ითვალისწინებს ეტაპობრივ გადახდას, მაშინ თითოეული ეტაპის შესრულებამ შეიძლება დამოუკიდებლად წარმოშვას შესაბამისი ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, ნარდობის ურთიერთობაში მენარდემ უნდა მიუთითოს და დაამტკიცოს, რომ მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულა ჯეროვნად. მხოლოდ სამუშაოს შესრულების ზოგადი მითითება საკმარისი არ არის.

TB Legal-ის გამოცდილებით, ანაზღაურებასთან დაკავშირებული დავების დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მიღება-ჩაბარების აქტებს, ინვოისებს, მიმოწერას, შესრულების დამადასტურებელ ფოტო/ვიდეო მასალას, ექსპერტიზას და სხვა მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებს შესრულებული სამუშაოს მოცულობასა და ხარისხს.

VII. რა მნიშვნელობა აქვს შესრულებული სამუშაოს შედეგს?

ნარდობის ხელშეკრულებაში შესრულებული სამუშაოს შედეგი ცენტრალური მნიშვნელობის მატარებელია. ნარდობა არ ამოიწურება მხოლოდ იმით, რომ მენარდემ გარკვეული მოქმედებები განახორციელა. მნიშვნელოვანია, მიღწეულია თუ არა ის შედეგი, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ.

თუ სამუშაო მოიცავს ნაკეთობის დამზადებას, მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა. ნივთობრივად უნაკლოა ნაკეთობა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს, ხოლო თუ ასეთი პირობები არ არის შეთანხმებული, მაშინ იგი უნდა იყოს ვარგისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისთვის.

უფლებრივად უნაკლოა ნაკეთობა, თუ მესამე პირებს არ შეუძლიათ გამოიყენონ რაიმე უფლებები შემკვეთის წინააღმდეგ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ნარდობა უკავშირდება ისეთ შედეგს, რომლის გამოყენებაც შეიძლება დაკავშირებული იყოს მესამე პირთა უფლებებთან, ნებართვებთან, ტექნიკურ პირობებთან ან სხვა სამართლებრივ შეზღუდვებთან.

პრაქტიკაში ხშირად სწორედ აქ ჩნდება დავა: მენარდე ამტკიცებს, რომ სამუშაო შეასრულა, ხოლო შემკვეთი მიუთითებს, რომ მიღებული შედეგი არ შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს ან არ არის ვარგისი მიზნობრივი გამოყენებისთვის.

VIII. რა როლი აქვს სამუშაოს შესრულების ვადების განსაზღვრას?

ნარდობის ხელშეკრულებაში ვადებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მენარდის ერთ-ერთი ძირითადი ვალდებულებაა შეთანხმებული სამუშაოს დროულად შესრულება.

მხარეებმა შეიძლება განსაზღვრონ როგორც სამუშაოს დასრულების საბოლოო ვადა, ისე სამუშაოს დაწყების და შუალედური ვადები. ზოგიერთ შემთხვევაში შესრულების დრო შეიძლება იყოს ხელშეკრულების ერთ-ერთი არსებითი პირობა – time is of the essence. ასეთ დროს ვადის დარღვევამ შეიძლება შემკვეთისთვის სამუშაოს მიღების ინტერესი მთლიანად გააქროს.

თუ ხელშეკრულებით შესრულების ვადა არ არის განსაზღვრული, შესრულება უნდა მოხდეს გონივრულ ვადაში. გონივრული ვადა შეფასებითი კატეგორიაა და დამოკიდებულია სამუშაოს ხასიათზე, მოცულობაზე, ტექნიკურ სირთულეზე, მხარეთა ურთიერთობაზე და სხვა გარემოებებზე.

უზენაესი სასამართლოს განმარტებით, მენარდის მიერ ვადის გადაცილებად შეიძლება ჩაითვალოს შემთხვევა, როდესაც დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა ან შესრულების ვადის დადგომის შემდეგ შემკვეთის გაფრთხილების მიუხედავად მენარდე მაინც არ ასრულებს ვალდებულებას.

ჩვენი პრაქტიკით, ნარდობის ხელშეკრულებაში ვადების ზოგადი ფორმულირება ხშირად ქმნის დავის რისკს. ამიტომ ხელშეკრულებაში მიზანშეწონილია მკაფიოდ განისაზღვროს სამუშაოს დაწყების თარიღი, შუალედური ეტაპები, დასრულების ვადა, დაგვიანების შედეგები და ის შემთხვევები, როდესაც ვადის გაგრძელება დასაშვებია.

IX. როდის შეუძლია შემკვეთს ნარდობის ხელშეკრულებაზე უარის თქმა?

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლის მიხედვით, შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ნარდობის ხელშეკრულებაზე. თუმცა ასეთ შემთხვევაში მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი.

ეს ნორმა ნარდობის სამართალში განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. იგი შემკვეთს აძლევს მოქნილობას, სამუშაოს დასრულებამდე უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუნდაც ამისთვის სპეციალური დარღვევის არსებობა აუცილებელი არ იყოს. თუმცა ამ მოქნილობას აბალანსებს მენარდის დაცვის მექანიზმი – შესრულებული სამუშაოსა და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

ეს წესი განასხვავებს ნარდობის ხელშეკრულებას გრძელვადიანი მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტისგან. თუ ნარდობის შემთხვევაში შემკვეთს სამუშაოს დასრულებამდე აქვს ხელშეკრულებაზე უარის თქმის სპეციალური შესაძლებლობა, გრძელვადიანი მომსახურების ან სხვა გრძელვადიანი სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტა, როგორც წესი, უნდა შეფასდეს განსხვავებული სამართლებრივი სტანდარტით – მათ შორის, პატივსადები საფუძვლის, ორმხრივი ინტერესების, გაფრთხილების, გონივრული ვადისა და სსკ-ის 399-ე მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით. ამ საკითხზე დამატებით იხილეთ ჩვენი ბლოგი: ხელშეკრულების შეწყვეტა – რა უნდა იცოდეს ბიზნესმა სსკ-ის 399-ე მუხლის შესახებ.

ნარდობის ხელშეკრულებაზე უარის თქმისას ბიზნესმა წინასწარ უნდა შეაფასოს, რა სამუშაოა უკვე შესრულებული, რა ხარჯები გასწია მენარდემ, რა მტკიცებულებები არსებობს, როგორ უნდა გაფორმდეს შეწყვეტის შეტყობინება და რა ფინანსური შედეგი შეიძლება მოჰყვეს ხელშეკრულების მოშლას.

X. რა უნდა აუნაზღაურდეს მენარდეს ხელშეკრულების შეწყვეტისას?

თუ შემკვეთი სამუშაოს დასრულებამდე უარს ამბობს ნარდობის ხელშეკრულებაზე, მას ეკისრება მენარდის მიმართ ორი ძირითადი ვალდებულება: შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

შესრულებული სამუშაო ნიშნავს იმ ნაწილს, რომელიც მენარდემ ფაქტობრივად შეასრულა ხელშეკრულების მოშლამდე. ასეთი სამუშაო უნდა შეფასდეს ხელშეკრულების პირობების, შესრულების მოცულობის, ხარისხის და მტკიცებულებების საფუძველზე.

ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი შეიძლება მოიცავდეს იმ ხარჯებსაც, რომლებიც მენარდემ გასწია კონკრეტული ხელშეკრულების მიზნებისთვის. მაგალითად, სპეციფიკური მასალების ან მოწყობილობების შეძენა, ტექნიკური საშუალებების დაქირავება, კონკრეტული სპეციალისტების მოწვევა, სამუშაო იარაღის ან მანქანა-დანადგარების დაქირავება და სხვა მსგავსი ხარჯები.

ამასთან, მენარდეს ეკისრება მტკიცების ტვირთი, დაადასტუროს, რა სამუშაო შეასრულა და რა ზიანი მიადგა ხელშეკრულების მოშლით. მხოლოდ ზოგადი მითითება მოსალოდნელ ზიანზე საკმარისი არ არის.

XI. რა ხდება, თუ შემკვეთის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი მენარდის მიერ ვალდებულების დარღვევაა?

სხვა ვითარებაა, როდესაც შემკვეთი ნარდობის ხელშეკრულებას წყვეტს არა უბრალოდ საკუთარი გადაწყვეტილებით, არამედ მენარდის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევის გამო.

მაგალითად, მენარდე შეიძლება დროულად არ შეუდგეს სამუშაოს შესრულებას, სამუშაოს ისე ნელა ასრულებდეს, რომ მისი დასრულება ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში შეუძლებელი გახდეს, ან შესრულება არ შეესაბამებოდეს შეთანხმებულ პირობებს.

თუ ხელშეკრულების მოშლის საფუძველია სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევა, ხელშეკრულების მოშლა, როგორც წესი, დასაშვებია მხოლოდ ნაკლოვანებათა აღმოფხვრისათვის დადგენილი ვადის უშედეგოდ გასვლის ან უშედეგო გაფრთხილების შემდეგ.

ამიტომ, მენარდის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო ხელშეკრულების შეწყვეტამდე შემკვეთმა უნდა გააგზავნოს მკაფიო გაფრთხილება, დააფიქსიროს დარღვევის შინაარსი, მისცეს გამოსწორების გონივრული ვადა, თუ ეს კონკრეტულ შემთხვევაში საჭიროა, და შეინახოს შესაბამისი მტკიცებულებები.

ჩვენი იურიდიული ფირმის პრაქტიკა აჩვენებს, რომ ნარდობის ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებულ დავებში ხშირად გადამწყვეტი ხდება არა მხოლოდ დარღვევის არსებობა, არამედ ისიც, რამდენად სწორად იყო დოკუმენტირებული გაფრთხილება, გამოსწორების ვადა და შემდგომი შეწყვეტის პროცედურა.

XII. რა მნიშვნელობა აქვს ხარჯთაღრიცხვას ნარდობის ხელშეკრულებაში?

ხარჯთაღრიცხვა ნარდობის ხელშეკრულებაში, განსაკუთრებით სამშენებლო ნარდობის ხელშეკრულებაში, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე დოკუმენტია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სამუშაო რთულია, რამდენიმე ეტაპს მოიცავს ან დაკავშირებულია მნიშვნელოვან მასალებთან და ტექნიკურ რესურსებთან.

ხარჯთაღრიცხვა შეიძლება იყოს მყარი ან მიახლოებითი. მყარი ხარჯთაღრიცხვის დროს ზუსტად არის განსაზღვრული საზღაურის ოდენობა, რომელიც შემკვეთმა უნდა გადაიხადოს შესრულებული სამუშაოსთვის. მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის შემთხვევაში კი სამუშაოს მიმდინარეობის პროცესში შესაძლებელია ხარჯების ზრდა ან შემცირება.

თუ ხარჯთაღრიცხვა მიახლოებითია და მენარდე მას მნიშვნელოვნად აჭარბებს, მან ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს შემკვეთს. თუ მენარდე ასეთ შეტყობინებას არ გაგზავნის და მაინც გააგრძელებს სამუშაოს შესრულებას, შემდგომში შეიძლება დაკარგოს უფლება, მოითხოვოს ფასებს შორის სხვაობის ანაზღაურება.

მყარი ხარჯთაღრიცხვის შემთხვევაში განსხვავებული მდგომარეობაა. თუ მხარეებმა ზუსტად განსაზღვრეს ფასი, მენარდე, როგორც წესი, ვერ მოითხოვს გადახარჯვის ანაზღაურებას მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ სამუშაოს შესრულება უფრო ძვირი დაუჯდა. ასეთ შემთხვევაში შეიძლება დღის წესრიგში დადგეს მხოლოდ შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგების საკითხი, თუ ამის სამართლებრივი წინაპირობები არსებობს.

პრაქტიკაში ხარჯთაღრიცხვის არაზუსტი ფორმულირება ხშირად იწვევს დავას იმაზე, იყო თუ არა ფასი საბოლოო, შეეძლო თუ არა მენარდეს დამატებითი თანხის მოთხოვნა და ჰქონდა თუ არა შემკვეთს უფლება უარი ეთქვა გაზრდილი ანაზღაურების გადახდაზე.

XIII. რა არის „წარმატების საფასური“ და როდის წარმოიშობა მისი გადახდის ვალდებულება?

ხელშეკრულებებში ზოგჯერ მხარეები ითვალისწინებენ დამატებით ანაზღაურებას, რომელიც დამოკიდებულია არა მხოლოდ სამუშაოს შესრულებაზე, არამედ კონკრეტული შედეგის მიღწევაზე. ასეთ ანაზღაურებას პრაქტიკაში ხშირად შეიძლება ეწოდოს „წარმატების საფასური“.

ასეთი დათქმა ნიშნავს, რომ შემსრულებელი იღებს დამატებით ანაზღაურებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგება ხელშეკრულებით განსაზღვრული შედეგი. ეს შეიძლება იყოს პროექტის წარმატებით დასრულება, კონკრეტული ნებართვის მიღება, სასამართლო დავის მოგება, ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება ან სხვა წინასწარ განსაზღვრული შედეგი.

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ხაზს უსვამს, რომ ასეთ შემთხვევაში გადამწყვეტია ხელშეკრულებით განსაზღვრული წინაპირობების ზუსტი ანალიზი. თუ დამატებითი ანაზღაურება დამოკიდებულია რამდენიმე კუმულატიურ პირობაზე, მაშინ ერთ-ერთი პირობის შეუსრულებლობამ შეიძლება გამორიცხოს საბოლოო ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

ამიტომ, თუ ნარდობის ან შერეული ტიპის ხელშეკრულება ითვალისწინებს შედეგზე დამოკიდებულ ანაზღაურებას, მხარეებმა მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ: რა არის წარმატება, როდის ითვლება შედეგი მიღწეულად, რა მტკიცებულებით დასტურდება შედეგი და რა ხდება ნაწილობრივი შესრულების შემთხვევაში.

XIV. რა უნდა გაითვალისწინოს ბიზნესმა ნარდობის ხელშეკრულების დადებამდე?

ნარდობის ხელშეკრულების დადებამდე ბიზნესმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს სამუშაოს საგნის ზუსტ აღწერას, შედეგის კრიტერიუმებს, შესრულების ვადებს, შუალედურ ეტაპებს, მიღება-ჩაბარების წესს, ხარისხის სტანდარტებს, ხარჯთაღრიცხვას, დამატებითი სამუშაოების შეთანხმების წესს, ანაზღაურების პირობებს და ხელშეკრულების შეწყვეტის მექანიზმს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განისაზღვროს, რა ხდება მაშინ, თუ სამუშაო დაგვიანდა, შედეგი არ შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს, ხარჯები გაიზარდა, შემკვეთი აღარ არის დაინტერესებული სამუშაოს გაგრძელებით ან მენარდე ითხოვს დამატებით ანაზღაურებას.

TB Legal-ის გამოცდილებით, ნარდობის ხელშეკრულებაში ყველაზე დიდი რისკი ხშირად წარმოიშობა მაშინ, როდესაც მხარეები ხელშეკრულების დასაწყისში მხოლოდ ფასსა და ზოგად სამუშაოს აღწერენ, მაგრამ არ განსაზღვრავენ დავის დროს ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს: რა არის შედეგი, როგორ მოწმდება იგი, როდის ითვლება სამუშაო მიღებულად და რა ხდება ხელშეკრულების შეწყვეტისას.

ამასთან, დაუშვებელია ხელშეკრულებით გათალისწინებულ იქნეს ისეთი დებულებები, რომელიც ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ნამდვილი ნარდობის ხელშეკრულების ნაცვლად, სახეზე იქნება ბათილი გარიგება, რომელიც ვერ წარმოშობს რაიმე სახის სამართლებრივ შედეგებს. ამ საკითხთან დაკავშირებით იხილეთ ჩვენი დეტალური ბლოგი – კანონსაწინააღმდეგო გარიგება – როცა ხელშეკრულება სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს.

XV. ხშირად დასმული კითხვები

1. რა არის ნარდობის ხელშეკრულება?

ნარდობის ხელშეკრულება არის შეთანხმება, რომლის საფუძველზეც მენარდე იღებს ვალდებულებას შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს შეთანხმებული საზღაური.

2. რით განსხვავდება ნარდობა მომსახურების ხელშეკრულებისგან?

ნარდობის ხელშეკრულების მთავარი ელემენტია შესრულებული სამუშაოს შედეგი, ხოლო მომსახურების ხელშეკრულებაში აქცენტი უფრო ხშირად კეთდება მომსახურების გაწევის პროცესზე ან არამატერიალურ შედეგზე.

3. შეიძლება თუ არა ნარდობის ხელშეკრულება დაიდოს ზეპირად?

დიახ, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით წერილობითი ფორმა სავალდებულო არ არის. თუმცა ბიზნეს ურთიერთობებში წერილობითი ხელშეკრულება მნიშვნელოვნად ამცირებს მტკიცების და დავის რისკს.

4. როდის უნდა გადაიხადოს შემკვეთმა მენარდის ანაზღაურება?

თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას, შემკვეთი, როგორც წესი, ვალდებულია გადაიხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ.

5. შეუძლია თუ არა შემკვეთს ნარდობის ხელშეკრულებაზე უარის თქმა სამუშაოს დასრულებამდე?

დიახ. სსკ-ის 636-ე მუხლის მიხედვით, შემკვეთს შეუძლია სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი.

6. რა უნდა დაამტკიცოს მენარდემ ანაზღაურების მოთხოვნისას?

მენარდემ უნდა დაამტკიცოს, რომ მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულა ჯეროვნად, შეთანხმებულ მოცულობაში და შესაბამისი ხარისხით.

7. რა მნიშვნელობა აქვს ხარჯთაღრიცხვას?

ხარჯთაღრიცხვა განსაზღვრავს სამუშაოს ღირებულებას. იგი შეიძლება იყოს მყარი ან მიახლოებითი. მის სამართლებრივ ბუნებაზეა დამოკიდებული, შეუძლია თუ არა მენარდეს გადახარჯვის ანაზღაურების მოთხოვნა.

8. როდის უნდა მიმართოს ბიზნესმა იურისტს ნარდობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით?

იურისტის ჩართვა სასურველია ხელშეკრულების დადებამდე, ასევე მაშინ, როდესაც წარმოიშობა დავა სამუშაოს ხარისხზე, ვადებზე, ანაზღაურებაზე, ხარჯთაღრიცხვაზე ან ხელშეკრულების შეწყვეტაზე.

XVI. როგორ დაგეხმარებათ TB Legal?

TB Legal სახელშეკრულებო იურიდიული მომსახურების ფარგლებში ეხმარება ბიზნესებს ნარდობის ხელშეკრულებების მომზადებაში, არსებული ხელშეკრულებების სამართლებრივ შეფასებაში, სამუშაოს შესრულებასთან, ანაზღაურებასთან, ხარჯთაღრიცხვასთან, ვადების დარღვევასთან, მიღება-ჩაბარებასთან და ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებული რისკების ანალიზში.

ჩვენი მიდგომა ეფუძნება არა მხოლოდ ხელშეკრულების ტექსტის ფორმალურ ანალიზს, არამედ მხარეთა რეალური კომერციული ინტერესების, სასამართლო პრაქტიკის, მტკიცებულებებისა და შესაძლო დავის რისკების შეფასებას.

თუ გეგმავთ ნარდობის ხელშეკრულების დადებას, არსებული ხელშეკრულების შეცვლას, მენარდესთან ან შემკვეთთან დავის გადაწყვეტას ან ნარდობის ხელშეკრულების შეწყვეტას, მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღებამდე სამართლებრივი კონსულტაციის მიღება.

XVII. დასკვნა

ნარდობის ხელშეკრულება ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი სამართლებრივი ინსტრუმენტია, რადგან იგი უკავშირდება კონკრეტული სამუშაოს შესრულებას, შედეგის მიღწევას და შეთანხმებული საზღაურის გადახდას.

ასეთი ხელშეკრულება განსაკუთრებით ფრთხილად უნდა მომზადდეს მაშინ, როდესაც სამუშაო რთულია, რამდენიმე ეტაპს მოიცავს, დამოკიდებულია ხარჯთაღრიცხვაზე, ვადებზე, მიღება-ჩაბარებაზე ან შედეგზე დამოკიდებულ ანაზღაურებაზე.

სწორად შედგენილი ნარდობის ხელშეკრულება ამცირებს დავის რისკს და მხარეებს წინასწარ აძლევს პასუხს მთავარ კითხვებზე: რა უნდა შესრულდეს, როდის უნდა შესრულდეს, როგორ უნდა დადასტურდეს შესრულება, როდის წარმოიშობა ანაზღაურების მოთხოვნის უფლება და რა ხდება ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში.

თუ გეგმავთ ნარდობის ხელშეკრულების დადებას, არსებული ხელშეკრულების შეფასებას, სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებულ დავას ან ხელშეკრულების შეწყვეტას, დაგვიკავშირდით და TB Legal დაგეხმარებათ სამართლებრივი რისკების ანალიზში, სწორი სტრატეგიის შერჩევასა და თქვენი ბიზნეს ინტერესების დაცვაში.

XVIII. გამოყენებული უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები

სტატიაში გამოყენებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი გადაწყვეტილებები და განჩინებები:

  1. საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქმე №ას-1222-2025, 22 იანვარი, 2026 წელი, ქ. თბილისი.
  2. საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქმე №ას-186-2025, 26 თებერვალი, 2026 წელი, ქ. თბილისი.
  3. საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქმე №ას-60-2025, 27 თებერვალი, 2025 წელი, ქ. თბილისი.
  4. საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქმე №ას-1236-2023, 27 თებერვალი, 2026 წელი, ქ. თბილისი.
  5. საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქმე №ას-1074-2025, 6 მარტი, 2026 წელი, ქ. თბილისი.
  6. საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქმე №ას-936-2025, 12 მარტი, 2026 წელი, ქ. თბილისი.
  7. საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქმე №ას-1283-2025, 12 მარტი, 2026 წელი, ქ. თბილისი.
  8. საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქმე №ას-94-2026, 31 მარტი, 2026 წელი ქ. თბილისი.

წინამდებარე სტატია მომზადებულია ზოგადი საინფორმაციო მიზნებისთვის და არ წარმოადგენს ინდივიდუალურ სამართლებრივ კონსულტაციას ან იურიდიულ დასკვნას. სტატიაში განხილული საკითხები შეიძლება განსხვავებულად შეფასდეს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების, ხელშეკრულების პირობების, მხარეთა ქცევისა და შესაბამისი მტკიცებულებების გათვალისწინებით. კონკრეტულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე რეკომენდებულია კვალიფიციური იურისტისგან ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციის მიღება.

სამართლებრივი კონსულტაცია

დაგვირეკეთ

+995 551 29 33 88

მოგვწერეთ

contact@tblegal.ge

გაზიარება

პოპულარული ბლოგები