I. შესავალი
ვინაიდან საქართველოში ბოლო პერიოდში აქტიურად განიხილება მსხვილი საცალო სავაჭრო ქსელების რეგულირება, გადავწყვიტე თქვენთვის გამეცნო საერთაშორისო ანტიმონოპოლიური მიდგომები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აგვარებენ ამ პრობლემას სხვადასხვა მოწინავე მართლწესრიგებში.
ევროპის არაერთ ქვეყანაში არსებობს სპეციალური რეგულაციები მსხვილი საცალო მოვაჭრეებისთვის და ქართულ სამართლებრივ დისკუსიაშიც ევროპული კანონმდებლობისა და დირექტივების შედარება უკვე პრაქტიკულად ჩვევად გვექცა.
ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების სამართალი, ბუნებრივია, ქართული სამართლებრივი რეფორმების ერთ-ერთი მთავარი საყრდენია, თუმცა არანაკლებ საინტერესოა განსხვავებული პერსპექტივების ანალიზიც.
ამ კუთხით განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს იაპონური მოდელი.
იაპონური მართლწესრიგი გვთავაზობს ალტერნატიულ, სისტემურად მარტივად აღსაქმელ და საკმაოდ დახვეწილ მიდგომას, რომელიც კონკურენციის (ანტიმონოპოლიური) კანონმდებლობის ფარგლებშივე აწესრიგებს ეკონომიკის ამ სეგმენტში არსებულ კომერციულ ურთიერთობებს.
შესაბამისად, ამ სტატიაში გთავაზობთ მიმწოდებლებს/დისტრიბუტორებსა და მსხვილ სავაჭრო ქსელებს შორის ურთიერთობების მომწესრიგებელი იაპონური მოდელის ძირითად პრინციპებსა და მახასიათებლებს – როგორც შესაძლო კონცეპტუალურ ალტერნატივას ქართულ სამართლებრივ დისკუსიაში.
II. იაპონური მოდელის ზოგადი სისტემა
იაპონიაში მსხვილი საცალო სავაჭრო ქსელების რეეგულირება და შესაბამისი სისტემა არ არის ჩამოყალიბებული ცალკე სპეციალური კანონმდებლობით.
ეს სისტემა ინტეგრირებულია კონკურენციის (ანტიმონოპოლიურ) კანონში Act on Prohibition of Private Monopolization and Maintenance of Fair Trade (Antimonopoly Act, AMA) და მისი აღსრულება ხორციელდება იაპონიის კონკურენციის ორგანოს – Japan Fair Trade Commission-ის (შემდგომში – JFTC) მიერ.
იაპონიის ანტიმონოპოლიუირი აქტი JFTC-ის ანიჭებს უფლებამოსილებას წინასწარ განსაზღვროს მსხვილი საცალო სავაჭრო ქსელის პარამეტრებიც და ამ ქსელის ის კონკრეტული ქმედებები, რომელიც ჩაითვლება უსამართლო კომერციულ პრაქტიკად და კონკურენციის კანონით აკრძალულ ქმედებად.
აღნიშნულის შესაბამისად, 2005 წელს JFTC-ის მიერ მიღებულ იქნა სპეციალური დადგენილება – Designation of Specific Unfair Trade Practices by Large-Scale Retailers Relating to Trade with Suppliers.
ეს დოკუმენტი წარმოადგენს მსხვილი საცალო სავაჭრო ქსელების საქმიანობის მარეგულირებელი იაპონური მოდელის ბირთვს და მიზნად ისახავს მომწოდებლებსა/დისტრიბუტორებსა და სავაჭრო ქსელების ურთიერთობებში საბაზრო ძალაუფლებათა ასიმეტრიის დაბალანსებას.
დასახელებული აქტების საფუძველზე ჩამოყალიბებული სისტემა ეფუძნება შემდეგ ლოგიკასა და პრინციპებს:
1. კონკრეტული კომპანიის მსხვილ საცალო სავაჭრო ქსელად კვალიფიკაცია ხდება გარკვეულ წინასწარ განსაზღვრულ ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით (ძირითადად ფინანსური ბრუნვა და სავაჭრო სივრცის ფართობი);
2. მსხვილ საცალო სავაჭრო ქსელზე ვრცელდება წინასწარ განსაზღვრული სპეციალური ქცევითი აკრძალვები;
3. მსხვილი საცალო სავაჭრო ქსელის კონკრეტულ ქცევათა შეფასება ხდება კონკრეტული კომერციული ურთიერთობის კონტექსტში;
4. მსხვილ საცალო სავაჭრო ქსელების მარეგულირებელი კანონმდებლობის აღსრულება ხორციელდება ადმინისტრაციული წესით, კონკურენციის (ანტიმონოპოლიური) კანონმდებლობის აღმასრულებელი უწყების მიერ და არ არსებობს ცალკე საცალო სექტორის მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანო;
5. არ არის დაწესებული ფასებზე რაიმე სახის სპეციალური ადმინისტრაციულ კონტროლი კონტროლი
III. მსხვილი საცალო სავაჭრო ქსელის ცნება
იაპონური სამართლის მიხედვით, მსხვილი საცალო სავაჭრო ქსელი არის მეწარმე სუბიექტი, რომელიც ახორციელებს ყოველდღიური მოხმარების საქონლის საცალო რეალიზაციას, მისი წლიური ბრუნვა ბოლო ფინანსური წლის მანძილზე შეადგენს არანაკლებ 10 მილიარდი იენს (დაახლ. $ 65 მლნ+) და ფლობს სავაჭრო ობიექტს/ობიექტებს (მარკეტებს), რომლის ჯამური სავაჭრო ფართობი აღწევს ან აღემატება შემდეგ ზღვრებს:
ა) ტოკიოს სპეციალური უბნები და განსაზღვრული დიდი ქალაქები – 3,000 მ² ან მეტი;
ბ) სხვა ქალაქები, დაბები და სოფლები – 1,500 მ² ან მეტი.
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ცნება მოიცავს არა მხოლოდ კლასიკურ სუპერმარკეტებსა და უნივერმაღებს, არამედ დიდი ზომის სპეციალიზებულ ქსელებს (ელექტრონიკა, ტანსაცმელი, DIY და სხვ.), აფთიაქების ქსელებს, და სხვა.
ამდენად, იაპონურ მოდელში, განსხვავებით ქართული რეალობისგან, სავაჭრო ქსელების მიმართ სპეციალური ანტიმონოპოლიური რეჟიმის ამოქმედებისთვის არ არის საჭირო ბაზრის შესაბამისი გეოგრაფიული და პროდუქციული საზღვრების დადგენა და დომინანტური მდგომარეობის შეფასება კონკურენციის კანონმდებლობით გათვალიწინებული კომპლექსური ტესტების საფუძველზე.
იაპონურ რეალობაში ამისათვის საკმარისია სუბიექტი მოხვდეს მსხვილი საცალო სავაჭრო ქსელის ცნების ქვეშ და მასზე ავტომატურად გავრცელდება ანტიმონოპოლიური კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური აკრძალვები.
ამრიგად, იაპონური სისტემა ქმნის წინასწარ განსაზღვრულ, ობიექტურ ზღვარზე დაფუძნებულ სპეციალურ სამართლებრივ რეჟიმს, რომელიც მიზნად ისახავს მსხვილი საცალო ქსელების მხრიდან თავიანთი საბაზრო პოზიციების ბოროტად გამოყენების პრევენციას, მიუხედავად იმისა, ფლობენ თუ არა ისინი კლასიკურ დომინანტურ მდგომარეობას შესაბამის ბაზარზე.
IV. მსხვილი საცალო სავაჭრო ქსელებისთვის დადგენილი აკრძალვები
იაპონური კანონმდებლობა დეტალურად განსაზღვრავს იმ ქცევებსა თუ ქმედებებს, რომლებიც მომწოდებლებთან ურთიერთობაში აკრძალულია მსხვილი საცალო სავაჭრო ქსელებისთვის. კერძოდ, JFTC-ის 2005 წლის დადგენილებით განსაზღვრულია ქსელის 10 ქმედება, რომელიც Per Se კვალიფიცირდება იაპონიიის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევად. გთავაზობთ მათგან რამდენიმეს:
1. საქონლის უსამართლოდ დაბრუნება (Unjust Return of Goods)
მსხვილ საცალო სავაჭრო ქსელს ეკრძალება იმ საქონლის მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნება მომწოდებლისთვის, რომელიც უკვე შეიძინა, გარდა მკაცრად განსაზღვრული საგამონაკლისო შემთხვევებისა.
მნიშვნელოვანია, რომ ამ კონტექსტში „დაბრუნებად“ ითვლება არა მხოლოდ ფიზიკური დაბრუნება, არამედ ნებისმიერი ქმედება, რომელიც ფაქტობრივად იწვევს კომერციული რისკის უკან, მომწოდებელზე გადატანას. მაგალითად:
ა) შესყიდვის ხელშეკრულების კონსიგნაციად გადაკეთება – დადებული იყო ჩვეულებრივი ნასყიდობის ხელშეკრულება, რომმლის საფუძველზეც მიმწოდებელმა ქსელს საკუთრებაში გადასცა კონკრეტული საქონელი. შესაბამისად, მისი რეალიზების რისკიც იტვირთა ქსელმა. თუ მიმწოდებელი ცალმხრივად მოითხოვს ამ ხელშეკრულების კონსიგნაციად გადაკეთებას საქონლის მიწოდების შემდეგ – ეს უკანასკნელი შემთხვევა გულისმობს, რომ საქონელზე საკუთრება არ გადადის ქსელზე და ეს უკანასკნელი მას ყიდის მიმწოდებლის სახელით და ასეთ დროს კომერციული რისკები სრულად რჩება მიმწოდებლის მხარეს.
მარტივი მაგალითი – თუ სუპერმარკეტი 1,000 ერთეულ პროდუქტს ყიდულობს, მან უნდა გადაიხადოს შესაბამისი საფასური. ასეთ დროს პროდუქტის რეალიზაციის რისკი გადადის ქსელზე. თუ იგივე პროდუქტი მიიღება კონსიგნაციით – მაშინ, ქსელი იხდის მხოლოდ გაყიდულ რაოდენობაზე, ხოლო დარჩენილი მარაგი უკან ბრუნდება მომწოდებელთან.
ბ) პროდუქტის ჩანაცვლების მოთხოვნა – ეს ეხება სიტუაციას, როდესაც მსხვილი საცალო ქსელი მომწოდებელს აიძულებს უკვე მიწოდებული, შედარებით სუსტად რეალიზებადი პროდუქტი ჩაანაცვლოს სხვა, უფრო მოთხოვნადი ან სწრაფად გასაყიდი პროდუქტით.
მარტივი მაგალითი – მომწოდებელმა მიაწოდა ქსელს A პროდუქტი. პროდუქტი არ იყიდება ისე სწრაფად, როგორც ქსელი ელოდა. შედეგად, ქსელი მიმწოდებლისგან ითხოვს ქსელში არსებული A პროდუქტის უკან წაღებას და B პროდუქტით მის ჩანაცვლებას.
ამგვარი აკრძალვის უკან დგას მარტივი ეკონომიკური ლოგიკა: როდესაც მხარეები ნასყიდობის ხელშეკრულებას აფორმებენ, ისინი ერთმანეთთან ინაწილებენ კომერციულ რისკს. მიმწოდებელი იღებს წარმოებისა და მიწოდების რისკს, ხოლო ქსელი – რეალიზაციისა და მარაგის მართვის რისკს.
თუ ქსელს შესაძლებლობა ექნება უკვე შეძენილი საქონელი დააბრუნოს ან სხვა ფორმით გადაიტანოს ეს რისკი მომწოდებელზე, ნასყიდობის ინსტიტუტი პრაქტიკულად შინაარსს დაკარგავს და ურთიერთობა კონსიგნაციის მოდელს დაემსგავსება, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად სხვა ხელშეკრულება იყო დადებული.
ასეთ ვითარებაში მსხვილი ქსელი ფაქტობრივად ითავსებს არა საცალო მოვაჭრის არამედ ყოველგვარი კოემრციული რისკისგან დაზღვეული შუამავლის როლს, რომელიც დამოუკიდებლად არჩევს თუ რა პროდუქტი განათავსოს მის ქსელში, მაგრამ არ კისრულობს რეალიზაციასთან დაკავშირებულ რისკებს.
ეს კი რისკის ქვეშ აყენებს შესაბამისი კომერციული ურთიერთობის სტაბილურობას და გაზრდილი ეკონომიკური გაურკვევლობის შედეგად სერიოზულ პრობლემებს ქმნის მომწოდებლისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იგი დიდწილად კონკრეტულ ქსელზე არის დამოკიდებული. შედეგად, მიმწოდებლისთვის რთულდება წარმოებისა და ლოგისტიკის დაგეგმვა.
სწორედ ამიტომ იაპონური კანონმდებლობა საქონლის დაბრუნების ცნებას განმარტავს ფართოდ და მოიცავს არა მხოლოდ ფიზიკურ რესტიტუციას, არამედ ისეთ სამართლებრივ და ეკონომიკურ კონსტრუქციებსაც, რომლებიც რეალურად იწვევს ანალოგიურ ეფექტებს და კომერციული რისკები სრულად გადააქვს მიმწოდებლის მხარეს. სწორედ ამ საფუძვლით ფასდება მსხვილი საცალო სავაჭრო ქსელის ასეთი ქმედება უსამართლო კომერციულ საქმიანობად – ცდილობს უზრუნველყოს, რომ მსხვილმა საცალო სავაჭრო ქსელმა, როგორც ეკონომიკურად ძლიერმა მხარემ, ვერ გამოიყენოს თავისი საბაზრო ძალაუფლება იმისათვის, რომ კომერციული რისკები სრულად გადაიტანოს მიმწოდებლის მხარეს.
2. ეკონომიკური სარგებლის უსაფუძვლო მოთხოვნა (Unjust Receipt of Economic Benefits)
მსხვილ საცალო სავაჭრო ქსელს ასევე ეკრძალება მომწოდებლისგან ისეთი ეკონომიკური სარგებლის მიღება, რომელიც არ ეფუძნება რეალურ, ეკვივალენტურ კომერციულ საფუძველს ან სცილდება ნორმალურ სავაჭრო პრაქტიკას.
აღნიშნული აკრძალვა მოიცავს არა მხოლოდ პირდაპირ ფულად მოთხოვნებს, არამედ ნებისმიერ ფორმას, რომელიც ფაქტობრივად იწვევს მომწოდებლის მხრიდან დამატებითი ეკონომიკური ტვირთის აღებას ქსელის სასარგებლოდ.
ეკონომიკურ სარგებლად შეიძლება ჩაითვალოს:
ა) „entry fee“ – ქსელში პროდუქტის განთავსებისთვის გადსახდელი თანხა. მაგალითად, ქსელი მომწოდებელს სთავაზობს პროდუქტის განთავსებას თაროებზე, მაგრამ წინაპირობად ითხოვს ერთჯერად სოლიდურ თანხას „ქსელში შესვლისათვის“, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი გადასახადი ზოგად საბითუმო პრაქტიკაში არ არსებობს.
ბ) სარეკლამო ან მარკეტინგული კონტრიბუცია, რომელიც არ შეესაბამება რეალურად გაწეულ მომსახურებას. მაგალითად, ქსელი ითხოვს სარეკლამო კამპანიის დაფინანსებას სრულად მომწოდებლის ხარჯზე მაშინ, როდესაც კამპანია ემსახურება პირველ რიგში ქსელის ბრენდის პოპულარიზაციას და არა კონკრეტული პროდუქტის გაყიდვას.
ასევე, ლოგისტიკური ან IT-ხარჯების გადანაწილება არაგონივრული მოცულობით; ერთჯერადი ან პერიოდული „ბონუსები“, რომლებიც არ უკავშირდება კონკრეტულ შედეგებს და სხვა.
ფორმალურად ასეთი მოთხოვნები შეიძლება ხელშეკრულებითაც კი იყოს გათვალისწინებული, თუმცა თუ ისინი მიღებულია ეკონომიკური ზეწოლის პირობებში ან აშკარად არაპროპორციულია, რეგულაცია მათ სავაჭრო ქსელის მხრიდან უსამართლო კომერციულ პრაქტიკად მიიჩნევს.
ამ აკრძალვის უკან დგას იგივე ეკონომიკური ლოგიკა, რაც საქონლის უსამართლო დაბრუნების შემთხვევაში: კომერციული ურთიერთობა უნდა ეფუძნებოდეს რისკისა და სარგებლის სამართლიან განაწილებას. თუ მსხვილი ქსელი შეძლებს დამატებითი ფინანსური მოთხოვნების სისტემატურ დაკისრებას, იგი ნაწილობრივ გადაიტანს საკუთარ საოპერაციო ხარჯებს მომწოდებელზე და მიიღებს არაპირდაპირ კონკურენციულ უპირატესობას სხვა საცალო მოვაჭრეებთან შედარებით.
სწორედ ამიტომ, იაპონური მოდელი ყურადღებას ამახვილებს არა მოთხოვნის ფორმაზე, არამედ მის ეკონომიკურ არსზე. თუ მოთხოვნილი სარგებელი არ შეესაბამება რეალურად გაწეულ მომსახურებას, არ არის პროპორციული ან ეფუძნება საბაზრო ძალაუფლებათა აშკარა დისბალანსს, იგი შეიძლება შეფასდეს როგორც „Unjust Receipt of Economic Benefits“ და ჩაითვალოს უსამართლო კომერციულ პრაქტიკად.
ამ გზით სისტემა ცდილობს უზრუნველყოს, რომ მსხვილმა საცალო ქსელებმა ვერ გამოიყენონ თავიანთი საბაზრო პოზიციები მომწოდებლების ხარჯზე დამატებითი, არაეკვივალენტური ეკონომიკური სარგებლის მისაღებად.
3. სხვა შემთხვევები
იაპონური კანონმდებლობა ასევე ითვალისწინებს მსხვილი სავაჭრო ქსელების მხრიდან უსამართლო კომერციული საქმიანობის ისეთ შემთხვევებსაც, როგორიცაა:
1. Unjust Consignment Contract – არახელსაყრელი კონსიგნაციის ხელშეკრულების იძულება;
2. Forcing Suppliers to Lower Prices for Bargain Sales – ფასდაკლების აქციებისთვის მიმწოდებლის იძულება შეამციროს მიწოდების ფასები;
3. Refusal to Receive Specifically Ordered Goods – სპეციალურად შეკვეთილი საქონლის მიღებაზე უარი;
4. Unjust Assignment of Work to Employees of Suppliers მომწოდებლის თანამშრომლების იძულებით გამოყენება საკუთარი საქმეებისთვის;
5. Unfavorable Treatment in Response to Refusal – უარყოფითი მოპყრობა უარის შემთხვევაში;
6. ანტიმონოპოლიუირ ორგანოსთვის მიმართვის გამო შურისძიება და სხვა.
V. სანქცია დარღვევისთვის
იაპონურ მოდელში უსამართლო კომერციული პრაქტიკისათვის მსხვილი საცალო სავაჭრო ქსელების რეგულირება და სანქცირების სისტემა სრულად არის ინტეგრირებული კონკურენციის კანონმდებლობაში და მისი ქსელისთვის დაკსირებას უზრუნველყოფს JFTC-ი იაპონიის ანტიმონოპოლიური აქტის საფუძველზე. კერძოდ, იაპონიის ანტიმონოპოლიური სამსახური უფლებამოსილია უსამართლო კომერციული პრაქტიკის შემთხვევაში კონკრეტული სავაჭრო ქსელის მიმართ გაატაროს შემდეგი ღონისძიებები:
1. Cease-and-Desist Order – კანონდარღვევის დაუყოვნებლის აღკვეთა
თუ JFTC დაადგენს, რომ ქსელმა განახორციელა რომელიმე ზემოთ განხილული ქმედება იგი ამ სუბიექტს აკისრებს ვალდებულებას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ასეთი პრაქტიკა, გააუქმოს ან შეცვალოს პრობლემური ხელშეკრულებები, დანერგოს შიდა შესაბამისობის (compliance) მექანიზმები; უზრუნველყოს სამომავლოდ მსგავსი პრაქტიკის პრევენცია და სხვა.
2. Administrative Fine – ფინანსური ჯარიმა
მსხვილი სავაჭრო ქსელის მიმართ ასევე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ფინანსური სანქცია, რომლის ოდენობა გამოითვლება სპეციალური ფორმულით და დამოკიდებულია: დარღვევის ხანგრძლივობაზე; ზიანის მოცულობაზე; ფინანსურ ბრუნვაზე და ა.შ.
3. Public Announcement – დარღვევის საჯარო გამოქვეყნება
JFTC, როგორც წესი, საჯაროდ აქვეყნებს დარღვევის ფაქტს. იაპონიაში რეპუტაციული პასუხისმგებლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, ამიტომ იაპონურ რეალობაში ოფიციალური განცხადებები სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით მნიშნელოვანი ზიანის მომტანია კონკრეტული ბრენდისთვის და იგი არანაკლები ეფექტის მქონე სანქციაა, ვიდრე ფულადი ჯარიმა.
4. Compliance Improvement Obligation
JFTC ხშირად ავალდებულებს კომპანიებს შექმნან შიდა კონტროლის მექანიზმები; დანიშნონ შესაბამისობაზე პასუხისმგებელი პირები; ჩაატარონ ტრენინგები; წარადგინონ პერიოდული ანგარიშები და სხვა.
5. შესაძლო სამოქალაქო პასუხისმგებლობა
მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი აღსრულება ადმინისტრაციულია, დაზარალებულ მომწოდებლებს შეუძლიათ სამართალდამრღვევი სავაჭრო ქსელისგან მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება და JFTC-ის გადაწყვეტილება გამოიყენონ როგორც მართლსაწინააღმდეგო ქმედების არსებობის მტკიცებულება.
VI. ქართული რეალობა
საქართველოს რეალობაში მსხვილი საცალო სავაჭრო ქსელების ქცევის შეფასება და შესაძლო რეგულირება ამ ეტაპზე სრულად კონკურენციის (ანტიმონოპოლიური) კანონმდებლობის ფარგლებში ხორციელდება. ეს ნიშნავს, რომ მიმწოდებლებსა და სავაჭრო ქსელებს შორის წარმოშობილი სამართლებრივი კონფლიქტები ფასდება საბაზრო ძალაუფლების, არასამართლიანი კომერციული პრაქტიკისა და დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების სტანდარტების საფუძველზე. შესაბამისად, აღნიშნულ სეგმენტში სამართლებრივი რისკების მართვა მოითხოვს სწორედ კონკურენციის სამართლის სიღრმისეულ ცოდნასა და სტრატეგიულ ანალიზს.
ბიზნესებისთვის – როგორც მსხვილი საცალო ქსელებისთვის, ისე მიმწოდებლებისა და დისტრიბუტორებისთვის – მნიშვნელოვანია წინასწარ შეფასდეს კონტრაქტული მოდელების, ბონუსების სისტემის, ფასდაკლებების პოლიტიკისა და კომერციული პირობების შესაბამისობა მოქმედ კონკურენციის კანონმდებლობასთან. პრაქტიკა აჩვენებს, რომ სამართლებრივი რისკები ხშირად წარმოიშობა არა აშკარა დარღვევის, არამედ კომერციული მოლაპარაკებების ეტაპზე მიღებული გაუთვლელი გადაწყვეტილებების შედეგად.
კონკურენციის სამართლის მიმართულებით კვალიფიციური სამართლებრივი მხარდაჭერა მოიცავს როგორც პრევენციულ ანალიზს (compliance assessment), ისე შესაძლო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში წარმომადგენლობასა და ინტერესების დაცვას. აღნიშნული სფერო მოითხოვს ერთდროულად როგორც რეგულატორული ჩარჩოს ცოდნას, ისე ეკონომიკური კონტექსტის გააზრებას – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია საბაზრო ძალაუფლებათა დისბალანსზე და მისი სამართლებრივი შეფასების რთულ ტესტებზე.




