შრომის ბაზარი და ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა

გიგა ადამია

ბიზნეს იურისტი | მმართველი პარტნიორი | სამართლის დოქტორი | ადვოკატი

უკვე ათწლეულებია, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის აღსრულების ერთ-ერთი ძირითადი ფოკუსი მომხმარებლის კეთილდღეობაა (Consumer Welfare).

ამიტომაც იზომებოდა მთელი ამ ხნის განმავლობაში პროდუქტების ფასები დახლებზე, ნავთობპროდუქტების ფასები – ბენზინგასამართ სადგურებზე, ხილისა და ბოსტნეულის ფასები – ბაზრობებზე და ა.შ.

თუმცა 2025 წელს ევროკომისიის ( European Commission ) მიერ Delivery Hero-სა და Glovo-ს 329 მილიონი ევროთი დაჯარიმებამ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის აღსრულების ტრაექტორია მეტნაკლებად შეცვალა და ახალ რელსებზე გადაიყვანა.

აქამდე შრომის ბაზარზე არსებული შეთანხმებები კონკურენციის კანონმდებლობის ფარგლებში, როგორც წესი, სრულად იყო იგნორირებული.

ყველაფერი კი შეიცვალა, როდესაც ევროკომისიამ ( European Commission ) პირველი ჯარიმა კვების პროდუქტების მიწოდებისა და საკურიერო მომსახურების სექტორის გიგანტებს – Delivery Hero-სა და Glovo-ს დააკისრა.

ჯარიმის საფუძველს კი წარმოადგენდა ამ ორ კომპანიას შორის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ისინი იღებდნენ ურთიერთმფარავ ვალდებულებას, რომ არ დაასაქმებდნენ ერთმანეთის კადრებს და დასაქმებულთათვის დააწესებდნენ ხელფასების ზედა ზღვრებს.

თანამშრომლების გადაბირების ასეთი აკრძალვა ლიტერატურასა და პრაქტიკაში ცნობილია ე.წ. „No-Poach Agreement“-ის სახელით, რომელიც ბევრ ბიზნეს კულტურაში, მათ შორის საქართველოშიც, ცალკეულ შემთხვევებში ნორმად ითვლება.

თუმცა ეს პრაქტიკა ევროკომისიის ( European Commission ) მიერ უკვე კვალიფიცირებულია ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევად, რასაც, თავის მხრივ, ძალიან სერიოზული ფინანსური სანქციები უკავშირდება.


მსგავსი პრაქტიკა შესაძლოა მალე ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომაც ( Court of Justice of the European Union ) გაიზიაროს, რომელიც ამ დროისთვის ანალოგიურ საკითხთან დაკავშირებულ ერთ-ერთ საქმეს იხილავს.

იგი ეხება პორტუგალიურ საფეხბურთო კლუბებს შორის პანდემიის პერიოდში დადებულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, კლუბები ერთმანეთის მოთამაშეების გადაბირებაზე ამბობდნენ უარს.

თუ სასამართლო დაადგენს, რომ ეს არის კონკურენციის შეზღუდვის მიზნის მქონე შეთანხმება (Restriction by object), ანუ კარტელური გარიგება, მაშინ ნებისმიერი მსგავსი შეთანხმება – იქნება ეს ტექნოლოგიურ სექტორში, მშენებლობაში თუ სპორტში – ავტომატურად ჩაითვლება კანონდარღვევად, მიუხედავად იმისა, მოჰყვა თუ არა მას რეალური ეკონომიკური ზიანი.


გარდა ამისა, ევროკომისიამ უკვე დაიწყო მოულოდნელი ინსპექციები (Dawn Raids) მონაცემთა ცენტრების მშენებლობის სექტორშიც.

ეჭვი კვლავ No-Poach შეთანხმებებს უკავშირდება.

ამავდროულად, კონკურენციის ეროვნული უწყებებიც (მაგალითად, პოლონეთის ანტიმონოპოლიური უწყება) ევროპის მასშტაბით ამ კუთხით სულ უფრო აგრესიულები ხდებიან.

ამდენად, ევროპული შრომის ბაზარი უკვე აღარ არის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის გავრცელებისგან დაზღვეული.

შესაბამისად, ამ პრეცედენტების შემდეგ კონკურენციის კანონმდებლობის აღმასრულებელი უწყებების ყურადღების ცენტრში თავისუფლად არის შესაძლებელი მოექცეს არა მხოლოდ ის, თუ როგორ ყიდით ან ყიდულობთ პროდუქტს, არამედ ისიც – თუ როგორ ქირაობთ და ასაქმებთ პერსონალს.


იმის გათვალისწინებით, რომ კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულება ქართულ რეალობაში შინაარსობრივად ფეხდაფეხ მიჰყვება ევროპულ პრაქტიკას, გამორიცხული არ არის მსგავსი რეალობა აქაც მალე შეიქმნას.

თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა:

„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, კანონის მოქმედება არ ვრცელდება “შრომით ურთიერთობებზე”.

თეორიულად შესაძლებელია ზემოთ აღნიშნული რისკები საქართველოში ამ ჩანაწერმა დააზღვიოს, თუმცა ამ ბუნდოვანი ფორმულირების გათვალისწინებით, მის იმედად ყოფნა მაინც ვერ იქნება იდეალური გამოსავალი.


ამიტომ, სტრატეგიული ნაბიჯები ბიზნესისთვის უნდა იყოს შემდეგი:

1. HR Compliance-ის რევიზია – HR დეპარტამენტი უნდა გახდეს ამ კუთხით სამართლებრივი აუდიტის მნიშვნელოვანი ნაწილი;

2. კომუნიკაციის კონტროლი – ნებისმიერი კომუნიკაცია კონკურენტებთან ხელფასების ბენჩმარკინგის ან კადრების მიღების შესახებ უნდა იყოს მკაცრად გაკონტროლებული;

3. კონტრაქტების გადახედვა – პარტნიორულ ხელშეკრულებებში არსებული ისეთი პუნქტების რევიზია და მონიტორინგი, რომლებიც კრძალავს თანამშრომლების „გადაყვანას“/“გადმოყვანას“;

4. ინფორმაციის გაცვლის პროტოკოლი – უნდა დაწესდეს მკაცრი ფილტრები ინდუსტრიულ ასოციაციებში „საშუალო ხელფასების“ ან/და სხვა მსგავსი საკითხების შესახებ ინფორმაციის გაცვლაზე.


დასკვნა: საბოლოოდ კონკურენციის სამართალი ნელ-ნელა ტოვებს ჩვეულ სივრცეს და გადადის ახალ, უფრო დინამიურ ეტაპზე, სადაც მისი პრიორიტეტი უკვე ხდება არა მხოლოდ მომხმარებელი, არამედ დასაქმებულიც…

სამართლებრივი კონსულტაცია

დაგვირეკეთ

+995 551 29 33 88

მოგვწერეთ

contact@tblegal.ge

გაზიარება

პოპულარული ბლოგები